Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-449(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. ხ-ა

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 8 ნოემბერს ი. ხ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ 2022 წლის 21 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2021 წლის 18 ივნისის №04-00-დ/6408 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 7 ოქტომბრის №04/10122 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელე ი. ხ-ასთვის 2021 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსიის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 7 ოქტომბრის №04/10122 გადაწყვეტილებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე მითითებით, ი. ხ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის მიღებაზე და განემარტა, რომ მისი სამუშაო წარმოადგენდა საჯარო საქმიანობას. აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელემ მიუთითა, რომ მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ...ში (...ის პოზიციაზე), რომელიც თავისი არსით და საქმიანობის სფეროთი წარმოადგენდა ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დებულებაზე, რომლის თანახმად, ...ში მუშაობა არ ითვლებოდა საჯარო სამსახურად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 18 ივნისის №04-00-დ/6408 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 7 ოქტომბრის №04/10122 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ი. ხ-ას 2021 წლის 1 ივლისიდან დაენიშნებოდა სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 18 ივნისის №04-დ/6408 გადაწყვეტილების (წერილის) თანახმად, მოქალაქე ი. ხ-ას მისივე 2021 წლის 15 ივნისის განცხადების პასუხად, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით განემარტა, რომ ვინაიდან საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, არ შეესაბამებოდა რომელიმე საჯარო საქმიანობიდან საგამონაკლისო შემთხვევას, იგი ვერ მოიპოვებდა მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პენსიის დანიშვნის უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2021 წლის 7 ოქტომბრის №04/10122 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის 2021 წლის 9 აგვისტოს წერილზე, რომლითაც განიმარტა, რომ სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის საქმიანობა, თავისი არსით სწორედ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევას ისახავდა მიზნად, ცენტრის დებულების მე-3 მუხლი კი განსაზღვრავდა ცენტრის ფუნქციებს, რომელთა შორის წამყვანი იყო ინტეგრირებული, ინტერდისციპლინური კვლევის წარმოება და განხილვის პროცესში მყოფ საკითხებზე პოლიტიკის კვლევის დოკუმენტების შექმნა, ანალიტიკური მიმოხილვების (მათ შორის შედარებითი მიმოხილვების) მომზადება მიმდინარე აქტუალურ თემებზე, რომლებიც შეეხებოდა საჯარო პოლიტიკის საკითხებს; სემინარებისა და პრეზენტაციების გამართვა, რომლებშიც მონაწილეობენ პარლამენტის, შესაბამისი აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები; აქტიურ თემებზე საჯარო დისკუსიებისა და კონფერენციების გამართვა; სხვა ...ებთან, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, აგრეთვე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და გაცემის წესის“ და სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დებულების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ ი. ხ-ას მიერ სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ში განხორციელებული საქმიანობის სახე (ბუღალტერი), ავტომატურად არ გულისხმობდა საჯარო საქმიანობის განხორციელებას საჯარო დაწესებულებაში. ამასთან, პალატის მოსაზრებით, ცენტრის საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდებოდა ცენტრის საქმიანობის არასაჯარო საქმიანობის ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი - ადასტურებდა ცენტრის საქმიანობას სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ი. ხ-ას მიერ განხორციელებული საქმიანობის სახე (ბუღალტერი) არ უნდა ჩათვლილიყო საჯარო საქმიანობად და მოსარჩელეს არ უნდა შეზღუდოდა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლზე, სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დებულების (21.05.2019წ. რედაქცია) მე-2 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ არ დგინდებოდა ი. ხ-ას საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დაწესებულების სამეცნიერო საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციული მიზანი, რითაც დადასტურდებოდა სახელმწიფოს სასარგებლოდ განხორციელებული ქმედების არსებობა, რომლის სანაცვლოდაც სახელმწიფომ უნდა აიღოს პენსიის გადახდის ვალდებულება, რაც ემსახურება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებული პირების განსაკუთრებული როლის პატივისცემას. კასატორის მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულირება ლოგიკურ კავშირშია მისაღწევ მიზანთან და აღსრულების პროცესი უნდა განხორციელდეს ეფექტიანად.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, მან საქმის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სათანადო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, 2021 წლის 23 ივლისის და 2021 წლის 6 სექტემბრის წერილებით მიმართა ცენტრს, რომელმაც 2021 წლის 9 აგვისტოს 1-124/2021 წერილით სააგენტოს განუმარტა, რომ მიუხედავად იმისა, ტექნიკური თვალსაზრისით ცენტრი მოქცეული იყო თუ არა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ დაწესებულებებს შორის, იგი თავისი საქმიანობის შინაარსით, ამოცანებით და ფუნქციებით, სხვა სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებთან ერთად, წარმოადგენდა აღნიშნული კანონის ერთ-ერთ სუბიექტს. კასატორის მითითებით, აღნიშნული ინფორმაცია არ იყო საკმარისი საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, ვინაიდან არ მოიცავდა სამართლებრივად დასაბუთებულ განმარტებას და იგი წარმოადგენდა ცენტრის მხოლოდ მოსაზრებას, ხოლო 2021 წლის 6 სექტემბრის წერილის საპასუხოდ ცენტრს სააგენტოსთვის ინფორმაცია არ წარუდგენია.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეფასებით, სსიპ „საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი“ არ განეკუთვნება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რიცხვს, რომელ დაწესებულებებში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობაც არ ზღუდავდა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას, რაც ქმნიდა ი. ხ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2021 წლის 18 ივნისის №04-00-დ/6408 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 7 ოქტომბრის №04/10122 გადაწყვეტილებების კანონიერება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელე ი. ხ-ას მიმართ, 2021 წლის 1 ივლისიდან, სახელმწიფო პენსიის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამასთან, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად კი განსაზღვრულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის უფლება ექცევა ადამიანის სოციალურ უფლებებში და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მისი ვალდებულების აღიარებას ხანდაზმულ მოქალაქეთა მიმართ. აღნიშნული უფლებების სრულყოფილი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან როგორც პენსიის დანიშვნა/გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი, ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული უფლების შეზღუდვისგან თავის შეკავება და შეზღუდვის დაშვება მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როდესაც გამოყენებული საშუალება წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი). დასახელებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლად განსაზღვრავს საპენსიო ასაკის, კერძოდ 65 წლის მიღწევას. ამასთან, დაკონკრეტებულია, რომ პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამასთან, კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი პენსიის შეწყვეტის (მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონის მიზნებისთვის საჯარო საქმიანობის ცნებას და იგი განმარტებულია, როგორც საჯარო საქმიანობა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თავის მხრივ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური განმარტებულია, როგორ სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამავე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად კი, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ხ-ა დაბადებულია ... წლის ...ს, შესაბამისად, მას სახელმწიფო პენსიის დანიშვნის უფლება წარმოეშვა 2019 წლის ...იდან. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის 2021 წლის 19 ივლისის №1-113/2021 ცნობის თანახმად, ი. ხ-ა 2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე მუშაობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ...ად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

2021 წლის 15 ივნისს ი. ხ-ამ №25322 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და მოითხოვა ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2021 წლის 18 ივნისის №04-00-დ/6408 გადაწყვეტილებით ი. ხ-ას, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი ახორციელებდა საჯარო საქმიანობას. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2021 წლის 7 ოქტომბრის №04/10122 გადაწყვეტილებით ი. ხ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 7 ოქტომბრის №04/10122 გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ორჯერ, კერძოდ 2021 წლის 23 ივლისის №04/7755 და 2021 წლის 6 სექტემბრის №04/9216 წერილებით მიმართა სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ს, რომელმაც 2021 წლის 9 აგვისტოს №1-124/2021 წერილით სააგენტოს განუმარტა, რომ სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის საქმიანობა, თავისი არსით სწორედ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევას ისახავს მიზნად, ცენტრის დებულების მე-3 მუხლი განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს, რომელთა შორის წამყვანია ინტეგრირებული, ინტერდისციპლინური კვლევის წარმოება და განხილვის პროცესში მყოფ საკითხებზე პოლიტიკის კვლევის დოკუმენტების შექმნა, ანალიტიკური მიმოხილვების (მათ შორის შედარებითი მიმოხილვების) მომზადება მიმდინარე აქტუალურ თემებზე, რომლებიც შეეხება საჯარო პოლიტიკის საკითხებს; სემინარებისა და პრეზენტაციების გამართვა, რომლებშიც მონაწილეობენ პარლამენტის, შესაბამისი აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები; აქტიურ თემებზე საჯარო დისკუსიებისა და კონფერენციების გამართვა; სხვა ...ებთან, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობა. წერილის თანახმად, კვლევითი ცენტრის საქმიანობა სხვადასხვა დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით ხორციელდება და ესენია: სოციალური საკითხთა მიმართულება; ეკონომიკურ საკითხთა მიმართულება; საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულება; იურიდიულ საკითხთა ადამიანის უფლებათა მიმართულება; თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა მიმართულება. ამავე წერილში ცენტრმა განმარტა, რომ რამდენადაც იგი არ წარმოადგენდა უწყვეტი ან რეგულარული ბიუროკრატიული ფუნქციების შემსრულებელ დაწესებულებას, არ იყო საჯარო სერვისის მიმწოდებელი ან პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტი და მისი მთავარი ამოცანა იყო კვლევითი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ტექნიკური თვალსაზრისით ცენტრი მოქცეული იყო თუ არა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ დაწესებულებებს შორის, მათ მიაჩნდათ, რომ თავისი საქმიანობის შინაარსით, ამოცანებით და ფუნქციებით, იგი სხვა სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებთან ერთად, წარმოადგენდა აღნიშნული კანონის ერთ-ერთ სუბიექტს და იგი სწორედ ამ მიზეზით ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ცენტრის ზემოაღნიშნული განმარტებისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ იყო საკმარისი საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, ვინაიდან არ მოიცავდა სამართლებრივად დასაბუთებულ განმარტებას და იგი წარმოადგენდა ცენტრის მხოლოდ მოსაზრებას. სააგენტოს 2021 წლის 6 სექტემბრის №04/9216 წერილის პასუხად, ცენტრს მისთვის დამატებითი განმარტება - სამართლებრივად დასაბუთებული ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა მისი სამეცნიერო-კვლევითი სტატუსი, არ წარუდგენია. შედეგად, სააგენტომ მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი არ განეკუთვნებოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რიცხვს, რომელ დაწესებულებებში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ ზღუდავდა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას და განმარტა, რომ სააგენტოს ი. ხ-ასათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 27 მარტის №1/111/19 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტსა და მე-4 პუნქტზე, რომელთა თანახმად საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის გაძლიერების და პარლამენტის მიერ საკანონმდებლო და საკონტროლო ფუნქციების შესრულების ხელშეწყობის მიზნით და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი. დასახელებული დებულების მე-2 მუხლი კი განსაზღვრავს კვლევითი ცენტრის საქმიანობის მიზანს, ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კვლევითი ცენტრის საქმიანობის მიზანია კანონშემოქმედებით პროცესსა და საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში პარლამენტის წევრებისა და კომიტეტებისათვის, აგრეთვე პარლამენტის აპარატისათვის დახმარების გაწევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ხოლო დებულების მე-3 მუხლი ადგენს კვლევითი ცენტრის ფუნქციებს. საკასაციო სასამართლო დასახელებული მიზნების, მიმართულებების და ფუნქციების გაცნობის, აგრეთვე საქმის გარემოებების გაცნობის და ანალიზის შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ცენტრის საქმიანობის არასაჯარო ხასიათზე და მიიჩნევს, რომ ცენტრი წარმოადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მასში დასაქმებული პირის საქმიანობა, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც იგი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს - ბუღალტერს, ავტომატურად არ ადასტურებს, რომ დასახელებული პირი ახორციელებს საჯარო საქმიანობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა და მის მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უკანონოდ შეეზღუდა საპენსიო ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნის უფლება და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ სახეზე იყო მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა