№ბ-299-1(ბ-21) 5 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის №23(კ-20) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის დ. გ-ეის განცხადების განუხილველად დატოვების საკითხი.
საკასაციო პალატამ გამოარკვია:
2013 წლის 10 აპრილს ზ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ საბოლოოდ „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილების და „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ მემკვიდრეობის საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №... (119 კვ.მეტრის 99.1%-ზე) ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტანსაცმლის ...ს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები: თ. კ-ი, ზ. კ-ი, ა. ვ-ი, ვ. კ-ი, ვ. ჩ-ე, ს. ჯ-ი, მ. ჯ-ი, ქ. ც-ი, ზ. მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და შესაბამისი საპრივატიზაციო ჩანაწერების გაკეთების დავალების თაობაზე, შეჩერდა საქმის წარმოება მესამე პირების - ვ. კ-ისა და მ. ჯ-ის უფლებამონაცვლეების დადგენამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისისა და 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებებში დაშვებული უსწორობა და „ს. ჯ-ის“ ნაცვლად მიეთითა „ს. ა-ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის განჩინებით, გარდაცვლილი მესამე პირის, ვ. კ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი შვილები - რ. კ-იი და ს. კ-იი, მესამე პირის - გარდაცვლილი მ. ჯ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი ჯ. ჯ-ი, ხოლო გარდაცვლილი მესამე პირის - ს. ა-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი შვილი ს. ა-ი და მეუღლე მ. ო-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილება „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილება „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., ფართით 119 კვ.მ - 99.1%-ზე ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ტანსაცმლის ...ს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრებმა: თ. კ-იმა, ზ. კ-იმა, ზ. მ-ემ, ქ. ც-იმა, ა. ვ-იმა, ვ. ჩ-ემ, ვ. კ-ის უფლებამონაცვლეებმა - რ. კ-იმა და ს. კ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ტანსაცმლის ...ს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების: თ. კ-ის, ზ. კ-ის, ზ. მ-ეის, ქ. ც-ის, ა. ვ-ის, ვ. ჩ-ეის, ვ. კ-ის უფლებამონაცვლეების - რ. კ-იისა და ს. კ-იის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში №3ბ/2873-17 გარდაცვლილი ზ. მ-ეის უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა - ნ. მ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., ფართით 119 კვ.მეტრი, 99.1%-ზე ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ-იმა, ზ. კ-იმა, ნ. მ-ემ, ქ. ც-იმა, ა. ვ-იმა, ვ. ჩ-ემ, რ. კ-იმა და ს. კ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
განსახილველ საქმეზე სასამართლო სხდომები გაიმართა 2020 წლის 8 ოქტომბერსა და 2020 წლის 22 ოქტომბერს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომებზე მხარეთა მოწვევა ხორციელდებოდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ როგორც კასატორების, ისე მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის წარმომადგენლები.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 22 ოქტომბერს საქმის განხილვა დასრულებულად გამოცხადდა და სასამართლო შემადგენლობა გავიდა სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება დაინიშნა 2020 წლის 5 ნოემბერს 12:00 საათზე.
2020 წლის 3 ნოემბერს მხარეებს ეცნობათ, რომ თ. კ-ის, ზ. კ-ის, ნ. მ-ეის, ქ. ც-ის, ა. ვ-ის, ვ. ჩ-ეის, რ. კ-იისა და ს. კ-იის საკასაციო საჩივარზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო სხვა დროისათვის (მოსამართლის თვითიზოლაციაში ყოფნის და შემდგომ Covid-19 - ის დადასტურების გამო). ამდენად, გამოცხადების თარიღი ეცნობებოდათ დამატებით.
2020 წლის 11 დეკემბერს საქმეში მონაწილე მხარეების წარმომადგენლებს ეცნობათ, რომ თ. კ-ის, ზ. კ-ის, ნ. მ-ეის, ქ. ც-ის, ა. ვ-ის, ვ. ჩ-ეის, რ. კ-იისა და ს. კ-იის საკასაციო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2020 წლის 17 დეკემბერს 10:30 საათზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით თ. კ-ის, ზ. კ-ის, ნ. მ-ეის, ქ. ც-ის, ა. ვ-ის, ვ. ჩ-ეის, რ. კ-იისა და ს. კ-იის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 დეკემბრის განჩინების საჯაროდ გავრცელებით ს. ა-ის და მ. ო-ის ეცნობათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შესახებ.
2020 წლის 23 დეკემბერს კასატორების წარმომადგენლებმა დ. ვ-ამ და მ. ტ-იმა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის №ბს-23(კ-20) განჩინების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება და უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინების გამოცხადების შემდგომ მათთვის ცნობილი გახდა 2020 წლის 19 ნოემბერს - საქმის დასრულებამდე კასატორის - ა. ვ-ის (პ/ნ ...) გარდაცვალების ფაქტი, რაც წარმომადგენლის - დ. ვ-ასათვის არ იყო ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით დ. ვ-ასა და მ. ტ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის №ბს-23(კ-20) განჩინების ბათილად ცნობის, საქმის წარმოების განახლებისა და უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.
2021 წლის 5 მარტს ა. ვ-ის შესაძლო უფლებამონაცვლემ დ. გ-ეემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის №ბს-23(კ-20) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინების გამოცხადებამდე - 2020 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა მისი მამა - ა. ვ-ი (პ/ნ ...).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით განმცხადებლის - დ. გ-ეის განცხადების დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე შეჩერდა შესაბამის განცხადებაზე მიმდინარე სამართალწარმოება აწ გარდაცვლილი ა. ვ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ დ. გ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის №ბს-23(კ-20) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია მხარის გარდაცვალება. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება, ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანს მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვანი დაცვა წარმოადგენს, რათა მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. მითითებული ნორმის დათქმა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი (სუსგ 14.06.2023წ. საქმე №ას-916-2021).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარის გარდაცვალების შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმის წარმოების შეჩერების ვადა დეტერმინირებულია სამკვიდროს ქონების მიღების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვადებით. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ 2021 წლის 5 მარტს ა. ვ-ის შესაძლო უფლებამონაცვლემ დ. გ-ეემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის №23(კ-20) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინების გამოცხადებამდე - 2020 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა მისი მამა - ა. ვ-ი (პ/ნ ...).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით დ. გ-ეის განცხადება ხარვეზზე იქნა დატოვებული და განმცხადებელს მიეცა 14 დღის ვადა, რათა წარმოედგინა დაბადების მოწმობა და ნოტარიუსის მიერ გაცემული მოწმობა, რომლითაც დადასტურდებოდა დ. გ-ეის მიერ ა. ვ-ის სამკვიდრო მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტი და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის ქვითრის დედანი.
2021 წლის 16 აპრილს განმცხადებლის - დ. გ-ეის წარმომადგენელმა - მ. ტ-იმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა დ. გ-ეის დაბადების მოწმობის ასლი, სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა 14 დღით იმ მოტივით, რომ გარდაცვლილი ა. ვ-ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად და სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე სამკვიდრო ქონების მართვის უფლების მოსაპოვებლად ამზადებდნენ დოკუმენტებს, რისთვისაც ესაჭიროებოდათ დამატებითი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით დ. გ-ეის წარმომადგენლის - მ. ტ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 14 დღით.
2021 წლის 18 მაისს განმცხადებლის - დ. გ-ეის წარმომადგენელმა - მ. ტ-იმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა ნოტარიუსის მიერ გაცემული დ. გ-ეის სამკვიდროს მიღებაზე განცხადების წარდგენის შესახებ 2021 წლის 5 მაისის მოწმობა №210435752.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მესამე პირი ა. ვ-ი გარდაიცვალა 2020 წლის 19 ნოემბერს და გარდაცვალებიდან გასულია 4 (ოთხი) წელზე მეტი, შესაბამისად, მესამე პირის გარდაცვალებიდან გასულია, როგორც სამოქალაქო კოდექსით სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადა, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების ვადები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამკვიდრო მოწმობა მემკვიდრეობის მიღების საშუალებაა, მისი მეშვეობით დასტურდება სამკვიდროს მიღება და სამართალურთიერთობებში მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ადგილის დაკავება. სამკვიდრო მოწმობა მიეცემათ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, ე.ი. მემკვიდრეებს, რომლებიც ფაქტობრივად ფლობენ ან მართავენ სამკვიდროს ან შეიტანეს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 77.1 მუხლის მიხედვით ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. იმავე ინსტრუქციის 84-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს მოწმობა, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტი. სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტის დამადასტურებელი მოწმობა არ არის სამკვიდრო მოწმობა და მას არ მოჰყვება ის სამართლებრივი შედეგები, რაც სამკვიდრო მოწმობის გაცემას. აღნიშნული მოწმობა არ გულისხმობს მემკვიდრეზე უფლებრივი წინამორბედის - მამკვიდრებლის სრული ქონებრივი უფლება-მოვალეობების გადასვლას, მოწმობა შესაძლებელია იძლეოდეს სამკვიდროს ქონებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის, მესამე პირების ხელყოფისაგან სამკვიდრო მასის დაცვის უფლებამოსილებას, მაგრამ არა მოსაპოვებელ უფლებასთან დაკავშირებულ დავაში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას. პირის გარდაცვალებით ფაქტობრივად წყდება ყველა ის ურთიერთობა, რომელიც მას აკავშირებდა სხვა პირებთან და ქონებასთან, მაგრამ თავად სამართალურთიერთობა და ქონება აგრძელებს არსებობას. თუ უფლებამონაცვლეობა სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე დასაშვებია, გარდაცვლილი პირის ნაცვლად ურთიერთობაში ჩნდება მისი უფლებამონაცვლე, რომელიც ანაცვლებს მამკვიდრებელს, შესაბამისად, მემკვიდრე სწორედ სამკვიდრო მოწმობით ახდენს სამკვიდროს, ანუ იმ უფლება-მოვალეობათა ერთობლიობის მიღებას, რომელიც მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტში აქვს.
განსახილველ შემთხვევაში ა. ვ-ის უფლებამონაცვლეს ან შესაძლო/სავარაუდო უფლებამონაცვლეს წერილობითი ფორმით არ მოუმართავს სასამართლოსათვის, არ წარმოუდგენია უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ასევე არ მოუთხოვია აღნიშნული დოკუმენტის წარმოსადგენად დამატებითი ვადის განსაზღვრა, ამდენად, იმ პირობებში როდესაც დ. გ-ეის განცხადებაზე სამართალწარმოების შეჩერებიდან გასულია 3 წელზე მეტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. გ-ეის განცხადებაზე მ. მ-ეს 16.04.2021 წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, მას (მ. მ-ეს) უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე, 284-ე-285-ე, 372-ე, 399, 447-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის №23(კ-20) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. მ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს დ. გ-ეის განცხადებაზე 16.04.2021 წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი