საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1170(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ბ.ჯ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს ...ის რაიონის გამგეობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 15 აგვისტოს ბ.ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ „განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 30 მაისის №39-01221503122 გადაწყვეტილების, „ბ.ჯ-ას წარმომადგენლის - ნ.კ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 აგვისტოს №734 ბრძანების ბათილად ცნობა, ბ.ჯ-ას 65 კვ.მ საცხოვრებელი ფართის, მდებარე ქ. თბილისში, ...ის მე-3 შესახვევში, სახლი №...-ის, პირველ სართულზე არსებული 65.3 კვ.მ (ბინა №...) ფართის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევა და საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ბ.ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ.ჯ-ამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით ბ.ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 15 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას განცხადებთ მიმართა ბ.ჯ-ას წარმომადგენელმა ნ.კ-ამ და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ... ...ის მე-3 შესახვევი, სახლი №...-ის, პირველ სართულზე არსებული 65.3 კვ.მ (ბინა №...) საცხოვრებელი ფართის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 21 აპრილის №39-01221112588 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ბ.ჯ-ას განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დაევალა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ შესაბამისად კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დადგენილ ვადაში ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, გამოიტანა გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ბ.ჯ-ას ინტერესს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ...ის მე-3 შესახვევში, სახლი სახლი №...-ის, პირველ სართულზე 65.3 კვ.მ (ბინა №...) არსებული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული წარმოების განმავლობაში, თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ მხარეს მოსთხოვა ამავე ფართით კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაც მას არ წარუდგენია. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შესაძლებლობით და განუხილველად დაეტოვებინა განცხადება. ამრიგად, მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია „განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 30 მაისის №39-01221503122 გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით.
პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 აგვისტოს №734 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ კანონიერად მიიჩნია საჩივრის საფუძვლად არსებული ძირითადი აქტი - „განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“, ასევე კანონიერი იყო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და თავდაპირველი აქტი დარჩა უცვლელად.
რაც შეეხება მესამე სასარჩელო მოთხოვნას, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.). მართალია მუხლში მითითებული დოკუმენტების ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, თუმცა ცალსახაა, რომ მათი შინაარსი ცხადად უნდა ადგენდეს განმცხადებლის კანონიერ უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე. საგულისხმოა, რომ მოთხოვნილი შინაარსის დოკუმენტი არ ყოფილა წარდგენილი არც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და არც სასამართლოში. მხარემ მტკიცებულებების სახით უზრუნველყო მოწმეთა ჩვენებებისა და 2019 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებული კომუნალური ქვითრის წარდგენა, მხოლოდ აღნიშნული კი ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ.ჯ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი ბ.ჯ-ა მიუთითებს „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებაზე და ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე. კასატორის შეფასებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ იგი 1991 წლიდან ცხოვრობს, ფლობს და განკარგავს თბილისში, ...ის რაიონში, ...ის მე-3 შეს. მდებარე საცხოვრებელ ფართს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ.ჯ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ა-ანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ა-ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ა-ანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ა-ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს „განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 30 მაისის №39-01221503122 გადაწყვეტილების, „ბ.ჯ-ას წარმომადგენლის - ნ.კ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 აგვისტოს №734 ბრძანების ბათილად ცნობისა და ბ.ჯ-ას თბილისში, ...ის მე-3 შეს., სახლი №..., ბინა №..., 65 კვ.მ საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისა და საკუთრებაში გადაცემის საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, 2022 წლის 15 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას განცხადებთ მიმართა ბ.ჯ-ას წარმომადგენელმა ნ.კ-ამ და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ... ...ის მე-3 შესახვევში, სახლი №...-ის, პირველ სართულზე არსებული 65.3 კვ.მ (ბინა №...) საცხოვრებელი ფართის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
განცხადებაზე თანდართული იყო შემდეგი დოკუმენტები: 1. მეზობლების ... ა-ას და ნ.ბ-ას განცხადება, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ისინი იყვნენ ბ.ჯ-ას მეზობლები და ბ.ჯ-ა 2000 წლიდან ცხოვრობდა, ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ის III შეს. სახლი №...-ის, პირველ სართულზე 65.3 კვ.მ (ბინა №...) მდებარე უძრავი ქონებით. 2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სსგს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის 2022 წლის 5 იანვრის საინფორმაციო ბარათი №...; 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №... წერილი, რომლის თანახმად უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა III შესახვევი, №... (მიწის საკადასტრო კოდი:...), სართული 1, ბინა №...-ზე ფართით - 68.78 კვ.მ. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო; 4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ტექნიკური აღრიცხვის არქივში სააღრიცხვო მასალა მისამართით: ქალაქი თბილისი, ...ის მესამე შესახვევი №3 არ მოიძებნა; 5. სს „...ის“ შპს „...ის“ და ... ქვითარი, რომელიც თანახმად ჩვენება აღებული იყო 05.03.2019 წ. აბონენტი - ბ.ჯ-ა, აბონენტის №..., მის: ...ის ქუჩა III შესახვევი, №3; 6. მინდობილობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი:....
2022 წლის 15 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას განცხადებთ მიმართა ბ.ჯ-ას წარმომადგენელმა ნ.კ-ამ და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ... ...ის მე-3 შესახვევში, სახლი №...-ის, პირველ სართულზე არსებული 65.3 კვ.მ (ბინა №...) საცხოვრებელი ფართის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 21 აპრილის №39-01221112588 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ბ.ჯ-ას განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დაევალა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ შესაბამისად კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დადგენილ ვადაში ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, გამოიტანა გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
2022 წლის 11 მაისს ბ.ჯ-ას წარმომადგენელმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №1901221313052-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 21 აპრილის №39-01221112588 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 4 ივლისის №556 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ბ.ჯ-ას წარმომადგენლის ნ.კ-ას 2022 წლის 11 მაისის №1901221313052-01 ადმინისტრაციული საჩივარი.
მოწმე ... ა-ას ჩვენებით, 1994-95 წლებიდან იცნობს ბ.ჯ-ას. იგი მუშაობდა ...ის ...ში, ამ შენობის გარკვეული ნაწილი ეკუთვნოდა ...ის ...ას, რომელმაც თანამშრომლები ჩაასახლა აღნიშნულ შენობაში. დანარჩენები კი, მათ შორის მოწმეც, იყო დევნილი, რომლებსაც დაუკანონდათ დაკავებული ფართები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება, ხოლო 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბ.ჯ-ას ინტერესს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ...ის მე-3 შესახვევი, სახლი №..., ბინა №...-ის პირველ სართულზე მდებარე ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული წარმოების განმავლობაში, თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ მხარეს მოსთხოვა ამავე ფართით კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაც მას არ წარუდგენია. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შესაძლებლობით და განუხილველად დაეტოვებინა განცხადება. ამრიგად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა პოზიცია „განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 30 მაისის №39-01221503122 გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება „ბ.ჯ-ას წარმომადგენლის, ნ.კ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 აგვისტოს №734 ბრძანების კანონიერების საკითხს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 აგვისტოს №734 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგს. იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ადმინისტრაციული აქტის უკანონობა, რომლის შესახებაც იქნა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, ასევე კანონიერია გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და თავდაპირველი აქტი დარჩა უცვლელად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხლი 1.1). მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განმარტებულია, რომ კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დადგენილების საფუძველზე, პირის ან მისი მემკვიდრისათვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელია, რომ დაინტერესებული პირი იყოს საცხოვრებლის კანონიერი მოსარგებლე, ანუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით ჰქონდეს საცხოვრებლით სარგებლობის უფლება და ფაქტობრივად სარგებლობდეს ამ საცხოვრებლით.
ზემოხსენებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაინტერესებული პირი საცხოვრებელს უნდა ფლობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც უნდა ადგენდეს განმცხადებლის კანონიერ უფლებას უძრავ ქონებაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ასეთი შინაარსის დოკუმენტი არ ყოფილა წარდგენილი არც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და არც სასამართლოში. მხარემ მტკიცებულებების სახით უზრუნველყო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებისა და 2019 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებული კომუნალური ქვითრის წარდგენა, რაც ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება;
3. ნ.კ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს ბ.ჯ-ას საკასაციო საჩივარზე 27/12/2018წ. საგადახდო მოთხოვნა №02534-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე