Facebook Twitter

ბს-110(კ-24) 20 მარტი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი (მოპასუხე, კასატორი) – სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. ჭ-ა

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2023წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჭ-ამ 09.03.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა საბჭოს 05.01.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობის შეცვლის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2023წ. გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 05.01.2023წ. №04/22/შ/პ-0392 გადაწყვეტილება და ადგილობრივ საბჭოს დაევალა ლ. ჭ-ას მიმართ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ადგილობრივი საბჭოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს იმ კრიტერიუმებით, რაც საკანონმდებლო ნორმებით არის განმტკიცებული და მსჯავრდებულის ლ. ჭ-ას მიმართ საქმეზე დადგენილი გარემოებები (პიროვნების მახასიათებელი, ოჯახური მდგომარეობა, დანაშაულის მიმართ დამოკიდებულება, ასაკი და ა.შ.) შეაფასოს ამ ნორმების მოქმედების ჭრილში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულების პოზიცია, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასებული უნდა იქნას დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციის წარმოუდგენლობის მიზეზები, კერძოდ პოზციის წარმოუდგენლობა განპირობებულია ობიექტური გარემოებებით, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს ასეთი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობას თუ სხვა იმ გარემოებებით, რომელიც შეფასებული უნდა იქნას ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. სოციალური აქტივობებში მონაწილეობაში მიუღებლობა აგრეთვე არ წარმოადგენს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასების საფუძველს. აუცილებელია აღნიშნული ფაქტი სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში უნდა იქნეს შეფასებული. მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციას, არამედ მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, განსაკუთრებული ზედამხედველობის საჭიროებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც იძლევა პიროვნების შეფასების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა განიხილოს საკითხი და შეაფასოს რესოციალიზაციის მიღწევის შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საკითხის განსახილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის ადმინისტრაციასთან მიმართებით, ნასამართლობის არქონა, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა სატრანსპორტო დანაშაული, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სახეზეა არა ქონებრივი, არამედ მორალური ზიანი - ახლობლის გარდაცვალების შედეგად მიღებული სტრესი და ტანჯვა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის თანმდევი და შეუცვლელია. საბჭომ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია მის მიმართ კანონით დადგენილი შეღავათების გამოყენების თაობაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. საბჭო მხედველობაში იღებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციას, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ კონფლიქტი ამოწურულია და მსჯავრდებულის გათავისუფლება არ გამოიწვევს ხელახალ დაპირისპირებას. საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას არ უნდა მოჰყვეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლებების შელახვა, ამასთან ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია ბრალდებულის, ამჟამად მსჯავრდებულის მკაცრად დასჯის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია საბჭოს მიერ სხვა გარემოებებთან ერთად იქნა შესწავლილი და არა განყენებულად. საკითხის განხილვისას მსჯავრდებულს არ მიუთითებია არც ერთ გარემოებაზე, რომელიც გამორიცხავდა დაზარალებულის პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობას. ქუთაისის რაიონული პროკურატურის 20.08.2023წ. წერილით დაზარალებული კატეგორიულად წინააღმდეგია ლ. ჭ-ას მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებაზე. პატიმრობის კოდექსის 43.4 მუხლითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმი - „მსჯავრდებულის პიროვნება“ საბჭოს ავალდებულებს, ნორმაში ასახული გარემოებების გარდა, სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვლევას, რაც იძლევა პიროვნების შეფასების შესაძლებლობას. დაზარალებულის როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული, შესაბამისად მისი უფლებამონაცვლის პოზიცია სწორედ ასეთ მნიშვნელოვან გარემოებად უნდა ჩაითვალოს. ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ დაზარალებულის ინტერესების დაცვა-გაფართოება სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. საბჭოს მსჯავრდებულის მიმართ უნდა გაუჩნდეს მაღალი ნდობა, რომ მიღწეულია პირის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანი და მისი გათავისუფლების შემთხვევაში ახალი დანაშაული თავიდან იქნება აცილებული. ხელახალი ვიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის რეალური სართხე შესაძლოა არსებობდეს გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში (როცა დაზარალებულის პოზიცია უარყოფითია) და არ არსებობდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისას (როცა დაზარალებული თანახმაა მსჯავრდებულის მიმართ შეღავათის გამოყენებაზე), შესაბამისად გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული არ არის შემდგომი კონფლიქტის თავიდან აცილების რეალური საფუძველი.

კასატორმა მიუთითა, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ სოციალურ აქტივობაში, მის მიმართ არ გამოყენებულა წამახალისებელი ღონისძიებები. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესში სოციალურ აქტივობებში ჩართულობის როლი დააკნინა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა გახდეს წამახალისებელი იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც სასჯელს იხდიან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის და არ არიან ჩართული სოციალურ აქტივობებში. მსჯავრდებულის პიროვნება და მისი სწრაფვა რესოციალიზაციის პროცესისადმი უნდა იყოს აშკარა და ხელშესახები. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის დამოკიდებულება დადებითი განვითარების დინამიკასთან მიმართებით ბუნდოვანია, მისი მხრიდან არ იკვეთება სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში ჩართვის სურვილი და რესოციალიზაციის მოტივაცია. მოქმედი კანონმდებლობა არ აკისრებს საბჭოს სასჯელის ნაწილის მოხდის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ შეღავათების გამოყენების აუცილებლობას. დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვით დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით არის ნაკარნახევი და ეფუძნება სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიეთითა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადასაწყვეტად.

საკასაციო სასამართლოში 14.03.2025წ. შემოვიდა დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს შუამდგომლობა, რომელსაც თან ერთვის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ცნობა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით ლ. ჭ-ა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 24.10.2024წ., შესაბამისად მის მიმართ აღარ არსებობს მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობის შეცვლის საკითხის განხილვის საფუძველი და საქმის გაგრძელების წინაპირობა. მსჯავრდებულის სამართლებრივი ინტერესი რეალიზებულია - იგი გათავისუფლებულია პენიტენციური დაწესებულებიდან. შუამდგომლობის ავტორმა სსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე დავის საგანის არარსებობის გამო მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, აგრეთვე აღნიშნა, რომ მოსარჩელის ინტერესი სახეზე იყო მისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, ხოლო მისი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებში ამგვარი ინტერესი აღარ არსებობს, შესაბამისად აღარ არსებობს სარჩელის განხილვის პროცესუალური წინაპირობა (სუსგ 27.11.2014წ. №ბს-429-424(კ-14)).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქმეში დაცული მასალების მიხედვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.05.2021წ. განაჩენით ლ. ჭ-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან 2021 წლის 10 იანვრიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20.07.2021წ. განაჩენით საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 24.01.2022წ. განჩინებით მსჯავრდებულისა და პროკურორის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად. 12.04.2022წ. „ამნისტიის შესახებ“ კანონით მოსარჩელეს სასჯელი შეუმცირდა 75 დღით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად საბჭომ 05.01.2023წ. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. საბჭომ ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა სატრანსპორტო დანაშაული, კერძოდ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ მართალია მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, თუმცა მის მიმართ არც წამახალისებელი ღონისძიებები ყოფილა გამოყენებული. საბჭომ საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ამასთანავე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს არ წარუდგენია მის მიმართ შეღავათის გამოყენების თაობაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა. საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მხრიდან არ იკვეთება სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში ჩართვის სურვილი და რესოციალიზაციის მოტივაცია, შესაბამისად დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმები, რის გამო არ არსებობს სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მიხედვით ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს, ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ (7.3, 7.4 მუხ.). მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამავე წესის 13.1 მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება. ლ. ჭ-ამ სარჩელით მოითხოვა საბჭოს 05.01.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მიუთითა, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში ემორჩილება ადმინისტრაციის ყველა მითითებას, თავაზიანია პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ, არ არის ნასამართლევი, მას არ ჩაუდენია განზრახი დანაშაული. მოსარჩელის მითითებით მსჯავრდებულის მიმართ შეღავათის გამოყენების თაობაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობის წარდგენის სავალდებულობას კანონი არ ადგენს, შესაბამისად აღნიშნული გარემოება არ წარმოშობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, განსახილველ საქმეზე სარჩელის საგანს შეადგენს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი აქტის მიღების მოპასუხისთვის დავალება შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე.

ადგილობრივი საბჭოს მიერ საკასაციო სასამართლოში 14.03.2025წ. წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული პენიტენციური დირექტორის ცნობის მიხედვით მსჯავრდებული ლ. ჭ-ა დაწესებულებიდან გათავისუფლდა 24.10.2024წ., შესაბამისად, მითითებული დოკუმენტებით დგინდება მოსარჩელის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლ. ჭ-ას სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელით დასაცავი უფლება რეალიზებულია, დავის საგანი ამოწურულია. სადავო აქტის – სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობისა და მით უფრო შინაპატიმრობის შესახებ ახალი აქტის გამოცემის მიმართ მოსარჩელის ინტერესი სახეზე იყო მისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, ხოლო მისი გათავისუფლებით ამგვარი ინტერესი და შესაბამისად, სარჩელის განხილვის პროცესუალური წინაპირობა აღარ არსებობს (სუსგ 27.11.2014წ. საქმე №ბს-429-424(კ-14), 21.11.2017წ. საქმე №ბს-1032-1026(კ-17)). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელი დარჩა სააპელაციო პალატის განჩინებით, ადგილობრივი საბჭოს 05.01.2023წ. გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება სასკ-ის 32.4 მუხლს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისთვის, შესაბამისად სასკ-ის 32.4 მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე. სასკ-ის 33-ე მუხლისაგან განსხვავებით, სასკ-ის 32.4 მუხლი ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას, ამასთანავე, მითითებული ნორმის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, საქალაქო სასამართლოს 17.07.2023წ. გადაწყვეტილებით სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ხელახლა უნდა იმსჯელოს სადავო საკითხზე და ფაქტობრივი გარემოებები უნდა გამოიკვლიოს სრულყოფილად. ამის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ ადგილობრივი საბჭოს მიერ, ხოლო ლ. ჭ-ას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად მოსარჩელე დაეთანხმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ ადგილობრივი საბჭოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვას და მას სარჩელის სრულად დაკმაყოფილება არ მოუთხოვია. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მიმართ აღარ არსებობს მხარის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია პენიტენციური დაწესებულებიდან, ამდენად, დავის საგნის არარსებობის გამო მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ლ. ჭ-ას სარჩელზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2023წ. განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2023წ. გადაწყვეტილება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე