საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1219(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე - (მოსარჩელე) - ქ.ჯ-ე
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.ჯ-ემ 2020 წლის 29 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა სოლიდარულად დაევალოთ მოპასუხეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელე ქ.ჯ-ის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონოდ აღუსრულებლობით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, სარჩელის აღძვრამდე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის სახით, 34164 ლარის ოდენობით; დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 29 აპრილიდან, მოვალის გარდაცვალებამდე, სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონოდ აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 949 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაევალა მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელე ქ.ჯ-ის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონოდ აღუსრულებლობით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, სარჩელის აღძვრამდე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის სახით, 34 164 ლარის ოდენობით. დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 29 აპრილიდან, მოვალის გარდაცვალებამდე, სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონოდ აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 949 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2050 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სააპელაციო პალატამა განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის მიუღებელი შემოსავალი, რომლის ანაზღაურებაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იყო მისი მიღება მოსალოდნელი.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 27 მაისის დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 135 კვ.მ საცხოვრებელი ფართის (მის. ..., ...ის ქუჩა №1) ქირავნობის ერთი თვის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 949 ლარს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ რამდენადაც დადგენილია, რომ ქ.ჯ-ეს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, აღსრულების პროცესის უკანონოდ გაჭიანურების გამო არ მიეცა შესაძლებლობა გამოეყენებინა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი გაქირავების მიზნით, მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რომლის ანაზღაურებაც საფუძვლიანად დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გაჭიანურებული სააღსრულებო წარმოების და ყველა იმ სირთულის გათვალისწინებით, რაც ხსენებულ სააღსრულებო პროცესს თან ახლდა, სააღსრულებო ბიუროს უნდა მიემართა კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებისათვის, რომ შეესრულებინა კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - აღესრულებინა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ვერ უზრუნველყო და გადაწყვეტილება დღემდე შეუსრულებელია, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების ძირითად მოტივად ასახელებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სააღსრულებო საქმეში სადაც კრედიტორია ქ.ჯ-ე, ხოლო მოვალე გ.შ-ი, აღმასრულებლის მიერ, მოცემული გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის, აღმასრულებლის მიერ მოვალეს გაეგზავნა წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღმასრულებლის მიერ იძულებითი გამოსახლება ჩაინიშნა 5 - ჯერ: 1) 2016 წლის 09 დეკემბერს ჩანიშნული იძულებით გამოსახლება გადიდო, ვინაიდან კრედიტორს და მოვალეს შორის შედგა მოლაპარაკება, 2) 2017 წლის 6 აპრილს ჩანიშნული იძულებითი გამოსახლების გადადების მიზეზი გახდა კრედიტორის (წარმომადგენლის) გამოუცხადებლობა. 3) 2017 წლის 02 ივნისს ჩანიშნული გამოსახლება გადაიდო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, (მოვალის მეუღლე გახდა შეუძლოდ). 4) 2017 წლის 6 დეკემბერს ჩანიშნული იძულებით გამოსახლების გადადების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოვალე და მისი ოჯახის წევრები აღმასრულებელს ადგილზე არ დახვდნენ, სახლის კარები იყო დაკეტილი და კრედიტორის წარმომადგენელმა უარი განაცხადა ფართის გატეხვასა და აღნიშნული ფართის ჩაბარებაზე, 5) 2018 წლის 26 აპრილს ჩანიშნული გამოსახლება გადაიდო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოვალე მხარე ითხოვდა კრედიტორთან მოლაპარაკებებს. აღსრულების ეროვნული ბიურო მუდმივად ცდილობდა სააღსრულებო წარმოების მხარეთა მოლაპარაკებას და სააღსრულებო წარმოების მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განხორციელებას, რათა სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცესში არ დაზარალებულიყვნენ სააღსრულებო წარმოების მხარეები.
კასატორის განმარტებით, სადავო განჩინებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების დასასრულებლად არაგონივრულად დიდი დრო დასჭირდა, რამდენადაც იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს შორის დაუსაბუთებლად ხანგრძლივი ინტერვალი იყო. კასატორი კი მიიჩნევს, რომ აღმასრულებელმა ყველა მოქმედება განახორციელა კანონის შესაბამისად.
კასატორის განმარტებით, კანონი არ ითვალისწინებს კრედიტორის თანხმობის გარეშე იძულებით აღსრულებას, როდესაც მოვალე არ იმყოფება ადგილზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. აღსრულების უძრავი ქონების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.
კასატორის განმარტებით უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ 2019 წლის შემდგომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არც კი განიხილეს კოვიდპანდემიის პერიოდი, რომელიც დაახლოებით 2 წელზე მეტი გაგრძელდა. „ახალი კორონავირუსის (covid-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის N582 ბრძანების მე-8 მუხლის საფუძველზე სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე შეჩერებული იყო იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა 2022 წლის 1 მარტიდან.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ აღსრულების პროცესის გაჭიანურების გამო არ მიეცა ქ.ჯ-ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი გაქირავების მიზნით, რის გამოც მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით და მისი ანაზღაურება უნდა დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სააღსრულებო წარმოების მასალებით დასტურდება, რომ კრედიტორმა ორჯერ თავად შეუშალა ხელი აღსრულებას სისრულეში მოეყვანა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. პირველი - როდესაც კრედიტორი(წარმომადგენელი) არ გამოცხადდა 2017 წლის 06 დანიშნულ გამოსახლებაზე და მეორე - როდესაც უარი განაცხადა მოვალის ქონების ჩაბარებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული ადმინისტრაციული საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქ.ჯ-ემ 2012 წლის 30 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ნივთი ...ში, ...ის ქუჩაზე №1-ში და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოსარჩელემ 2012 წლის 16 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის რაიონულ სამმართველოს და განუმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან (მის. ..., ...ის ქუჩა №1), არაერთგზის მოწოდებისა, ნებაყოფლობით არ გამოდიოდა იმავე უძრავი ნივთის ადრინდელი მესაკუთრე - გ.შ-ი და მას ხელი ეშლებოდა მისი საკუთრებით სარგებლობაში, რის გამოც მოითხოვა კანონის შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ქ.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე გ.შ-ს დაევალა გამოეთავისუფლებინა, მოსარჩელე ქ.ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე ...ში, ...ის ქუჩაზე №1-ში. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2014 წლის 7 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მოსარჩელე ქ.ჯ-ემ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, აღსასრულებლად წარუდგინა 2015 წლის 5 მაისს. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მოსარჩელე ქ.ჯ-ის განცხადებისა და აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება და 2015 წლის 8 მაისს წერილობით გაუგზავნა გაფრთხილება მოვალეს - გ.შ-ს მის მიერ უკანონოდ დაკავებული უძრავი ნივთის ნებაყოფლობით 10 დღის ვადაში გამოთავისუფლების თაობაზე, თუმცა მოვალეს ვერ ჩაბარდა არასწორად მითითებული მისამართის გამო.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელმა 2015 წლის 11 ივნისს, 2015 წლის 6 ივლისს, 2015 წლის 15 დეკემბერს, 2016 წლის 14 ივლისს შეადგინა ოქმები იმის თაობაზე, რომ იგი გამოცხადდა მოვალესთან - გ.შ-სთან და განუმარტა, რომ დაეტოვებინა კრედიტორის - ქ.ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს დღეებში დაინიშნებოდა იძულებითი გამოსახლება. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წლის 23 სექტემბერს კვლავ წერილობით გაუგზავნა გაფრთხილება მოვალეს - გ.შ-ს მის მიერ უკანონოდ დაკავებული უძრავი ნივთის ნებაყოფლობით 10 დღის ვადაში გამოთავისუფლების თაობაზე, რაც ასევე ვერ ჩაბარდა ადრესატს იმავე მიზეზით.
სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, 2016 წლის 1 დეკემბერს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მოსარჩელე ქ.ჯ-ეს და აცნობა, რომ 2016 წლის 9 დეკემბერს 10 საათზე დანიშნული იყო გ.შ-ის გამოსახლება და იგი ვალდებული იყო დასწრებოდა გამოსახლებას და გამოუცხადებლობა გახდებოდა აღსრულების გადადების მიზეზი, ხოლო განმეორებით გამოუცხადებლობა ჩაითვლებოდა აღსრულებაზე უარის თქმად, თუმცა აღნიშნული შეტყობინება მოსარჩელე ქ.ჯ-ეს ვერ ჩაბარდა.
სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 14 მარტს წერილობით გაუგზავნა გაფრთხილება მოვალეს - გ.შ-ს მის მიერ უკანონოდ დაკავებული უძრავი ნივთის ნებაყოფლობით 10 დღის ვადაში გამოთავისუფლების თაობაზე, ხოლო ნებაყოფლობით გამოთავისუფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განუმარტა, რომ იძულებითი გამოსახლება განხორციელდებოდა 2017 წლის 6 აპრილს. აღნიშნული გაფრთხილება ვერ ჩაბარდა ადრესატს მისამართზე არ ყოფნის გამო.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელმა 2017 წლის 6 აპრილს შეადგინა ოქმი იმის თაობაზე, რომ იგი გამოცხადდა მოვალესთან - გ.შ-სთან იძულებითი გამოსახლების მიზნით, თუმცა კრედიტორის გამოუცხადებლობის გამო გამოსახლება გადაიდო სხვა დროისათვის. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელმა 2017 წლის 2 ივნისს შეადგინა ოქმი იმის თაობაზე, რომ იგი გამოცხადდა მოვალესთან - გ.შ-სთან იძულებითი გამოსახლების მიზნით, თუმცა მოვალის მეუღლის შეუძლოდ გახდომის გამო გამოსახლება გადაიდო სხვა დროისათვის.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელმა 2017 წლის 6 დეკემბერს შეადგინა ოქმი იმის თაობაზე, რომ იგი გამოცხადდა მოვალესთან - გ.შ-სთან იძულებითი გამოსახლების მიზნით, თუმცა კრედიტორმა ქ.ჯ-ემ უარი განაცხადა სახლის გატეხვაზე, რის გამოც გამოსახლება გადაიდო სხვა დროს. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელმა 2018 წლის 26 აპრილს შეადგინა ოქმი იმის თაობაზე, რომ იგი გამოცხადდა მოვალესთან - გ.შ-სთან იძულებითი გამოსახლების მიზნით, თუმცა მოვალის მეუღლის შეუძლოდ გახდომის გამო გამოსახლება გადაიდო სხვა დროისათვის. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელმა 2019 წლის 14 ივნისს შეადგინა ოქმი იმის თაობაზე, რომ იგი გამოცხადდა მოვალესთან - გ.შ-სთან და განუმარტა, რომ დაეტოვებინა კრედიტორის - ქ.ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, რაზეც მოვალემ უარი განაცხადა.
მოსარჩელე ქ.ჯ-ემ 2019 წლის 7 ნოემბერს კვლავ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და განუმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო ჭიანურდებოდა და მოითხოვა აღსრულების დროულად უზრუნველყოფა, რაზეც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით უპასუხა, რომ აღსრულების მიზნით განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა და აღსრულება ხორციელდებოდა მხარეთა ინტერესების პროპორციულად დაცვის პრინციპით. ამასთან, აღსრულება განხორციელდებოდა პირველივე შესაძლებლობისთანავე.
მოსარჩელე ქ.ჯ-ის მიერ სარჩელის აღძვრის - 2020 წლის 29 აპრილის შემდგომ მოვალე გ.შ-ი გარდაიცვალა, რის გამოც აღსრულების პროცესი შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 27 მაისის დასკვნით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 135 კვ.მ საცხოვრებელი ფართის (მის. ..., ...ის ქუჩა №1) ქირავნობის ერთი თვის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 949 ლარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქ.ჯ-ისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემოწმება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად იმსჯელებს მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე, რომლითაც მოთხოვნილია, დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელე ქ.ჯ-ის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონოდ აღუსრულებლობით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება - სარჩელის აღძვრამდე (29.04.2020 წ) , უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის სახით, 34 164 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, საკუთრების უფლების რეალიზაციისათვის სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე საკუთრების უფლების ობიექტის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. ხსენებული დანაწესი უზრუნველყოფს საკუთრების უფლების კვალიფიციურ დაცვას, ამასთან, მითითებული მუხლი სახელმწიფო ორგანოებს ანიჭებს ფართო დისკრეციას, ჩაერიონ ამ უფლებაში: უშვებს პირის საკუთრების ჩამორთმევას „საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ და მეორე პუნქტი უფლებამოსილს ხდის სახელმწიფოს, დაადგინოს „თავისი შეხედულებისამებრ აუცილებელი კანონმდებლობა“ გადასახადებთან და სხვა შემოწირულობასა თუ სახდელებთან დაკავშირებით (იხ. სპამპინატო იტალიის წინააღმდეგ (Spampinato v. Italy), No. 23123/04, განჩინება 29.3.07.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლში ასახული პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს საკუთრების უფლების დასაცავად კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, „ფიზიკურ პირებსა თუ კომპანიებს შორის სამართალწარმოების შემცველ საქმეებთან მიმართებითაც კი“ (სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ (Sovtransavto Holding v. Ukraine), No. 48553/99, 25.9.02. 54-ე პარაგრაფი). ეს კი კონკრეტულად იმას გულისხმობს, რომ „სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ სასამართლო პროცედურები, რომლებიც სთავაზობს აუცილებელ პროცედურულ გარანტიებს და, შესაბამისად, შესაძლებელს ხდის ეროვნული სასამართლოებისთვისა და ტრიბუნალებისთვის, კერძო პირებს შორის ნებისმიერ დავაზე აწარმოონ სამართალწარმოება ეფექტიანად და სამართლიანად“ (სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ (Sovtransavto Holding v. Ukraine), No. 48553/99, 25.9.02. 96-ე პარაგრაფი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე შპს „იზა“ და ნოდარ მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი #28537/02), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40). მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება გარკვეული ვადით, საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარების აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გამართლებული იყოს განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში (Prodan v. Moldova , no. 49806/99, § 53, ECHR 2004-... (ამონარიდები)). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება პირის უფლებების დაცვის გარანტიაა და გადაწყვეტილების აღსრულება გამოიხატება გადაწყვეტილების შესაბამისად მის შესრულებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) და არ ცლის უძრავ ქონებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ აგებს პასუხს ქონების დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის. თუ, გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ადგენს ქონების აღწერის აქტს და მის ასლს გადასცემს კრედიტორს. კრედიტორის მიერ ქონების აღწერის აქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აღნიშნავს აქტში. კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა ან მოვალისათვის მათი გადაცემა. მოვალეს ეკისრება უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას) უძრავ ქონებაში მყოფი პირების მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების პოლიცია ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება.
საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, აღმასრულებლის მიერ იძულებითი გამოსახლება ჩაინიშნა 5 - ჯერ: 1) 2016 წლის 09 დეკემბერს ჩანიშნული იძულებით გამოსახლება გადიდო, ვინაიდან კრედიტორს და მოვალეს შორის შედგა მოლაპარაკება; 2) 2017 წლის 6 აპრილს ჩანიშნული იძულებითი გამოსახლების გადადების მიზეზი გახდა კრედიტორის (წარმომადგენლის) გამოუცხადებლობა; 3) 2017 წლის 02 ივნისს ჩანიშნული გამოსახლება გადაიდო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად,(მოვალის მეუღლე გახდა შეუძლოდ); 4) 2017 წლის 6 დეკემბერს ჩანიშნული იძულებით გამოსახლების გადადების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოვალე და მისის ოჯახის წევრები აღმასრულებელს ადგილზე არ დახვდა სახლის კარები იყო დაკეტილი და კრედიტორის წარმომადგენელმა უარი განაცხადა ფართის გატეხვაზე და აღნიშნული ფართის ჩაბარებაზე; 5) 2018 წლის 26 აპრილს ჩანიშნული გამოსახლება გადაიდო (მოვალის მეუღლე გახდა შეუძლოდ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკონკრეტებულია, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტავს, რომ კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი, თუკი კუმულაციურად არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი წინაპირობები: 1. საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. უმოქმედობა ატარებს უკანონო ხასიათს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას; 2. დამდგარია შედეგი პირისთვის ზიანის მიყენების სახით; 3. არსებობს პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. უნდა დადასტურდეს, რომ ზიანი წარმოიშვა სწორედ უკანონო ქმედების შედეგად; 4. ზიანის მიმყენებელი უნდა მოქმედებდეს ბრალეულად.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის თანახმად პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში, თუმცა პალატა განმარტავს, რომ ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულის თანაბრალეულობამ შეიძლება შეამციროს ან სრულად გამორიცხოს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად და სწორად შეფასებით უნდა დადგინდეს კრედიტორის თანაბრალეულობის ხარისხი, კერძოდ მიუხედავად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოსახლების მცდელობისა, თავად კრედიტორის მიერ ხომ არ მოხდა აღმასრულებლისთვის გამოსახლების ხელშეშლა ან გაჭიანურება, მრავალგზის მოლაპარაკებების (საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 02 ივნისის მორიგების აქტი, რომლითაც გამოსახლება შეჩერებულ იქნა 2017 წლის 29 სექტემბრამდე) კრედიტორის და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობისა და მის მიერ ფართის გატეხვასა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარებაზე უარის თქმის პირობებში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესიდან და საკასაციო პალატის მითითებებიდან გამომდინარე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმის ხელახალი განხილვის სტადიაზე სრულად უნდა დაადგინონ ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასონ ზიანის დაკისრებისას კრედიტორის თანაბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.
რაც შეეხება მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რომლის თანახმადაც ქ.ჯ-ემ მოითხოვა - დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 29 აპრილიდან, მოვალის გარდაცვალებამდე, სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონოდ აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 949 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის, როგორც არაპირდაპირი ზიანის, დაკმაყოფილებისთვის საჭირო წინაპირობები განმტკიცებულია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ; №ას-54-54-2018, 13.02.2018წ).
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოზიციას და განმარტავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარჩელის აღძვრის შემდგომ „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანებით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე შეჩერდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალისა და მისი თანმხლები პირების იძულებითი წესით გამოყვანა. აღნიშნული ბრძანება ძალაშია 2020 წლის 15 ივლისიდან და მითითებული საკანონმდებლო შეზღუდვა მოიხსნა 2022 წლის 1 მარტიდან. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის აღძვრიდან ორი წლის ვადაში შეჩერებული იყო კანონით მოვალეთა გამოსახლება და მოვალის - გ.შ-ის გარდაცვალების ზუსტი თარიღი დაუდგენელია (საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 26 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკონსულო დეპარტამენტის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველოს N 01/25960 წერილი, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეცნობა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქო გ.შ-ი, თუმცა გარდაცვალების ზუსტი თარიღი აღნიშნული წერილით არ დგინდება.) შესაბამისად კოვიდპანდემიის გამო გამოცხადებული მორატორიუმისა და მოვალის გარდაცვალების ზუსტი თარიღის დაუდგენლობის პირობებში ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 29 აპრილიდან, მოვალის გარდაცვალებამდე პერიოდში ზიანის სრულად დაკისრების თაობაზე კანონსაწინააღმდეგოა.
ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, თავის მხრივ, არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი
უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება და მოცემული ადმინისტრაციული საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე