Facebook Twitter

№ბს-780(კ-24) 12 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის №10/12043 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 აპრილის NHA 9 23 00401868 გადაწყვეტილება; გ) დაევალოს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ის“ მიერ პაციენტებისთვის - ც.წ-სთვის, ნ.მ-ისა და მ.ც-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურება - 27 301,21 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის №10/12043 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 აპრილის NHA 9 23 00401868 გადაწყვეტილება. მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა შპს „...ის“ მიერ პაციენტებისთვის - ც.წ-სთვის (პ/ნ...; შემთხვევა №...), ნ.მ-სა (პ/ნ...; შემთხვევა №...) და მ.ც-სთვის (პ/ნ...; შემთხვევა №...) გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურება, 27 301,21 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) პაციენტი - ც.წ-ი (პ/ნ:...; შემთხვევა №...) მოთავსდა (18.05.2021 წ. - 02.06.2021წ.) შპს „...ში“ დიაგნოზით - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ... მოთხოვნა განხორციელდა პროგრამული კოდით - ...- დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა, პროგრამული კოდით - ...– II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა **-/- ინტენსიური მკურნალობა/მოვლა (სტაციონარში დაყოვნება ≤ 14 ს/დ, პროგრამული კოდით - ...– II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა **-/- ინტენსიური მკურნალობა/მოვლა (სტაციონარში დაყოვნება >14 ს/დ ≤ 21ს/დ), პერიოდში). სწრაფი ტესტით Covid-19 Ag/ანტიგენი-დადებითი დადასტურდა 17.05.2021-ში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებამდე 1 დღით ადრე; ბ) პაციენტი - ნ.მ-ი (პ/ნ:...; შემთხვევა №...) მოთავსდა (02.06.2021 წ. - 19.07.2021წ.) შპს „...ში“ დიაგნოზით - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ... მოთხოვნა განხორციელდა პროგრამული კოდით - ...- დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა და პროგრამული კოდით - ...- II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ** -/- ინტენსიური მკურნალობა/მოვლა (სტაციონარში დაყოვნება ≤ 14 ს/დ, ს/დ), პერიოდში). სწრაფი ტესტით Covid-19 Ag/ანტიგენი-დადებითი დადასტურდა 31.05.2021-ში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებამდე 2 დღით ადრე; გ) პაციენტი - მ.ც-ი (პ/ნ:...; შემთხვევა №...) მოთავსდა (10.07.2021 წ. - 16.07.2021 წ.) შპს „...ში“ დიაგნოზით - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ... მოთხოვნა განხორციელდა პროგრამული კოდით - ... დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა. სწრაფი ტესტით covid-19 Ag/ანტიგენი-დადებითი დადასტურდა 05.07.2021-ში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებამდე 5 დღით ადრე; დ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის №10/12043 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...“ შემთხვევების დადგომის პერიოდში წარმოადგენდა „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს - ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა (მობილიზებული)), ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა. შპს „...ის“ (ქ. თბილისი, ...ის ქ. №12; ს/კ:...) №... შესრულების შესაბამისი საანგარიშგებო (მიღება-ჩაბარების აქტი №2060, 25.10.2021 წ.; საანგარიშგებო თვე - 07.2021 წ.) დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, ც.წ-ის, ნ.მ-ისა და მ.ც-ის შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. კერძოდ, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას) შესაბამისად, ც.წ-ის, ნ.მ-ისა და მ.ც-ის შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“; ე) 2022 წლის 14 იანვარს შპს „...ის“ დირექტორმა, №1011 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ აპარატს და მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის №10/12043 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ახალი გადაწყვეტილების გამოცემა შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 აპრილის NHA 9 23 00401868 გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ 2022 წლის 14 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ინსპექტირებისას არ დადასტურდა, რომ ც.წ-ის, ნ.მ-ისა და მ.ც-ის შემთხვევებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტის და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირებას, რის საფუძველზეც შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.

სასამართლომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ სადავო პერიოდში მოქმედ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 მუხლზე, ამავე პროგრამების №20 დანართის პირველ მუხლზე, მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ შპს „...“ შემთხვევების დადგომის პერიოდში წარმოადგენდა „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ახორციელებდა - ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა (მობილიზებული)) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას.

სასამართლომ მიუთითა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-18 მუხლზე, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-9 მუხლზე, მე-12 მუხლზე, მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-16 მუხლზე და განმარტა, რომ შპს „...ისთვის“ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება გულისხმობდა დაწესებულების მიერ ცხელებით შესული პაციენტის განთავსებას საწყისი ტრიაჟისთვის გამოყოფილ იზოლირებულ სივრცეში და სამედიცინო მომსახურების მიწოდების დაწყებას, ანუ პაციენტის მკურნალობის დაწყებას სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე. შესაბამისად, ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომელიც მოახდენდა პაციენტის მკურნალობის დაწყებას და შემდეგ დაადგენდა, რომ პაციენტი ინფიცირებული იყო COVID-19-ით, ვალდებული იყო დაეწყო პაციენტის მართვა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტის COVID-19-ით ინფიცირება. შესაბამისად, უკანონოა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომ „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას) ინსპექტირების შედეგად, ც.წ-ის, ნ.მ-ისა და მ.ც-ის შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ პირველ მუხლზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, №20 დანართის მე-3 მუხლზე და განმარტა, რომ ნორმის განმარტებაზე, განმარტების მეთოდის არჩევასა და ნორმის შინაარსის დადგენისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ნორმით რეგულირებული ურთიერთობის ხასიათი და სპეციფიკა. COVID-19-ის გავრცელებამ, პირველ რიგში, არსებითი საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ამდენად, საფუძვლიანია მითითება ზოგადად ქვეყანაში სადავო პერიოდში (2020-2021 წლები) არსებულ ვითარებაზე და აღნიშნულის პარალელურად სახელმწიფოს ვალდებულებაზე - პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციიდან და „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ცალსახად და არაორაზროვნად აღიარებულია პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის უპირატესი ღირებულება. აღნიშნული საკანონმდებლო გარანტია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პანდემიის დროს, როდესაც პაციენტის არჩევანის უფლება და უსაფრთხოება, ისედაც, ბუნებრივად შეზღუდულია არსებული მდგომარეობის, გადატვირთული სამედიცინო დაწესებულებების პირობებში.

პალატამ მიუთითა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-18 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმების გათვალისწინებით, სტაციონარული დაწესებულებებისათვის, მათ შორის, შპს „...ისთვის“ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება გულისხმობდა დაწესებულების მიერ ცხელებით შესული პაციენტის განთავსებას საწყისი ტრიაჟისთვის გამოყოფილ იზოლირებულ სივრცეში და სამედიცინო მომსახურების მიწოდების დაწყებას, ანუ პაციენტის მკურნალობის დაწყებას სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე. შესაბამისად, ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომელიც მოახდენდა პაციენტის მკურნალობის დაწყებას ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და შემდეგ დაადგენდა, რომ პაციენტი ინფიცირებული იყო COVID-19-ით, დაწესებულება ვალდებული იყო ამავე აქტის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაეწყო პაციენტის მართვა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტის COVID-19-ით ინფიცირება. შესაბამისად, უკანონოა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომ „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას) ინსპექტირების შედეგად, ც.წ-ის, ნ.მ-ისა და მ.ც-ის შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ამდენად, კანონის სრული დაცვით იქნა ბათილად ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის №10/12043 გადაწყვეტილება, ასევე, აღნიშნულის გასაჩივრების შედეგად მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 აპრილის NHA 9 23 00401868 გადაწყვეტილება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაევალა შპს „...ის“ მიერ პაციენტებისთვის - ც.წ-ისთვის (პ/ნ:...; შემთხვევა №...), ნ.მ-ისა (პ/ნ:...; შემთხვევა №...) და მ.ც-ისთვის (პ/ნ:...; შემთხვევა №...) გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურება 27 301,21 ლარის ოდენობით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ას“ №... შესრულების შესაბამისი საანგარიშგებო (მიღება-ჩაბარების აქტი №2060 25.10.2021; საანგარიშგებო თვე - 07.2021) დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას).

შპს „...“ შემთხვევების დადგომის პერიოდში წარმოადგენდა „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს (ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა (მობილიზებული)) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა).

პაციენტი ც.წ-ი მოთავსდა (18.05.2021წ. 13:35:00 სთ - 02.06.2021წ. 0:15:00 სთ) შპს „...ში“ დიაგნოზით - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ... მოთხოვნა განხორციელდა პროგრამული კოდით ...- დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა, პროგრამული კოდით ...- II - III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ** -/- ინტენსიური მკურნალობა/მოვლა (სტაციონარში დაყოვნება ≤14 ს/დ, პროგრამული კოდით - ... -- ... II - III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ** -/- ინტენსიური მკურნალობა/მოვლა (სტაციონარში დაყოვნება > 14 ს/დ ≤ 21 ს/დ), პერიოდში). სწრაფი ტესტით Covid-19 Ag/ანტიგენი-დადებითი დადასტურდა 17.05.2021-ში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებამდე 1 დღით ადრე. შესაბამისად, ინსპექტირებისას არ დადასტურდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტის და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირებას, რის საფუძველზეც შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.

პაციენტი ნ.მ-ი მოთავსდა შპს „...ში“ დიაგნოზით ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ... მოთხოვნა განხორციელდა პროგრამული კოდით ... დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა პროგრამული კოდით ...- II - III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ** -/- ინტენსიური მკურნალობა/მოვლა (სტაციონარში დაყოვნება ≤ 14 ს/დ, პერიოდში). სწრაფი ტესტით Covid-19 Ag/ანტიგენი-დადებითი დადასტურდა 31.05.2021-ში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებამდე 2 დღით ადრე. შესაბამისად, ინსპექტირებისას არ დადასტურდა რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტის და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირებას, რის საფუძველზეც შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.

პაციენტი მ.ც-ი მოთავსდა შპს „...ში“ დიაგნოზით - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ... მოთხოვნა განხორციელდა პროგრამული კოდით ... დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა. სწრაფი ტესტით Covid-19 Ag/ანტიგენი-დადებითი დადასტურდა 05.07.2021-ში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებამდე 5 დღით ადრე. შესაბამისად, ინსპექტირებისას არ დადასტურდა რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტის და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირებას, რის საფუძველზეც შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.

სადავო პერიოდში შპს „...“ არ წარმოადგენდა ე.წ. „მობილიზებულ კლინიკას“ (მობილიზებული კლინიკები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და სწორედ იმ მიზნით, რომ პანდემიის პირობებში იყვნენ მზად, მიიღონ კოვიდდადასტურებული პაციენტები). კლინიკისათვის ცნობილი იყო, რომ პაციენტი კლინიკაში შესვლისთანავე წარმოადგენდა კოვიდ დადასტურებულს და შესაბამისად, პროგრამული მომსახურება უნდა მიეღო მობილიზებულ კლინიკაში. ამდენად, კლინიკას, რომელიც წარმოადგენდა პროგრამის მე-3 მუხლის მხოლოდ „გ.დ“ ქვეკომპონენტის მიმწოდებელს, არ გააჩნდა პროგრამის სხვა - მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების (COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობის ქვეკომპონენტი) გაწევის უფლებამოსილება.

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას უზრუნველყოფენ მხოლოდ ე.წ. „მობილიზებული კლინიკები“, ხოლო პროგრამის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპონენტის მიზანს კი, წარმოადგენს ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს განსაზღვრავს დადგენილებით დამტკიცებული „პროგრამების“ მე-4 მუხლი, რომლის თანახმადაც, პროგრამის განმახორციელებელს (ამ შემთხვევაში - სააგენტო) და სამედიცინო დაწესებულებას შორის წარმოიშობა სახელშეკრულებო ურთიერთობები, ე.ი. მიმწოდებლად რეგისტრაციის განაცხადის საფუძველზე, სააგენტოს წინაშე მიმწოდებელი გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს კონკრეტული პროგრამის (კომპონენტის/ქვეკომპონენტის) ფარგლებში და ეთანხმება მის პირობებს. შპს „...იმა’’ იცოდა, რომ არ წარმოადგენდა მობილიზებულ კლინიკას და მონაწილეობდა პროგრამის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ და არა „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქვეკომპონენტში და მომსახურებაც უნდა გაეწია სწორედ ამ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობის და ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

სახელმწიფო, სწორედ პრევენციის მიზნებისათვის, ე.წ. მობილიზებულ საწოლებში (დატვირთვის მიუხედავად) იხდიდა დღიურად 100-120 ლარს, რომელზეც, დატვირთვის შემთხვევაში, დამატებით ანაზღაურდებოდა კოვიდდადასტურებული პაციენტის მკურნალობის ფაქტობრივი ხარჯი. სხვა სტაციონარული დაწესებულებების მკურნალობის ბაზაზე მყოფი პაციენტების მომსახურების ანაზღაურება არსებითად განსხვავებული იყო და ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული სხვადასხვა პროგრამული ასიგნებებიდან (პროგრამის მუხლი 4, პუნქტი „დ.დ“ -საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ე.წ. „ვერტიკალური პროგრამები).

სასამართლოს არ უმსჯელია, გააჩნდა თუ არა საერთოდ ხსენებულ დაწესებულებას მასთან სტაციონარიზაციამდე კოვიდდადასტურებული პაციენტების მართვის უფლება და იყო თუ არა საერთოდ გამართლებული პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, არაკოვიდკლინიკაში, სხვა პაციენტებთან ერთად, უკვე ინფიცირებული პაციენტების მიღება და მართვა. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო და მთელი საზოგადოება პანდემიას ებრძოდა და მთელი ძალისხმევა მიმართული იყო მისი გავრცელების შეზღუდვისაკენ, კლინიკა, სადაც სხვა, მათ შორის, მძიმე სენის პაციენტები იმყოფებოდნენ, შეგნებულად უშვებდა კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკაში შედინებას (არ ახდენდა მათ რეფერირებას), რითაც არსებით საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომ არაფერი ითქვას სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების არამიზნობრივად მოთხოვნის შესახებ.

კასატორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობს სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნორმატიულ საფუძვლებზე, თუმცა არასწორ განმარტებას აძლევს მათ. ინსპექტირების ეტაპზე, თუ დადგინდება, რომ კლინიკა არ იყო უფლებამოსილი ემართა კონკრეტული პაციენტი (არ იყო კონკრეტული ქვეკომპონენტის მიმწოდებელი), წარმოდგენილი შემთხვევების შესახებ სხვა ინფორმაციის (მათ შორის, კალკულაციისა და ხარჯების შესაბამისობა) შემოწმება აღარ ხორციელდება და სწორედ იმ მოტივით, რომ მომსახურება არ შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ მოცულობას (ანუ ქვეკომპონენტს) უარყოფითად კლასიფიცირდება იგი. ამდენად, გარდა იმისა, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მიმწოდებლის უფლება, ემართა გარედან კოვიდდადასტურებული პაციენტები, გაუგებარია, რატომ მიიჩნია სარწმუნოდ ამ შემთხვევებისათვის კლინიკის მიერ მოთხოვნილი თანხა (27 301,21 ლარი), მაშინ როდესაც განმახორციელებელს კლინიკის საანგარიშგებო დოკუმენტაცია ამ ნაწილში არც კი განუხილავს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს „...ის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) პაციენტი - ც.წ-ი (პ/ნ...; შემთხვევა №...) მოთავსდა (18.05.2021წ. - 02.06.2021წ.) შპს „...ში“ დიაგნოზით - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ... მოთხოვნა განხორციელდა პროგრამული კოდით - ...- დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა, პროგრამული კოდით - ...– II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა **-/- ინტენსიური მკურნალობა/მოვლა (სტაციონარში დაყოვნება ≤ 14 ს/დ, პროგრამული კოდით - ...– II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა **-/- ინტენსიური მკურნალობა/მოვლა (სტაციონარში დაყოვნება >14 ს/დ ≤ 21ს/დ), პერიოდში). სწრაფი ტესტით Covid-19 Ag/ანტიგენი-დადებითი დადასტურდა 17.05.2021-ში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებამდე 1 დღით ადრე (ს.ფ 64-65); ბ) პაციენტი - ნ.მ-ი (პ/ნ...; შემთხვევა №...) მოთავსდა (02.06.2021 წ. - 19.07.2021 წ.) შპს „...ში“ დიაგნოზით - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ... მოთხოვნა განხორციელდა პროგრამული კოდით - ...- დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებელი შემთხვევების ადგილზე მართვა და პროგრამული კოდით - ...- II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ** -/- ინტენსიური მკურნალობა/მოვლა (სტაციონარში დაყოვნება ≤ 14 ს/დ, პერიოდში). სწრაფი ტესტით Covid-19 Ag/ანტიგენი-დადებითი დადასტურდა 31.05.2021-ში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებამდე 2 დღით ადრე (ს.ფ 64-65); გ) პაციენტი - მ.ც-ი (პ/ნ...; შემთხვევა №...) მოთავსდა (10.07.2021 წ. - 16.07.2021 წ.) შპს „...ში“ დიაგნოზით - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ... მოთხოვნა განხორციელდა პროგრამული კოდით - ... დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა. სწრაფი ტესტით covid-19 Ag/ანტიგენი-დადებითი დადასტურდა 05.07.2021-ში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებამდე 5 დღით ადრე (ს.ფ 64-65); დ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის №10/12043 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...“ შემთხვევების დადგომის პერიოდში წარმოადგენდა „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს (ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა (მობილიზებული) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვა). შპს „...ის“ (ქ. თბილისი, ...ის ქ. №12; ს/კ:...) №... შესრულების შესაბამისი საანგარიშგებო (მიღება-ჩაბარების აქტი №2060, 25.10.2021 წ.; საანგარიშგებო თვე - 07.2021 წ.) დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, ც.წ-ის, ნ.მ-ისა და მ.ც-ის შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას) (ს.ფ 64-65); ე) 2022 წლის 14 იანვარს, შპს „...მა“ №1011 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ აპარატს და მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის №10/12043 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ახალი გადაწყვეტილების გამოცემა შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 აპრილის NHA 9 23 00401868 გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ 2022 წლის 14 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ინსპექტირებისას არ დადასტურდა, რომ ც.წ-ის, ნ.მ-ისა და მ.ც-ის შემთხვევებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტის და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირებას, რის საფუძველზეც შემთხვევები არ დაექვემდებარა ანაზღაურებას (ს.ფ 57-63, 66-71).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ც.წ-ისთვის, ნ.მ-ისა და მ.ც-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, რომ მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი, რომლის საფუძველზეც, სახელმწიფოებმა აღიარეს ვალდებულება, რომ უზრუნველყონ თითოეული ადამიანის უფლება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უშუალოდ ან საჯარო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიიღონ ზომები, რომლებიც, კერძოდ, მიზნად ისახავენ: ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრას; ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის წახალისებისათვის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საშუალებების უზრუნველყოფას; შეძლებისდაგვარად ეპიდემიურ, ენდემურ და სხვა დაავადებათა, ისევე როგორც, უბედურ შემთხვევათა აღკვეთას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები, მათ შორის: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებულია „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები“, რომლის მიზანია, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის შექმნას ფინანსური გარანტიები სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება (1-ლი მუხლი).

აღნიშნული პროგრამის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პროგრამების ფარგლებში შესაბამისი მომსახურების/საქონლის მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ხელშეკრულებას აფორმებს პროგრამის განმახორციელებელთან ან გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს იმ პროგრამის (კომპონენტის/ქვეკომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც გათვალისწინებულია საქონლის/მომსახურების დაფინანსება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით და რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

პროგრამის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია მიმწოდებლის ვალდებულებები, მათ შორის, მიმწოდებელი ვალდებულია: ა) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) შესაბამისი პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა იმ სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელსაც ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) შეუფერხებლად მოახდინოს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის გაწევაზე უარის თქმა; დ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს ანგარიშგება მართვაზე უფლებამოსილ მხარესთან და მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია; ე) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესაბამისად; ვ) პროგრამის განმახორციელებელსა და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს არ გადაახდევინოს მომსახურების ღირებულების გარდა სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, ხოლო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის შემთხვევაში – თანაგადახდით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი.

პროგრამის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები (თუ ცალკეული პროგრამებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას.

პროგრამის №20 დანართით განსაზღვრულია „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“, რომლის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან (COVID – 19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით (1-ლი მუხლი). აღნიშნული დანართის სადავო პერიოდში მოქმედი მე-3 მუხლის საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: გ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვას, მათ შორის: გ.ა) შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას (გარდა COVID-19-ის დასადგენი ტესტირებისა); გ.ბ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მობილიზებულ კლინიკებში; გ.ბ1) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას მობილიზაციის სქემიდან გამორთულ კლინიკებში; გ.გ) საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის/კოვიდ სასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმრო) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას; გ.დ) ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურების თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შპს „...“ არ წარმოადგენდა ე.წ. მობილიზებულ კლინიკას, რის გამოც იგი პაციენტებს ვერ გაუწევდა პროგრამის მე-20 დანართით განსაზღვრული პროგრამის მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას. მოპასუხის პოზიციის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, პაციენტებისთვის მხოლოდ მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე, რაც გულისხმობდა - ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას. შესაბამისად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან მოხდა სხვა და არა უშუალოდ დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების შემთხვევების მართვა, რაც წარმოადგენდა აღნიშნული პაციენტების მკურნალობაზე გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს განისაზღვროს რას მოიცავს ტერმინი - დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტი. ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტერმინის განმარტება და მისადაგება მოხდეს სწორედ მოცემული საქმის ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები/გადაწყვეტილებები, მ.შ. ბს-479-459(კ-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი; №ბს-10(კ-20) 9 ივლისი, 2020 წელი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როდესაც წარმოიშობა სამართლებრივი ხასიათის სირთულე ნორმის განმარტებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნორმის გამოყენებისას იხელმძღვანელოს, მოქმედი კანონმდებლობით, ამ კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი და სპეციალური პრინციპებით, ადმინისტრაციული ორგანოს საკანონმდებლო ვალდებულებების ჩარჩოთი, დაინტერესებული მხარის უფლება-მოვალეობებით და აღნიშნულის შედეგად მოახდინოს რელაცია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. საბოლოოდ კი, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ნორმის განმარტება წარმოადგენს სასამართლოს ექსკლუზიურ კომპეტენციას, დავის ფარგლებში სამართლის ნორმის განმარტების შედეგად, ხდება არა მხოლოდ კონკრეტული დავის გადაწყვეტა, არამედ გამოსაყენებელი ნორმის, კანონით დადგენილი წესით, პროცესუალურსამართლებრივი წესების დაცვით განმარტება, რაც ხელს უწყობს სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფას. აღნიშნულს კი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, როგორც სასამართლოში სამართალწარმოების, ასევე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარისა და ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რათა პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის ცხადი და განჭვრეტადი იყოს სამართალურთიერთობის კვალიფიკაცია და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ COVID-19-ის გავრცელებამ, პირველ რიგში, არსებითი საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას. საქართველოს კონსტიტუციიდან და „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ცალსახად და არაორაზროვნად აღიარებულია პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის უპირატესი ღირებულება. აღნიშნული საკანონმდებლო გარანტია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პანდემიის დროს, როდესაც პაციენტის არჩევანის უფლება და უსაფრთხოება, ისედაც, ბუნებრივად შეზღუდულია არსებული მდგომარეობის, გადატვირთული სამედიცინო დაწესებულებების პირობებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებზე“ (ძალადაკარგულია - 04.07.2023, №244), რომლის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იზოლაციისა და კარანტინის წესების, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა (1.1 მუხლი). მითითებული წესების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელების მქონე პაციენტის საწყისი ტრიაჟი, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მომსახურება იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით. ამავე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ვალდებულია, ადგილზე უზრუნველყოს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვა იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ როდესაც ც.წ-იმა, ნ.მ-იმა და მ.ც-იმა მიმართეს შპს „...ას“, ეს უკანასკნელი ინფორმირებული იყო მათი COVID-19-ით ინფიცირების შესახებ. მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ პირებს ჩაუტარა ტესტი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ისინი (ც.წ-ი, ნ.მ-ი და მ.ც-ი) ინფიცირებულნი იყვნენ COVID-19-ით. შესაბამისად, აღნიშნული პაციენტები მიჩნეულ უნდა იქნენ დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფ პაციენტებად და სადავო შემთხვევები ექცევა ზემოაღნიშნული პროგრამის მე-20 დანართის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას. ამდენად, უსაფუძვლოა პროგრამის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ც.წ-ისათვის, ნ.მ-ისა და მ.ც-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა და მითითებული სამედიცინო შემთხვევები უნდა დაქვემდებარებოდა ანაზღაურებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის განმარტებაზე, რომ დაუსაბუთებელია კლინიკის მიერ მოთხოვნილი თანხის (27 301,21 ლარი) ოდენობა, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს კლინიკის საანგარიშგებო დოკუმენტაცია ამ ნაწილში არ განუხილავს. საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ გადაცემული სამედიცინო დოკუმენტაციისა და მასში მითითებული თანხების ოდენობის საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხილულა, თუმცა აღნიშნული გარემოება შეფასების გარეშე იქნა დატოვებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-20 დანართის (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა) მე-4 და მე-5 მუხლებით დეტალურად განსაზღვრულია დაფინანსების მეთოდოლოგია, ანაზღაურების წესი და პროგრამის განხორციელების მექანიზმები, სადაც გაწერილია შესაბამისი ასანაზღაურებელი ტარიფები და ანაზღაურების წესი. ამავდროულად, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების ზოგადი ნაწილი დეტალურად განსაზღვრავს პროგრამის მიმწოდებელსა (სამედიცინო დაწესებულება) და განმახორციელებელს (სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) შორის ანგარიშგების, ზედამხედველობისა და ინსპექტირების წესებს, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების და ანაზღაურების მოცულობის თაობაზე. ამ პროცესში ხდება წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, ხარჯთაღრიცხვის, ფინანსური მონაცემების სისწორის შემოწმება და ა.შ., რაც კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამ უფლებამოსილების განხორციელების ეტაპზე, ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია შესაბამისი სპეციალური, საექსპერტო ცოდნით, მატერიალური და ადამიანური რესურსით, რისი საშუალებითაც იგი ახდენს შესაბამისი გარემოებების დადგენას და გადაწყვეტილების მიღებას. მართალია, დავის წარმოშობის შემთხვევაში სასამართლოს კონტროლის ქვეშ ექცევა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, თუმცა როდესაც საკითხის შესწავლა მოითხოვს საკითხის კომპლექსურ/სპეციალურ ცოდნას და მოცულობით კვლევას, სასამართლო თავად ვერ შეითავსებს ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას და ვერ ჩაანაცვლებს ადმინისტრაციულ წარმოებას. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია ადმინისტრაციული სასამართლოს ინკვიზიციურ ბუნებასთან, რომელიც გარდა ადმინისტრაციული პროცესის შეჯიბრებითობის, თანასწორობისა და დისპოზიცურობის პრინციპებით წარმართვისა, თავისი ინკვიზიციური ბუნებიდან გამომდინარე, ზედამხედველობს და აკონტროლებს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას და მის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევები ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, თუმცა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, დასადგენია მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, რის გამოც არსებობს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის №10/12043 გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში არსებობს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობის წინაპირობა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის №10/12043 გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე არ არსებობს ც.წ-ისთვის, ნ.მ-ისა და მ.ც-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების 27 301,21 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 819.04 ლარის ოდენობით (ს.ფ 40), რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (ს.ფ 138) და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1365,06 (300+1065,06) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის №10/12043 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 აპრილის NHA 9 23 00401868 გადაწყვეტილება;

6. შპს „...ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

7. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 819.04 ლარის ოდენობით;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე