Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1171(2კ-24) 18 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე); 2. დ.შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.შ-ემ 2020 წლის 18 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, ... წლის ... ...ს იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ...ის გამზირზე, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც სამართალდამცავებმა, წინასწარი გაფრთხილებისა და გონივრული ვადის მიცემის გარეშე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაიწყეს აქტიური სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენება. მოსარჩელის მითითებით, ტერიტორიის დატოვების მიზნით გაემართა ...ის მიმართულებით, რა დროსაც რეზინის ტყვია მოხვდა ...ში. შედეგად, მიიღო ...ის .... მოსარჩელე მოთავსდა კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია. დამიზნებით ნასროლმა ტყვიამ მოსარჩელეს დაუზიანა ..., ზოგიერთი მათგანის დაკარგვის გამო საჭირო გახდა .... ხანგრძლივი და მტკივნეული მკურნალობის მიუხედავად, მოსარჩელე განმარტავს, რომ მას დღესაც აქვს ჯანმრთელობის, კერძოდ, ...სთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ხელს უშლის ...ში, ...ას კი განიცდის დისკომფორტს. მოსარჩელის მითითებით, ყოველივე აღნიშნულის გამო, განიცდის ძლიერ სულიერ ტკივილს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ.შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დ.შ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დ.შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ.შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე დ.შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დ.შ-ემ.

კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი საკითხები რაც აისახა გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე. კასატორის მითითებით, საპროტესტო აქციის მონაწილეების უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე წარმოდგენილი იყო შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები. მას შემდეგ, რაც ხალხმა დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის მიმართ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მიზნით, ასევე პოლიციელთა გამოტაცება საპოლიციო ჯაჭვიდან, მათთვის სპეციალური საშუალებების (ხელკეტები, ფარები) წართმევა, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, სპეციალური საშუალებების გამოყენებით შეეწყვიტათ ძალადობრივი შეკრება. კასატორს მიაჩნია, რომ ცალსახად დადასტურდა დემონსტრანტების მხრიდან აშკარა ძალადობრივი განზრახვა და მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივი ხასიათი, ასევე, ძალადობრივი ქმედებების განხორციელება არა კონკრეტული ჯგუფის, არამედ შეკრებილთა უმრავლესობის მიერ. შეკრებამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც საჭიროებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების უმრავლესობის მიმართ კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა მშვიდობიან დემონსტრანტს, ვინაიდან ის შეკრება, რომელშიც იგი მონაწილეობდა, იქცა ძალადობრივ ღონისძიებად, მოსარჩელე იზიარებდა სხვა დემონსტრანტების სულისკვეთებას ადმინისტრაციულ ორგანოში შეჭრასთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ კონკრეტული ინდივიდის მოქმედება ან უმოქმედობა ვერ აქცევს აქციის დაშლის გადაწყვეტილებას უკანონოდ. ამდენად, კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

კასატორი დ.შ-ე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მორალური ზიანის სახით სამინისტროსთვის დაკისრებული თანხის ოდენობას და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ კვალიფიციურად და ობიექტურად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მორალური ზიანის ოდენობა, რის გამოც, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მიერ მორალური ზიანის სახით განსაზღვრული ოდენობის დასაბუთება. საქმეზე დადგენილი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება დ.შ-ის მიერ მოთხოვნილი მორალური ზიანის ანაზღაურების მყარ წინაპირობებს ქმნიდა. დ.შ-ისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით შექმნილი მუდმივი სტრესული მდგომარეობა - ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, ნევრული დაძაბულობა და სხვა, მათ შორის, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე მთელი სიცოცხლის განმავლობაში გასაწევი მატერიალური, სამედიცინო ხარჯი, განგრძობად მორალურ ზიანს წარმოშობს, რომლის მაკომპენსირებელი თანხის ოდენობა 15 000 ლარი ვერ იქნება. კასატორი დ.შ-ე მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ.შ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ.შ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის გონივრულობა.

სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, ზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახრე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად კონსტიტუციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის ზემოთ მოცემული პირობები კუმულაციური სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი და მათგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ანუ, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, ... წლის ... ...ის საღამოს გაიმართა ადამიანთა შეკრება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მოსარჩელე დ.შ-ე და მისი მეუღლე ა.მ-ე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა დანაყოფებმა შეკრებაში მონაწილე ცალკეულ პირთა მიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელების საფუძვლით და აღნიშნულ მოქმედებათა აღკვეთის მიზნით, დაიწყეს ძალის (სპეციალური საშუალებების) გამოყენება შეკრებაში მონაწილე პირების მიმართ.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ დ.შ-ეს, რომელიც მშვიდობიანად, რაიმე სახის აგრესიის, კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე მონაწილეობდა შეკრებაში, პოლიციელთა მიერ ნასროლი რეზინის ვაზნა მოხვდა ...ში. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, დ.შ-ე 2019 წლის 21 ივნისს, 00:45 საათზე მოთავსდა სამედიცინო დაწესებულების სტაციონარში - შპს „...“. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ ხსენებული კლინიკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, დ.შ-ე კლინიკაში მოთავსდა 2019 წლის 21 ივნისს, 00:45 საათზე, კლინიკიდან კი გაწერილ იქნა 2019 წლის 22 ივნისს, 20:00 საათზე. პაციენტს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: ... ძირითადი ...- ..., ...- ... და ... მოკლე ანამნეზის შესაბამისად, პაციენტს მიღებული ჰქონდა ტრავმა ...ის არეში, ...ის ღრუში. ობიექტურად ... იყო ...ში ...ის და ...ის ხარჯზე, ჭრილობა 4-3 სმ, არასწორი და დაჟეჟილი კიდეებით, ...ში მოჟონავდა სისხლი. ჩატარებული ...ის ძვლების კტ კვლევის თანახმად, დ.შ-ეს დაუდგინდა ... ...ის არეში.

დადგენილია, რომ 2019 წლის 21 ივნისს 13:30 საათზე, დ.შ-ეს ჩაუტარდა ოპერაცია ...ის არეში და მოძრავი ფრაგმენტები ჩასწორდა, სწორ პოზიციაში დაფიქსირდა ...ით და ...ით. ასევე დადგენილია, რომ დ.შ-ეს 2019 წლის 20-21 ივნისს მიღებული დაზიანების შედეგად შეექმნა ... პრობლემები. ... კლინიკა „...ის“ მიერ დ.შ-ეს დაესვა დიაგნოზი: ... ...ის ... (ტრავმული); 37, 47 ტრავმული ...; 12-დან 22-ის ჩათვლით ტრავმული; 18, 17, 15 ტრავმული ...; 28, 25 ... ტრავმული. პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი მკურნალობა: 32, 31, 41, 42 ..ის ... 12, 22 -...; 11, 21 - ..., მკურნალობა; 18, 17 - ...; 28, 25 - ...; 15 - ..., მკურნალობა; 12, 11, 21, 22, 18, 17, 25, 28 ... 14 ....

აღსანიშნავია, რომ ... წლის ... ...ის შეკრების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად დ.შ-ის ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მკურნალობის ხარჯები სრულად იქნა ანაზღაურებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დასახელებული კანონის მე-12 მუხლი ადგენს, რომ საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს. პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

საქმეზე დადგენილია, რომ 2019 წლის 22 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №074220619801 საქმეზე, ... წლის ... ....ს, ქ. თბილისში, ...ის გამზირზე მიმდინარე შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა დაშლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილებით სისხლის სამართლის №074220619801 საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. ექსპერტს გამოსაკვლევად გადაეგზავნა საავადმყოფოდან ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაცია - ავადმყოფობის ისტორიები დანართებით და ლაზერულ დისკზე განთავსებული სამედიცინო გამოკვლევების CT კვლევები და დაესვა შემდეგი კითხვები: „ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, აღენიშნებათ თუ არა ავადმყოფობის ისტორიებში მითითებულ პირებს რაიმე სახის ჯანმრთელობის/სხეულის დაზიანება, დადებით შემთხვევაში გთხოვთ დაგვიდგინოთ აღნიშნულ პირთა ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, ლოკალიზაცია (მათ შორის სქემის სახით), წარმოშობის მექანიზმი და აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით შეესაბამებიან თუ არა დანაშაულის სავარაუდო ჩადენის თარიღს; იარაღიდან გასროლით მიყენებული დაზიანების შემთხვევაში, გთხოვთ, განსაზღვროთ სროლის მანძილი, მიმართულება და სხეულზე არსებული დაზიანება ხომ არ არის მიყენებული ახლო მანძილიდან სროლის შედეგად ან მიბჯენით“.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №005201421 დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს „...ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №...-ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. დ.შ-ე მოათავსეს აღნიშნულ კლინიკაში 20.06.2019 წელს, 00:45 საათზე (გაეწერა - 22.06.2019წ-ს, 20:00 სთ-ზე). დაუდგინდა ... მარჯვნივ (...ის არეში), არასწორი და დაჟეჟილი კიდეების მქონე სისხლმდენი ჭრილობით ამავე მიდამოში და წარმოდგენილი CD დისკის შესწავლის შედეგად - მომატებული სიმკვრივის უცხო სხეულით ამავე მიდამოში (მოტეხილობის ხაზის მიმდებარედ შეშუპებულ რბილ ქსოვილებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, არ არის გამორიცხული რაიმე იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად (რომელსაც სხეულთან კონტაქტისას ჰქონდა დაბალი კინეტიკური ენერგია), მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 20-21.06.19წ.. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ იარაღის სახეობის დადგენა არ შედის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაში. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერებით კი სროლის მიმართულების და მანძილის განსაზღვრა სამედიცინო ექსპერტიზას არ შეუძლია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სახელმწიფოსათვის, ორგანიზაციისა და მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ.შ-ის მიმართ, რომელიც მშვიდობიანად, რაიმე სახის აგრესიული ან კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე გამოხატავდა პროტესტს, პოლიციის მიერ გამოყენებულ იქნა იმგვარი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც არ იყო გამოსადეგი, რადგან მოსარჩელის მიმართ ძალის გამოყენებით ვერ აღიკვეთებოდა იმ პირთა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რის გამოც დაიწყო პოლიციამ შეკრების შეწყვეტა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო პრეტენზიაზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით, სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ... წლის ... ...ს გამართულ აქციაზე დ.შ-ის მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივ ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. ხოლო ის გარემოება, რომ აქციამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და მიღებულ იქნა შეკრებილი მოქალაქეების დაშლის გადაწყვეტილება, ვერ იქნება საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გამოირიცხოს დ.შ-ის მიმართ მოპასუხის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. საგულისხმოა, რომ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის 2022 წლის 8 თებერვლის დადგენილებით, სისხლის სამართლის №074091119801 საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი დ.შ-ე. დადგენილებაში მითითებულია, რომ ... წლის ... ...ს ქ. თბილისში, ...ის გამზირზე, საქართველოს ...ის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო დ.შ-ემ, რაც გახდა მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გათვალისწინებით, დასტურდება დ.შ-ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.

რაც შეეხება მორალური ზიანის სახით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება.

ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. … სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“ (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია … წლის … …ს ქალაქ თბილისში, ...ის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად დ.შ-ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების, სისხლის სამართლის საქმეზე დ.შ-ის დაზარალებულად ცნობისა და მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯის სახელმწიფოს მხრიდან გაღების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი წინაპირობის არსებობა - მიზეზობრივი კავშირი მორალური ზიანის ანაზღაურებასა და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. საკასაციო სასამართლო იზიარებს მორალური ზიანის სახით დ.შ-ის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დაკისრებული თანხის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ოდენობას და მიუთითებს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა (15 000 ლარი) არის გონივრული და სამართლიანი. მართალია, თანხის ოდენობა არ უზრუნველყოფს ხელყოფილი უფლების აღდგენას/რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, თუმცა კომპენსაციის მიზნიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა უზრუნველყოფს მოსარჩელის ნეგატიური განცდების შემსუბუქებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ.შ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე