საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-487(3კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ც-ეის (მოსარჩელე), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა (მოპასუხე) და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 26 აპრილს ზ. ც-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 3 თებერვლის №5787451 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 4 აპრილის №256 ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე, მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზ. ც-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავტოფარეხის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ... მ/რ, მე-..., კორპუსი N11-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: ..., ლეგალიზების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ზ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 3 თებერვლის N5787451 ბრძანება ქ. თბილისი, ..., ...ს ... მიკრო/რაიონის ... კვარტალის კორპუსი 11-ის მიმდებარედ, ზ. ც-ეის საკუთრებაში არსებულ N... მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის ლეგალიზებაზე უარის თქმის თაობაზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის N256 ბრძანება ზ. ც-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქალაქ თბილისში, ..., ...ს ... მიკრო/რაიონის ... კვარტალის კორპუსი ...-ის მიმდებარედ, ზ. ც-ეის საკუთრებაში არსებულ N... მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის ლეგალიზების თაობაზე, ზ. ც-ეის განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ც-ემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზ. ც-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-6 პუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ, მე-2 პუნქტებზე, მე-7 მუხლზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურული პროცესების მართვის, სამშენებლო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი პრაქტიკული რეალიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს ამა თუ იმ ობიექტის ლეგალიზების და მისი ექსპლუატაციისთვის ვარგისად აღიარების და არსებული განაშენიანების ნაწილად ქცევის მიზანშეწონილობა, რა დროსაც იგი უფლებამოსილია მხედველობაში მიიღოს სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტის იერსახის შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან, აგრეთვე შეაფასოს თუ რამდენად დადებით გავლენას იქონიებს ობიექტის ლეგალიზება ქალაქის იერსახეზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და ამავე დროს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს კანონის ფარგლების გადაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, სუბიექტის უფლებების დარღვევა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დაპირისპირებულ ინტერესთა იდენტიფიცირება და ამ ინტერესთა შორის პროპორციულობის დაცვის ვალდებულება.
საქმის გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მიზნებს. აღნიშნული სადავო აქტებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა წარდგენილი ობიექტის ლეგალიზებაზე, მხოლოდ უსახურობის მოტივით. ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავოდ არ გაუხდიათ „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების ზ. ც-ეის მიერ დაუკმაყოფილებლობის ფაქტი. სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუშვებელია ავტოფარეხის ლეგალიზებაზე უარის თქმა მხოლოდ უსახურობის მოტივით იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა რაიმე კონკრეტული მითითების გაცემა, ავტოფარეხის კონსტრუქციის, ფორმის, ფერის ან სხვა რაიმე მახასიათებლის შესახებ, რაც შესაბამისობაში იქნებოდა მოცემული ტერიტორიის ქალაქგეგმარებასთან. ასევე, საყურადღებოა, რომ მოცემულ ტერიტორიაზე მოსარჩელე ზ. ც-ეის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის მომიჯნავედ სხვა უამრავი მსგავსი ვიზუალის ავტოფარეხია განთავსებული. შესაბამისად, მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ...ს ... მ/რ მე-...ს კორპუსი N...-ის მიმდებარედ, კონკრეტულად ერთი, ზ. ც-ეის ავტოფარეხის არსებობა აღნიშნული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას რატომ გამოიწვევს და რატომ შეიტანს დისონანს უკვე არსებულ გარემოში, მით უფრო, რომ არ არსებობს ქალაქის განაშენიანების კონკრეტული გეგმა მოცემულ ტერიტორიასთან მიმართებით - ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია. შესაბამისად, სამომავლო განაშენიანების ან ქალაქის იერსახის დამახინჯების ვარაუდით არ შეიძლება შეიზღუდოს მოსარჩელის საკუთრების უფლება და ხელი შეეშალოს მას განკარგოს და ისარგებლოს სურვილისამებრ საკუთარი ქონებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და 96-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ც-ემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.
კასატორი - ზ. ც-ე მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1411 მუხლზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის N153 დადგენილების მე-4, მე-7 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2009 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდში ავტოფარეხებზე ლეგალიზების განაცხადი დაუკმაყოფილა 450-მდე პირს, რომლებიც მოსარჩელის ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ. ამდენად, ზ. ც-ეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მის მიმართ დისკრიმინაციულია. ამასთან, კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს სარჩელის არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სალეგალიზებო ობიექტი შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება მისი ლეგალიზების თაობაზე. კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, არქიტექტურის სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება, ეხება წარდგენილ პროექტებს, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს არქიტექტურის სამსახურში პროექტი ახალი მშენებლობისთვის არ წარუდგენია, რომ სამსახურს ემსჯელა მის ინტერიერსა და ექსტერიერზე. გარდა ამისა, კასატორს მიაჩნია, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მითითება ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არქიტექტურის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, არასწორია, ვინაიდან სალეგალიზებო ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ადმინისტრაციული ორგანო საჯარო და კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ განსაზღვრავს და შეარჩევს მოცემულ შემთხვევაში ყველაზე მისაღებ გადაწყვეტილებას.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის N153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის პირველ, მე-2, მე-6 პუნქტებზე, ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, არსებული განაშენიანების ქალაქგეგმარებითი და ვიზუალური მახასიათებლების, მათი შენარჩუნებისა და სამომავლოდ განვითარების ინტერესის მხედველობაში მიღებით, სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტის ვიზუალური მხარისა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივის გადასინჯვის შედეგად, შეუძლებლად მიიჩნია წარდგენილი ობიექტის ლეგალიზება, მისი არსებული განაშენიანებისა და ქალაქის სამომავლო პერსპექტიული განვითარების ხედვასთან შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან იგი წარმოადგენს უსახურ და განაშენიანებასთან შეუსაბამო ობიექტს, რომლის კანონიერად აღიარება გამოიწვევს ქალაქის იერსახის დამახინჯებას. ამდენად, კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება არქიტექტურის სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, რაც სადავო ბრძანებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ავტოფარეხების ლეგალიზება არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის N153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის პირველ, მე-2, მე-6 პუნქტებზე, ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ლეგალიზებით ხორციელდება სალეგალიზებო ობიექტის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არქიტექტურის სამსახური წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოს, რომელიც პირდაპირ არის ვალდებული ლეგალიზების საკითხის განხილვისას ყურადღება მიაქციოს ობიექტის ან მისი ნაწილის იერსახეს, რადგან ქალაქმშენებლობა, მისი დაგეგმარება და პერსპექტიული განვითარება ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს ქალაქმშენებლობის ერთგვარ ნაწილს, უსახური და განაშენიანებასთან შეუსაბამო ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზება, რომელიც გამოიწვევს ქალაქის იერსახის დამახინჯებას და უკვე არსებულ გარემოში დისონანსის შეტანას, ვერ განხორციელდებოდა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ავტოფარეხების ლეგალიზება არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ზ. ც-ეის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ზ. ც-ეის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 03.10.2013 წელი) თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... ... მ/რ, მე-..., კორპუსი N11-ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 25 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, ს/კ ..., რეგისტრირებულია ზ. ც-ეის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 16 სექტემბრის N8731 საკუთრების უფლების მოწმობა.
ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 24 დეკემბერს ზ. ც-ემ NAR1869793 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ... მ/რ, ...ში, N11 კორპუსის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის ლეგალიზება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 3 თებერვლის N5787451 ბრძანებით, ზ. ც-ეის განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, NAR1869793 განცხადებაზე თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ სალეგალიზებოდ წარმოდგენილი ობიექტი არ შეესაბამება ქ. თბილისის განაშენიანების სამომავლო განვითარებისათვის მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს, რადგან იგი არის უსახური, განაშენიანებასთან შეუსაბამო და მისი ლეგალიზების შემთხვევაში, ვერ მოხდება უკვე არსებულ გარემოში მისი სრულყოფილი ჩაწერა, რაც არქიტექტურის სამსახურს, როგორც „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვასა და ფერთა შეთანხმებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ართმევს შესაძლებლობას განახორციელოს უსახური, განაშენიანებასთან შეუსაბამო ობიექტის ლეგალიზება. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ უსახური ე.ი. განაშენიანებასთან შეუსაბამო ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზება იწვევს ქალაქის იერსახის დამახინჯებას და უკვე არსებულ გარემოში დისონანსის შეტანას.
დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 3 თებერვლის №5787451 ბრძანება ზ. ც-ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 4 აპრილის №256 ბრძანებით, ზ. ც-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია 2022 წლის 12 თებერვლის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ... მ/რ, ...ში, N11 კორპუსის მიმდებარედ მდებარე შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) ვიზუალური შემოწმებით, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, დადგინდა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას არ გააჩნია ჯდენითი ან სხვა რაიმე მიზეზით გამოწვეული დეფორმაციის ნიშნები, რომლებიც უარყოფით გავლენას მოახდენდა შენობის მდგრადობაზე. იგი წარმოადგენს დაუზიანებელ ერთიან კონსტრუქციულ შენობას.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 4 აგვისტოს წერილი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს დასახლება ... მ/რ, მე-..., N...-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დამტკიცებული არ არის.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 3 თებერვლის №5787451 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 4 აპრილის №256 ბრძანების კანონიერება. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზ. ც-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავტოფარეხის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ... მ/რ, მე-..., კორპუსი N...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: ..., ლეგალიზების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული ,,უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის (შემდგომში – ობიექტი ან მისი ნაწილი) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა; გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში, ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) ობიექტის არსებული მდგომარეობის ამსახველი არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში – ობიექტის აზომვითი ნახაზი; ე) ფოტოსურათები; ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციითა და ობიექტის ადგილზე დათვალიერებით შეუძლებელია მისი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმცხადებელს მოსთხოვოს: ა) დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია ობიექტის ან მისი ნაწილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) ობიექტზე ან მის ნაწილზე მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულება; გ) მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსებული ობიექტის სამეზობლო საზღვრის მხარეს მდებარე ღიობის, აივნის, ერკერისა და ტერასის განაშენიანების რეგულირების წესებთან შესაბამისობაში მოყვანა, ამ წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და სიმტკიცეზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ლეგალიზებაზე უფლებამოსილ ორგანოს და ეს სრულიად წარმოადგენს შენობა-ნაგებობის მესაკუთრის რისკს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 3 თებერვლის №5787451 ბრძანების (რაც ძალაში დარჩა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 4 აპრილის №256 ბრძანებით) თანახმად, ზ. ც-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ლეგალიზებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოებები, რომ სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტი არ შეესაბამება ქ. თბილისის განაშენიანების სამომავლო განვითარებისათვის მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს, რადგან იგი არის უსახური, განაშენიანებასთან შეუსაბამო და მისი ლეგალიზების შემთხვევაში, ვერ მოხდება უკვე არსებულ გარემოში მისი სრულყოფილი ჩაწერა. ამასთან, უსახური ე.ი. განაშენიანებასთან შეუსაბამო ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზება იწვევს ქალაქის იერსახის დამახინჯებას და უკვე არსებულ გარემოში დისონანსის შეტანას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებია: არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა; ასევე, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება.
მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის - ზ. ც-ეის მითითებას იმის თაობაზე, რომ არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილება, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება, ეხება მხოლოდ წარდგენილ პროექტებს და ამასთან, ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არქიტექტურის სამსახურს დისკრეციული უფლებამოსილება არ გააჩნია, ვინაიდან სალეგალიზებო ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურული პროცესების მართვის, სამშენებლო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი პრაქტიკული რეალიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს ამა თუ იმ ობიექტის ლეგალიზების და მისი ექსპლუატაციისთვის ვარგისად აღიარების და არსებული განაშენიანების ნაწილად ქცევის მიზანშეწონილობა, რა დროსაც იგი უფლებამოსილია მხედველობაში მიიღოს სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტის იერსახის შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან, აგრეთვე შეაფასოს თუ რამდენად დადებით გავლენას იქონიებს ობიექტის ლეგალიზება ქალაქის იერსახეზე. ამასთან, ის გარემოება, რომ ზ. ც-ეის ავტოფარეხი უკვე აშენებულია, არქიტექტურის სამსახურს მისი უპირობოდ ლეგალიზების ვალდებულებას არ აკისრებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული განმარტება არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურული პროცესების მართვის, კერძოდ კი, ლეგალიზების თაობაზე საკითხის გადაწყვეტის თაობაზე, უკონტროლოა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების გათვალისწინებით, ეკისრება ვალდებულება მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მიზნებს. სადავო ბრძანებებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა წარდგენილი ობიექტის ლეგალიზებაზე, მხოლოდ უსახურობის მოტივით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია ავტოფარეხის ლეგალიზებაზე უარის თქმა მხოლოდ უსახურობის მოტივით, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა რაიმე კონკრეტული მითითების გაცემა ავტოფარეხის კონსტრუქციის, ფორმის, ფერის ან სხვა რაიმე მახასიათებლის შესახებ, რაც შესაბამისობაში იქნებოდა ქალაქგეგმარებასთან. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 4 აგვისტოს წერილი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს დასახლება ..., მე-..., N...-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დამტკიცებული არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზ. ც-ეის განმარტებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2009 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდში ავტოფარეხებზე ლეგალიზების განაცხადი დაუკმაყოფილა 450-მდე პირს, რომლებიც მოსარჩელის ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებით კი, არქიტექტურის სამსახურს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ავტოფარეხების ლეგალიზება არ განუხორციელებია. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ზ. ც-ეის ავტოფარეხის არსებობა აღნიშნული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას რატომ გამოიწვევს და რატომ შეიტანს დისონანს უკვე არსებულ გარემოში, ასევე, მოსარჩელის ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ არსებობს თუ არა ლეგალიზების გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხომ არ აქვს ადგილი არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ არათანაბარ მოპყრობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ზ. ც-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ზ. ც-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მის მიერ 2024 წლის 15 აპრილს N5570 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150; ასევე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 8 აპრილს N00603 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ც-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. ზ. ც-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მის მიერ 2024 წლის 15 აპრილს N5570 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 8 აპრილს N00603 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი