Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-457(უს-კ-24) 03 აპრილი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-იმა 21.09.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.07.2022წ. განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ 354 კვ.მ. ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ დამხმარე დანიშნულების შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2023წ. გადაწყვეტილებით, ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ის მიერ. აპელანტმა აგრეთვე განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ქონების ზედდების ფარგლებში ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრისთვის მიწის ნაკვეთის განკარგვის აკრძალვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2024წ. განჩინებით ა. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2024წ. განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებთან ერთად საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს წარმოშობს დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე დაკავებისა და 2007 წლამდე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ ფლობის ფაქტი არ დასტურდება. მართალია, საქმეს ერთვის ა. გ-ის ოჯახის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის წლების განმავლობაში ფლობის თაობაზე მეზობლების თანხმობები და განმარტებები, თუმცა არ დასტურდება დასახელებულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის 2007 წლამდე პერიოდში განთავსების ფაქტი. ა. გ-იმა სააპელაციო სასამართლოში მიუთითა, რომ მისი ოჯახი მიწის ნაკვეთს ფლობდა 1990 წლიდან, შემდეგ გაემგზავრა საზღვარგარეთ და 2000-2007 წლებში არ იმყოფებოდა საქართველოში, 2007 წლიდან (საქართველოში დაბრუნების შემდგომ) კვლავ განაგრძო ფლობა-სარგებლობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შენობა-ნაგებობა ორთოფოტოებზე არ ჩანს (ს.ფ 89-93). მხარის მითითება იმაზე, რომ ე.წ. „სინკარები“ (ბეტონის ფილები) დროთა განმავლობაში ფერდის რელიეფის გამო მიწით დაიფარა, ვერ იქნება მიჩნეული საკითხის მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტის საკმარის არგუმენტად. მოსარჩელე მხარეც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შენობის აღდგენა და განვითარება 2007 წლის შემდგომ განახორციელა, ხოლო 2000 წლიდან 2007 წლამდე პერიოდში არც ის (რუსეთის ფედერაციაში ყოფნის გამო) და არც მისი ოჯახის წევრები აღარ ახორციელებდნენ ტერიტორიის ფლობას, ფაქტობრივად მიტოვებული ჰქონდათ. სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონების ნაწილზე სარეკრეაციო ზონალური შეზღუდვის გავრცელება ასევე გამორიცხავს მასზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის დადებითად გადაწყვეტის პერსპექტივას.

ა. გ-იმა 18.03.2024წ. სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 04.03.2024წ. განჩინებაზე. სააპელაციო სასამართლოს 11.04.2024წ. განჩინებით ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2024წ. განჩინების გაუქმებისა თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორი შეფასება არ მისცეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ა. გ-ის ოჯახი 1990 წლიდან ფლობდა ქ. თბილისში, ...ს ქ. №17-ის მიმდებარედ 354 კვ.ნ. ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას. აღნიშნული გარემოება დადასტურებული იქნა მოწმეთა ჩვენებებით და კომუნალური გადახდის ქვითრებით. ა. გ-ის კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა შპს „ტ...ს“, რომელმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ უძრავი ნივთი იპოთეკით დატვირთა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკითხის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის ხელახალი გადაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს. მოცემულ შემთხვევაში ა. გ-იმა 02.05.2018წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. ვინაიდან არ დადასტურდა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, ა. გ-ის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის სადავო განკარგულებით მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ არ დადგინდა ა. გ-ის მიერ ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული) განთავსებულია ზემოთ მითითებული კანონის ამოქმედების შემდეგ, ასევე ასაღიარებელი ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ასაღიარებელი ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ესაზღვრება დაინტერესებული პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს და ისეთ შემთხვევას, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას არ მოითხოვს მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მოსაზღვრედ, შესაბამისად შეფასებას საჭიროებს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის ფაქტი. საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. მოსარჩელე მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე ფლობისა და სარგებლობის დასადასტურებლად მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე (2.1 მუხ. „თ“ ქვ.პ.). მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51.3 მუხლიდან გამომდინარე, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სადავო ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ვერ დადგინდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა განცხადებებით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მეზობლების განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში რამდენიმე პირის წერილობითი განმარტება არ ცვლის საქმის გარემოებას (სუსგ 23.03.2020წ. საქმე №ბს-1338(კ-18)). საქმის მასალებში დაცული განცხადებები გაზის, ელექტროენერგიის და წყლის გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების მოთხოვნით, ასევე კომუნალური გადახდის ქვითრები მოიცავს 2020-2023 წლების პერიოდს, შესაბამისად აღნიშნული დოკუმენტებით აგრეთვე არ დგინდება კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის 2007 წლამდე პერიოდში განთავსების ფაქტი არ დასტურდება, შენობა-ნაგებობა აგრეთვე არ ჩანს ორთოფოტოებზე. კასატორი არ მიუთითებს საპირისპირო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. „კ...ს“ 08.12.2023წ. წერილის თანახმად შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის დასადგენად საკვლევი ობიექტი უნდა ჩანდეს ორთოფოტოზე (წლების მიხედვით), ასეთ შემთხვევაში მზადდება დასკვნა კონკრეტული შენობა-ნაგებობის ამა თუ იმ წლის ორთოფოტზე დაფიქსირებისა და ორთოფოტოს გადაღებისათვის არსებულ პერიოდში ან მანამდე შენობა-ნაგებობის აშენების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კასატორი არ მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე ან სხვა ისეთი სახის დოკუმენტზე, რომლითაც აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობა-ნაგებობის კანონის ამოქმედებამდე განთავსების ფაქტი დადასტურდებოდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს (მოსარჩელეს) საქმეზე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე. როგორც უკვე აღინიშნა, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები ადასტურებენ თვითნებურ ფლობას სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომლითაც სადავო ნაკვეთის თვითნებური დაკავება დადასტურდებოდა. სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებითად დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კომისიის სხდომაზე მოსარჩელის მიუწვევლობის ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც არ დასტურდება კომისიის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, შესაბამისად საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით კასატორის მითითება კომისიის სხდომაზე მიუწვევლობის შესახებ არ ადასტურებს გასაჩივრებული აქტის არამართლზომიერებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება კასატორის საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლით განსაზღვრულია საკუთრების უფლების აღიარების საგამონაკლისო შემთხვევები, კერძოდ მითითებული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 01.07.2022წ. წერილის თანახმად ასაღიარებელ ნაკვეთზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019წ. №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო (რზ-2) და საცხოვრებელი (სზ-6) ზონა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნული საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2024წ. განჩინება;

3. ა. გ-ის (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 29.05.2024წ. №22056908211 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე