საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-803(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ააიპ ...
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ააიპ ...ის წარმომადგენელმა 2020 წლის 6 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მიმართ და „გ.ბ-ისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 იანვრის №04/146 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის №04/11826 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის მიერ პაციენტ გ.ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 749.45 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ააიპ ...ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გ.ბ-ისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 იანვრის №04/146 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის №04/11826 გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გ.ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 749.45 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, გ.ბ-ისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ პაციენტი 2019 წლის 30 ივნისიდან იმავე წლის 2 ივლისის ჩათვლით მკურნალობდა ააიპ ...ში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით. მიმწოდებლის მიერ შემთხვევა პროგრამის ფარგლებში გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი - .... - არასტაბილური ....
კასატორი აღნიშნავს, „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით განსაზღვრულია პროგრამის ფარგლებში ტერმინთა განმარტება. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას. განსახილველ შემთხვევაში, ინსპექტირების შედეგად გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევა არ დადასტურდა, რის გამოც არ ანაზღაურდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტი და შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს სადავო აქტები დასაბუთებული და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტის - გ.ბ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე მოპასუხის მიერ უარის თქმის კანონიერება. გ.ბ-ისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას ან/და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულ შეტყობინებაში დიაგნოზად მითითებული იყო - ... - არასტაბილური ..., თუმცა სამედიცინო დოკუმენტაციით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევის აუცილებლობა არ დასტურდებოდა. აღნიშნულ საფუძველზე მიუთითებენ გასაჩივრებული აქტები, თუმცა, საკასაციო პალატის მითითებით, სადავო აქტებში არ არსებობს დასაბუთება, კონკრეტულად რაში გამოიხატა ზემოთ მითითებული ნორმის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ააიპ ...ის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, პაციენტი გ.ბ-ე 2019 წლის 30 ივნისს 14:00 საათზე მოთავსდა სტაციონარში და მკურნალობდა დიაგნოზით: ... გართულება: ... თანმხლები: ...; ...; ...; ...; ...; ..., ... ... გადატანილი დაავადებები: ...; ... (2017).
პაციენტის მოკლე ...ის მიხედვით, პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს ..., გადატანილი ..., 2017 წლის 5 ოქტომბერს ააიპ ...ში ჩატარებული აქვს ... 2018 წელს დიაგნოსტირებული აქვს წინამდებარე ..., ჩატარებული აქვს .... მისი გადმოცემით ... ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია. პაციენტს ერთი კვირის წინ აღენიშნა ... და ... პაციენტს დღეს კვლავ აღენიშნა მკვეთრი ზოგადი სისუსტე, მოსვენებულ მდგომარეობაში აღენიშნა მოჭერითი ხასიათის ტკივილი ...ში, რომელიც გახანგრძლივდა დროში. პაციენტმა მომართა კლინიკას და მოხდა მისი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია შემდგომი კვლევისა და მკურნალობის მიზნით. ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე. პაციენტი მოთავსდა ...ში წინასწარი დიაგნოზით არასტაბილური ... ჩივილები: ტკივილი ...ში, ზოგადი სისუსტე. შემოსვლისას .... ...ში ...ის გათვალისწინებით, გაკონტროლდა ... პროფილი, ჩატარდა ...ის კონსულტაცია, პაციენტს მიეცა კვებითი რეკომენდაციები, ერჩია რეგულარული მედიკამენტური თერაპიის ინიციირება. ჰოსპიტალიზაციის პერიოდში ვლინდებოდა ... და ...ის ეპიზოდები, რის დროსაც პაციენტი იყო სიმპტომური, აღნიშნავდა ზოგად სისუსტეს და თავბრუსხვევას. ჩატარდა ...ის კონსულტაცია, კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დაესვა ...ის სინდრომი, პაციენტს მიეცა რეკომენდაცია მუდმივი ...ის თაობაზე სასწრაფო – დაყოვნებულ რეჟიმში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ეწერება ბინაზე შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციებით.
გარდა საქმეში წარმოდგენილი არაერთი სამედიცინო დოკუმენტისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ააიპ ...ის ... დეპარტამენტის უფროსის - ი.ჟ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტებას, რომ გადაუდებელი კომპონენტის განსაზღვრა ხდება კონკრეტულად პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში პაციენტი იყო ... საკმაოდ დატვირთული ...ის მქონე, ჩატარებული ჰქონდა ... გარდა ..., მას ჰქონდა რამდენიმე თანმხლები დაავადება, ყველაზე დიდ რისკ-ფაქტორს წარმოადგენდა ..., ასევე, ..., ... პრობლემა, .... რაც შეეხება ტკივილს, ბოლო 24 საათის განმავლობაში თუ პაციენტს ჰქონდა ტკივილი, მათ არ აქვთ უფლება იგი გაუშვან ბინაზე, მით უმეტეს როცა, პაციენტი ასეთი დატვირთული ...ის მქონეა. კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი, რომელსაც ... ადევს, აქვს ..., ასაკი, ... და ა.შ., კლინიკიდან გაწერონ ...ის გარეშე. ექიმის განმარტებით, მას არ ახსენდება სხვა დროს ასეთი დატვირთული ფორმა 100, ამდენი ჩატარებული კონსულტაცია, რეკომენდაცია და ა.შ. მისივე განმარტებით, სამედიცინო დოკუმენტებში აბსოლუტურად სრულყოფილად და ზუსტად არის აღწერილი ყველა სამედიცინო მომსახურება, რაც ჩაუტარდა პაციენტს.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით კი, გადაუდებელი კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება ის მდგომარეობა, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და იმ კონკრეტულ მომენტში უნდა მოხდეს ამ საფრთხის განმუხტვა, იმ პერიოდში გადაუდებელი ... ფინანსდებოდა, ხოლო გეგმური ... არა. თუ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ..., მაშინ ფორმა 100-ით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი დამამტკიცებელი საბუთები, ჩივილი პაციენტის და შესაბამისი პრეპარატები.
საკასაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, იზიარებს საპელაციო სასამართლომ დასკვნას, რომ მოცემულ საქმეზე მოპასუხის წარმომადგენელმა, სამედიცინო ცოდნის მქონე პირმა, ვერ გამორიცხა ...ის ჩატარების საჭიროება, თუმცა საეჭვო გახადა მისი ჩატარება გადაუდებელი მომსახურების კომპონენტით, ხოლო ააიპ ... ... დეპარტამენტის უფროსის მიერ პაციენტის თანმხლები არაერთი დაავადების მითითებით, დასაბუთებული იქნა ის ფაქტი, რომ სადავო სამედიცინო მომსახურება ჩატარებულ იქნა სწორედ კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად და წარმოადგენდა გადაუდებლად ჩასატარებელ სამედიცინო მომსახურებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებსა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების კონკრეტული ნორმების დარღვევაზე, თუმცა მასში არ არის წარმოდგენილი არგუმენტები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობას დაადასტურებდა. ამრიგად, კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მის საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ პაციენტისთვის - გ.ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილი წესითა და ოდენობით ანაზღაურების დავალების საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2024 წლის 23 ივლისს №21541 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე