ბს-165(კ-23) 20 მარტი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ჭ-ემ 02.12.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 11.11.2021წ. №17430 ბრაძნებისა და საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრის თაობაზე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 11.11.2021წ. სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2022წ. გადაწყვეტილებით შ. ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 11.11.2021წ. №17430 ბრძანება და მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 11.11.2021წ. სხდომის ოქმი შ. ჭ-ეისათვის საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრის თაობაზე, მოპასუხეს დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შ. ჭ-ეის მიმართ საშიშროების რისკის განსაზღვრის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიუთითა, რომ ვადამდე ადრე მსჯავრდებულის საშიშროების მაღალი რისკის გადაფასებისას საკითხის განმხილველი ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს არა მხოლოდ საშიშროების განსაზღვრის კრიტერიუმები, არამედ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს საშიშროების მაღალი რისკის უკვე განსაზღვრული ვადის - 12 თვის გახანგრძლივებისა და საკითხის ვადამდე ადრე განხილვის აუცილებლობა. მსჯავრდებულ შ. ჭ-ეისათვის საშიშროების მაღალი რისკის დადგენის თაობაზე გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას აღიწერა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, თუმცა გუნდის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ასევე დაეფუძნა პენიტენციურ დეპარტამენტში არსებულ ოპერატიულ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისად მხარეთათვის გასაჩივრებული სხდომის ოქმი ცნობილია გამოცალკევებული ღია ინფორმაციის გათვალისწინებით. რაც შეეხება ოქმის საიდუმლო ნაწილს, აღნიშნული სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა, თუმცა ინფორმაციისათვის საიდუმლო ხასიათის გამო მისი შინაარსი გადაწყვეტილებაში არ აისახა, შესაბამისად აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს მიერ შეფასდა სადავო სხდომის ოქმში, მის საფუძვლად არსებული მონაცემების პირველადი დამუშავებისათვის შევსებულ ფორმასა და მსჯავრდებულის პირადი საქმიდან საქმეზე დართული დოკუმენტების შინაარსთან მიმართებით. გასაჩივრებულ სხდომის ოქმში ასახული არ არის აუცილებელი საშიშროების მაღალი რისკის დადგენიდან ერთი წლის თავზე რისკის გადაფასების მიზეზი, დასაბუთებული არ არის ვადამდე ადრე, მსჯავრდებულის მიერ თვითდაზიანების ფაქტის გამოვლენისთანავე, საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურის დაწყების საფუძვლები. მსჯავრდებულს ისედაც განსაზღვრული ჰქონდა საშიშროების მაღალი რისკი, შესაბამისად იგი განთავსებული უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. დარჩენილ ვადაში დაწესებულებას ექნებოდა შესაძლებლობა დამატებით დაკვირვებოდა მსჯავრდებულის ქცევას, სათანადო დაკვირვების შედეგად განესაზღვრა თვითდაზიანების გამომწვევი ემოციური მდგომარეობა იყო ერთჯერადი აღელვების შედეგი თუ განგრძობად ხასიათს მიიღებდა, რაც რისკის გადაფასების ვადის დადგომის დროისთვის მსჯავრდებულის ქცევის უფრო ნათელ სურათს შექმნიდა. სხდომის ოქმი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას მსჯავრდებულისათვის მაღალი რისკის გასახანგრძლივებლად ერთჯერადი თვითდაზიანების ფაქტის უპირობო საფუძვლად მიჩნევის თაობაზე და მომეტებული რისკის დადგენის შემთხვევაში მსჯავრდებულის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი შეფასების მიხედვით შ. ჭ-ეს შეუძლია ემოციებისა და ქცევის კონტროლი, ციხის თანამშრომლების მიმართ თავაზიანია, აქვს კარგი დამოკიდებულება და მოტივირებულია ცვლილებებისკენ. ნორმატიულად გაწერილი ვადის ამოწურვამდე აღნიშნული რისკის გადაფასების აუცილებლობა შესაძლოა დადგეს მხოლოდ იმ პირობებში თუ მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია. მსჯავრდებულის ქცევის შეცვლაში ნაგულისხმევია ქცევის დადებითად შეცვლა. დაუშვებელია საშიშროების რისკის გადაფასება ნორმატიულად გაწერილი ვადის ამოწურვამდე განხილულ იქნეს იმ პირობებში, როდესაც უფრო მაღალი რისკი და უსაფრთხოების უფრო მკაცრი ზომების გამოყენება ვეღარ დადგინდება. ვადამდე ადრე საშიშროების მაღალი რისკის გადაფასებისას საკითხის განმხილველი ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს არა მხოლოდ საშიშროების განსაზღვრის კრიტერიუმები, არამედ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს საშიშროების მაღალი რისკის უკვე განსაზღვრული ვადის - 18 თვის გახანგრძლივებისა და საკითხის ვადამდე ადრე განხილვის აუცილებლობა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ შ. ჭ-ეს საშიშროების მაღალი რისკი დაუდგინდა 12.11.2020წ., რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.05.2019წ. №395 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით გადაუფასდა კანონით დადგენილ ვადაში - 12 თვეში, კერძოდ 11.11.2021წ.. მოსარჩელეს კვლავ დაუდგინდა საშიშროების მაღალი რისკი, შესაბამისად მისთვის საშიშროების მაღალი რისკის გადაფასება ვადაზე არ მომხდარა, აქედან გამომდინარე არასწორია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა მსჯავრდებულისთვის საშიშროების რისკის ვადაზე ადრე გადაფასების დასაბუთების საჭიროებაზე. ამასთანავე სასამართლოს უნდა ემსჯელა არა მხოლოდ თვითდაზიანების ფაქტზე, არამედ გადაწყვეტილება უნდა მიეღო ოპერატიული (საიდუმლო) ინფორმაციისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლის შემდგომ.
კასატორმა მიუთითა, რომ მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 11.11.2021წ. საიდუმლო სხდომის ოქმით შ. ჭ-ეს საშიშროების რისკის სახედ მაღალი რისკი დაუდგინდა შემდეგ გარემოებათა გამო: მჯავრდებული წარსულში არის დაშაულის ჩადენის ფაქტი მქონე, მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში ექვსჯერ არის გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის, თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ერთხელ ჰქონდა ადგილი, რომლის მიზეზად მსჯავრდებულმა სულიერი აღელვება დაასახელა, აგრეთე სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ ორჯერ არის გამოყენებული წახალისების ფორმა. მსჯავრდებულს აქვს სწავლისა და მუშაობის სურვილი, მაგრამ არ აქვს ამის შესაძლებლობა, ამ ეტაპისთვის ციხის ადმინისტრაციასთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება, ავლენს მზაობას ცვლილებებისკენ, არ საუბრობს სამომავლო გეგმებზე, საკუთარ აზრს გამოხატავს აგრესიისა და ემოციური ქცევების გარეშე. გუნდმა ასევე გაითვალისწინა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.05.2019წ. №395 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ №2 დანართში და ორივე ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა შესაბამისი წესის დაცვით. გუნდმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტეციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რომლის ტიპს განსაზღვრავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი. მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი (სადავო პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსის 46.1, 46.2, 46.41 მუხ., ამჟამად მოქმედი პენიტენციური კოდექსის 52.1, 52.2 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 11.11.2021წ. საიდუმლო სხდომის ოქმის (ღია ნაწილის) მიხედვით მსჯავრდებულ შ. ჭ-ეს განესაზღვრა საშიშროების რისკის მაღალი სახე. მითითებული ოქმის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 11.11.2021წ. ბრძანებით საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს შ. ჭ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებული იქნა №6 პენიტენციურ დაწესებულებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პენიტენციური კანონმდებლობით განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სახეები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება იქ მოთავსებული მსჯავრდებული სუბიექტების, რისკების დონისა და ამგვარი რისკების შესაბამისი უსაფრთხოების ზომების ინტენსივობით. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც დაცულია განსაკუთრებულად, უზრუნველყოფილია შეიარაღებული დაცვით და გარშემორტყმულია სპეციალური დამცავი ზღუდეებით. ასეთი სახის დაწესებულებებში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას (სადავო პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსის 10.2 მუხ. „ე“ ქვ.პ., 121 მუხ., 662 მუხ.). საშიშროების რისკების შეფასება ხორციელდება თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით. სწორედ აღნიშნული რისკების შეფასების შემდეგ თავსდება პირი განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეები, შეფასების/გადაფასების წესი, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.05.2018წ. №395 ბრძანებით დამტკიცებული წესით. მითითებული წესის მე-4 და მე-5 მუხლების მიხედვით საშიშროების მაღალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამავე წესით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მაღალი. ეს კრიტერიუმებია: მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები, ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, წახალისების, დისციპლინური სახდელის, დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი და სხვ.. ამდენად, მითითებული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებისთვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება.
განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა მოსარჩელისთვის მაღალი საშიშროების რისკი დაადგინა იმაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულის განთავსება ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რისკების შეფასების გუნდის აღნიშნული დასკვნა არ ემყარება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევასა და შეფასებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.05.2018წ. №395 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-17 მუხლის თანახმად უკვე შეფასებული მსჯავრდებული ექვემდებარება პერიოდულ გადაფასებას. გადაფასების პერიოდულობა განსხვავებულია მსჯავრდებულისთვის მინიჭებული საშიშროების ტიპის მიხედვით. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხორციელდება საშიშროების მაღალი რისკის დადგენიდან არაუგვიანეს 12 თვისა. საქმეში დაცული მასალებით სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ 12.11.2020წ. შ. ჭ-ეს რისკის სახედ განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი, შესაბამისად მსჯავრდებულის რისკი ხელახლა შეფასდა 11.11.2021წ.. რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული შ. ჭ-ე არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე, სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული იქნა ექვსჯერ, წახალისების ფორმა გამოყენებული იქნა ორჯერ, თვითდაზიანების ფაქტს ადგილი ჰქონდა ერთხელ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთა პერიოდული გადაფასების საჭიროება განპირობებულია ბოლო 12 თვის განმავლობაში გარემოებების (მაგ. მსჯავრდებულის ქცევა, მისი დამოკიდებულება ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, წახალისების, დისციპლინური სახდელის გამოყენების ფაქტები და სხვ.) იმგვარად შეცვლის შესაძლებლობით, რამაც შესაძლოა განაპირობოს საშიშროების სხვა რისკის დადგენის წინაპირობების წარმოშობა. მართალია, არ გამოირიცხება უფრო ადრეული პერიოდის განმავლობაში არსებული გარემოებების შეფასების საჭიროება, თუმცა ბოლო 12 თვის პერიოდში გამოვლენილი გარემოებები შეფასებას უცლობლად საჭიროებს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელის გამოყენების ფაქტებზე, თუმცა საქმეში დაცული მასალებით გადასაფასებელ პერიოდში (2020 წლის 12 ნოემბრიდან 2021 წლის 11 ნოემბრამდე) შ. ჭ-ეის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, ამ პერიოდში მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა ორი წახალისების ფორმა. აღნიშნული გარემოება დგინდება აგრეთვე №3 პენიტენციური დაწესებულებიდან საკასაციო სასამართლოს 04.03.2025წ. №ბს-165(კ-23) წერილით გამოთხოვილი მსჯავრდებულის შ. ჭ-ეის პირადი საქმით. გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის თაობაზე ეფუძნება აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციას. საკასაციო სასამართლოს მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც სხვა გარემოებებთან ერთად საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მაღალი საშიშროების რისკის განსაზღვრას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნულ ინფორმაციაზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის აგრეთვე სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 11.11.2021წ. სხდომის ოქმის ღია ნაწილში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ შ. ჭ-ეს შეუძლია აზრის გამოხატვა აგრესიის გარეშე, ემოციების და ქცევის კონტროლი. სხდომის ოქმში (მის ღია ნაწილში) აგრეთვე მითითებულია, რომ შ. ჭ-ეის მიერ ადგილი არ ჰქონია განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტს, მსჯავრდებული ციხის თანამშრომლების მიმართ არის თავაზიანი და აქვს კარგი დამოკიდებულება, მოტივირებულია ცვლილებებისკენ, ასევე აქვს პროგრამებში მონაწილეობის, სწავლის და მუშაობის სურვილი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს მსჯავრდებულისთვის საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრის სათანადო საფუძვლების არსებობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, რისკების სწორი შეფასება, გადაფასება, მათთვის სხვადასხვა შესაბამისი საცხოვრებელი პირობების/რეჟიმის შერჩევა და შემდგომ შესაბამის დაწესებულებაში განთავსება შეადგენს პენიტენციური სისტემის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. ამ საკითხებზეა დამოკიდებული, როგორც პატიმრის უფლებები და საცხოვრებელი პირობები, ასევე სასჯელის მიზნის მიღწევა. პატიმართა კატეგორიების მიხედვით განცალკევებით განთავსებას ადგენს აგრეთვე „პატიმრებთან მოპყრობის შესახებ“ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები (ნელსონ მანდელას წესები). სხვადასხვა კატეგორიის პატიმრები უნდა განთავსდნენ სხვადასხვა დაწესებულებებში ან ერთი დაწესებულების სხვადასხვა, ერთმანეთისგან იზოლირებულ ნაწილში. პატიმართა კატეგორიები იყოფა მათი სქესის, ასაკის, წარსულში ნასამართლეობის, მოქმედი დაპატიმრების მიზეზებისა და მათთან მოპყრობის საჭიროებების ნიშნებით (წესი 11). სტანდარტები აღიარებს პატიმართა სპეციალურ კატეგორიებად დაყოფის აუცილებლობას და ადგენს კლასიფიკაციისა და ინდივიდუალიზაციის საჭიროებას. კლასიფიკაციის მიზანია განცალკევება ისეთ პატიმართაგან, რომლებიც დანაშაულებრივი წარსულით თუ ცუდი თვისებებით უარყოფით გავლენას მოახდენენ პატიმარზე (წესი 93.1). ინდივიდუალიზაცია გულისხმობს პატიმრის მიღებიდან უმოკლეს ვადაში მისი ხასიათის შესწავლას და მისი ინდივიდუალური მოთხოვნილებებიდან, შესაძლებლობებიდან და მიდრეკილებებიდან გამომდინარე მასთან მუშაობის პროგრამის შემუშავებას (წესი 94). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება უკავშირდება აქ მოთავსებული პირებისგან მომდინარე საშიშროების რისკებს, შესაბამისად მსჯავრდებულისთვის საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრა სათანადოდ უნდა იქნას დასაბუთებული. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავსდება მსჯავრდებული, რომლის პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული გარემოებები თუ თავად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა, მას საშიშროების მაღალი რისკის მქონედ აქცევს. ამასთან, ამგვარი დაწესებულების მკაცრი რეჟიმი, უპირველესად, გავლენას ახდენს მსჯავრდებულთა გარესამყაროსთან კონტაქტის შესაძლებლობასა და მოცულობაზე, ისევე როგორც დაწესებულების შიგნით ნებადართულ ქმედებებსა თუ განხორციელებულ საქმიანობაზე. მაგ. ასეთი მსჯავრდებულები ვერ სარგებლობენ შრომითი უზრუნველყოფის უფლებით, პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების უფლებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, ასევე სხვა ტიპის დაწესებულებებთან შედარებით ნაკლები პერიოდულობით შეუძლიათ სატელეფონო საუბრით სარგებლობა და სხვ.. სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება დაიცვას პატიმრების, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, აარიდოს მათ ყოველგვარი საფრთხე, რომელიც მათ შორის სხვა პატიმრებისგან ემუქრებათ, მეტიც, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას პატიმარი საკუთარი თავიდან მომდინარე საფრთხისგანაც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 21.12.2022წ. გადაწყვეტილება №1/10/1676 საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, §29). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს შ. ჭ-ეის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტზე, რის მიზეზადაც მსჯავრდებულმა სულიერი აღელევა დაასახელა. მართალია თვითდაზიანების მიყენების ფაქტი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს საშიშროების რისკის შეფასებისას, თუმცა სადავო გადაწყვეტილებით გამოკვლეული და შეფასებული არ არის თვითდაზიანების საფუძვლად მითითებული სულიერი აღელვების მიზეზები. აღნიშნული გარემოება გამოკვლევას საჭიროებდა იმის გათვალისწინებით, რომ შეფასებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსარჩელეს დისციპლინური სახდელი არ შეფარდებია და წახალისებული იქნა ორჯერ, ამასთანავე საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული ადმინისტაციის თანამშრომლების მიმართ თავაზიანია, შეუძლია ქცევის და ემოციების კონტროლი, მოტივირებულია ცვლილებებისკენ და სხვ.., შესაბამისად მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკითხის განმხილველი ორგანო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულისათვის საშიშროების მაღალი რისკის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უშუალოდ მსჯავრდებულისაგან მიეღო დამატებითი ინფორმაცია („წესის“ 13.1 მუხ.), რაც მას არ განუხროციელებია. კანონმდებლობა ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისტემური ურთიერთშეჯერების შედეგად. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტ(ებ)ის ბათილად ცნობის შესახებ. რაც შეეხება კასატორის მითითებას მსჯავრდებულის საშიშროების რისკის კანონით დადგენილ ვადაში გადაფასების თაობაზე, აღნიშული გარემოება არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საშიშროების რისკის შეფასების საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
ქ. ცინცაძე