Facebook Twitter

№ბს-782(კ-24) 5 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ. ჭ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება.

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 1 იანვარს გ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 14 დეკემბრის №MOD 9 22 01456195 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ. ჭ-ეის სასარგებლოდ 7 000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჭ-ეს შორის გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება. კერძოდ: 2005 წლის 30 დეკემბერს - 4 წლის ვადით; 2009 წლის 30 დეკემბერს - 2 წლის ვადით; 2012 წლის 13 მარტს - 4 წლის ვადით; 2016 წლის 13 მარტს - 4 წლის ვადით და 2020 წლის 05 მარტს - 4 წლის ვადით.

კოლეგიის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ გ. ჭ-ეის მიერ 2005 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტი გაფორმებული იყო 2009 წლის 1 მარტამდე, ზემოთ მოხმობილი მუხლის მოქმედება აღნიშნულ კონტრაქტზე ვერ გავრცელდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ვერ ექცევა საკანონმდებლო ნორმის ფარგლებში. ხოლო, რაც შეეხება, ცალკე 2009 წლის 30 დეკემბრიდან 2 წლის ვადით გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ერთჯერადი დახმარების მიღებას „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე მოსარჩელე მხარეს არ მოუთხოვია (2 წლის კონტრაქტის საფუძველზე კომპენსაციის ოდენობა 3000 ლარია), შესაბამისად ამ ნაწილში სასამართლო ვერ იმსჯელებდა. კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 13 მარტიდან (ბოლო კონტრაქტის გაფორმება) სამი წლის განმავლობაში, შესაბამისად, მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა 2019 წლის 13 მარტის ჩათვლით, თუმცა სარჩელი წარდგენილია 2023 წლის 11 იანვარს. ამდენად, სარჩელი ხანდაზმულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინებით გ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გ. ჭ-ემ თავდაპირველად 2005 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტის საფუძველზე გაიარა 4 წლიანი სამხედრო სამსახური და კონტრაქტის დასრულების შემდეგ, 2009 წლის 30 დეკემბერს მასთან კვლავ გაფორმდა კონტრაქტი 2 წლის ვადით, რომლის ვადა სრულად ამოიწურა 2011 წლის 30 დეკემბერს. შესაბამისად, გ. ჭ-ეს 2005 წლის 30 დეკემბრის და 2009 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტების საფუძველზე, ერთჯერადი დახმარების - 3000 ლარის ოდენობით (ორი წლით კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი) მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2011 წლის 30 დეკემბრიდან (2009 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტის 2 წლიანი ვადის ამოწურვიდან). აღნიშნულ მოთხოვნის უფლებასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლო 2021 წლის 22 ივლისის №ბს-1357(კ-20) განჩინებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ერთჯერადი გასაცემლის მოთხოვნის უფლება წარმოშობილია ნორმატიული და არა სახელშეკრულებო დანაწესის საფუძველზე, მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა. ვინაიდან გ. ჭ-ეს 2005 წლის 30 დეკემბრის და 2009 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტების საფუძველზე, ერთჯერადი დახმარების (3000 ლარის ოდენობით) მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2011 წლის 30 დეკემბრიდან, სწორედ აღნიშნული თარიღიდან დაიწყო მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2021 წლის 30 დეკემბერს, თუმცა ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 9 დეკემბერს (№1/09-12 წერილი) მიმართა, ხოლო ამავე მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 11 იანვარს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 30 დეკემბრის და 2009 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტების საფუძველზე ერთჯერადი დახმარების მოთხოვნის უფლება ხანდაზმული იყო (გასული იყო საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა), რაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეს წარმოეშვას ერთჯერადი გასაცემლის მიღების უფლება, სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 2, 4 ან 8 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ). განსახილველ შემთხვევაში, მართალია, გ. ჭ-ემ 2009 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2 წლის ვადაში, 2012 წლის 13 მარტის 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე გააგრძელა სამხედრო სამსახური, ხოლო აღნიშნული კონტრაქტის ვადა სრულად ამოიწურა, თუმცა, საგულისხმოა, რომ 2009 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტი გაფორმებული იყო 2 წლის ვადით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჭ-ე ვერ აკმაყოფილებდა ერთჯერადი გასაცემლის მიღების უფლების წარმოშობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას, კერძოდ, მას 2009 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტის (2 წლის ვადით) საფუძველზე სამხედრო სამსახური არ ჰქონდა გავლილი 4 წლის ვადით. ამდენად, აპელანტის არგუმენტაცია 2009 წლის 30 დეკემბრის და 2012 წლის 13 მარტის კონტრაქტების საფუძველზე ერთჯერადი გასაცემლის მიღების უფლების თაობაზე უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო პალატამ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 13 მარტის 4 წლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდგომ, 2016 წლის 13 მარტს ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ გ. ჭ-ეს შორის კვლავ გაფორმდა კონტრაქტი („...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“). ამასთან, საქმის მასალებით დადგენილი იყო და აპელანტიც სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 13 მარტის კონტრაქტის 4 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2020 წლის მარტში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს, საკომენდანტო სამმართველოს ... გ. ჭ-ეს მიეცა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდგომ განკუთვნილი სოციალური დახმარება, რომელიც განსაზღვრული იყო კანონმდებლობით. რაც შეეხება, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და, მეორე მხრივ, გ. ჭ-ეს შორის 2020 წლის 5 მარტს გაფორმებულ კონტრაქტს, აღნიშნული კონტრაქტის მოქმედების 4 წლიანი ვადა 2024 წლის 5 მარტს, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ამოიწურა და მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნა აღნიშნული კონტრაქტიდან არ გამომდინარეობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო პალატამ არასწორად იმსჯელა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადაწყვეტილება არასაკმარისად დაასაბუთა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2012 წლის 13 მარტს გ. ჭ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ოთხწლიანი კონტრაქტი და მოსარჩელეს წარმოეშვა მიუღებელი ერთჯერადი კომპენსაციის - 7000 ლარის მოთხოვნის უფლება 2016 წლის 13 მარტიდან და არა 2011 წლის 30 დეკემბრიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე გ. ჭ-ე 2005 წლიდან კეთილსინდისიერად ემსახურება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურს. 2005 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 4 წლის ვადით. 2009 წლის 30 დეკემბერს - 2 წლის ვადით. 2012 წლის 13 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჭ-ეს შორის კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი 4 წლის ვადით), რომლის თანახმად გ. ჭ-ემ აიღო ვალდებულება, კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში. თავის მხრივ, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. გ. ჭ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტები აგრეთვე გაფორმდა 2016 წლის 05 მარტსა და 2020 წლის 05 მარტს. ამდენად, მოსარჩელეს ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებული 7000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 14 დეკემბრის №MOD 9 22 01456195 წერილის თანახმად, გ. ჭ-ეის მიერ გაფორმებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის პირობები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

კასატორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არ ითხოვდა 3000 ლარის ანაზღაურებას, არამედ მოსარჩელე ითხოვდა მიუღებელი ერთჯერადი კომპენსაციის - 7000 ლარის ანაზღაურებას, რომელის მიღების ვალდებულებაც მხარეს წარმოეშვა 2016 წლის 13 მარტიდან, რასაც არ უარყოფს თავად მოპასუხეც. თავდაცვის სამინისტრო შესაგებელში აღნიშნავს, რომ მართალია, გ. ჭ-ეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 13 მარტიდან, თუმცა მოპასუხის მოსაზრებით სადავო შემთხვევაზე უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რაც სარჩელს ხანდაზმულად აქცევდა. კასატორი არ იზიარებს მოპასუხის ხსენებულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობაზე ვრცელდება ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის საგანს გ. ჭ-ეისათვის, როგორც სამხედრო მოსამსახურისათვის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების (7000 ლარის ოდენობით) მიკუთვნებაზე უარის თქმის კანონიერების დადგენა წარმოადგენს.

სადავო პეროდში მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის „ა.ა” ან „ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.

ამავე ბრძანების 472 პუქტის შესაბამისად, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2005 წლის 30 დეკემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ გ. ჭ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადად განისაზღვრა 4 (ოთხი) წელი, რომლის ათვლა დაიწყო კონტრაქტის დადების თარიღიდან და რომელიც იმავდროულად ითვლებოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად.

2009 წლის 30 დეკემბერს, ერთი მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ გ. ჭ-ეს შორის გაფორმდა კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ორი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტი მოქმედებდა ორი წლის ვადით.

2012 წლის 13 მარტს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ გ. ჭ-ეს შორის გაფორმდა კონტრაქტი სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტი მოქმედებდა ოთხი წლის ვადით.

2016 წლის 13 მარტს, ერთი მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ გ. ჭ-ეს შორის გაფორმდა კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტი მოქმედებდა ოთხი წლის ვადით. კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.1 პუნქტის თანახმად, ,,სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას დაეცვა ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პირობები, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, ამავე მუხლის 5.1.2 პუნქტის თანახმად კი „სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას კანონმდებლობის შესაბამისად გაეცა ერთჯერადი დახმარება, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით.

2020 წლის 05 მარტს, ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ გ. ჭ-ეს შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’. კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით გამოთქვამდა გამოუთხოვად თანხმობას, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა შეადგენდა 4 წელს, რომელიც აითვლებოდა ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან. დასახელებული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.1 პუნქტის თანახმად, ,,სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას დაეცვა ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიმართ კანონმდებლობით და ამ კონტრაქტით დადგენილი პირობები, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები. ამავე მუხლის 5.1.2 პუნქტის თანახმად კი, „სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას კანონმდებლობის შესაბამისად გაეცა ერთჯერადი დახმარება, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით. დადგენილია, რომ 2022 წლის 01 აპრილს, ერთი მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ გ. ჭ-ეს შორის გაფორმდა №9051 შეთანხმების ოქმი, რომლის თანახმად, კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.2 ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „სამინისტრო ვალდებულია გასცეს კანონმდებლობით განსაზღვრული დანამატი, თუ სამხედრო მოსამსახურე იმსახურებს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით.“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №MOD 1 22 01451796 წერილით დგინდება, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს, საკომენდანტო სამმართველოს ... გ. ჭ-ეს, 2020 წლის მარტში მიეცა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდგომ განკუთვნილი ერთჯერადი დახმარება, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №MOD 9 22 01456195 წერილით გ. ჭ-ეის წარმომადგენელს მ. ა-ეს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჭ-ეს შორის გაფორმებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის პირობები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რის გამოც თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჭ-ეს შორის გაფორმებული იყო 5 კონტრაქტი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების შესაბამისად ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონოდა სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ, მასთან კვლავ უნდა გაფორმებულიყო კონტრაქტი (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ). ამასთან, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა ყოფილიყო ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა ყოფილიყო 2 წელზე მეტი გასული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დეტალურად უნდა შეფასდეს გ. ჭ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტები და დადგინდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა თითოეულ შემთხვევაში.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 472 პუნქტის შესაბამისად, 2005 წლის 30 დეკემბრისა და 2009 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტების საფუძველზე, , გ. ჭ-ეს ჰქონდა 3000 ლარის ოდენობით (4+2 წელი) გასაცემლის მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოეშვა მეორე კონტრაქტის დასრულებისას - 2011 წლის 30 დეკემბრიდან. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ერთჯერადი გასაცემლის მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა ამოიწურა 2021 წლის 30 დეკემბერს. ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით მოსარჩელემ თავდაცვის სამინისტროს მიმართა 2022 წლის 9 დეკემბერს, ხოლო ამავე მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 11 იანვარს. შესაბამისად, ზემოხსენებული კონტრაქტების (2005 წლისა და 2009 წლის) საფუძველზე ერთჯერადი დახმარების მოთხოვნის უფლება ხანდაზმულია.

როგორც ცნობილია, 2009 წლის 30 დეკემბერს გ. ჭ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა 2-წლიანი კონტრაქტი, ხოლო 2012 წლის 13 მარტს - 4-წლიანი (2+4 წელი) კონტრაქტი. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების შესაბამისად, მოსამსახურეზე დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს გავლილი აქვს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 2, 4 ან 8 წლის ვადით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2009 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტის გაფორმებამდე, გ. ჭ-ემ 2005 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა 4 წლის განმავლობაში, ხოლო შემდგომ 2009 წლის 30 დეკემბრის კონტრაქტის საფუძველზე - 2 წლის განმავლობაში. ამდენად, 2012 წლის 13 მარტის კონტრაქტის გაფორმებამდე გ. ჭ-ეის ნამსახურეობა შეადგენდა ჯამში ექვს წელს (4+2 წელი). 2012 წლის 13 მარტს კი მხარეებს შორის კვლავ 4-წლიანი კონტრაქტი იქნა გაფორმებული (4+2+4 წელი). ამასთან, როგორც 2005 წლის, ისე 2009 წლის კონტრაქტი შეწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არცერთ შემთხვევაში არ იყო გასული ორ წელზე მეტი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. №560 ბრძანების 471 პუნქტის ა.ბ. ქვეპუნქტით მნიშვნელობა ენიჭება ნამსახურობის წელთა რაოდენობას და არა თავდაცვის სამინისტროსთან დადებულ ერთეულ კონტრაქტს, რაც გამომდინარეობს ზემოაღნიშნული ნორმის ლოგიკური და სისტემური განმარტების შედეგად“ (იხ. სუსგ ბს-77-77(კ-18); 21.06.2018წ.). შესაბამისად, იმისათვის, რომ პირს დაენიშნოს 7000 ლარის ოდენობით ფულადი დახმარება, მას გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური მინიმუმ 4 წლის განმავლობაში ერთი ან რამდენიმე კონტრაქტის ერთობლიობაში და უკანასკნელი კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 2, 4 ან 8 წლის ვადით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გ. ჭ-ეს გავლილი ჰქონდა 2005 წელს - 4-წლიანი, 2009 წელს - 2-წლიანი და შემდგომ მასთან კვლავ გაფორმდა 4-წლიანი კონტრაქტი 2012 წელს, სახეზე იყო „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ 7 000 ლარიანი ფულადი დახმარების გაცემის საფუძველს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ხსენებული კონტრაქტებიდან გამომდინარე გასაცემლის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა ბოლო - 2012 წლის კონტრაქტის დასრულებისას - 2016 წლის 13 მარტს. ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით მოსარჩელემ თავდაცვის სამინისტროს მიმართა 2022 წლის 9 დეკემბერს, ხოლო ამავე მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 11 იანვარს. ამდენად, მოცემულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

რაც შეეხება, 2012 წლის 13 მარტის 4-წლიანი და 2016 წლის 13 მარტის 4-წლიანი კონტრაქტების ერთობლიობას, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 13 მარტის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ - 2020 წლის მარტში გ. ჭ-ეს მიეცა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდგომ განკუთვნილი დახმარება, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება კასატორის (მოსარჩელის) მიერ არ წარმოდგენილა.

რაც შეეხება - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჭ-ეს შორის გაფორმებულ ბოლო - 2020 წლის 5 მარტის კონტრაქტს, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ კონტრაქტის მოქმედების ვადა ამოიწურა 2024 წლის 5 მარტს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 14 დეკემბრის №MOD 9 22 01456195 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებს ზემოაღნიშნული კონტრაქტიდან გამომდინარე დახმარებასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2005, 2009 და 2012 წლებში გაფორმებული - შესაბამისად 4, 2 და 4 წლიანი კონტრაქტების ერთობლიობა ქმნიდა მისთვის 7 000 ლარიანი ფულადი დახმარების ანაზღაურების სამართლებრივ და ფაქტობრივ წინაპირობებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 14 დეკემბრის №MOD 9 22 01456195 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (2012 წელს გაფორმებული კონტრაქტიდან გამომდინარე ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ჭ-ეის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ერთჯერადი დახმარების - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია