Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1204(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ. წ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 25 ნოემბერს ტ. წ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოპასუხისთვის, ზიანის სახით, 2013 წლის 26 სექტემბრიდან - 2022 წლის აგვისტომდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის, 44 128 ლარის ოდენობით ანაზღაურება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე ტ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება, 2018 წლის 01 სექტემბრიდან 2022 წლის ივლისის თვის ჩათვლით, 20 400 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 17 სექტემბერს, ტ. წ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა განთავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარება, პენსიის დანიშვნის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენისათვის. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ოქტომბრის №2726 ბრძანება ტ. წ-ის ჩაბარდა 2013 წლის 26 სექტემბერს, რა დროსაც შეიტყო, რომ გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა არა რეზერვში ჩარიცხვა, არამედ სამსახურებრივი შეუსაბამობა და კონტრაქტის დარღვევა. აღნიშნული წარმოადგენდა საფუძველს, რის გამოც ვეღარ დაენიშნებოდა შესაბამისი გასაცემელი. სახმელეთო ჯარების მუდმივმოქმედი სამანდანტო კომისიის სხდომის 2010 წლის 15 ოქტომბრის №13 ოქმით დადგენილ იქნა, რომ ტ. წ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობა) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტებით.

2018 წლის 20 აგვისტოს, ტ. წ-იმა მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშების მოთხოვნით.

2015 წლის 17 ივნისს, ტ. წ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის სამანდატო კომისიის 2010 წლის 15 ოქტომბრის №13 საოქმო დადგენილების გაუქმების თაობაზე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის ზემდგომი სამანდატო კომისიისათვის ტ. წ-ის საჩივრის განხილვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მაისის №3/4674-15 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ტ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის ზემდგომ სამანდატო კომისიას დაევალა განეხილა მოსარჩელე - ტ. წ-ის საჩივარი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის სამანდატო კომისიის 2010 წლის 15 ოქტომბრის №13 საოქმო დადგენილების გაუქმების თაობაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 01 აგვისტოს NMOD 0 22 00002640 ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ოქტომბრის N2726 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... - ... (შტატი №...), ... - ტ. წ-ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულად და დათხოვნილად ჩაითვალა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2010 წლის 01 ოქტომბრიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) შესაბამისად.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 27 ოქტომბრის წერილის თამახმად, ტ. წ-ის სახელმწიფო გასაცემელი დანიშნული აქვს 2022 წლის 01 სექტემბრიდან.

სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, 26-ე მუხლის 1-3-ე პუნქტებზე და აღნიშნა, რომ კანონდებელი კომპენსაციის დანიშვის აუცილებელ პირობად ასახელებდა დაინტერესებული პირის მიმართვას შესაბამისი ორგანოსთვის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. უფლების განხორციელება დამოკიდებული იყო მისი მფლობელის ნებაზე. შესაბამისად, პირის უფლება კომპენსაციით სარგებლობაზე წარმოიშობოდა, პირის მიერ შესაბამისი განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით, კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დღიდან. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ტ. წ-იმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშების მოთხოვნით ზემოაღნიშნულ ორგანოს მიმართა 2018 წლის 20 აგვისტოს, რაც გულისხმობდა იმას, რომ მოსარჩელეს კომპენსააცის მიღების უფლება სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა - 2013 წლის 26 სექტემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლო იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის პირველი აგვისტოს N2640 ბრძანებით, განხორციელდა ცვლილება „ტ. წ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ოქტომბრის N2726 ბრძანებაში და შეიცვალა დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მომზადდა შესაბამისი საბუთები, რომელიც 2022 წლის 3 აგვისტოს გაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისის ცენტრში და სწორედ ამ დროიდან მოსარჩელეს დაენიშნა კომპენსაცია. კასატორის მოსაზრებით კომპენსაციის დანიშვნა განხორციელდა კანონშესაბამისად, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განჩინება გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს შედავება არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მხოლოდ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების - 2018 წლის 01 სექტემბრიდან, 2022 წლის ივლისის თვის ჩათვლით მოსარჩელე ტ. წ-ის სასარგებლოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დავალების კანონიერება წარმოადგენს.

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ოქტომბრის №2726 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების 2 ... - ... (შტატი №...), ... - ტ. წ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2010 წლის 1 ოქტომბრის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურეობრივი შეუსაბამობისათვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების თანახმად. საფუძველი: სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა

2013 წლის 17 სექტემბერს, ტ. წ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა განთავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარება, პენსიის დანიშვნის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ოქტომბრის №2726 ბრძანება ტ. წ-ის ჩაბარდა 2013 წლის 26 სექტემბერს, რა დროსაც შეიტყო, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა არა რეზერვში ჩარიცხვა, არამედ სამსახურებრივი შეუსაბამობა და კონტრაქტის დარღვევა. სახმელეთო ჯარების მუდმივმოქმედი სამანდანტო კომისიის სხდომის 2010 წლის 15 ოქტომბრის №13 ოქმის თანახმად, ტ. წ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობა) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტებით, რაც გამორიცხავდა მისთვის პენსიის დანიშვნის შესაძლებლობას.

ტ. წ-იმა 2015 წლის 17 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის ზემდგომი სამანდატო კომისიისათვის, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის სამანდატო კომისიის 2010 წლის 15 ოქტომბრის №13 საოქმო დადგენილების გაუქმების თაობაზე, ტ. წ-ის საჩივრის განხილვის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მაისის №3/4674-15 გადაწყვეტილებით, ტ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის ზემდგომ სამანდატო კომისიას დაევალა განეხილა მოსარჩელე - ტ. წ-ის საჩივარი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის სამანდატო კომისიის 2010 წლის 15 ოქტომბრის №13 საოქმო დადგენილების გაუქმების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 05 თებერვლის (საქმე N 3ბ/1313-20) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებებით.

2022 წლის პირველ აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის NMOD 0 22 00002640 ბრძანებით, „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ოქტომბრის N2726 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... - ... (შტატი №...), ... - ტ. წ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2010 წლის 01 ოქტომბრიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) ქვეპუნქტის თანახმად.

2022 წლის 02 აგვისტოს სახელმწიფო კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურების ანგარიშისა და სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის (ამორიცხვის) შესახებ მონაცემებით დადგენილია, რომ ტ. წ-ის წელთა ნამსახურობა 2010 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 32 წელს 06 თვეს და 12 დღეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2023 წლის 31 იანვრის N MOD 2 23 00101597 წერილის თანახმად, ტ. წ-იმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშების მოთხოვნით ზემოაღნიშნულ ორგანოს მიმართა 2018 წლის 20 აგვისტოს.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 27 ოქტომბრის წერილის თანახმად, სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის 2023 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემების შესაბამისად, ტ. წ-ი სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად რეგისტრირებულია სააგენტოს თბილისის (ისანი-სამგორის) სერვის ცენტრში. სახელმწიფო გასაცემელი მას დანიშნული აქვს 2022 წლის 01 სექტემბრიდან, თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო (წოდება ვიცე პოლკოვნიკი) და მისი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 492 ლარს (ნამსახურობის სტაჟი – 32 წელი, 6 თვე და 12 დღე, ასაკი 65 წელზე). ტ. წ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის 2013 წლის 01 სექტემბრიდან დანიშვნის შემთხვევაში, სახელმწიფო გასაცემლის (კომპენსაციის) ოდენობა განისაზღვრებოდა, წლების მიხედვით, შემდეგი სახით: 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე ყოველთვიურად - 376 ლარით; 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ივლისამდე ყოველთვიურად 384 ლარით; 2016 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად - 400 ლარით; 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად - 416 ლარით; 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად - 432 ლარით; 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად - 448 ლარით და 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად - 464 ლარით. ტ. წ-ი, აღნიშნულ პერიოდში ჯამურად მიიღებდა 44128 ლარს.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი).

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა; აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ტ. წ-იმა განცხადება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობის წლების დაანგარიშების მოთხოვნით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წარადგინა 2018 წლის 20 აგვისტოს, რაზეც სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2018 წლის 21 აგვისტოს N836461 წერილით ეთქვა უარი, რადგან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობოდა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო, ხოლო, ტ. წ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ოქტომბრის N2726 ბრძანების თანახმად, დათხოვნილი იყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან, სამსახურებრივი შეუსაბამობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას გაამახვილებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის პირველი აგვისტოს N2640 ბრძანებით, განხორციელდა ცვლილება „ტ. წ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 16 ოქტომბრის N2726 ბრძანებაში და შეიცვალა დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ტ. წ-ი, 2010 წლის 01 ოქტომბრიდან, ჩაითვალა გათავისუფლებულად დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილად საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) ქვეპუნქტის შესაბამისად.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ტ. წ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით, არამედ, მოსარჩელე მხარე, 2018-2022 წლებში, მოკლებული იყო კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, მისი სამსახურიდან დათხოვნის და აღნიშნულის საფუძველზე კომპენსაციის დანიშვნის საკითხის ხელახლა გადაწყვეტამდე. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ 2022 წლის პირველი აგვისტოს N2640 ბრძანებით აღმოიფხვრა 2018 წლის 20 აგვისტოს წარდგენილ განცხადებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ტ. წ-ის სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2022 წლის პირველი სექტემბრიდან. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ პირის უფლება კომპენსაციით სარგებლობაზე წარმოიშობა, პირის მიერ შესაბამისი განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით, კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დღიდან. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ კომპენსაციის მიღება მოითხოვა 2018 წლის 20 აგვისტოს, თუმცა მან მოპასუხე მხარის მიზეზით ვერ განახორციელა აღნიშნული უფლების რეალიზაცია. ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონშესაბამისად მოქმედების შემთხვევაში, ტ. წ-ის კომპენსაცია დაენიშნებოდა არა 2022 წლის პირველი სექტემბრიდან, არამედ დანიშნული ექნებოდა სადავო პერიოდში. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა, რომ სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი ტ. წ-ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანია მოპასუხე მხარისათვის ზიანის სახით, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება, 2018 წლის 01 სექტემბრიდან, 2022 წლის ივლისის ჩათვლით, 20 400 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. შონია

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

გ.მაკარიძე