Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-457(უს-კ-24) 20 მარტი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე, აპელანტი) - ა. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2024წ. განჩინება

დავის საგანი - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-იმა 21.09.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.07.2022წ. განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ 354 კვ.მ. ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ დამხმარე დანიშნულების შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 02.05.2018წ. განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ 354კვ.მ. უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელის მითითებით აღნიშნულ უძრავ ნივთს 1990 წლიდან ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა აწგარდაცვლილი მამა შ. გ-ი ოჯახთან ერთად. 2007 წლიდან ამ ნაკვეთს და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობას ფლობს მოსარჩელე ოჯახთან ერთად, ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, გაშენებულია მრავალწლიანი ხეხილის ხეები, სხვადასხვა კულტურები. მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადება გაეგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 26.07.2022წ. განკარგულებით ა. გ-ის უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული განკარგულება არ შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2023წ. გადაწყვეტილებით, ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ის მიერ. აპელანტმა აგრეთვე განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ქონების ზედდების ფარგლებში ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრისთვის მიწის ნაკვეთის განკარგვის აკრძალვა. განმცხადებლის მითითებით აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. იმ ნაკვეთზე, რომელსაც მოსარჩელე ფლობს 1990 წლიდან, საჯარო რეესტრში მომავალ მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „ტ...“. ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაძლოა მიიღოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც მომავალი მესაკუთრე შეძლებს ქონების განკარგვას და შესაძლო კეთილსინდისიერი ახალი მესაკუთრის არსებობის პირობებში მოსარჩელე ვეღარ შეძლებს უფლების რეალიზებას. აღნიშნულის კომპენსირებას კი თანხობრივად გამოხატული ზიანის ანაზღაურება ვერ უზრუნველყოფს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2024წ. განჩინებით ა. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა გულისხმობს იმგვარ ღონისძიებათა მიღებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გარანტირებულს გახდის სასარჩელო მოთხოვნათა რეალიზაციას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა უნდა შეეხებოდეს თავად დავის საგანს და უნდა ემსახურებოდეს მხარის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა ატარებს წინასწარ და დროებით ხასიათს და ხორციელდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად. ამ საკითხის განხილვისას სასამართლო არ ახდენს მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმებას და მტკიცებულებების შეფასებას, აღნიშნული ღონისძიების გამოყენება ეფუძნება მხოლოდ სასამართლოს გონივრულ ვარაუდს, რომ მისი განუხორციელებლობა ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ვარაუდი საბოლოოდ გავლენას მოახდენს გადაწყვეტილების მიღებისა და გამოტანის პროცესზე. განმცხადებლის მოთხოვნას შეადგენს მუნიციპალიტეტისთვის მიწის ნაკვეთის განკარგვის აკრძალვა, თუმცა დღეის მდგომარეობით განკარვასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის. განცხადებაში არსებული ზოგადი ხასიათის აღნიშვნა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის თავიდან აცილების შესახებ, არ შეიძლება ავტომატურ რეჟიმში იქცეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების უპირობო და აუცილებელ საფუძვლად. პალატამ მიიჩნია, რომ ა. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რაც მისცემდა პალატას განმცხადებლის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2024წ. განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მოსარჩელის მიერ ნაკვეთის დაკავებისა და 2007 წლამდე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი. თავად მოსარჩელე მხარე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შენობის აღდგენა და განვითარება 2007 წლის შემდგომ განახორციელა, ხოლო 2000 წლიდან 2007 წლამდე პერიოდში არც ის (რუსეთის ფედერაციაში ყოფნის გამო) და არც მისი ოჯახის წევრები აღარ ახორციელებდნენ ტერიტორიის ფლობას, ფაქტობრივად მიტოვებული ჰქონდათ. შენობა-ნაგებობა ორთოფოტოებზე არ ჩანს (ს.ფ 89-93). სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონების ნაწილზე სარეკრეაციო ზონალური შეზღუდვის გავრცელება ასევე გამორიცხავს მასზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის დადებითად გადაწყვეტის პერსპექტივას. სააპელაციო პალატის 11.03.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ის მიერ.

ა. გ-იმა 18.03.2024წ. სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 04.03.2024წ. განჩინებაზე. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სადავო ნაკვეთს ფლობს 1990 წლიდან. საჯარო რეესტრში მომავალ მესაკუთრედ შპს „ტ...ს“ რეგისტრაციის ფაქტი ქმნის იმის საფუძვლიან ეჭვს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაძლოა მიიღოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. ამის შემდგომ მომავალი მესაკუთრე შეძლებს ქონების განკარგვას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან წინარე ხელშეკრულების არსებობა არის არსებითი ხელშეკრულების დადების წინაპირობა. იქმნება უძრავი ქონების დაკარგვის რეალური საფრთხე. დავის პერიოდში ქონების განკარგვა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო აღნიშნული ზიანის ანაზღაურების უფლება ვერ უზრუნველყოფს მისი უფლების განხორციელებას, კერძოდ ვერ ჩაანაცვლებს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ერთხელ უკვე ჰქონდა ქონება საჯარო აუქციონზე გატანილი, შესაბამისად პალატის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ქონების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის წარდგენილი, არარელევანტურია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2024წ. განჩინებით ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2024წ. განჩინების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული იქნა წარმოებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2024წ. განჩინებით ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2024წ. განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს. პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, ამასთან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეიძლება გაუმართლებელ ტვირთად დააწვეს მხარეებს და ეფუძნებოდეს სასამართლოს დაუსაბუთებელ ვარაუდს. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობებში, როცა მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილებაც შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. სსკ-ის 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა უნდა შეეხებოდეს თავად დავის საგანს და უნდა ემსახურებოდეს მხარის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას. სააპელაციო სასამართლოს 11.03.2024წ. განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 17.10.2023წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 04.03.2024წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. განსახილველ შემთხვევაში ა. გ-იმა მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ქონების ზედდების ფარგლებში ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრისთვის მიწის ნაკვეთის განკარგვის აკრძალვა. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ სადავო ნაკვეთს ფლობს 1990 წლიდან. საჯარო რეესტრის მონაცემებით აღნიშნულ ნაკვეთზე მომავალ მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „ტ...“. უძრავი ნივთის მესაკუთრედ „ტ...ს“ დარეგისტრირების შემთხვევაში, შესაძლო კეთილსინდისიერი ახალი მესაკუთრის არსებობის პირობებში მოსარჩელე ვეღარ შეძლებს საკუთარი უფლების რეალიზებას. საქმის მასალებში დაცული 18.10.2023წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ 2434კვ.მ. ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო თვითმმართველი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, ხოლო 27.03.2024წ. აღნიშნულ უძრავ ნივთზე აღირიცხა სხვა პირის საკუთრების უფლება. მუნიციპალიტეტი წარმოადგენს აგრეთვე ამავე მისამართზე მდებარე 1707კვ.მ. ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფა თავის თავში მოიცავს უფლების დაცვის როგორც ძირითად, ასევე დამატებით საშუალებებს. უფლების დაცვის ძირითადი საშუალებაა სასარჩელო წარმოება, ხოლო დამატებითი საშუალება - საგანმცხადებლო წარმოება, რომელიც ცალკე, იზოლირებულად არ არსებობს და არსებით კავშირშია სასარჩელო წარმოებასთან, მისი თანმდევია. მათი ერთობლიობა კი ქმნის სასამართლო დაცვაზე უფლების რეალიზების საპროცესო-სამართლებრივ მექანიზმს (სუსგ 14.07.2016წ. საქმე №ბს-217-216(3კ-უს-16)). უფლების დაცვის ერთ-ერთ ასეთ საშულებას წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (სსკ-ის 191.1 მუხ.). სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისთვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას (სუსგ 20.02.2020წ. საქმე №ას-587-2019). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს სარჩელის დაკმაყოფილების მოსალოდნელობას, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს (სუსგ 17.06.2015წ. საქმე №ას-459-438-2015, 13.09.2016წ. საქმე №ას-754-722-2016). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს (სუსგ 01.08.2019წ. საქმე №ას-942-2019). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა ასეთი დასაბუთებული ვარაუდის მტკიცება ვერ უზრუნველყო, შესაბამისად სააპელაციო პალატის მიერ მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს თვითნებურად დაკავებულ უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის „ქონება“ შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც „რეალურად არსებულ ქონებას“, ასევე აქტივებს, მათ შორის ისეთი მოთხოვნის უფლებას, რომელთა მიმართებითაც განმცხადებელს შეუძლია ამტკიცოს, რომ უკიდურეს შემთხვევაში მას გააჩნია ქონებრივი უფლებების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობის მიღების „კანონიერი მოლოდინი“ („ფონ მალცანი გერმანიის წინააღმდეგ“, 02.03.2005წ. §74; „კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §35). იმისათვის, რომ „მოლოდინი“ იყოს „კანონიერი“, მას უნდა გააჩნდეს არა უბრალოდ იმედის სახე, არამედ უფრო კონკრეტული ხასიათი, რასაც საფუძვლად სამართლის ნორმა ან სამართლებრივი აქტი უნდა ეფუძნებოდეს („კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §49). აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.03.2024წ. განჩინებით უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ არ დადასტურდა უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობა, კერძოდ არ დგინდება ა. გ-ის მიერ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და საცხოვრებელი სახლის განთავსების ფაქტი, რაც საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე, თუმცა მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად (სუსგ 23.03.2020წ. საქმე №ბს-1338(კ-18)). რაც შეეხება კომუნალური გადახდის ქვითრებს, აღნიშნული ქვითრები ასახავს კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარდით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების მტკიცება ვერ უზრუნველყო, აგრეთვე განსახილველი საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმ ვარაუდის დაშვებისთვის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით იარსებებს მოსარჩელის კანონით დაცული უფლებების შელახვის საშიშროება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ კანონიერ ინტერესზე ან უფლების დარღვევის საშიშროებაზე მითითება არ ქმნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკმარის საფუძველს. შუამდგომლობის ავტორმა ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელსაც ემყარება მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა არის სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მისაღებად. არ არის გამართლებული იმ უფლების უზრუნველყოფა, რომელიც არ არსებობს და ეს იმთავითვე ნათელია სასამართლოსათვის. თუ არ არსებობს უფლება, არც იმის საშიშროება არსებობს, რომ იგი დაირღვევა სარჩელის უზრუნველყოფის მიუღებლობით. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისადმი, როგორც საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია და იგი უმეტესწილად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდზეა დამოკიდებული (სუსგ 03.12.2012წ. საქმე №ას-1461-1379-2012). საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 01.07.2022წ. წერილზე, რომლის თანახმად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ნაკვეთზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019წ. №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო (რზ-2) და საცხოვრებელი (სზ-6) ზონა. ორთოფოტოების მიხედვით ასაღიარებელი ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და რომელიც ზედდებაშია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) მონაცემებთან, ექცევა სარეკრეაციო ზონის ფარგლებში (ტ. 1, ს.ფ. 92). აღნიშნული გარემოება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს იმ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებასა და შესაბამის დასაბუთებას, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას დაადასტურებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. გ-ის საჩივარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 04.03.2024წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე