№ბს-609(კ-24) 5 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ჯ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 26 სექტემბერს დ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ,,გარდაცვლილი ძმის ზ. ჯ-ას გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის მიღების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 30 ივნისის №SSA 4 22 0056808 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დ. ჯ-ას სასარგებლოდ, გარდაცვლილი ძმის - ზ. ჯ-ას გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მისი ძმა - ზ. ჯ-ა იყო პენსიონერი, რომელიც გარდაიცვალა 2021 წლის 8 იანვარს. გარდაცვალებამდე ორი წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ იღებდა პენსიას. ზ. ჯ-ას მემკვიდრე არის დ. ჯ-ა. სამკვიდრო მასაში შედიოდა მიუღებელი საპენსიო თანხებიც, რომელიც შეადგენდა 4 000 ლარს. მოსარჩელემ გაცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა მოპასუხის 2022 წლის 30 ივნისის №SSA 4 22 0056808 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 30 ივნისის №SSA 4 22 0056808 გადაწყვეტილება ,,გარდაცვლილი ძმის ზ. ჯ-ას გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის მიღების შესახებ“; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაცვლილის მემკვიდრის - დ. ჯ-ასთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება დაევალა.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელე - დ. ჯ-ა არის მამკვიდრებლის ზ. ჯ-ას (სამკვიდრო გაიხსნა: მარტვილი, ს. ... ..., შეს. N...) მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - ძმა. მოსარჩელემ სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი მართვითა და დაუფლებით. სამკვიდრო მოიცავს მიუღებელ საპენსიო თანხასაც.
კოლეგიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიუღებელი პენსია, რომელიც ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, აღნიშნულ ნორმაზე მითითებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია, რომ მიუხედავად სამკვიდრო მოწმობის მიღების დაგვიანებისა, მოსარჩელეს სააგენტოსთვის მაინც უნდა მიემართა, ვინაიდან სპეციალურ ნორმაში რომელიც მოცემულ სამართალურთიერთობას არეგულირებს ცალსახადაა მითითებული რომ მოთხოვნის უფლების მქონე არის მემკვიდრე. ამასთან, კოლეგიის მითითებით, მოსარჩელე მხარე პერიოდულად იმყოფებოდა მარტვილში და სს „ლ...სა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ზეპირსიტყვიერად კომუნიკაციისას განუმარტავდნენ, რომ მას უფლება ჰქონდა ესარგებლა გარდაცვლილი ძმის დანატოვარი პენსიით, თუმცა მას არ აფრთხილებდნენ რომ შეზღუდული იყო მოცემული უფლების რეალიზაციის ვადები. ამასთან, ის ცხოვრობდა თბილისში და რამდენჯერმე მარტვილში ჩასვლისას ნოტარიუსი არ დახვდა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მისი მხრიდან სამკვიდრო მოწმობის აღების გაჭიანურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება და აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა მკაცრად ფორმალურ მიდგომას და არ იყო გათვალისწინებული სამკვიდრო მოწმობის დროულად მიუღებლობის, შესაბამისად, მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით კომპეტენტური ორგანოსთვის მიუმართაობის მიზეზები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ დ. ჯ-ამ 2022 წლის 24 ივნისს განცხადებით მომართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა გარდაცვლილი ძმის ზ. ჯ-ას გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმიწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის" მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველი რიგის კანონით მემკვირდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელებზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. კასატორის მითითებით, მოქალაქე ზ. ჯ-ა გარდაიცვალა 2021 წლის 8 იანვარს, დ. ჯ-ამ განცხადებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ აპარატს მიმართა 2022 წლის 24 ივნისს (ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ). შესაბამისად, დ. ჯ-ა ვერ მოიპოვებდა უფლებას მიეღო გარდაცვლილი ძმის გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმიწიფო გასაცემელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელის ძმა - ზ. ჯ-ა გარდაიცვალა 2021 წლის 8 იანვარს. 2022 წლის 02 მარტს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელე - დ. ჯ-ა არის მამკვიდრებლის ზ. ჯ-ას მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - ძმა. მოსარჩელემ სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი მართვითა და დაუფლებით. სამკვიდრო მოიცავდა მიუღებელ საპენსიო თანხასაც.
მოსარჩელემ 2022 წლის 24 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა გარდაცვლილი ძმის ზ. ჯ-ას გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის მისთვის ჩარიცხვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 30 ივნისის №SSA 4 22 0056808 გადაწყვეტილებით დ. ჯ-ას უარი ეთქვა მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი პენსიის მიღებაზე, უარის თქმის საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის მეორე პუნქტი, კერძოდ ის გარემოება, რომ დ. ჯ-ამ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა კანონმდებლობით დადგენილი ერთწლიანი ვადის დარღვევით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 02 მარტს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა მთელი სამკვიდრო, აქტივებითა (ქონებრივი და არაქონებრივი მატერიალური სიკეთე, უძრავი და მოძრავი ქონება, მიუღებელი საპენსიო თანხა, აქციები, საზოგადოების წილები და ა.შ.) და სამკვიდრო პასივებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ხსენებული დანაწესიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება და ნეგატიური ვალდებულება - თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლოა დაექვემდებაროს შეზღუდვებს. ამასთან, საკუთრების უფლების რეალიზაციისათვის, შესაძლოა, გათვალისწინებული იყო გარკვეული პირობებისა და ვადების დაცვა. მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების დეტალური გამოკვლევის გზით, დადგინდეს პირის საკუთრების უფლების შეზღუდვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის ძმა - ზ. ჯ-ა გარდაიცვალა 2021 წლის 8 იანვარს, ხოლო დ. ჯ-ამ 2022 წლის 24 ივნისს ანუ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით იმპერატიულად დადგენილი ერთწლიანი ვადის დარღვევით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაცვლილი ძმის გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის მისთვის ჩარიცხვის მოთხოვნით. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებით, მოსარჩელის მიერ ზემოხსენებული ერთწლიანი ვადის დარღვევა განპირობებული იყო მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებით. კერძოდ, დ. ჯ-ა ცხოვრობდა ქ. თბილისში, ხოლო სამკვიდროს გახსნის ადგილი იყო ქ. მარტვილი. მოსარჩელე რამდენჯერმე ჩავიდა მარტვილში, თუმცა ნოტარიუსი არ დახვდა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მისი მხრიდან სამკვიდრო მოწმობის აღების გაჭიანურება. ამასთან, სამკვიდრო მოწმობის აღების გარეშე იგი ვერ მიმართავდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ვინაიდან გარდაცვლილი პირის მიუღებელი პენსიის მოთხოვნაზე უფლების მქონე იყო მისი მემკვიდრე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის №ბს-479-459(კ-10) განჩინება).
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი გარდაცვლილი პირის მიუღებელი პენსიის მისი მემკვიდრეების მიერ მოთხოვნის ვადის ათვლის საწყის წერტილად განსაზღვრავს პირის გარდაცვალების დღეს. შესაბამისად, კანონის მიზანია პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში გაიცეს მიუღებელი საპენსიო თანხა. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, ზ. ჯ-ას გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა 2021 წლის 8 იანვარს. ამდენად, 2021 წლის 8 იანვრიდან ექვსი თვის განმავლობაში მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მიეღო სამკვიდრო, ხოლო 2021 წლის 8 იანვრიდან არაუგვიანეს ერთი წლისა მიემართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობა გაცემულია 2022 წლის 2 მარტს - სამკვიდროს გახსნიდან ერთი წლისა და ორი თვის შემდეგ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დროულად მიღების შეუძლებლობას ან სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადების სათანადო ვადაში წარდგენის გამომრიცხავ ობიექტურ გარემოებას. საგულისხმოა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ განმარტებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ დ. ჯ-ამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა არა სამკვიდრო მოწმობის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ, არამედ სამკვიდრო მოწმობის მიღებიდან დაახლოებით სამთვენახევრის შემდეგ - 2022 წლის 24 ივნისს. ამდენად, მოსარჩელის მიერ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთწლიანი ვადის დარღვევის ობიექტურ საფუძვლად სამკვიდრო მოწმობის დროულად მიუღებლობის მიჩნევის შემთხვევაშიც კი არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით დ. ჯ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია