Facebook Twitter

№ბს-901(კ-24) 5 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისი განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ც-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 1 ივნისს ა. ც-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 27 აპრილის №03/8639 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, 5 მაისის №03/9369 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, 2022 წლის 7 სექტემბრის IDP 22200287422 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, მოსარჩელე მხარის განცხადების არსებითად განხილვა და ახალი აქტის მიღების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 27 აპრილის №03/8639, 2022 წლის 5 მაისის №03/9369 და 2022 წლის 7 სექტემბრის IDP 22200287422 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ც-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის: ცხინვალი, ...ს ქუჩა №..., დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, ...ის ქ. №.... სარეგისტრაციო № ..., ა. ც-ის დევნილი ოჯახი შედგება: ერთი წევრისაგან. ა. ც-ის დევნილი ოჯახი შეფასებულია 3.00 ქულით.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 21 თებერვლის №14 სხდომის ოქმის თანახმად, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 800 ბინის განაწილების მიზნით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 6 სექტემბრის №54 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრულ ვადებში (07.09.2021 წ. - 07.10.2021 წ.) მიღებული 3900 განაცხადიდან, ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, მონიტორინგს და შემდგომში კომისიური წესით განხილვას დაექვემდებარა 1972 განაცხადი: ა) 320 ერთოთახიანი ბინის განაწილების მიზნით - 709 განაცხადი, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა და მეტი; ბ) 320 ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით - 933 განაცხადი, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა და მეტი; გ) 160 სამოთახიანი ბინის განაწილების მიზნით - 297 განაცხადი, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მიენიჭა 2 ქულა და მეტი; დ) ოთხოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარა 27 განაცხადი, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა და მეტი. ე) ხუთოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარა 6 განაცხადი, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა და 30 მეტი. მონიტორინგის განხორციელების ვადა განისაზღვრა 01.03.2022 – 01.06.2022-მდე პერიოდი. გარდა ამისა გადაწყვეტილებით, მონიტორინგის სამმართველოს მიენიჭა უფლებამოსილება განაცხადების კომისიური წესით განხილვის დასრულებამდე, საჭიროების შემთხვევაში, განეხორციელებინა დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა, ასევე, განაცხადების კომისიური წესით განხილვის დასრულებამდე, საჭიროების შემთხვევაში, განეხორციელებინა დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ იყო გამხდარი, რომ ა. ც-ი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (დევნილი ოჯახი) ექვემდებარებოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 27 აპრილის, 05 მაისისა და 07 სექტემბრის წერილებით ა. ც-ის უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ მიზეზით, რომ მისი ოჯახი შეფასებულ იქნა 3.00 ქულით.

პალატის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტების გამოცემისას, ა. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩატარებულა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, არ მომხდარა დამატებითი ინფორმაციის მოკვლევა წინასწარი შეფასების შედეგად მინიჭებული ქულების გადამოწმების მიზნით, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ დევნილ ოჯახს არ გააჩნია საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი, ამასთან არ გააჩნია მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ სააგენტოს მოსარჩელის განაცხადი ქულათა მიუხედავად არსებითად უნდა განეხილა. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მას მიენიჭა ქულები შემდეგ კრიტერიუმ(ებ)ში: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 1 წევრი - 1.5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა. ჯამში ა. ც-ის ქულათა ოდენობამ შეადგინა 3 ქულა. როგორც საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით ირკვევა, მოსარჩელე სარეგისტრაციო ნომერზე აღრიცხულია მარტო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმის (ოქმი №14) მიხედვით ქ. ქუთაისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, 800 ბინის განაწილების მიზნით მიღებულ იქნა 3900 განაცხადი, ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, მონიტორინგს და შემდეგ კომისიური წესით განხილვას დაექვემდებარა 1972 განაცხადი: მონიტორინგს დაექვემდებარა 1972 განაცხადი: 320 ერთოთახიანი ბინის განაწილების მიზნით - 709 განაცხადი, რომელსაც წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა და მეტი. როგორც მოსარჩელის მიერ შევსებული განაცხადიდან და შეფასების ელექტრონული ფორმიდან ირკვევა მას 3 ქულა ჰქონდა მინიჭებული, შესაბამისად მისი განაცხადი არც მონიტორინგს დაექვემდებარა და არც კომისიურ განხილვას. კასატორის მითითებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას მოცემული ეტაპისათვის არ განუხილავს მისი საკითხი, ვინაიდან აღნიშნულ ქულათა ოდენობა არ იყო საკმარისი საკითხის განსახილველად.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქულათა ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე განაცხადის წარდგენისას და არა მონიტორინგის ჩატარებისას. ამდენად, საქალაქო სასამართლოს დავალება მონიტორინგის პროცესში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და დადგენის თვალსაზრისით, არ გამომდინარეობს ფაქტობრივი მოცემულობიდან, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა განხილვა არ იქნება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების საშუალება, რამდენადაც ა. ც-ის მიერ წარდგენილი განაცხადით მოთხოვნილი ფართის ოდენობა და დადგენილი ქულები არ აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებას კანონმდებლობის შესაბამისად მონიტორინგის სამსახურს დაუქვემდებაროს ქულათა ოდენობის საკითხის დადგენა. შესაბამისად, ვინაიდან არსებული ქულათა ოდენობა არ იყო საკმარისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, კომისიამ კანონმდებლობის შესაბამისად არ განიხილა მოსარჩელის საკითხი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 27 აპრილის №03/8639 და 2022 წლის 5 მაისის №03/9369 წერილებით ა. ც-ის ეცნობა, რომ ა. ც-ის ოჯახს (ერთოთახიანი ბინის კანდიდატი) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შევსებული ჰქონდა ქ. ქუთაისში მდებარე ობიექტზე დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე და წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, წინასწარი შეფასებით, მის ოჯახს მიენიჭა 3 ქულა. მიმდინარე ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, განიხილებოდა ქ. ქუთაისში მდებარე ობიექტზე შევსებული მხოლოდ იმ დევნილი ოჯახების განაცხადები (ერთოთახიანი ბინის კანდიდატები), რომლებსაც წინასწარი შეფასებით, მინიჭებული ჰქონდათ 4 და მეტი ქულა, შესაბამისად, არასაკმარისი ქულის გამო, მისი ოჯახის გრძელვადიანი განსახლების საკითხი ამ ეტაპზე კომისიის მიერ არ განხილულა ხოლო ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა ქ. ქუთაისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით. ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 7 სექტემბრის IDP 2 2200287422 გადაწყვეტილებით ა. ც-ის ეცნობა, რომ მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის საკითხი, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ არ განხილულა, განაცხადისათვის მინიჭებული ქულების არასაკმარისი რაოდენობის გამო. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების კანონიერების დადგენა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი.

დადგენილია, რომ ა. ც-ის ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 3 ქულა, მათ შორის, კრიტერიუმში - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1.5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმის (ოქმი №14) მიხედვით ქ. ქუთაისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, 800 ბინის განაწილების მიზნით მიღებულ იქნა 3900 განაცხადი, ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, მონიტორინგს და შემდეგ კომისიური წესით განხილვას 18 დაექვემდებარა 1972 განაცხადი: მონიტორინგს დაექვემდებარა 1972 განაცხადი: 320 ერთოთახიანი ბინის განაწილების მიზნით - 709 განაცხადი, რომელსაც წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა და მეტი. მონიტორინგის განხორციელების ვადა განისაზღვრა 01.03.2022 – 01.06.2022-მდე პერიოდი. ხსენებული გადაწყვეტილებით, მონიტორინგის სამმართველოს მიენიჭა უფლებამოსილება განაცხადების კომისიური წესით განხილვის დასრულებამდე, საჭიროების შემთხვევაში, განეხორციელებინა დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის განცხადებაზე სააგენტოს არსებითად არ უმსჯელია, არ ჩატარებულა გასაუბრება, ასევე არ მომხდარა მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე მონიტორინგის ჯგუფის გამოცხადება და მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაციისა და წინასწარი შეფასების შედეგად მინიჭებული ქულების გადამოწმება. ასევე სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ შეფასებულა მოსარჩელის მდგომარეობა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საგამონაკლისო პირობებთან მიმართებით, კერძოდ, ხომ არ არსებობდა ა. ც-ის შეფასების კრიტერიუმების გარეშე განსახლების საფუძვლები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია ა. ც-ის საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით, რაც საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია და შესაძლოა განმცხადებლისათვის დამატებითი ქულის მინიჭების საფუძველი გამხდარიყო. ამდენად, არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი წინაპირობები.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

ამდენად, საკითხის ხელახალი განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მონიტორინგისა და განმცხადებელთა გასაუბრების გზით, დამატებით უნდა შეაფასოს ა. ც-ის დევნილი ოჯახის მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობები და სწორედ აღნიშნულის შედეგად მიიღოს საკითხზე დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია