ბს-1481 (კ-22) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს "ც...ს" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს "ც...მ" 30.07.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 02.02.2021წ. N... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.03.2021წ. N8272 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.04.2021წ. N12595/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.08.2021წ. განჩინებით შპს "ც...ს" სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.08.2022წ. გადაწყვეტილებით შპს "ც...ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს "ც...ს" მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2022წ. განჩინებით შპს "ც...ს" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.08.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 28.01.2021წ. შპს „ც...მ“ ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების შესახებ განაცხადით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.01.2021წ. №სმფ-305 ბრძანების თანახმად, უფლებამოსილ პირებს დაევალათ შპს „ც...ს“ მიერ წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 29.01.2021წ. №სმფ-305 ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 01.02.2021წ.. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, 2021 წლის პირველ და ორ თებერვალს გამოცხადდნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების ადგილზე და კომპანიის დირექტორის თანდასწრებით განახორციელეს ჩამოსაწერად და გასანადგურებლად წარდგენილი საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის აწონვა, შეადარეს იგი გადამხდელის მიერ წარმოდგენილ რაოდენობას. ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ განაცხადით წარდგენილი ქატოს რაოდენობა იყო 40160 კგ., ხოლო ფაქტობრივად აღმოჩენილი რაოდენობა - 35970 კგ., შესაბამისად, დანაკლისმა შეადგინა 4190კგ., თანხით - 2698,36 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „ც...მ" დაარღვია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაზრის მიზნით პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე - 2698 ლარის ოდენობით), რაც საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად იწვევდა პირის დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო ღირებულებით. შესაბამისად, 02.02.2021წ. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეადგინა №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით შპს „ც...“ დაჯარიმდა ფულადი ჯარიმით - 2698 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N994 ბრძანებით დამტკიცებულ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის" 35-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებელი ჩამოსაწერი სმფ-ების თაობაზე სწორი და დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას სწორედ გადასახადის გადამხდელს აკისრებს. აღნიშნულ ვალდებულებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ კანონმდებელი გადასახადის გადამხდელს უცხადებს ნდობას და შესაძლებლად მიიჩნევს ჩამოწერის დოკუმენტის გაფორმებას სმფ-ის ფაქტობრივი აღწერის გარეშე, ადგილზე გაუსვლელად, მხოლოდ ვიდეო ან ფოტო მასალის საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, სწორედ გადასახადის გადამხდელი იყო ვალდებული შეეფასებინა ის გარემოებები, რაზეც თავადვე აპელირებდა და საგადასახადო ორგანოსთვის მიეწოდებინა სათანადო ინფორმაცია, რომ მართალია, ბუღალტრულად ერიცხებოდა 40160 კგ. ქატო, თუმცა დიდი ხნით შენახვისა და ჩახურების პროცესის განვითარების შედეგად წარმოშობილი ბუნებრივი დანაკლისის გათვალისწინებით, ფაქტობრივად გააჩნდათ 35970 კგ. ქატო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უნდა მოეწვია შესაბამისი სპეციალისტიც საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად.
საგადასახადო სანქციისგან გადასახადის გადამხდელის განთავისუფლების შესახებ სააპელაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. სააპელაციო პალატამ საკასაციო სასამართლოს 07.10.2014წ. Nბს-222-219(კ-14) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მხარის მიერ არგუმენტირებული არ ყოფილა რატომაა საპატიებელი მისი მხრიდან საგადასახადო ორგანოსთვის ისეთი ინფორმაციის არასწორად მიწოდება, რისი სიზუსტის განსაზღვრაც ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ განაცხადის წარდგენამდე მის ვალდებულებას წარმოადგენდა და რა სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა იგი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს "ც...ს" მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურისთვის საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისას საქონლის წონა მიეთითა ტომრების რაოდენობის მიხედვით. კასატორმა მიუთითა, რომ ჩამოსაწერი ქატო ინახებოდა საწყობში 20 კილოგრამიან ტომრებში, სულ 2008 ცალი, ჯამში 40160 კგ., რაც ასახულია ბუღალტრულად. კასატორმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა ფქვილზე, ქატოზე კი შესამჩნევად შემცირდა. აღნიშნული პროდუქცია დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა საწყობში. შენახვის პერიოდში განვითარდა პროდუქციის ჩახურება, რამაც გამოიწვია როგორც ხარისხობრივი გაფუჭება, ისე გამოშრობა. შემოსავლების სამსახურისათვის საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით წარდგენილ დოკუმენტში საქონლის წონა მიეთითა ტომრების რაოდენობის მიხედვით და არ იქნა გათვალისწინებული შრობის მოსალოდნელი რეალური დანაკარგი. შემოწმების პროცესში დაფიქსირებულ იქნა ჩამოსაწერი პროდუქციის ფაქტიური საერთო წონა და არ იქნა გათვალისწინებული შრობის დანაკარგი. კასატორი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადი ორგანოსათვის შეგნებულად და წინასწარი განზრახვით არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია. საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად პასუხისმგებლობა დაწესებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა აღნიშნული ნორმის გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შპს "ც...მ" 22.03.2023წ. შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.02.2023წ. წერილი და მისი საქმისათვის დართვა ითხოვა. უზენაესი სასამართლოს 03.04.2023წ. განჩინებით შპს "ც...ს" შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "ც...ს" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, შპს „ც...მ" განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის და განადგურების მიზნით. გადამხდელის განაცხადით წარდგენილი ქატოს რაოდენობა იყო 40 160 კგ, ხოლო ფაქტიურად აღმოჩნდა 35 970 კგ., დანაკლისმა შეადგინა 4 190 კგ. თანხით 2 698.36 ლარი. აღნიშნულზე 02.02.2021წ. შედგა N... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „ც...ს" შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 2 698 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საგადასახადო კოლექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობასა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი. საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით (საგადასახადო კოდექსის 279.3 მუხ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტზე, რომელშიც მატერიალური ფასეულობის გაუვარგისების მიზეზად მითითებულია ჩახურება. ამდენად, ქატოს ჩამოწერა განაპირობა პროდუქციის გაფუჭებამ, რაც შენახვის გამო ჩახურების პროცესით იყო გამოწვეული. შესაბამისად, ჩამოსაწერი ქატოს ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელს ევალებოდა, რომელიც ვალდებული იყო საგადასახადო ორგანოსათვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N994 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღევათა საქმისწარმოების წესის" თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის ერთ-ერთი სავალდებულოდ შესავსები გრაფა სწორედ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი რაოდენობაა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ უკეთუ გადასახადის გადამხდელს თავად არ შეეძლო ჩამოსაწერი სმფ-ების რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა, მას შეეძლო სპეციალისტის მოწვევა, რაც ასევე გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას შეადგენდა. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით დასტურდება შპს "ც...ს" ბრალეულობა საგადასახადო კოდექსის 279.3 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის გამოყენების და საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონის მიზანს წარმოადგენს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს რა სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, მეტიც, კასატორი თვლის, რომ სმფ-ის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას არ წარმოადგენდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს "ც...ს" საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "ც...ს" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2022წ. განჩინება;
3. შპს "ც...ს" (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.12.2022წ. N27164 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე