Facebook Twitter

საქმე Nბს-24(3კ-25) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)- რ. ჭ-ე

კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მოპასუხე)- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინება

დავის საგანი– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 5 ივლისს რ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის მითითების შესაბამისად, რ. ჭ-ემ ქ. თბილისში, ...ს ქ. N12-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების (ფოტომონტაჟის) დარღვევით. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს 30.12.2020წ. შემოწმების აქტით დაფიქსირდა მოსარჩელის მიერ მითითების მოთხოვნის შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 26.02.2021წ. დადგენილებით რ. ჭ-ე დაჯარიმდა 25 000 ლარით იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სადავო მისამართზე განხორციელებული უნებართვო სამუშაოების ნაწილი გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნული დადგენილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რაც არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის N001017 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის N721 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის N001017 დადგენილება და მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის N721 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინებით რ. ჭ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის N001017 დადგენილებით რ. ჭ-ე ქ თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის ობიექტზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის დაჯარიმდა 25 000 ლარით. ზემოაღნიშნული დადგენილების მიხედვით, როსტომ ჩიტაძემ ჩაიდინა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ მან დაარღვია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის N1133129 გადაწყვეტილებით შეთანხმებული დოკუმენტაცია, კერძოდ, ფასადზე ნაწილობრივ შეიცვალა ვიტრაჟების გაბარიტები და ვიზუალი, ერთ-ერთ ფასადზე დამატებით მოეწყო ვიტრაჟი, შენობაში დამატებით მოეწყო საფეხურები, გაიზარდა შენობის გაბარიტები, მარცხენა მხარეს მიწის ქვეშ დამატებით მოეწყო ფართი, ამასთან, უნებართვოდ განხორციელდა კაპიტალური მიშენება, სახურავზე დამატებით მოეწყო კოლონები, შენობის წინ მოეწყო ბეტონის ფილა, საფეხურები და დაბალი კაპიტალური კედლები, რომლებიც ნაწილობრივ გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე. ამავე დადგენილებით მესაკუთრეს დაევალა ობიექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 19 თებერვლის N1133129 გადაწყვეტილებით დადასტურებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. ზემოაღნიშნული დადგენილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის N721 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე, 124-ე, 125-ე, 127-ე, 131-ე მუხლებზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რ. ჭ-ემ დაადასტურა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის N1133129 გადაწყვეტილებით შეთანხმებული დოკუმენტაციის დარღვევით რიგი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი, თუმცა უარყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბეტონის ფილის, საფეხურების და დაბალი კედლების მოწყობა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მუნიციპალურ ინსპექციას არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის N1133129 გადაწყვეტილებით რ. ჭ-ეს შეთანხმებული ჰქონდა I კლასს მიკუთვნებული ობიექტის რეკონსტრუქცია, სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაშიც არ ქმნიდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რამეთუ, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების კლასი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას. მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან არც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ბეტონის ფილის, საფეხურებისა და დაბალი კედლების კლასი შეფასებულა. შესაბამისად, იმ პირობებში თუ დადგინდება, რომ შენობა-ნაგებობა განეკუთვნება I კლასს მიკუთვნებულ ობიექტთა კატეგორიას, არ იარსებებს აპელანტისთვის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

სააპელაციო პალატის მითითებით, არაღიარებულ სამშენებლო სამუშაოებთან მიმართებით, სავალდებულოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასდეს თუ როდის განხორციელდა იგი, ვინაიდან სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბეტონის ფილის, საფეხურებისა და კედლის არსებობა აპრიორი არ გულისხმობს მის უკანონობას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს იმ გარემოებების დადგენა თუ ვინ, როდის და რა მოცულობით განახორციელა სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფოს ტერიტორიაზე და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით საჭიროებდა თუ არა განხორციელებული საქმიანობა მშენებლობის ნებართვას (შეტყობინებას) და წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული სამართალდარღვევას. გასაჩივრებული აქტიდან არ დგინდება, თუ როგორ შეძლო ადმინისტრაციულმა ორგანომ დაედგინა ის გარემოება, რომ სრული მოცულობით ყველა სამუშაო რ. ჭ-ემ აწარმოა ანდა მხოლოდ იგი იყო სადავო ობიექტებით მოსარგებლე პირი, როდესაც იგი აღნიშნულს არ ეთანხმებოდა. მითუფრო, საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში იყო წარმოდგენილი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, არაა დადგენილი, რომ სადავო ობიექტები განეკუთვნება პირველ კლასს ანდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია იმ პერიოდში, როდესაც კანონმდებლობა მისი მოწყობისთვის სპეციალურ რეგულაციას არ ითვალისწინებდა. თავის მხრივ, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, განაპირობებს სამართალდარღვევის განსხვავებულ კვალიფიკაციას, რაც ასევე გასათვალისწინებელი იქნება ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - რ. ჭ-ე არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების განმარტებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მან აღიარა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელების ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა არ გადადის ნაკვეთის წითელი ხაზებიდან. რ. ჭ-ე კატეგორიულად უარყოფს მისი ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ბეტონის ფილის, კიბის საფეხურის და დაბალი კედლის მოწყობას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად განმარტა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი. კასატორი მიიჩნევს, რომ დოკუმენტის გაცნობა უნდა მოხდეს სამშენებლო ობიექტზე ოფიციალურად. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან არ უნდა ინტერპრეტირდეს იმ სახით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი უფლებამოსილი იყოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დოკუმენტები სამართალდამრღვევის მოძიებისა და მასთან კომუნიკაციის გარეშე პირდაპირ სამშენებლო ობიექტის ფასადზე განათავსოს. ადმინისტრაციული ორგანო უპირველესად ვალდებულია დაადგინოს სამართალდამრღვევი, ამოწუროს მისთვის აქტების პირადად ჩაბარების შესაძლებლობა და მხოლოდ ზემოაღნიშნულის შემდეგ განათავსოს იგი სამშენებლო ობიექტის ფასადზე. განსახილველ შემთხვევაში მისამართზე ყოველთვის იყვნენ მშენებლები, რომელთა გამოკითხვის შემთხვევაშიც ადმინისტრაციულ ორგანოს მარტივად შეეძლო დაედგინა რ. ჭ-ეის ადგილსამყოფელი.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქმის მასალებში წარმოდგენილ დაკვალვის აქტზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე ობიექტზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოები სცდება ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამშენებლო საქმიანობის კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა მიუთითებს, რომ სამუშაოები უნებართვოდ განხორციელდა, რაც თავის მხრივ სამართალდამრღვევზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. კასატორი 'საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 122-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. ზემოაღნიშნული ფაქტი მხარემ დაადასტურა ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე. ვინაიდან მხარემ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა სამშენებლო სამართალდარღვევა, მას მართებულად დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. კასატორი არ იზიარებს ერთ-ერთი სადავო აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობას, რადგან მიიჩნევს, რომ არ არსებობს გარემოება თუ მტკიცებულება, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეფასა.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ რ. ჭ-ემ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული უნებართვო სამუშაოების ნაწილი აღიარა, ხოლო იმ სამშენებლო სამუშაოების მიმართებაში, რომელიც ფოტომონტაჟით არ იყო გათვალისწინებული და ფაქტობრივად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე, რ. ჭ-ეის, თუნდაც მშენებლობის მწარმოებელ პირად განხილვის გამორიცხვის შემთხვევაშიც მას პასუხისმგებლობა, როგორც ობიექტით მოსარგებლე სუბიექტს მაინც დაეკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ჭ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჭ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის N001017 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის N721 ბრძანების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N12-ში მდებარე ს/კ ... მქონე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია რ. ჭ-ეის სახელზე.

2014 წლის 19 თებერვალს თბილისის არქიტექტურის სამსახურმა N1133129 გადაწყვეტილებით დაადასტურა სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩაზე, ელექტროქვესადგურისა და ავტომოსაცდელის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, რ. ჭ-ეის კუთვნილ N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე არსებულ პირველი კლასის შენობა-ნაგებობაზე შენობის გაბარიტების ცვლილების გარეშე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციიის 2020 წლის 9 დეკემბერის N001017 მითითების თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N12-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე რ. ჭ-ეის მიერ შემდეგი სახის უნებართვო სამუშაოების წარმოების ფაქტი დააფიქსირდა: უნებართვოდ განხორციელდა კაპიტალური მიშენება, სახურავზე დამატებით მოეწყო კოლონები, შენობის წინ მოეწყო ბეტონის ფილა, საფეხურები და დაბალი კაპიტალური კედლები, რომლებიც ნაწილობრივ გადავიდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე, დარღვეულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის N1133129 გადაწყვეტილებით შეთანხმებული დოკუმენტაცია, კერძოდ, ფასადზე ნაწილობრივ შეიცვალა ვიტრაჟების გაბარიტები და ვიზუალი, ერთ-ერთ ფასადზე დამატებით მოეწყო ვიტრაჟი, შენობაში დამატებით მოეწყო საფეხურები, გაიზარდა შენობის გაბარიტები, მარცხენა მხარეს მიწის ქვეშ დამატებით მოეწყო ფართი. ამავე მითითებით რ. ჭ-ეს განესაზღვრა 20-დღიანი ვადა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის შეთანხმებულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციის 2020 წლის 30 დეკემბერს N001017 შემოწმების აქტში მითითებულია ზემოაღნიშნული მითითების შეუსრულებლობის ფაქტი. შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტის ფასადზე 2020 წლის 30 დეკემბერს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის N001017 დადგენილებით იმ დასაბუთებით, რომ N... საკადასტრო კოდის ობიექტზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოები აწარმოა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რ. ჭ-ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟი. დადგენილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, რომლებიც არ ექვემდებარება მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.

ზემოაღნიშნული კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულია, რომ მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა ან ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (123-ე მუხლის პირველი პუნქტი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ (124-ე მუხლის მე-3 პუნქტი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 131-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას - სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 25 000 ლარის ოდენობით. ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – 20 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით. მოცემული ნორმის თანახმად, დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა როგორც სამშენებლო სამუშაოების კონკრეტული კლასისადმი კუთვნილება, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო დადგენილებაში სამშენებლო სამართალდარღვევად მითითებულია ერთი მხრივ, რ. ჭ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალი, ასევე მეორე მხრივ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბეტონის ფილის, საფეხურების და დაბალი კედლის მოწყობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ. ჭ-ემ ადმინისტრაციული წარმოებისას და საქმის სასამართლოში განხილვისას აღიარა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გარკვეული სამუშაოების სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოსთან შეთანხმებული პროექტის დარღვევით განხორციელება, თუმცა კატეგორიულად უარყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბეტონის ფილის, საფეხურებისა და დაბალი კედლის მოწყობა.

საგულისხმოა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის N1133129 გადაწყვეტილებით რ. ჭ-ეს შეთანხმებული ჰქონდა I კლასს მიკუთვნებული ობიექტის რეკონსტრუქცია, სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სამშენებლო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებული ჰქონდა პირველი კლასის სამუშაოები, მის სამართალდამრღვევად ცნობამდე შეფასება უნდა მისცემოდა ხომ არ შეესაბამებოდა ნაწარმოები სამუშაოები პირველი კლასის შენობის მახასიათებლებს, რამეთუ აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში აღარ იარსებებდა მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომლის 65.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. იმავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით ცვლილება შევიდა ამავე სახელწოდების საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში, რომლის მე-60 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა წარმოებდა ნებართვის მიღების გარეშე. აღნიშნული დადგენილების მე-60 მუხლში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს შეტყობინების ვალდებულების შესახებ ცვლილება განხორციელებულია 2008 წლის 27 ოქტომბერს, კერძოდ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა წარმოებდა კვლავ ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა, მშენებლობის დაწყება შესაძლებელი ხდებოდა მას შემდეგ, რაც შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში გააგზავნიდა შეტყობინებას მშენებლობის განზრახვის თაობაზე, რომელსაც თან ურთავდა მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში დაადასტურებდა წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის სისწორეს და პასუხს აცნობებდა შემტყობინებელს.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გადაუმოწმებიათ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, არაღიარებულ სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ ის გარემოება, რეალურად როდის და ვინ განხორციელა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N12-ში მდებარე, ... ს/კ მქონე უძრავ ქონებაზე და მის მიმდიბარე ტერიტორიაზე. ამდენად, რეალურად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასება არ მისცემია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენისთვის არსებით გარემოებებს. საკასაციო პალატის განმარტებით, სწორედ აღნიშნული გარემოებების დადასტურების შემთხვევაშია ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი, პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არაღიარებულ სამშენებლო სამართალდარღვევასთან მიმართებით დადგენას საჭიროებს როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე არსებული ობიექტების კლასი და მათი აშენების პერიოდი, ასევე მათი განთავსების პერიოდში მოქმედი სანებართვო დოკუმენტაციის გაცემასთან დაკავშირებული ნორმატიული მოწესრიგება. გასაჩივრებული დადგენილებით არაა დასაბუთებული თუ რამდენად ჰქონდა მშენებლობის მწარმოებელ პირს როგორც მშენებლობის ნებართვის ქონის ისე მშენებლობის მარტივი შეტყობინების განხორციელების ვალდებულება, ვინაიდან აღნიშნულს 2008 წლის 27 ოქტომბრამდე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. ამდენად, სახელმწიფო ტერიტორიაზე ბეტონის ფილის, კედლის და საფეხურების არსებობა უპირობოდ სამართალდარღვევის ნიშნებს არ შეიცავს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით ვერ დგინდება, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ მშენებლობა სრული მოცულობით განხორციელა მხოლოდ რ. ჭ-ემ და არა სხვა პირმა. დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მასზედ, რომ სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე ობიეტებთან მიმართებით რ. ჭ-ეის, როგორც მშენებლობის მწარმოებელი პირის გამორიცხვის შემთხვევაშიც, მას როგორც ობიექტით მოსარგებლეს მართებულად დაედო ადმინისტრაციული სახდელი. გაუგებარია რა მტკიცებულებეზე დაყრდნობით მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ მხოლოდ რ. ჭ-ე წარმოადგენდა სადავო ობიექტებით მოსარგებლე სუბიექტს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. მოპასუხე მხარე ვალდებულია სადავო საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. მართებულია ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის N721 ბრძანების ბათილად ცნობა.

კასატორის - რ. ჭ-ეის საკასაციო პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მის მიმართ მიღებული მითითების, შემოწმების აქტის და დადგენილების ოფიციალური გაცნობის წესი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის წესი დარეგულირებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლით. მითითებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველინაწილის მიხედვით, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ)სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ცალსახად ადგენს სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობის წესს, კერძოდ იგი უნდა ჩაბარდეს მხარეს სამშენებლო ობიექტზე, თუმცა თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციული წარმოების თითოეულ სტადიაზე შედგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ რ. ჭ-ე არ იმყოფებოდა ადგილზე, რის გამოც ვერ მოხერხდა მისთვის პირდაპირ ჩაბარება და ისინი განთავსდა სამშენებლო ობიექტის ფასადზე, აღნიშნული ასევე დასტურდება საქმეში არსებული ფოტომასალით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ერთ-ერთი სადავო აქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად არის ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დავალებული აქვს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, ამ ფარგლებში, ასევე უნდა შეფასდეს დაიცვა თუ არა სამშენებლო ზედამხედველობის ორგანომ დაინტერესებული მხარისთვის ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის ვალდებულება და უზრუნველყო თუ არა მისი სათანადო ინფორმირებულობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. მ-ეს (პ/ნ ...) რ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარზე 11.12.2024წ. N8254 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს რ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჭ-ეის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. გ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს რ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარზე 11.12.2024წ. N8254 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა