Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-187(კ-24) 4 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი (მოსარჩელე; მოსარჩელე ც.ძ-ას უფლებამონაცვლე) - ი.გ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მესამე პირები - ვ.ო-ი, ზ.ს-ა, თ.ბ-ი, ლ.პ-ი, ლ.ტ-ი, მ.კ-ა, მ.ც-ე, მ.ნ-ა, მ.ჩ-ე, ფ.ყ-ი, მ.ბ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 მაისს ც.ძ-ამ და ი.გ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 26 თებერვლის №000930 დადგენილებით იგი დაჯარიმებულ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში, შიდა ეზოში (ს/კ...), სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რკინის კონსტრუქციის (ჭიშკარი) მოწყობის გამო. ამავე დადგენილებით მოსარჩელეს დაევალა შიდა ეზოში მოწყობილი რკინის კონსტრუქციის (ჭიშკარი) დემონტაჟი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული რკინის კონსტრუქცია მას არ დაუმონტაჟებია და მხოლოდ სარგებლობს დასახელებული ჭიშკრით, რის გამოც ითხოვს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის №000930 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №719 ბრძანების ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით ი.გ-ისა და ც.ძ-ას შუამდგომლობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის დადგენილების (№000930 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით ც.ძ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ი.გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ვ.ო-ი, ზ.ს-ა, თ.ბ-ი, ლ.პ-ი, ლ.ტ-ი, მ.კ-ა, მ.ც-ე, მ.ნ-ა, მ.ჩ-ე, მ.ბ-ი და ფ.ყ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.გ-ის (ც.ძ-ას უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.გ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ი.გ-ის (ც.ძ-ას უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესის მარეგულირებელ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაზე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე მითითებით განმარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის განცხადებით მიმართვისა და წერილობითი დასტურის მოპოვების გარეშე, სამშენებლო საქმიანობის განხორციელება უთანაბრდება უნებართვო მშენებლობას. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ი.გ-ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე I კლასის მახასიათებლების მქონე რკინის კონსტრუქციის (ჭიშკრის) მოწყობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო სადავო ობიექტის განთავსება განეხილა, როგორც უნებართვო მშენებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.გ-იმა.

კასატორის განმარტებით, ი.გ-ი არ წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, სადაც განთავსებულია რკინის ჭიშკარი. ამასთან, ჭიშკარი მას არ დაუმონტაჟებია. შესაბამისად, ი.გ-ი ვერ იქნება მიჩნეული სამართალდამრღვევად იმ ქმედებისთვის რაც მას არ განუხორციელებია. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის №000930 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №719 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო წესრიგის სამართალი არის მართლწესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აწესრიგებს მართლწესრიგის სამართლით დაცული სიკეთეებისათვის სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების საკითხებს. სამშენებლო წესრიგის სამართალი იყოფა პრევენციულ (სამშენებლო ნებართვების სამართალი და სამშენებლო ზედამხედველობა) და რეპრესიულ (დარღვევების გამოვლენა და რეაგირება) სამშენებლო წესრიგის სამართლად. სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება, რამდენადაც მშენებლობის დასრულების შემდეგ განხორციელებული ღონისძიება შეუძლებელს გახდის ან გაართულებს საფრთხის თავიდან აცილებას. მშენებლობის აკრძალვის საფუძველი – უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან შეტყობინების გარეშე, რაც საკმარისი საფუძველია მის შესაჩერებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, გადაამოწმოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში სამშენებლო სამართალდარღვევების საკითხებს აწესრიგებდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილება, რომლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა (დადგენილების 36.1 მუხლი). აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მშენებლობის სახეობებია: ა ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ახალ მშენებლობას წარმოადგენს მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ხოლო ამავე მუხლის 74-ე პუნქტის საფუძველზე, უნებართვო მშენებლობას წარმოადგენს მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 66-ე მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. იმავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, რომლის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტით უნებართვო მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამასთან, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.

ამდენად, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ შეტყობინებას, ხოლო სხვა კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში - მშენებლობის შესაბამის ნებართვას. ამრიგად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება უნებართვო მშენებლობას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.

ამავე კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. იმავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ამასთან, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 22 ოქტომბერს შედგენილ იქნა №000930 მითითება ი.გ-ის მიმართ, რომლითაც ი.გ-ის, როგორც სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ სუბიექტს განესაზღვრა 10 კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №15-ის შიდა ეზოში (...საკადასტრო კოდი), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მოწყობილი რკინის კონსტრუქციის (ჭიშკრის) გამო. საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტითა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2021 წლის 26 თებერვლის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ №000930 მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ გამოსწორებულა. ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის №000930 დადგენილებით, ი.გ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში (ს/კ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, შიდა ეზოში რკინის კონსტრუქციის (ჭიშკრის) მოწყობისთვის. ამავე დადგენილებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მესაკუთრეებს დაევალათ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შიდა ეზოში მოწყობილი რკინის კონსტრუქციის (ჭიშკრის) დემონტაჟი.

განსახილველი დავის ფარგლებში დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, მოსარჩელე - ი.გ-ი წარმოადგენს თუ არა სამართალდამრღვევ პირს, რამდენადაც მოსარჩელის მტკიცებით, მას არ უწარმოებია რკინის კონსტრუქციის (ჭიშკრის) მოწყობა და შესაბამისად, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართალდამრღვევ სუბიექტად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ადგენს ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისა და მისი ჩადენისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგად პრინციპებს, გამორიცხავს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობისას. აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უტყუარად უნდა დაადასტუროს იმ გარემოებათა არსებობა, რომელთაც განაპირობეს კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენა, ამასთან სავარაუდო სამართალდარღვევა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს, უნებართვო მშენებლობის განხორციელების საფუძვლით, მოსარჩელის ქმედების სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევისა და მისთვის სანქციის დაკისრების კანონიერების შეფასება წარმოადგენს. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად კი, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა დიფერენცირების იმ თავისებურებაზე, რასაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 122-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, კერძოდ, სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი. შესაბამისად, პალატა დასაშვებად მიიჩნევს პასუხისმგებლობის დაკისრებას მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის იმ პირობებშიც, თუ ის არ არის უძრავი ნივთის მესაკუთრე.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 ოქტომბრის №4-6/ო-1203-20 დათვალიერების ოქმზე, რომელზეც მოსარჩელე - ი.გ-ი ხელმოწერით ადასტურებს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში (ს/კ...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების მის მიერ განხორციელების ფაქტს. გარდა ამისა, წარმოდგენილი ფოტომასალის და საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, აღნიშნული ჭიშკრით მისი მდებარეობიდან გამომდინარე უნდა სარგებლობდნენ მხოლოდ მოსარჩელე და მისი მამკვიდრებელი ც.ძ-ა. ამასთან, უდავოა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოსარჩელე ი.გ-იმა დაადასტურა სადავო ნაგებობის მის მიერ განთავსების ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნული ჭიშკარი დაამონტაჟა, ვინაიდან იყო ქურდობის და მეზობლებთან კამათის ფაქტები. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ჭიშკრის განთავსებას ადგილი აქვს საერთო საკუთრებისა და სარგებლობის ეზოს იმ მონაკვეთში, სადაც მხოლოდ მოსარჩელე ცხოვრობს და აღნიშნული სადავო ჭიშკრით სარგებლობის ინტერესი მხოლოდ ი.გ-ის აქვს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ი.გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე ი.გ-ის მიერ 22.04.12.2024 წლის N21521372193 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი.გ-ის (პირადი ნომერი...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;

3. ი.გ-ის (პირადი ნომერი...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.04.12.2024 წლის N21521372193 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე