Facebook Twitter

საქმე #ბს-1073(კ-24) 27 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.რ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 10 მარტს ლ.რ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლიდან ლ.რ-ი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება პენიტენციურ სამსახურში. მას დაკავებული ჰქონდა ...ის ...ის სამმართველოს მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია.

მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანების საფუძველზე, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაზეც მან მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სარჩელით მოთხოვნილ იქნა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და თანამდებობაზე აღდგენა. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნო 2020 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მას მოუწია აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა. 2022 წლის 1 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გამოსცა ბრძანება (რომლის თაობაზეც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი), რომლითაც მხოლოდ ფორმალურად შესრულდა გადაწყვეტილება.

მოსარჩელე თვლის, რომ პენიტენციურმა სამსახურმა კვლავ არ გამოიკვლია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები. ბრძანება ეფუძნება გარემოებებს, რომლებიც უკვე შესწავლილ იქნა სასამართლოს მიერ.

ამდენად, საბოლოოდ, მოსარჩელემ (1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანების ბათილად ცნობა, (2) მისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება პენიტენციური სამსახურის ...ის ...ის სამმართველოს ინსპექტორის პოზიციაზე აღდგენა და (3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე - 1300 ლარის ოდენობით, 2022 წლის 31 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრამდე - 1573 ლარის ოდენობით, 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 15 აგვისტომდე - 1731 ლარის ოდენობით, 2023 წლის 15 აგვისტოდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე 1815 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანება; ლ.რ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს ინსპექტორის პოზიციაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს ლ.რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე 1300 ლარის ოდენობით, 2022 წლის 31 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრამდე - 1573 ლარი ოდენობით, 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 15 აგვისტომდე - 1731 ლარის ოდენობით, 2023 წლის 15 აგვისტოდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე - 1815 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.რ-ი 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე, კერძოდ: 2012 წლის 10 სექტემბრიდან ამავე წლის 25 სექტემბრამდე იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #... დაწესებულების ...ის ... კონსულტანტი; 2012 წლის 25 სექტემბრიდან ამავე წლის 18 დეკემბრამდე - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #... დაწესებულების ..ის სპეციალისტი; 2012 წლის 18 დეკემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #... დაწესებულების ...ის ... კონსულტანტი; 2015 წლის 1 სექტემბრიდან ამავე წლის 2 დეკემბრამდე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ის სამმართველოს კონსულტანტის მოვალეობის შემსრულებელი; 2015 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 19 ივლისამდე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ის სამმართველოს კონსულტანტი; 2018 წლის 19 ივლისიდან 2019 წლის 18 თებერვლამდე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ის სამმართველოს კონსულტანტი; 2019 წლის 18 თებერვლიდან 2020 წლის 9 ოქტომბრამდე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის ...ის სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სადაც მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 1200 ლარს.

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 26 აგვისტოს #13604 ბრძანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში გამოცხადდა რეორგანიზაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის #14643 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში შეიქმნა ორი სამმართველო: 1) ...ის სამმართველო და 2) ...ის სამმართველო. საშტატო ნუსხის დანართი #1-ის თანახმად, ...ში განისაზღვრა სულ 61 საშტატო ერთეული. მათ შორის, დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, ...ის სამმართველოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე - 50 საშტატო ერთეული.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის #14643 ბრძანებით დამტკიცებული რეორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15947 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში სულ განისაზღვრა 42 საშტატო ერთეული, მათ შორის - მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 27 საშტატო ერთეული.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის 25 ერთეულით შემცირების გამო, დარჩენილ საშტატო ერთეულებზე საუკეთესო საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით, პროფესიული ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდათ იმავე პუნქტში დანიშნულ მოხელეებს, მათ შორის - ლ.რ-ის.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პროფესიულ ტესტირებაში ლ.რ-იმა მიიღო 30-დან 26 ქულა, რაც აღემატებოდა იმ თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში. ამასთან, გასაუბრების შედეგად, შესაბამისი კომისიის წევრებმა მოსარჩელე ლ.რ-ი შეაფასეს 8 ქულებით. გასაუბრების შინაარსი და დაბალი ქულით მოსარჩელის შეფასების საფუძველი ოქმში მითითებული არ არის.

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანებით მოსარჩელე ლ.რ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის #3/7180-20 გადაწყვეტილებით ლ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელე ლ.რ-სთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის #3ბ/801-21 განჩინებით არ დაკმაყოფილდა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ლ.რ-ის სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ლ.რ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2022 წლის 1 ნოემბერს მიღებულ იქნა #23866 ბრძანება, რომლითაც ლ.რ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2020 წლის 9 ოქტომბრიდან.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2023 წლის #01/395447 სამსახურებრივ ბარათზე, რომლის თანახმად, 2020 წლის 9 ოქტომბრის #15947 ბრძანებით და 2021 წლის 9 აგვისტოს #11166 ბრძანებით ... ექვემდებარებოდა ...ის, თანამდებობას ეწოდებოდა II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, თანამდებობრივი სარგო კი შეადგენდა თვეში 1300 (ათას სამასი) ლარს. 2022 წლის 31 იანვრის #1839 ბრძანებით ... დაექვემდებარა ...ის მთავარ სამმართველოს, როგორც ...ის სამმართველო; თანამდებობას ეწოდებოდა ინსპექტორი, თანამდებობრივი სარგო კი შეადგენდა თვეში 1573 (ათას ხუთას სამოცდაცამეტი) და 1430 (ათას ოთხას ოცდაათი) ლარს. 2023 წლის 11 იანვრის #456 ბრძანებით ... დაექვემდებარა ...ის მთავარ სამმართველოს, როგორც ...ის სამმართველო; თანამდებობას ეწოდებოდა ინსპექტორი, თანამდებობრივი სარგო კი შეადგენდა თვეში 1731 (ათას შვიდას ოცდათერთმეტი) და 1573 (ათას ხუთას სამოცდაცამეტი) ლარს. 2023 წლის 15 აგვისტოს #17814 ბრძანებით ... ექვემდებარება ...ის მთავარ სამმართველოს, როგორც ...ის სამმართველო; თანამდებობას ეწოდება ინსპექტორი, თანამდებობრივი სარგო კი შეადგენს თვეში 1815 (ათას რვაას თხუთმეტი) ლარს.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ დღეის მდგომარეობით მოქმედი „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ...ის სამმართველოში არის 8 უფროსი ინსპექტორისა და 36 ინსპექტორის საშტატო ერთეული. ვაკანტურია ინსპექტორის 2 საშტატო ერთეული.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს: სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო. აქვე სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის #ბს-266(2კ-23) განჩინებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მართალია, რომ დასაქმებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირებაა), თუმცა საშტატო ერთეულის გაუქმება თავის თავში გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის საშტატო ნუსხიდან ამოღებას. ამდენად, მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებაში განსაზღვრული თითოეული საშტატო ერთეული დატვირთულია კონკრეტული საჯარო ფუნქციებითა და პასუხისმგებლობებით, რაც მის ინდივიდუალურ ადგილს განაპირობებს საჯარო სამსახურის სისტემაში. შესაბამისად, სამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის, რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების პროცესში თითოეული საშტატო ერთეულის შეფასება ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს და საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურის გათავისუფლება უნდა მოხდეს, რომლის საშტატო ერთეულიც გაუქმდა“.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2022 წლის 1 ნოემბერს მიღებულ იქნა #23866 ბრძანება, რომლითაც ლ.რ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2020 წლის 9 ოქტომბრიდან.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეორგანიზაცია განმარტებულია როგორც საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის #ბს-449-442(კ-15) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში 2020 წლის 26 აგვისტოს #13604 ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულის რაოდენობა შემცირდა 25 საშტატო ერთეულით. დარჩენილ საშტატო ერთეულებზე, საუკეთესო საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით, ჩატარდა პროფესიული ტესტირება, რომელშიც მონაწილეობდა ლ.რ-ი. მოსარჩელემ მიიღო 30-დან 26 ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში. გასაუბრების შედეგად, შესაბამისი კომისიის წევრებმა მოსარჩელე ლ.რ-ი შეაფასეს დაბალი ქულებით, თუმცა გასაუბრების შინაარსი და დაბალი ქულებით მოსარჩელის შეფასების საფუძველი ოქმში არ ფიქსირდებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად „ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა სწორედ ის გარემოება, რომ არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და არც გასაუბრების ოქმში არ იყო ასახული გარემოებები, რომლითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ლ.რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს იხელმძღვანელა, კერძოდ, არ იყო მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ) გათვალისწინებით მიენიჭა სხვა პირს უპირატესობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს და რატომ ეთქვა უარი ლ.რ-ის მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე იმ პირობებში, როდესაც, მოსარჩელეს პროფესიულ ტესტირებაში ჰქონდა 30-დან 26 ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ თანამშრომელთა შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2022 წლის 1 ნოემბერს გამოცემულ ბრძანებაში მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლითაც სამსახურმა ლ.რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს იხელმძღვანელა. ბრძანებაში არ აღწერილა გასაუბრების შინაარსი და შეფასების კრიტერიუმები, რომლითაც სხვა პირებს მიენიჭათ უპირატესობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დაუსაბუთებელი იყო, თუ როგორ განსაზღვრა კომისიამ ლ.რ-ის პროფესიული ჩვევების, უნარების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, როგორ შეაფასა მოხელის მიერ შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობა და მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივა და რატომ ეთქვა ლ.რ-ის უარი მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანება, რომლითაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის ...ის სამმართველოს II კატეგორის უფროსი სპეციალისტი ლ.რ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2020 წლის 9 ოქტომბრიდან.

სასამართლომ, ასევე, მიუთითა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში აღდგება. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე, მისივე თანხმობით.

ზემოაღნიშნულიდან სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც ბათილად იქნა ცნობილი ლ.რ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დავალებოდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ.რ-ის მიერ ბოლოს დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს ინსპექტორის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ.

ამასთან, იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე 1300 ლარის ოდენობით, 2022 წლის 31 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრამდე - 1573 ლარის ოდენობით, 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 15 აგვისტომდე - 1731 ლარის ოდენობით, 2023 წლის 15 აგვისტოდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე 1815 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება. ხელმეორედ, სრულყოფილად და დეტალურად იქნა შესწავლილი ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული გარემოებები, რომელთა შეჯერების შემდეგად, მიღებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანება, რომლის თანახმადაც, ლ.რ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2020 წლის 9 ოქტომბრიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაცია და მის მიერ გამოწვეული პროცესები. კერძოდ, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებთან ან/და შტატების მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით რეორგანიზაციის დაწყებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 26 აგვისტოს #13604 ბრძანების შესაბამისად, ...ში ჩატარდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციამდე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის #14643 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ...ში გამოყოფილი იყო ორი სამმართველო: 1. ...ის სამმართველო და 2. ...ის სამმართველო. აღნიშნული საშტატო ნუსხის თანახმად, ...ში განსაზღვრული იყო სულ 61 საშტატო ერთეული, ამასთან, ...ის ...სთან ურთიერთობის სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, ხოლო ...ის ...ის სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე - 50 საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის ფარგლებში კი, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის #14643 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც, ...ში განისაზღვრა სულ 42 საშტატო ერთეული, ამასთან, II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე - 27 საშტატო ერთეული.

კასატორის მითითებით, ვინაიდან ...ში II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის კვოტა 25 ერთეულით შემცირდა, 2020 წლის 26 აგვისტოს #13604 ბრძანების თანახმად, დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა პროფესიული ტესტირება და გასაუბრება. აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოხდა ...ში დასაქმებული პირების, მათ შორის, მოსარჩელე ლ.რ-ის გაფრთხილება (2020 წლის 27 აგვისტოს) მოსალოდნელი რეორგანიზაციის თაობაზე, რასაც შესაძლოა თან მოჰყოლოდა შტატების შემცირება და ამ საფუძვლით მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება.

კასატორი აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ პროფესიულ ტესტირებაში ლ.რ-ის შეფასებამ 26 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30), ხოლო გასაუბრების შეფასებამ კი 8 ქულა შეადგინა. 2020 წლის 8 ოქტომბრის ოქმით ირკვევა, რომ კომისიის წევრების მიერ მოსამსახურეთათვის საქმიანობის სპეფიციკის შესაბამისად დასმული ერთგვაროვანი კითხვებისა და მათ მიერ გაცემული პასუხების, პირადი უნარ-ჩვევების, პიროვნული მახასიათებლებისა და პროფესიული უნარების შეფასებაზე დაყრდნობით, გასაუბრებისას კანდიდატები შეფასდნენ ქულებრივი სისტემის მეშვეობით, სადაც მინიმალური ქულა იყო 1 (არადამაკმაყოფილებელი) და მაქსიმალური - 5 (ძალიან კარგი). კომისიის წევრები ინდივიდუალურად აფასებდნენ კანდიდატებს და როგორც ზემოთ აღინიშნა, ლ.რ-ის გასაუბრების ქულა იყო 8. შესაბამისად, მოსარჩელის შეფასებამ, საბოლოოდ, 34 ქულა შეადგინა.

კასატორის განმარტებით, ...ში გადასანიშნი კანდიდატების შერჩევა განხორციელდა სწორედ ჯამური ქულების მიხედვით. ლ.რ-ის ჯამური ქულა (34) სამსახურში დარჩენილ მოსამსახურეთა ჯამურ ქულებზე დაბალი იყო. ...ში გადანიშნულ მოსამსახურეებს შორის მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა მოსარჩელის ქულასთან შედარებით უფრო დაბალი ქულა, თუმცა იგი დანიშნულ იქნა იმის გამო, რომ მას ჰყავდა 3 წლამდე შვილი და იმ მომენტში, იმყოფებოდა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო“ შვებულებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსამსახურეთა საბოლოო შედეგებზე დაყრდნობით, ლ.რ-ის კანდიდატურა ვერ მოხვდა დასანიშნად შერჩეულ მოსამსახურეთა შორის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და კომპენსაციის სახით მიეცა ორი თვის თანამდებობრივი სარგო.

კასატორის მოსაზრებით, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თითოეული ნაბიჯი განახორციელა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და სამსახურის თითოეული ქმედება გამყარებული იყო შესაბამისი კანონიერი საფუძვლით.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ლ.რ-იმა პროფესიულ ტესტირებაში 30 ქულიდან მიიღო 26 ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში. კასატორი არ ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას, რამდენადაც ...ში გადასანიშნი მოსამსახურეების შერჩევა ხდებოდა არა პროფესიულ ტესტირებაში მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, არამედ პროფესიულ ტესტირებასა და გასაუბრებაზე მიღებული ქულების ჯამური ოდენობით, რაც გაწერილი იყო კიდეც სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 26 აგვისტოს #13604 ბრძანებაში. ლ.რ-ის ჯამურმა ქულამ შეადგინა 34, რაც მოსამსახურეთა ქულების რეიტინგში არ აღმოჩნდა საკმარისი საუკეთესო კანდიდატებს შორის მოსახვედრად. რაც შეეხება გასაუბრების საფუძველზე მიღებულ შეფასებას, კასატორი განმარტავს, რომ კომისიის წევრებმა კანდიდატები შეაფასეს ინდივიდუალურად გასაუბრებაზე დასმული კითხვა-პასუხის შესაბამისად.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა საჯარო და კერძო ინტერესების ფარგლებში და იგი არ გასცდენია დისკრეციულ უფლებამოსილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და დაშვებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება დაშვებულ ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.რ-ის სარჩელი მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება.

ამდენად, ზემოაღნიშნული განჩინებით საკასაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბრძანების უკანონოდ მიჩნევასა და აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად მოპასუხისათვის მისი სამსახურში აღდგენის დავალებას. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობასთან დაკავშირებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით ყურადღება გაამახვილოს იმ მიზეზებზე, რომლებმაც ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევა განაპირობა.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის (საქმე #3/7180-20) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაევალა ლ.რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების დეტალური მითითება, კერძოდ, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოკვლეულიყო გასაუბრების შინაარსი, ასევე, ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ლ.რ-სთან მიმართებით უპირატესობა სხვა პირებს მიენიჭათ. სასამართლო გადაწყვეტილებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა დაესაბუთებინა, თუ რამ გამოიწვია ლ.რ-ისათვის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს პროფესიულ ტესტირებაში ჰქონდა 30-დან 26 ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ თანამშრომელთა შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემულ 2022 წლის 1 ნოემბრის ბრძანებაში მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლითაც სამსახურმა ლ.რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს იხელმძღვანელა. მასში არ აღწერილა გასაუბრების შინაარსი, შეფასების კრიტერიუმები და ის გარემოებები, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ლ.რ-ის შესაბამისი თანამდებობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაადგინა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირვანდელ გასაუბრებასთან დაკავშირებული გარემოებების (გასაუბრების შინაარსი, შეფასების კრიტერიუმები) ხელახალი წარმოების ფარგლებში კვლევის შეუძლებლობის შემთხვევაში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ლ.რ-ის არც ხელახალი გასაუბრება ჩაუტარა მისი დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, ... თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

საკასაციო პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ცხადყოფს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ფორმალურად იქნა შესრულებული, რაც სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას უტოლდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად კონკრეტული კანდიდატის დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით გამოყენებული კრიტერიუმების სასამართლოსათვის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლის კუთხით. ამ მხრივ, ფუნდამენტურია რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ საშტატო ერთეულებზე დასანიშნ საუკეთესო კანდიდატთა შერჩევისათვის ჩატარებული გასაუბრების, როგორც ერთ-ერთი ეტაპის, შინაარსისა და შეფასების კრიტერიუმების გამჭვირვალობა, შემფასებელთა მხრიდან თითოეული მოხელისათვის დაწერილი ქულის დასაბუთება. მხოლოდ ამ გზით ხდება სასამართლოსათვის შესაძლებელი სამსახურის მიერ კანდიდატის დასაკავებელ თანამდებობასთან დადგენილი შეუსაბამობის კანონიერების შემოწმება. მეორე მხრივ, მითითებული პირობის შეუსრულებლობა, თავად კანდიდატს ართმევს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობის მტკიცების ეფექტურ საშუალებას. ამავდროულად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ანუ ამ გადაწყვეტილებით გაცემული მითითებების განუხორციელებლობა, არაეფექტურად აქცევს სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროცესუალური შესაძლებლობის განმეორებით გამოყენებას. აღნიშნულს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ასეთ პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა საკითხის ხელახალი კვლევის არაერთი შესაძლებლობა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემული მითითებების არაერთგზის შეუსრულებლობა ქმნის განცდას, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად არიდებს თავს აღნიშნულ მითითებათა შესრულებას, ასევე, წარმოშობს რისკს, რომ გადაწყვეტილება სამომავლოდაც დარჩება აღუსრულებელი. შედეგად, სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი კვლევის დაუსრულებელი დავალება გააჭიანურებს თანამდებობიდან გათავისუფლებული პირის უფლებებში აღდგენის პროცესს და პარალელურად, არაგონივრულად გაზრდის იძულებითი განაცდურის მოცულობას.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მაშინ, როდესაც შრომით-სამართლებრივი თვალსაზრისით დავა წარმოშობილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალების აღუსრულებლობის საფუძვლით, ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა სასამართლოს მხრიდან დავის კვლავ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტას უშედეგოდ აქცევს. ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება მოითხოვს დავის დროულ გადაწყვეტას, საპროცესო ეკონომიის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია გამოინახოს სათანადო პროცესუალური შესაძლებლობა როგორც სახელმწიფოს, ასევე, თავად გათავისუფლებული საჯარო მოხელის ინტერესების დაბალანსებისა და დაცვისათვის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთ დროს, სასამართლოს ხელეწიფება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისაგან გამოწვეული საზიანო შედეგების დავის არსებითად გადაწყვეტის გზით თავიდან არიდება, თუკი, ცხადია, საქმეში დაცული მტკიცებულებები და გასაუბრების ეტაპამდე გათავისუფლებული მოხელის მიმართ არსებული გარემოებები იძლევა მოხელის თანამდებობასთან შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველსა და საშუალებას. საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მითითების არაერთგზისი შეუსრულებლობისა და, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესაძლებლობას, რაც, შედეგობრივად, შეუძლებელს გახდიდა სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მისი სამსახურში აღდგენის ნაწილში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა სწორედ ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა. კერძოდ, გასაუბრების შინაარსისა და შეფასების კრიტერიუმების იდენტიფიცირების შეუძლებლობის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე, გათავისუფლებული მოხელის ინტერესთა დაცვისათვის, წარმოშობდა დავის არსებითად გადაწყვეტის აუცილებლობას. ამ მხრივ, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ლ.რ-ის მიერ პროფესიულ ტესტირებაში მიღებულ ქულას, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა სამსახურში დარჩენილ თანამშრომელთა შედეგებს. ნიშანდობლივია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აღასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და არ უზრუნველყო მოსარჩელისათვის ჩატარებული გაუსაბრების შინაარსის, მის მიერ დასაკავებელ თანამდებობასთან შეუთავსებლობის დადგენისათვის გამოყენებული სხვა გარემოებებისა თუ კრიტერიუმების გამჭვირვალობა. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს მიეცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევებისა თუ კომპეტენციის ხელახალი, სრულყოფილი კვლევის საშუალება. უფრო მეტიც, სამსახურს შეეძლო მისთვის ხელახალი გასაუბრების ჩატარებაც კი, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების ფორმალურად აღსრულებით თავი აარიდა ლ.რ-ის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის რეალურ შესწავლას. ასეთ პირობებში კი, საკასაციო სასამართლომ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და მისი სამსახურში აღდგენა.

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე.

ამასთან, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში აღდგება. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი), რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ ნორმაში (ძველი რედაქციით 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი) „საუბარია, ზოგადად, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ მიყენებულ ზიანზე. ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის #2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „შესაბამისად, ის ანაზღაურება, რომელსაც მოხელე ვერ იღებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, წარმოადგენს ზარალს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის #2/4/735 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „პირს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ენიჭება იმისდა მიუხედავად, სასამართლოსთვის მიმართვის ან/და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ის ფაქტობრივად დასაქმებულია თუ არა. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათავისუფლებული პირი მოგვიანებით დამსაქმებლის ინიციტივით აღდგენილი ან დანიშნული იქნება სხვა თანამდებობაზე, აღნიშნული არ ართმევს პირს უფლებას, მოითხოვოს უკანონოდ გათავისუფლებით მისთვის რეალურად მიყენებული ზარალის ანაზღაურება. შესაბამისად, სამსახურში ფაქტობრივად აღდგენა, ისევე როგორც პირის სხვა სამსახურში (მათ შორის კერძო სექტორში) დასაქმება, ვერ გაათავისუფლებს სახელმწიფოს უკანონოდ გათავისუფლებით პირისათვის მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუმცა შესაძლებელია, განსხვავებული იყოს ასანაზღაურებელი ზარალის კონკრეტული ოდენობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ზარალის ოდენობა იზრდება იძულებითი გაცდენის ხანგრძლივობასთან ერთად და მისი მოცულობა დამოკიდებულია სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებებზე, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება თავად ურთიერთობის, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის, დასაქმებულის პიროვნებისა თუ შესაძლებლობების გათვალისწინებით. საჯარო მოხელე შრომის ანაზღაურებას იღებს მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის. იძულებითი გაცდენის დროს არ ხდება პირის მიერ სამუშაოს შესრულება და ამ დროს მიყენებული ზარალი შეიძლება ყოველთვის არ იყოს იძულებითი გაცდენის პერიოდში მისაღები ხელფასის იდენტური. შესაბამისად, თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იქნეს უკანონოდ განთავისუფლებით პირისთვის მიყენებული ზარალის კონკრეტული ოდენობა. ზარალის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად, დაწესებულება აჭიანურებს მის აღსრულებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე, განმარტავს, რომ „კერძო პირის ინტერესი, აინაზღაუროს ზიანი, უკავშირდება შესაბამისი პირებისა და ორგანოების უკანონო ქმედებას, რომელშიც თავად გათავისუფლებული პირი, როგორც წესი, არ მონაწილეობს. სადავო ნორმით დადგენილ განთავისუფლების შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მოხელის მხრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ქმედება. ერთადერთი უკანონო ქმედება ჩადენილია გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები მოხელის მიერ, რომელიც არამართლზომიერად ათავისუფლებს მისთვის სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პირს. შესაბამისად, მოხელე საფუძველშივე მოკლებულია შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს და თავიდან აირიდოს მისთვის ზიანის მიყენება ან შეამციროს მისი მოცულობა, რაც მისი დაცვის მომეტებულ საჭიროებას ქმნის. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ზიანის წყარო, პირის ინტერესს წარმოადგენს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა და ზიანით მიყენებული მატერიალური დანაკლისის შევსება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებაზე გარანტირებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ, ასევე, რიგი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებითაც. კერძოდ, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც აღიარებულია ადამიანის უფლება, ჰქონდეს სამართლიანი ანაზღაურება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C158 - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი შრომითი ურთიერთობა დაუსაბუთებლად შეწყდა, უფლება აქვს აღნიშნული შეწყვეტა გაასაჩივროს ისეთ მიუკერძოებელ ორგანოში, როგორიცაა სასამართლო, შრომითი ტრიბუნალი, საარბიტრაჟო კომიტეტი ან არბიტრი. ამავე კონვენციის მე-10 მუხლი კი განამტკიცებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის უფლებას შეწყვეტის უკანონობისა და სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, მისთვის სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის მიღებაზე.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის R119 - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის (Termination of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფით კი დადგენილია შრომითი ურთიერთობის გაუმართლებლად შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულის უფლება სამსახურში აღდგენასა და გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურებაზე.

ზემოაღნიშნულ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობა ანიჭებს გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში მიუღებელი თანხის - იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

ნიშანდობლივია, რომ ლ.რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და საკითხზე არსებითი მსჯელობის საჭიროება წარმოშვა არა, ზოგადად, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების უკანონობამ, არამედ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან იძულებითი განაცდურის ოდენობის დაანგარიშების მიზნით გამოყენებული მეთოდოლოგიის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან შეუსაბამობამ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს ლ.რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე 1300 ლარის ოდენობით, 2022 წლის 31 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრამდე - 1573 ლარი ოდენობით, 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 15 აგვისტომდე - 1731 ლარის ოდენობით, 2023 წლის 15 აგვისტოდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე - 1815 ლარის ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სრულად (მათ შორის, იძულებითი განაცდურის ნაწილშიც) უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ლ.რ-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი იძულებითი განაცდურის ოდენობის დაანგარიშება ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი, ლ.რ-ის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის ტოლფასი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობებს დააფუძნეს. კერძოდ, სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2023 წლის #01/395447 სამსახურებრივ ბარათზე, რომლის თანახმად, 2020 წლის 9 ოქტომბრის #15947 ბრძანებით და 2021 წლის 9 აგვისტოს #11166 ბრძანებით ... ექვემდებარებოდა ...ის, თანამდებობას ეწოდებოდა II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, თანამდებობრივი სარგო კი შეადგენდა თვეში 1300 (ათას სამასი) ლარს. 2022 წლის 31 იანვრის #1839 ბრძანებით ... დაექვემდებარა ...ის მთავარ სამმართველოს, როგორც ...ის სამმართველო; თანამდებობას ეწოდებოდა ინსპექტორი, თანამდებობრივი სარგო კი შეადგენდა თვეში 1573 (ათას ხუთას სამოცდაცამეტი) და 1430 (ათას ოთხას ოცდაათი) ლარს. 2023 წლის 11 იანვრის #456 ბრძანებით ... დაექვემდებარა ...ის მთავარ სამმართველოს, როგორც ...ის სამმართველო; თანამდებობას ეწოდებოდა ინსპექტორი, თანამდებობრივი სარგო კი შეადგენდა თვეში 1731 (ათას შვიდას ოცდათერთმეტი) და 1573 (ათას ხუთას სამოცდაცამეტი) ლარს. 2023 წლის 15 აგვისტოს #17814 ბრძანებით ... ექვემდებარება ...ის მთავარ სამმართველოს, როგორც ...ის სამმართველო; თანამდებობას ეწოდება ინსპექტორი, თანამდებობრივი სარგო კი შეადგენს თვეში 1815 (ათას რვაას თხუთმეტი) ლარს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საქალაქო, ასევე, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ლ.რ-ის გათავისუფლების შემდგომ მის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს პერიოდული ზრდა და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი იძულებითი განაცდურის ოდენობა კონკრეტულ პერიოდებზე კონკრეტული სახელფასო ოდენობით განსაზღვრა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს იძულებითი განაცდურის ზემოაღნიშნულ მეთოლოდოგიაზე დაყრდნობით კალკულაციას, რამდენადაც საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 13 სექტემბრის #ბს-171-160(კ-07) განჩინებაში „სამსახურში აღდგენის ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ითვალისწინებს სამომავლო უფლების აღდგენას. კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით სამსახურიდან გათავისუფლების დადგენა, რეორგანიზაციის გამო ...-ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა წარმოშობს ადმინისტრაციის ვალდებულებას, აღადგინოს მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებლებელი გარემოება. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ადასტურებს იმას, რომ მუშაკი იმავდროულად პასუხობდა იმ სალიკვიდაციო მოთხოვნებს, რომლებიც წარედგინებოდა ა.ი.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ გაზრდილი ხელფასის მქონე მოსამსახურეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, აუნაზღაუროს ა.ი.-ეს განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანუ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ნიშნავს იმას, რომ განაცდური ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც ა.ი.-ე იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე არსებული ანაზღაურების შესაბამისად.“

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული განმარტება ასახულია, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შემდგომ წლებში მიღებულ არაერთ განჩინებაში (იხ. მაგალითად, სუსგ 28.05.2008წ. #ბს-65-65(2კ-08); 08.05.2014წ. #ბს-603-581(კ-13); 05.02.2019წ. #ბს-1512(კს-18); 21.02.2019წ. #ბ-92-1(გან-19); 08.06.2020წ. #ბს-139(4კ-19); 07.09.2020წ. #ბ-898-8(2გან-20); 24.06.2024წ. #ბს-1070(კ-23); 25.06.2024წ. #ბს-261(კ-24); 03.07.2024წ. #ბს-663(კ-23); 12.12.2024წ. #ბს-908(კ-22)).

ამდენად, საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, რამდენადაც სამსახურში აღდგენილი საჯარო მოხელისათვის ასანაზღაურებელი იძულებითი განაცდურის ოდენობის დაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი იდენტური თუ ტოლფასი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და მისი სამომავლო ზრდა დინამიკაში. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ემსახურება პირის სამსახურიდან გათავისუფლებამდე არსებულ და არა სამომავლო უფლებებში აღდგენას. შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ოდენობა განისაზღვრება მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტში არსებული ხელფასის მოცულობით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე (2020 წლის 9 ოქტომბრამდე) ლ.რ-ი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის ...ის სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 1200 ლარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე ლ.რ-ისათვის ასანაზღაურებელი იძულებითი განაცდურის ოდენობის დაანგარიშება უნდა განხორციელდეს მის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის (1200 ლარის) საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.რ-ის სარჩელი მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ლ.რ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 9 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე თვეში 1200 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ.რ-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ლ.რ-ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 9 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე თვეში 1200 ლარის ოდენობით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა