საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1385(გ-24) 18 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის ქ. ნ-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 27 ნოემბერს ქ. ნ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან ქ. ნ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 1 ნოემბრის №01-567/კ ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე სამინისტროსათვის ქ. ნ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის მსგავს თანამდებობაზე აღდგენის დავალება, ასევე, თანამდებობაზე აღდგენის დღემდე ქ. ნ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 4 500 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულებით განისაზღვრა ახალი სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო, რომელიც სრულად შეესაბამება წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში მანამდე არსებულ „წამლის სააგენტოს“ უფლებამოსილებას, რომლის ... იყო მოსარჩელე. ქ. ნ-ი არ ეთანხმება მისი, როგორც მაღალკვალიფიციური თანამშრომლის გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ქ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ქ. ნ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული იმის თაობაზე, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის ნორმაზე დაყრდნობით - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით (დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება; მხარეთა წერილობითი შეთანხმება). შესაბამისად, ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ სადავო სამართალურთიერთობაში არ არის საჯარო, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგანი, არსებული მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქოსამართლებრივი კანონმდებლობიდან და დავის გადაწყვეტაც უნდა განხორციელდეს კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ აღნიშნა, რომ დაწესებულება (როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირები) ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების პროცესში არცთუ იშვიათად იყენებს ბრძანებას, როგორც გადაწყვეტილების ფორმას, რაც არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული ნების ბრძანების გამოცემის ფორმით გამოხატვას.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც განმარტებულია საჯარო სამსახურის არსი და აღნიშნა, რომ დასახელებული კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1261 მუხლით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებულ ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესზე, კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, განსახილველი დავა ვერ მიიჩნევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ ეფუძნება ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიმართ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით არ არის გამოწვეული მოპასუხის მხრიდან საჯარო მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ქ. ნ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და ამავე სასამართლოს დიდი პალატის დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ ქ. ნ-ი წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, რომლის დანიშვნის წესი და უფლებამოსილების ფარგლები გამომდინარეობდა საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაც, თავისი ხასიათით, წარმოადგენს პირთან საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი მართლზომიერების შეფასება, საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება. ქ. ნ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ადმინისტრაციული აქტია და გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის მითითება, სასამართლოს მოსაზრებით, არ არის საკმარისი დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვისათვის.
სამოქალაქო კოლეგიის განმარტებით, სადავო აქტში მარტოოდენ საქართველოს შრომის კოდექსის ნორმების მითითება, არ წარმოადგენს მის კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების საპროცესო დოკუმენტად მიჩნევის საფუძველს, არ გამორიცხავს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ქ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის დავა წარმოშობილია საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლო უნდა დადგინდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლში ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველი საქმეები, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსახილველი დავების ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში ასევე დაზუსტებულია, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა მოხდეს დავის თავისებურებების გათვალისწინებით, რაც მხარეთა ზუსტ განსაზღვრას, სასარჩელო მოთხოვნათა დეტალურ შესწავლასა და გამოსაყენებელი კანონმდებლობის შეფასებას მოითხოვს. მართალია, ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავებში ერთ-ერთ მხარედ აუცილებლად მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ „განსჯადობის საკითხში კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მის მონაწილეებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე კოდექსის 2.2 მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს ადმინისტრაციული დავის საგანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. „კანონმდებლის მითითება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში: იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ან სხვა კერძო-სამართლებრივი წყაროს ნორმებით, დავა სამოქალაქო კატეგორიისაა, უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საჯარო სამართლის სხვა წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება“ (სუსგ №ბს-844-828(გ-12), 04.04.2013წ.).
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაკავებული თანამდებობიდან ქ. ნ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 1 ნოემბრის №01-567/კ ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე სამინისტროსათვის ქ. ნ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის მსგავს თანამდებობაზე აღდგენის დავალება, ასევე, თანამდებობაზე აღდგენის დღემდე ქ. ნ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 4 500 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №01-87/კ ბრძანებით ირკვევა, რომ ქ. ნ-ი დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სსიპ წამლის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე, „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №01-16/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წამლის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
„ქ. ნ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 1 ნოემბრის №01-567/კ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „2019 წლის 19 მარტის №01-87/კ ბრძანების საფუძველზე წარმოშობილი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 2019 წლის 31 ოქტომბრის №289 შეთანხმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ წამლის სააგენტო დაფუძნდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №542 დადგენილების საფუძველზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ხოლო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წამლის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში - უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სააგენტოს უფროსი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გატარდა გარკვეული ღონისძიებები, კერძოდ, განხორციელდა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შერწყმა, კერძოდ, სსიპ წამლის სააგენტო მიუერთდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ჩამოყალიბდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახით. აღნიშნული სააგენტოს დებულებით, ხელმძღვანელ პირად განისაზღვრა დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ №ბს-289(გ-21), 19.10.2021წ.) და აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის კანონმდებლობის რეფორმირების შედეგად, 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადდა და 2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი იმავე სახელწოდებით, თუმცა არსებითად და პრინციპების დონეზე განსხვავებული ცნებებითა და ინსტიტუტებით, რომლითაც აგრეთვე შეიცვალა სახელმწიფოს ხედვა საჯარო სამსახურის ცნებასთან მიმართებით, გაფართოვდა მისი შინაარსი და განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობას არ განიხილავდა საჯარო სამსახურად, კანონმდებელმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ ამიერიდან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა განიხილება საჯარო სამსახურად, გარდა კანონით დაშვებული გამონაკლისებისა. ასეთ გამონაკლისებს კი წარმოადგენს კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო, რელიგიურ და წევრობაზე დაფუძნებული სსიპ-ებში ან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. დასახელებული კანონის 101 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ასევე საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებაში (საქმეზე №ბს-132-123(კ-07)) განვითარებული მსჯელობა, რომლის თანახმად, დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ დაკავებული თანამდებობიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არც დავა არის თავისი შინაარსის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის. დიდმა პალატამ მიუთითა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მმართველი პირი - ხელმძღვანელი ერთპიროვნულად უძღვება მის საქმიანობას და განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს, აღნიშნული ნიშნით განსხვავდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლისაგან. ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო აქტით, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ნათელია, რომ დიდმა პალატამ სსიპ-ის ხელმძღვანელი გამოყო სსიპ-ის სხვა თანამშრომლებისაგან და მისი გათავისუფლების შესახებ აქტის თაობაზე დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას მიაკუთვნა ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით: თანამდებობაზე დანიშვნის წესის და ხელმძღვანელის უფლებამოსილების საფუძველზე, ანუ, საჯარო მმართველობის ელემენტის არსებობის მხედველობაში მიღებით, სსიპ-ის ხელმძღვანელი საჯარო მოხელედ მიიჩნევა, სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით (სუსგ №ბს-225-224(გ-16), 16.06.2016წ.).
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას მასზედ, რომ ქ. ნ-ი წარმოადგენდა რა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, რომლის დანიშვნის წესი და უფლებამოსილების ფარგლები გამომდინარეობდა საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან, ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მსჯელობის გათვალისწინებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდთან საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი მართლზომიერების შეფასებაც, საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება. ხოლო ქ. ნ-ის გათავისუფლების შესახებ აქტში გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმის მითითება არ არის საკმარისი საფუძველი დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ განსჯადობის განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე