ბს-325(კ-24) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 06.12.2018წ. სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის შპს „გ...ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის - 203030.80 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 12.01.2023წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2023წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „ს...“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2024წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 12.01.2023წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ პირს, ზემოაღნიშნული კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს მოპასუხე შპს ,,გ...ის“ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა - 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით ჯამში 203030.80 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შპს ,,გ...ის“ გენერალური დირექტორის 18.05.2018წ. N030/5 წერილზე, რომლითაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ეცნობა, რომ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 15 თებერვლამდე, ქ. სენაკში მდებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგით შპს ,,გ...ის" კუთვნილი ტვირთი გადაზიდულ იქნა მხოლოდ ორჯერ - 2012 წლის სექტემბერში 401.9 ტ. ..., 17 ვაგონის მეშვეობით და 2014 წლის ნოემბერში 422 ტ. ..., 11 ვაგონით. ვინაიდან, კომპანიისთვის არ იყო ცნობილი, რომ ს... ტვირთის გადაზიდვისას იყენებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო მისასვლელს, ტვირთის ტრანსპორტირების საფასური სრულად გადაუხადეს შპს ,,ს...ას", რომელმაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უზრუნველყო ...ის ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუკი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აქვს მოთხოვნის უფლება მის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის საზღაურის ანაზღაურებაზე, ამგვარი მოთხოვნა წაყენებულ უნდა იქნეს არა შპს ,,გ...ის’’, არამედ შპს ,,ს...ის" მიმართ. საქმეში დაცული სს ,,ს...ის“ გადაზიდვის 20.09.2012წ. N318708 დავალების თანახმად, 20.09.2012წ. განხორციელებული გადაზიდვის საფასური - 1387.50 ლარი გადახდილია შპს ,,გ...ის" მიერ, ხოლო 10.11.2014წ. N430979 გადაზიდვის დავალების თანახმად, შპს "გ...ის" მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 4070.25 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. სენაკში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი მართალია 2018 წლამდე სახელმწიფო საკუთრებაში იყო რეგისტრირებული, მაგრამ სს ,,ს...“ ახორციელებდა აღნიშნულ ქონებაზე ფაქტობრივ ბატონობას და განკარგავდა მას შეხედულებისამებრ, სახელდობრ, ლიანდაგის სარგებლობისათვის იღებდა შესაბამის საზღაურს. ამასთან, მითითებულ ლიანდაგს მიიჩნევდა თავის საკუთრებად, რაც აღნიშნულია სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოსადმი გაგზავნილ წერილებში, კერძოდ, სს "ს..." მიუთითებდა, რომ 2013 წლიდან მიმდინარეობდა დავა ხსენებული ლიანდაგის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სს ,,ს...ის“ ფაქტობრივი ბატონობა ხსენებულ სალიანდაგო რკინიგზის ხაზზე შემდგომ პერიოდში აღნიშნულზე საკუთრების უფლების მოპოვებით დასრულდა, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ობიექტის - ლიანდაგის (1416.2 მ. სიგრძის) მესაკუთრე 2018 წლის 06 სექტემბრიდან გახდა სს ,,ს...“. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,გ...ის“ ჰქონდა რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის უფლება და იგი ლიანდაგით სარგებლობის ფაქტის მიმართ იყო კეთილსინდისიერი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. კასატორმა მიუთითა, რომ N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 15 თებერვლამდე. აღნიშნულ პერიოდში ამ ქონებით, სამეწარმეო მიზნით, ... ...ით დატვირთული ვაგონების გადასატანად სარგებლობდა შპს "გ...ი", რომელსაც არ გააჩნდა აღნიშნული ქონებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორმა მიუთითა, რომ სს "ს...ის" საკუთრების უფლება N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე არ არის რეგისტრირებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საკუთრების უფლებადამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს სს "...ის" 31.08.2018წ. N01-28 ბრძანება. კასატორმა აღნიშნა, რომ სს "ს...ამ" 16.08.2018წ. განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. განცხადების თანახმად, ხსენებული ლიანდაგით ხდებოთა თავდაცვის სამინისტროს ტვირთების მომსახურება. ტვირთების სპეციფიურობიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო ლიანდაგის გამართულობის მუდმივი კონტროლი, ხოლო რადგან ლიანდაგი რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად, სს "ს..." არ იყო უფლებამოსილი საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო მესამე პირის, თუნდაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მისასვლელი ლიანდაგის მოვლა-შენახვის სამუშაოების წარმოება, რის გამოც ითხოვა ქონების გადაცემა. კასატორის მითითებით სწორედ ზემოაღნიშნული გარემოება გახდა ხსენებული ლიანდაგის მესაკუთრედ სს "ს...ის" დარეგისტრირების საფუძველი. კასატორის მოსაზრებით არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ დასაბუთებით, რომ სს "ს...ის" მიერ 2013 წელს დაწყებული დავა 2018 წელს დასრულდა ქონებაზე სს "ს...ის" დარეგისტრირებით, რაც გამორიცხავდა 2018 წლამდე პერიოდში ქონებით სარგებლობის გამო შპს "გ...ისათვის" საფასურის დაკისრების შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული სს ,,ს...ის’’ სატვირთვო გადაზიდვების დირექტორის 15.02.2016წ. N872 წერილით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს ეცნობა, რომ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 15 თებერვლამდე შპს "გ...ის" მისასვლელ ლიანდაგში გატარებული იქნა 28 ვაგონი. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ 1416მ. სიგრძის ლიანდაგი წარმოადგენდა სს ,,ს...ის" საკუთრებას, ხოლო 2013 წლიდან სს ,,ს...ას" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსთან ჰქონდა სასამართლო დავა, ხსენებულ ლიანდაგზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე და სასამართლო პროცესი წერილის გაგზავნის დროისათვის (15.02.2016წ) არ იყო დასრულებული. შპს ,,გ...ის“ გენერალური დირექტორის 18.05.2018წ. N030/5 წერილით დგინდება, რომ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 15 თებერვლამდე ქ. სენაკში მდებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგით შპს ,,გ...ის" კუთვნილი ტვირთი გადაზიდულ იქნა მხოლოდ ორჯერ - 2012 წლის სექტემბერში - 401.9 ტ. ..., 17 ვაგონის მეშვეობით და 2014 წლის ნოემბერში - 422 ტ. ..., 11 ვაგონით. საქმეში დაცული სს ,,ს...ის“ გადაზიდვის 20.09.2012წ. N318708 დავალების თანახმად, 20.09.2012წ. განხორციელებული გადაზიდვის საფასური - 1387.50 ლარი გადახდილია შპს ,,გ...ის" მიერ ს...ისათვის, ხოლო 10.11.2014წ. N430979 გადაზიდვის დავალების თანახმად, შპს "გ...ის" მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 4070.25 ლარი. ამდენად, დგინდება, რომ სარკინიგზო ლიანდაგის გამოყენებით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით ლიანდაგით სარგებლობის საზღაურს იღებდა "ს...". მოპასუხის მიერ სრულად იქნა გადახდილი 2012 წლის სექტემბრისა და 2014 წლის ნოემბრის თვეში ლიანდაგით სარგებლობის საფასური სს ,,ს...ის" სასარგებლოდ. მხარეთა შორის აღნიშნული გარემოება სადავო არ გამხდარა. ამასთან, მიუხედავად N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების (2010 წლის 28 აგვისტოდან 2018 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციისა, სს ,,ს...“ ახორციელებდა აღნიშნულ ქონებაზე ფაქტობრივ ბატონობას და განკარგავდა მას შეხედულებისამებრ, სახელდობრ, ლიანდაგის სარგებლობისათვის იღებდა შესაბამის საზღაურს, რაც შპს "გ...ის" უქმნიდა სს "ს...ის" მფლობელობის მართლზომიერად მიჩნევის გონივრულ და დასაბუთებულ ვარაუდს, რის გამოც მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება შპს "გ...ის" კეთილსინდისიერ მფლობელად მიჩნევის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხსენებული ლიანდაგის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით "ს..." 2013 წლიდან აწარმოებდა სასამართლო დავას, რომელიც საბოლოოდ მხარეთა მორიგებით და სარჩელის გამოხმობით დასრულდა, რაც დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ "ს..." მიიჩნევდა რა ლიანდაგებს თავის საკუთრებად, ფაქტობრივ ბატონობასაც თავად ახორციელებდა. სწორედ აღნიშნულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება სააპელაციო სასამართლომაც, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
რაც შეეხება შპს ,,გ...ის’’ მიერ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე 10.11.2014წ. შემდგომ ვაგონების გადაზიდვას, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში დაცული არ არის, ხოლო მითითებულ პერიოდამდე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგით სარგებლობის ფაქტის მიმართ შპს "გ..." არის კეთილსინდისიერი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადგენილი შპს ,,გ...“-ს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობის შესაბამის დასაბუთებას, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე