Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1311(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. წ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2023 წლის 6 ოქტომბერს კ. წ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 5 23 00002618 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 5 23 00002618 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კ. წ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - კ. წ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც 2009 წლიდან დღემდე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ..., ..., კორპ. №.... აღნიშნული ბინა თავდაპირველად იყო მისი დის, ე. წ-ას (გარდაცვლილი) საკუთრება, ხოლო დღეისათვის ბინა საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ირიცხება კ. წ-ას დედის - რ. ვ-ას საკუთრებაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 14 აგვისტოს №54 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით კ. წ-ას ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე დედის საკუთრებაში ცხოვრების გამო. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა დედის საკუთრებაში დაუბრკოლებლად ცხოვრების ფაქტი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ალტერნატიული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავდა მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული ყოფილიყო ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი პირის 2009 წლიდან ქირის გარეშე სხვის საკუთრებაში ცხოვრების გამო. პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი, ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იყო ადეკვატური საცხოვრებლით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც იგი იყო მრავალშვილიანი მშობელი (ჰყავს 4 შვილი).

პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში აღნიშნული იყო, რომ ბინა ე. წ-ას „ბანკში ჰქონდა ჩადებული“. სავარაუდოდ, მიმდინარეობდა სასამართლო დავა ბანკსა და ახლანდელ მესაკუთრეს - რ. ვ-ას შორის. საჯარო რეესტრიდან 2021 წლის 21 ოქტომბრის ამონაწერით, ასევე, დასტურდებოდა, რომ ბინაზე რეგისტრირებული იყო სს „ს...ს“ იპოთეკის უფლება, 2016 წლის 15 აგვისტოდან. ასევე, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 დეკემბრის შეტყობინების საფუძველზე. ამრიგად, საქმეზე დადასტურებული იყო, რომ ბინა, რომელშიც მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა, არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და ბინასთან მიმართებით სხვა პირებს გააჩნიათ სანივთო-სამართლებრივი და საჯარო- სამართლებრივი მოთხოვნები.

პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ოქტომბერი განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიუთითებს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განიხილა კ. წ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე - თბილისი, ... ... კორპ. ..., ბინა №4, განახორციელეს ვიზიტი, რის თაობაზეც შედგა მონიტორინგის ოქმი. მონიტორინგის სამსახურის ვიზიტისას 2023 წლის 20 ივლისს შეივსო მონიტორინგის ფორმა, სადაც მხარემ მიუთითა, რომ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2007 წლიდან დღემდე ქირის გარეშე, დის საკუთრებაში, რომელიც ახლა დედამისის, რ. ვ-ას, საკუთრებას წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობის თანახმად. თავად რ. ვ-ა ცხოვრობს მარტვილში გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებაში. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, დედის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით, კ. წ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ 10 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ შესაბამისად. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამასთან, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. წ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. კ. წ-ას განაცხადის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეაფასა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიანიჭა 3,50 ქულა (საცხოვრებელი ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის / ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 3 არასრულწლოვანი - 2 ქულა). 2019 წლის 16 ივლისის „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ თანახმად, განმცხადებელი - კ. წ-ა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე - თბილისი, ..., ... კორპ. №..., მეუღლესთან და შვილებთან ერთად 2009 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობდა. აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს კ. წ-ას დის - ე. წ-ას საკუთრებას, რომელიც ასევე ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 11 დეკემბრის №03-46/ო ბრძანებით კ. წ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), აღნიშნულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვათ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც განმცხადებელმა სასამართლო სამართალწარმოების წესით გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 11 დეკემბრის №03-46/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილები აღსრულების მიზნით მოპასუხემ კვლავ განიხილა კ. წ-ას ოჯახის განსახლების საკითხი. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ განმცხადებლის საცხოვრებელ მისამართზე - თბილისი, ... ... კორპ. ..., ბინა №.... მონიტორინგის ფორმის თანახმად, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ოჯახის ცხოვრობდა 2007 წლიდან ქირის გარეშე. უძრავი ქონება იყო მოსარჩელის დის, მისი გარდაცვალების შემდეგ კი - მოსარჩელის დედის, რ. ვ-ას საკუთრებაში. თავად რ. ვ-ა ცხოვრობდა მარტვილში გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებაში.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 18 აგვისტოს № IDP 5 23 00002618 ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების (ოქმი №54) საფუძველზე, კ. წ-ას ოჯახს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ საჯარო რეესტრიდან 2021 წლის 21 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, თბილისში, ...ში, ... კვარტალში, №... კორპუსში მდებარე №4 ბინა 2021 წლის 21 ოქტომბრიდან ირიცხება რ. ვ-ას (კ. წ-ას დედის) საკუთრებაში. ამონაწერის მიხედვით, ბინაზე რეგისტრირებულია სს „ს...ს“ იპოთეკის უფლება, 2016 წლის 15 აგვისტოდან; ასევე, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 დეკემბრის შეტყობინების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს ჰყავს 4 შვილი და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მიენიჭა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ორგანო ვალდებული იყო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების ზედმიწევნით გამოკვლევის შედეგად მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ მიიღო იმავე შინაარსის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა იმავე გარემოებას, რომელსაც პირველ შემთხვევაში. კერძოდ, საკითხის ხელახალი განხილვის შედეგად, სააგენტომ აღნიშნა, რომ ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას სხვის საკუთრებაში არსებულ ფართში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.

განსახილველ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან, მოსარჩელეს და მის ოჯახს ხელი მიუწვდებოდათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე, მათი განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას და არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, საკითხის ხელახალი განხილვის ფარგლებში საერთოდ არ მომხდარა ოჯახის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით და არ მინიჭებია შესაბამისი ქულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო...“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები №ბს-900(კ-21), 23.12.2021წ.; №ბს-83(კ-21), 22.07.2021წ.; №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე