Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1190(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ლ. ჯ-ა, მ. ბ-ე, მი. ბ-ე, დ. ბ-ე, ს. ჯ-ა

მოსარჩელე - რ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2023 წლის 4 აგვისტოს ლ. ჯ-ამ, რ. ბ-ემ, მ. ბ-ემ, დ. ბ-ემ და ს. ჯ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის №IDP 2 23 00001535 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ლ. ჯ-ასთვის (განაცხადით გათვალისწინებული პირებისათვის) გრძელვადიანი საცხოვრებლის გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელთა ოჯახი შედგება 6 სულისგან (მათ შორის ორი არასრულწლოვანი), ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მათი სარეიტინგო ქულად ფიქსირდება - 52110. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად მათი მძიმე სოციალური მდგომარეობისა, სააგენტომ მათ უარი უთხრა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, რაც მოსარჩელეებისთვის იყო ბუნდოვანი, რამდენადაც მათი საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამებოდა მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს და სხვა წასასვლელი არ გააჩნდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ას, მ. ბ-ეის, მი. ბ-ეის, დ. ბ-ეისა და ს. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის № IDP 2 23 00001535 ბრძანება; სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ლ. ჯ-ას განცხადება ოჯახის (განცხადებით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ; რ. ბ-ეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რ. ბ-ეის ნაწილში, საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკამაყოფილა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალით დასტურდებოდა, რომ ლ. ჯ-ას მიერ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში წარდგენილ არცერთ განაცხადში რ. ბ-ე ოჯახის წევრად არ ჰყავდა მითითებული, უფრო მეტიც სხვადასხვა დროს 2017 და 2021 წლებში განხორციელებული მონიტორინგისას გაცხადებული ჰქონდა რომ მეუღლესთან იყო განქორწინებული (მონიტორინგის სამსახურს წარუდგინა განქორწინების მოწმობა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ლ. ჯ-ა და მისი შვილები - მ. ბ-ე, მი. ბ-ე, დ. ბ-ე და ს. ჯ-ა წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. ამასთან, 2017 წლის 18 იანვარს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №77 განაცხადით მიმართა ლ. ჯ-ამ და შვილებთან დ., მ. და მი. ბ-ესთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლომ მიუთითა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარზე, რომლის თანახმად, განმცხადებელი სამ შვილთან ერთად დროებით ცხოვრობდა ნათესავის ბინაში მდებარე საჩხერე, სოფელი ....

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 4 ივლისს და 2021 წლის 5 აპრილს, საჩხერეში, სოფელ ...ში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ლ. ჯ-ა და მისი შვილები - მ., მი., დ. ბ-ეები და ს. ჯ-ა, ხოლო განმცხადებელმა დაადასტურა რომ იგი 2014 წლიდან განქორწინებული იყო მეუღლესთან, თუმცა ვინაიდან არ მუშაობდა, წლების მანძილზე ცხოვრობდა დედამთილის სახლში.

სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის № IDP 2 23 00001535 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ. ჯ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 8.50 ქულა, ხოლო საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ დევნილთა ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4 და მეტი ქულა. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მოსარჩელის ოჯახს არ ჰქონდა საკუთრებაში უძრავი ქონება და საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას და განმარტა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა, არ გამორიცხავდა მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულიყო ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ ვერ მიუთითა თუ რა დამატებითი გარემოებები უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს, ამასთან კონკრეტულად რომელი საკანონმდებლო დანაწესი არ შეასრულა მან ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამასთან, სააგენტომ ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 4 ივლისს და 2021 წლის 5 აპრილს განხორციელებული მონიტორინგის ფორმებზე, რომლებიც ადასტურებდა ლ. ჯ-ას და მისი შვილების მოსარჩელის მეუღლის სახლში ცხოვრებას, თუმცა მოსარჩელე განმარტავდა, რომ მეუღლესთან იყო განქორწინებული. გარდა ამისა, კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მითითებით, სახლი, რომელშიც ცხოვრობდა, ეკუთვნოდა მის მაზლს, თუმცა თანამესაკუთრედ მისი მეუღლეც ფიქსირდებოდა, ხოლო საკუთარ მშობლებზე მან განმარტა, რომ ისინი გარდაცვლილნი იყვნენ და დარჩათ სახლი გალში.

კასატორმა განმარტა, რომ მართალია დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისი იყო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, პირველ რიგში ამოწმებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ცხოვრობენ თუ არა ისინი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ. გააჩნიათ თუ არა მათ საცხოვრებელი, საიდანაც ისინი უნდა გავიდნენ და დატოვონ და ფაქტობრივად რჩებიან საცხოვრებლის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ხაზს უსვამს, რომ დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობდა და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრებოდა უახლოეს მომავალში. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით, მოსარჩელე წლებია ცხოვრობს მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში და სხვა ოჯახებისგან განსხვავებით აქვს შესაძლებლობა, რომ არ იცხოვროს ქირით და ისარგებლოს ალტერნატიული საცხოვრებლით.

აღსანიშნავია, რომ კასატორი კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს მითითებას, განსხვავებულ და არათანაბარ მიდგომასთან და ბავშვის ინტერესების არ გათვალისწინებასთან დაკავშირებით. კასატორი მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან არ იკვეთება განსხვავებული მიდგომა საკითხისადმი, მოსარჩელის საკითხი იმ მეთოდითაა გამოკვლეული, რა მეთოდიც დადგენილია ნორმატიული აქტით. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს და გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მიერ გაკეთებული განმარტებების სენსიტიურობიდან გამომდინარე მიიღო, აღნიშნული კი მოსარჩელეებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა დევნილ ოჯახებთან მიმართებით, შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებაში არსებული მსჯელობა იყო კანონმდებლობის საწინააღმდეგო და დისკრიმინაციული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ას, მ. ბ-ეის, მი. ბ-ეის, დ. ბ-ეისა და ს. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის № IDP 2 23 00001535 ბრძანება; სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ლ. ჯ-ას განცხადება ოჯახის (განცხადებით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ; რ. ბ-ეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ხოლო მოსარჩელე - რ. ბ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ბ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის №IDP 2 23 00001535 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ხოლო დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. ჯ-ა, და მისი შვილები - მ. ბ-ე (დაბ: ...წ.), მი. ბ-ე (დაბ: ...წ.), დ. ბ-ე (დაბ: ...წ.) და ს. ჯ-ა (დაბ: ...წ.) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან. მათი მუდმივი საცხოვრებელი დევნილობამდე იყო აფხაზეთი, გალი, ს. ..., ხოლო რეგისტრაციის მისამართი და დროებითი საცხოვრებელი ადგილია საჩხერე, სოფელი .... ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 18 იანვარს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, №77 განაცხადით მიმართა ლ. ჯ-ამ და შვილებთან დ., მ. და მი. ბ-ესთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - საჩხერე, სოფელი .... 2020 წლის 6 აგვისტოს ლ. ჯ-ამ სააგენტოში წარადგინა ს. ჯ-ას დაბადების მოწმობა და მოითხოვა მისი განაცხადში დამატება. ამასთან, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, განმცხადებელი სამ შვილთან ერთად დროებით ცხოვრობდა ნათესავის ბინაში საჩხერე, სოფელი .... შედეგად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით, 2021 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით ლ. ჯ-ას ოჯახი შეფასდა 8.50 ქულით.

დადგენილია, რომ 2017 წლის 4 ივლისისა და 2021 წლის 5 აპრილის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმების თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე: საჩხერე, სოფელი ... და ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ლ. ჯ-ა, ასევე მისი შვილები. გამოიკვეთა, რომ მოსარჩელეები წარსულში ცხოვრობდნენ მონიტორინგის მისამართის მიმდებარედ, ლ. ჯ-ას დედამთილის სახლში. გარდა ამისა, ლ. ჯ-ამ განმარტა, რომ მეუღლესთან 2014 წლის შემდეგ იყო განქორწინებული, თუმცა ვინაიდან არ მუშაობდა და ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, მას უწევდა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება. გარდა ამისა, 2017 წლის 25 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, საჩხერის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ს/კ: ... (3070.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და №1, №2 შენობა-ნაგებობები), ს/კ: ... (1290.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი), ს/კ: ... (610.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი), ს/კ: ... (630.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი) და ს/კ: ... (290.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი) უძრავი ქონება წარმოადგენს და. ბ-ეის, ი. ბ-ეის, რ. ბ-ეის, შ. ბ-ეის და თანამესაკუთრეების საკუთრებას.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმით ლ. ჯ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია საჭიროების არარსებობა მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 4 ივლისის №IDP 2 23 00001535 ბრძანებით, ლ. ჯ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის 3 მაისის №30 ოქმით დასტურდება, რომ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 2 და მეტი ქულა, ხოლო ოთხოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4 და მეტი ქულა.

საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძვლად მითითებულ იქნა არა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მხოლოდ სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი არ აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და არ გამორიცხავდა მოსარჩელეების უფლებას მოცემულ ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე დაკმაყოფილებულიყვნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებული პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მის საკუთრებაში მცხოვრებ დევნილ პირს მუდმივად დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან შეუზღუდავად მისცეს მასში ცხოვრების უფლება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.). საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული ვალდებულებები დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი პირების ღირსეული განსახლება კი გულისხმობს, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგ: ქულათა სათანადო რაოდენობა და სხვ.) მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მიმდინარე ეტაპზე და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამის პირს თუ ოჯახს არ გააჩნია არავითარი თავშესაფარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, შვილის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებდა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროებას“ (სუსგ №ბს-643(კ-24), 17.09.2021წ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი პირების შესაძლებლობა დროის გარკვეულ მონაკვეთში ისარგებლოს სხვა პირის საკუთრებაში არსებული ფართით, ან მასთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა, არ გამორიცხავს მოსარჩელეების უფლებას როგორც დევნილი ოჯახი, ქულათა საკმარისი ოდენობის პირობებში, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით მიმდინარე და არა რომელიმე სხვა ეტაპზე. მეტიც, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ სხვის სახლში, სწორედ მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს არ გაუთვალისწინებია არასრულწლოვანი მოსარჩელეების საუკეთესო ინტერესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა