საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1119(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბადრი შონია, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ინდ. მეწარმე რ.ხ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 14 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ინდ. მეწარმე რ.ხ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით - 7567 ლარისა და 20 თეთრის, ხოლო 2021 წლის იანვრიდან სახელმწიფო ქონების გამოთავისუფლებამდე - თვეში 99 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №39-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, (ს.კ. ..., შენობა - ნაგებობა №2-ის 28.33 კვ.მ ფართი) მოპასუხე იმდ მეწარმე რ.ხ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
სარჩელის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №39, ს/კ...) ნაწილით (შენობა-ნაგებობა №2-ის 28,33 კვ.მ) 2012 წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს ინდ. მეწარმე რ.ხ-ე, რაც დასტურდება სააგენტოს 2020 წლის 27 ივლისის აქტით და ფოტომასალით. აღნიშნული ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დადგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №504431120 ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შესაბამისადაც არამართლზომიერ მოსარგებლეს გაეგზავნა სააგენტოს კორესპონდენცია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის მოთხოვნით, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, ინდ. მეწარმე რ.ხ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ინდ. მეწარმე რ.ხ-ეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო (კომერციული) მიზნით სარგებლობის გამო 2018 წლის 14 აპრილიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით დაეკისრა 2 979 (ორი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა, ხოლო 2021 წლის 01 იანვრიდან ფართის გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა თავისი შინაარსიდან გამომდინარე პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა კატეგორიას განეკუთვნებოდა, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა თითოეული პერიოდისათვის დაიწყო ცალ-ცალკე და ამოიწურა 3 წლის გასვლის შემდეგ, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილი იყო 2021 წლის 14 აპრილს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2018 წლის 14 აპრილამდე თანხის დაკისრების ნაწილში იყო ხანდაზმულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველი დავის ფარგლებში ინდ. მეწარმე რ.ხ-ეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, სასამართლოს შეფასების საგანს მხოლოდ ხანდაზმულობის გავრცელების კანონიერების საკითხი წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი დადასტურებული იყო, თუმცა სახელმწიფოს მიერ მისი უფლების დაცვა ისევე ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადებს, როგორც ნებისმიერი სხვა მოსარჩელის პირობებში. გაუმართლებელი იყო მოთხოვნის უსასრულოდ არსებობის დაშვება. ამასვე ადასტურებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილი, რომლის მიხედვითაც სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამრიგად, სახელმწიფოს მოთხოვნა დაეკისროს მხარეს თანხა სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის, ვადით განსაზღვრულ უფლებას წარმოადგენდა, რომელიც ვერ იქნებოდა დამოკიდებული სახელმწიფოს თავისუფალ ნებაზე როდის მიემართა სასამართლოსთვის.
რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლას, პალატამ მიუთითა საქართველოს კოდექსის 129-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეზე ექსპერტი ადგენდა სარგებლობაში არსებული ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოითვლიდა მესაკუთრე (სახელმწიფო) გადასახდელ თანხებს, დასაკისრებელი თანხა უნდა შეფასებულიყო როგორც პერიოდულად (ყოველთვიურად) გადასახდელი თანხების ერთობლიობა, შესაბამისად, მართებული იყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გავრცელება მოცემულ სამართალურთიერთობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 აპრილამდე არამართლზომიერი სარგებლობის პერიოდისთვის მოპასუხისთვის თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევა, ვინაიდან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.13 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, არამართლზომიერი მოსარგებლე ვალდებულია გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან, სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, რაც რ.ხ-ის შემთხვევაში დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ სარგებლობის ფაქტის გამოვლენას, 2020 წლის 27 ივლისს ქონების ადგილზე დათვალიერებისას გამოვლინდა სარგებლობა, შესაბამისად, სახელმწიფოს სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების გავრცელებისა და სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (სუსგ 15.02.2024 წ. №ბს-1112(კ-23)). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ამდენად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე სანქციის სახით გათვალისწინებული თანხის დაკისრების სუბიექტი შეიძლება იყოს პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას ასევე განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება. შესაბამისად, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა.
მოცემულ საქმეზე დადასტურებულია ინდ. მეწარმე რ.ხ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი, თუმცა მესაკუთრის მიერ შელახული უფლების სასამართლო წესით დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან; კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს სასამართლოში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით (სუსგ 25.03.2021 წ. №ბს-1322(კ-19)).
„ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად, პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგი - სასამართლოს მეშვეობით უფლების იძულებითი განხორციელების შეუძლებლობა. ამასთან, ვინაიდან, ხანდაზმულობა არსებით გავლენას ახდენს პირის უფლება-მოვალეობებზე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს მისი ათვლის საწყისი, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში პირი, მართალია, არ კარგავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის უნდა შეფასდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. ხანდაზმულობა წარმოადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია საკუთარი უფლების რეალიზება მოახდინოს. ხანდაზმულობის საკითხის თავისებურება სწორად იმაშია, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნის უფლება ქარწყლდება და მისი შესრულება დამოკიდებული ხდება მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას 2012 წლის 17 სექტემბრიდან სახელმწიფო ქონების გამოთავისუფლებამდე, ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების შესაბამისად. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 14 აპრილს, ამრიგად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ინდ. მეწარმე რ.ხ-ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, კერძოდ, მოპასუხეზე დასაკისრებელი თანხის მოცულობა უნდა დაანგარიშდეს 2018 წლის 14 აპრილიდან, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონების არამართლზომიერი მფლობელობისთვის საიჯარო ქონების გადახდასთან დაკავშირებით მითითებულ პერიოდამდე ხანდაზმულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. შონია
გ. მაკარიძე