№ბს-149(კ-24) 17 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.დ-ი
მესამე პირი - გ.კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.დ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - მ.კ-ის 2021 წლის 26 თებერვლის №11131 წერილობითი პასუხი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 აპრილის №19800 წერილობითი პასუხი, თ.დ-ის საჩივართან დაკავშირებით; ბ) დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის №1/152-20 განაჩენის შესაბამისად, თ.დ-ის აუნაზღაუროს მის მიერ გირაოს სახით გადახდილი თანხა - 4000 ლარი.
სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, გ.კ-ე საპროცესო შეთანხმებით მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შეეფარდა პირობითი მსჯავრი 5 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5000 ლარი. ამავე განაჩენით გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება გირაო და სასამართლომ გირაოს თანხის დაბრუნება მის შემტან პირზე (მოსარჩელეზე) დაადგინა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. მოსარჩელემ, 2021 წლის 20 იანვარს №2719 განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გირაოს თანხის - 4000 ლარის დაბრუნება მოითხოვა. მოსარჩელეს, 2021 წლის 26 თებერვლის №11131 ელექტრონული შეტყობინებით (წერილი ჩაბარდა 04.03.2021) აღმასრულებელი მ.კ-ისგან ეცნობა, რომ სსსკ-ის 198-ე მუხლისა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 281 მუხლის შესაბამისად, 4000 ლარი გირაოს თანხა მთლიანად ბიუჯეტში გადაირიცხა, ვინაიდან გ.კ-ეს განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმაც ჰქონდა დაკისრებული, რომლის გადახდაც არ იყო დადასტურებული.
მოსარჩელის განმარტებით, სსსკ-ის 198-ე მუხლი ნამდვილად ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიებითაც განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფას, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ გულისხმობს სხვა პირის (არა მსჯავრდებულის) მიერ შეტანილი გირაოთი ჯარიმის აღსრულების უზრუნველყოფას. მოცემული საკითხი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 281 მუხლის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ აუცილებელია გირაოს შემტანის (თუ ის მსჯავრდებული არ არის) წერილობითი თანხმობა. გარდა ამისა, სსსკ-ის 200-ე მუხლის თანახმად, გირაო ბიუჯეტში ჩაირიცხება მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებულმა დაარღვია გირაოს პირობები, რაც მოცემულ საქმეზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, გირაომ ნამდვილად უზრუნველყო სსსკ-ის 198-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება, რის გამოც განაჩენის აღსრულება არ შეფერხებულა.
მოსარჩელის განმარტებით, უდაოა, რომ დამატებითი ქონებრივი სასჯელი - ჯარიმა, განაჩენის შემადგენელი ნაწილია, თუმცა აღსრულების უზრუნველყოფა გირაოს შემტანი პირის წერილობით თანხმობის გარეშე დაუშვებელია. ჯარიმის უზრუნველყოფა, კონკრეტულ შემთხვევაში, გირაოთი არ იყო გარანტირებული, გირაოს შემტანს კი, ამის თანხმობა არ გაუცია. შესაბამისად, ჯარიმის ნაწილში განაჩენი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის ზოგადი წესებით უნდა აღსრულებულიყო. განსახილველ შემთხვევაში, გირაოს თანხით ჯარიმის აღსრულებას ძირითად საფუძვლად ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 281 მუხლი დაედო და აღმასრულებელმა ჩათვალა, რომ ეს ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ გირაო შეტანილი არ არის მსჯავრდებულის მიერ, ემსახურება ჯარიმის აღსრულების უზრუნველყოფას. აღმასრულებელმა, მოსარჩელე, როგორც გირაოს შემტანი პირი, მსჯავრდებულთან გააიგივა და მოვალედ ჩათვალა. მან მოსარჩელის წერილობითი თანხმობის გარეშე ჯარიმა გირაოს თანხიდან აღასრულა, რაც კანონის დარღვევაა, ვინაიდან როდესაც გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებული არ არის, ყველა შემთხვევაში საჭიროა გირაოს შემტანი პირის წერილობითი თანხმობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა გ.კ-ე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით თ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით (საქმე №1/152-20) დაკმაყოფილდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა.დ-ის შუამდგომლობა. დამტკიცდა პროკურორ ა.დ-ისა და ბრალდებულ გ.კ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, გ.კ-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი, ხოლო დამატებითი სასჯელი სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით და 2020 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და დადგინდა, რომ გირაოს სახით გადახდილი თანხები უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირებს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში; ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით (საქმე №1/152-20) 2021 წლის 20 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ; გ) 2019 წლის 13 დეკემბერს თ.დ-იმა, გირაოს სახით ფიზიკური პირის - გ.კ-ის სახელით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩასარიცხად გადაიხადა 1 000 (ათასი) ლარი; 2020 წლის 8 იანვარს გადაიხადა 1 000 (ათასი) ლარი, ხოლო 2020 წლის 22 თებერვალს - 2 000 (ორიათასი) ლარი; დ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის მიმართვის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული 2021 წლის 20 იანვარის №1/152-20 სააღსრულებო ფურცლის (კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი, მოვალე: გ.კ-ე; სააღსრულებო საქმე: №A21002797) აღსრულების მიზნით; ე) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - მ.კ-ის 2021 წლის 11 მარტის №A21002797-011/001 შეტყობინებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დგინდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული 2021 წლის 20 იანვარის №1/152-20 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების საკითხი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, გ.კ-ეს, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გ.კ-ეს დაეკისრა სააღსრულებო საფასური აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 7% ოდენობით (არანაკლებ 50 ლარისა). სულ ჯამში გადასახდელი თანხა შეადგენს 5070 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გ.კ-ეს გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეეძლო ნებაყოფლობით შეესრულებინა ზემოაღნიშნული მოთხოვნა და დაკისრებული თანხის ჩარიცხვა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე; ვ) გ.კ-ის სახელით შეტანილი გირაოს თანხა - 4000 ლარი დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას. აღნიშნული თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში; ზ) 2021 წლის 20 იანვარს თ.დ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გ.კ-ის სახელით გადახდილი გირაოს თანხის 4 000 (ოთხი ათასი) ლარის დაბრუნება მოითხოვა; თ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - მ.კ-ის 2021 წლის 26 თებერვლის №11131 წერილობითი პასუხით თ.დ-ის ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №152-20 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში გ.კ-ის სახელით შეტანილი თანხა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი, დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას. აღნიშნული თანხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა; ი) 2021 წლის 9 მარტს, თ.დ-იმა საჩივრით (რეგისტრაციის ნომერი...) მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის - მ.კ-ის ქმედების უკანონოდ ცნობა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხის - 4000 ლარის გირაოს შემტანისათვის დაბრუნება მოითხოვა; კ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 აპრილის №19800 წერილობითი პასუხით თ.დ-ის უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული წერილობითი პასუხის თანახმად, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სააღსრულებო საქმის მასალების თანახმად, თ.დ-ის მიერ, გ.კ-ის სახელით შეტანილი გირაოს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას დაექვემდებარა. აღნიშნული თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, 2021 წლის 26 იანვარს 2000 ლარი, 2021 წლის 10 თებერვალს 2000 ლარი.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველ, მე-2, 25-ე და 281 მუხლებზე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანების პირველ, მე-152 მუხლის პირველ პუნქტზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლზე, მე-200 მუხლზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის აღსრულების მიზნით, თ.დ-ის მიერ ფიზიკური პირის გ.კ-ის სახელით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი 4 000 (ოთხი ათასი) ლარი დაუქვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას. კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით, სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელი და მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ წარმოიშობა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულება მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე. გირაოს გამოყენების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა. ჯარიმა არის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის სახე, რომელიც სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ემსახურება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის, ესეიგი, სასჯელის მიზნების მიღწევას. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენის (საქმე №1/152-120) აღსრულება უპირობოდ უკავშირდებოდა სასამართლოს მითითებული აქტით შეფარდებული ჯარიმის, როგორც სასჯელის სახის სრულად გადახდას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 281 მუხლის ნორმატიული შინაარსი გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გირაოს სახით გადახდილი თანხა შეტანილია სხვა პირის მიერ და მსჯავრდებულის სახელით, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირი გირაოს შემტანი პირის თანხმობის გარეშე უზრუნველყოფს სასამართლოს განაჩენის აღსრულებას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გირაოს თანხის შემტანის თანხმობის გარეშე გ.კ-ის სახელით შეტანილი გირაოს თანხის ჯარიმის დასაფარად მიქცევაში გამოიხატა.
სასამართლოს განმარტებით კანონმდებლის ნებას წარმოადგენს ერთმანეთისაგან გამიჯნოს ორი შემთხვევა, კერძოდ, მოცემულობა, როდესაც გირაოს შემტანი მოქმედებს დამოუკიდებლად და როდესაც გირაო შეიტანება სხვა პირის მიერ, მაგრამ მსჯავრდებულის სახელით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში გირაოს შემტანი მოქმედებს უშუალოდ მსჯავრდებულის სახელით და წარმოადგენს მისი ნების ,,აღმასრულებელ’’ პირს. შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც კანონით დადგენილი წესით სრულდება სხვა პირის სახელით, სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს არა უშუალოდ სხვისი სახელით მოქმედი პირის, არამედ იმ პირის მიმართ, რომლის სახელითაც ხორციელდება ესა თუ ის სამართლებრივი მნიშვნელობის ქმედება. შესაბამისად, №21002797 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში გ.კ-ის სახელით შეტანილი თანხის 4000 (ოთხი ათასი) ლარის ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა წარმოადგენდა კანონშესაბამის ქმედებას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.დ-ისა და გ.კ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, თ.დ-ის და გ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის პირველი მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოდ იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მ.კ-ის 2021 წლის 26 თებერვლის №11131 წერილობითი პასუხი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 აპრილის №19800 წერილობითი პასუხი თ.დ-ის საჩივართან დაკავშირებით. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის №1/152-20 განაჩენის შესაბამისად, თ.დ-ის დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი გირაოს თანხა - 4000 ლარი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლიდან გამომდინარე კანონმდებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მხოლოდ იმ შემთხვევაში აკისრებს ვალდებულებას, მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ არსებობს ამავე ნორმით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, ზოგადი წესის თანახმად, კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე აღსრულების განხორციელებისთვის აუცილებელია როგორც მსჯავრდებულის, ასევე გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობა და ერთ-ერთი მათგანის (მსჯავრდებული და გირაოს შემტანი) წერილობით თანხმობის არარსებობა, თავის მხრივ, გამორიცხავს აღსრულების ეროვნული ბიუროს ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებას (გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხის ჯარიმის თანხის აღსასრულებლად მიქცევა). ამასთან, საგულისხმოა, რომ კანონმდებელი ამავე სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ზოგადი წესიდან ადგენს გამონაკლისს, რომელიც უკავშირდება მსჯავრდებულის თანხმობის საკითხს, კერძოდ, გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ჯარიმის თანხის აღსრულება შესაძლებელია განხორციელდეს მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით. რაც შეეხება გირაოს შემტანის (რომელიც არ არის მსჯავრდებული) წერილობითი თანხმობის არსებობას, მითითებული სამართლებრივი დებულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესი თანხმობის არარსებობის თაობაზე ვრცელდება მხოლოდ მსჯავრდებულზე და არა გირაოს შემტანზე, რომელიც არ არის მსჯავრდებული. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც გირაოს შემტანი მსჯავრდებული არ არის, გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხის ჯარიმის თანხის აღსასრულებლად მიქცევისთვის აუცილებელია გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის არსებობა. გირაოს შემტანის (რომელიც არ არის მსჯავრდებული) საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების გათვალისწინებით, მითითებული სამართლებრივი ნორმის სწორედ ამგვარი განმარტება ყველაზე ნათლად და ობიექტურად ხსნის ნორმის არსს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, გირაოს თანხა გადახდილია თ.დ-ის მიერ, ბრალდებულ გ.კ-ის სახელით, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მხოლოდ თ.დ-ის შესაბამისი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში გახდიდა შესაძლებელს გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ჯარიმის თანხის აღსრულებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
კასატორის განმარტებით, გირაო, როგორც ერთ-ერთი აღკვეთის ღონისძიების სახე გამოიყენება იმ მიზნით, რათა ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, რითაც განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა ხდება. სსსკ-ის 200-ე მუხლის თანახმად, გირაო შეიძლება იყოს უძრავი ქონება ან ფულადი თანხა. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს თანხის შეტანისას წარმოშობილი სამართალურთიერთობის მონაწილე პირია შესაბამისი საბანკო დაწესებულება, რომელიც საბანკო მომსახურებას უწევს გირაოს შემტანს და თავად გირაოს შემტანი, რომელიც ნებას გამოხატავს ბანკის კონკრეტული თანამშრომლის წინაშე. ამდენად, უშუალოდ გირაოს თანხის შეტანის ეტაპზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც სამართალურთიერთობის მონაწილე პირი, წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელესთან მიმართებით, კანონმდებელი მხოლოდ მისი სადეპოზიტო ანგარიშის, როგორც გირაოს თანხის განთავსების ადგილს მოიაზრებს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება უშუალოდ საბანკო მომსახურების მიღებისას გირაოს შემტანის ნების გამოხატვისა და ამ ნების შესაბამის დოკუმენტში ასახვასთან დაკავშირებით. სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა უშუალოდ გირაოს თანხის შეტანის ეტაპზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობის საკითხი და მისი როლი და შესაძლებლობა თანხის გადახდისას გადამხდელის ნების განსაზღვრის საკითხში. გირაოს თანხის შეტანის დროს შემტანის ნების გამოვლენა ხდება შესაბამისი ბანკის თანამშრომელთან, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღნიშნულ ნებას ადგენს ნების ადრესატი საბანკო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით - ,,ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტურის’’ შესაბამისი ფორმით. ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრის და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენის შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს სააღსრულებო წარმოებას, რომელშიც უშუალოდ თვითონ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი. სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე არსებული ურთიერთობის დადგენისას, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოიხატა, ერთი მხრივ, უშუალოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრის საშუალებით რეალურ დროში ხელმისაწვდომია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის და, მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილი ,,ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტურის’’ ფორმით, რომლითაც დგინდება გირაოს თანხის შემტანის ნება - გირაოს თანხა შეიტანა ბრალდებულის სახელით თუ მის სასარგებლოდ. აღნიშნული გარემოების დადგენას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გირაოს თანხის ჯარიმის თანხის აღსასრულებლად მიქცევის საკითხის გადაწყვეტისას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით – მისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით. მითითებული საკანონმდებლო ნორმა ადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს არა უფლებამოსილებას, არამედ ვალდებულებას სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში მიაქციოს გირაოს თანხა ჯარიმის თანხის აღსასრულებლად თუ არსებობს ამავე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. გარდა ზემოხსენებულისა, ასევე საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველ ნაწილი, რომელიც გირაოს თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის 3 სხვადასხვა ალტერნატიულ შესაძლებლობას ითვალისწინებს: ა) ანგარიშზე თანხა შეაქვს ბრალდებულს; ბ) ანგარიშზე თანხა შეაქვს ბრალდებულის სახელით სხვა პირს; გ) ანგარიშზე თანხა შეაქვს ბრალდებულის სასარგებლოდ სხვა პირს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გირაოს თანხის ჯარიმის თანხად მიქცევისთვის არ არის აუცილებელი გირაოს თანხის შემტანის წერილობითი თანხმობა იმ შემთხვევაში, როდესაც გირაოს თანხას იხდის თავად ბრალდებული ან ბრალდებულის სახელით იხდის სხვა პირი. ამგვარი რეგულაცია ემსახურება კანონმდებლის მიზანს, სწრაფად და ეფექტურად აღსრულდეს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულისათვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე გამოტანილი განაჩენები, ვინაიდან ორივე ხსენებულ შემთხვევაში ბრალდებული განკარგავს საკუთარ ქონებას - პირადად ან სხვა პირის მიერ მისი სახელით. გირაოს სახით გამოხატული ბრალდებულის ქონება კი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ბრალდებულის ვალდებულების - ჯარიმის აღსრულების უზრუნველსაყოფად მიექცევა.
განსახილველ შემთხევაში, მართალია, სასამართლომ სწორად განმარტა ციტირებული მუხლები, თუმცა აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებთან მიმართებით არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება, რომ საქმეში წარმოდგენილი ,,ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტურის’’ ფორმა ვერ აკმაყოფილებდა მტკიცებულების სტანდარტს და მასში მითითებული ჩანაწერი - ,,ბრალდებულის სახელით’’, წარმოადგენს ფორმალურ ჩანაწერს, რომელიც არსობრივად არ იყო დაკავშირებული პირის ნებასთან. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას მსჯელობის საგანი არ გამხდარა აღნიშნული ფორმის დამტკიცების სამართლებრივი საფუძვლები და გადახდის სხვა ფორმის არსებობის დადგენის საკითხი, რაც ადასტურებს სასამართლოს მიერ მოცემული საქმის ზედაპირულად განხილვის ფაქტს. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, ,,პირის მიერ ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტურის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 16 მაისის №52/04 ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს, როგორც მსჯავრდებულის სახელით, ასევე, მის სასარგებლოდ გირაოს თანხის შეტანის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ გირაოს თანხის შეტანისას პირს არ აქვს შესაძლებლობა აირჩიოს დოკუმენტის ფორმა, ვინაიდან ზემოხსენებული სამართლებრივი ბაზა პირს მისი ნების შესაბამისი დასტურის ფორმის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ,,ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტურით“ ცალსახად დგინდება გირაოს თანხის ბრალდებულის სახელით გადახდის ფაქტი. ხსენებული წერილობითი მტკიცებულება ნამდვილად აკმაყოფილებს მტკიცებულების სტანდარტს, ხოლო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნული მტკიცებულების გამაბათილებელი ან საპირწონე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გირაოს თანხის არა ბრალდებულის სახელით, არამედ ბრალდებულის სასარგებლოდ გადახდის ფაქტს. სასამართლო ზემოხსენებული მტკიცებულების შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას ნების გამოხატვისა და გადახდის დასტურის ფორმის არჩევანის შესაძლებლობის არარსებობის თაობაზე, მინიმუმ საბანკო დაწესებულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე, რაც საბოლოოდ აისახა სამართლებრივად დაუსაბუთებელ და საქმის მასალებთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით (საქმე №1/152-20) დაკმაყოფილდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა.დ-ის შუამდგომლობა. დამტკიცდა პროკურორ ა.დ-ისა და ბრალდებულ გ.კ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ.კ-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით და 2020 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და დადგინდა, რომ გირაოს სახით გადახდილი თანხები უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირებს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში (ს.ფ. 52-56); ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით (საქმე №1/152-20) 2021 წლის 20 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ (ს.ფ. 51); გ) 2019 წლის 13 დეკემბერს თ.დ-იმა გირაოს სახით, ფიზიკური პირის - გ.კ-ის სახელით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩასარიცხად გადაიხადა 1 000 (ათასი) ლარი; 2020 წლის 8 იანვარს გადაიხადა 1 000 (ათასი) ლარი, ხოლო 2020 წლის 22 თებერვალს - 2 000 (ორი ათასი) ლარი (ს.ფ. 64-66); დ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის მიმართვის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული 2021 წლის 20 იანვრის №1/152-20 სააღსრულებო ფურცლის (კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი, მოვალე: გ.კ-ე; სააღსრულებო საქმე: №A21002797) აღსრულების მიზნით (ს.ფ. 49-56); ე) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მიერ გ.კ-ეს გაეგზავნა 2021 წლის 11 მარტის №A21002797-011/001 შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული 2021 წლის 20 იანვრის №1/152-20 სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, გ.კ-ეს, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გ.კ-ეს დაეკისრა სააღსრულებო საფასური აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 7%-ის ოდენობით (არანაკლებ 50 ლარისა). სულ ჯამში გადასახდელი თანხა შეადგენს 5070 ლარს. ამავე შეტყობინებით გ.კ-ეს განემარტა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეეძლო ნებაყოფლობით შეესრულებინა ზემოაღნიშნული მოთხოვნა და დაკისრებული თანხის ჩარიცხვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (ს.ფ. 48-49, 87-90, 91-106); ვ) დადგენილია, რომ გ.კ-ის სახელით შეტანილი გირაოს თანხა - 4000 ლარი დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას. აღნიშნული თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში (ს.ფ. 107-108); ზ) 2021 წლის 20 იანვარს თ.დ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გ.კ-ის სახელით გადახდილი გირაოს თანხის - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის დაბრუნება მოითხოვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - მ.კ-ის 2021 წლის 26 თებერვლის №11131 წერილობითი პასუხით თ.დ-ის ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №152-20 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში გ.კ-ის სახელით შეტანილი თანხა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი, დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას. აღნიშნული თანხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა (ს.ფ. 22-23); თ) 2021 წლის 9 მარტს თ.დ-იმა საჩივრით (რეგისტრაციის ნომერი...) მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის - მ.კ-ის ქმედების უკანონოდ ცნობა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული ფულადი თანხის - 4000 ლარის გირაოს შემტანისათვის დაბრუნება მოითხოვა (ს.ფ. 24-28); ი) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 აპრილის №19800 წერილობითი პასუხით თ.დ-ის უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული წერილობითი პასუხის თანახმად, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სააღსრულებო საქმის მასალების თანახმად, თ.დ-ის მიერ, გ.კ-ის სახელით შეტანილი გირაოს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას დაექვემდებარა. აღნიშნული თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, 2021 წლის 26 იანვარს - 2000 ლარი, 2021 წლის 10 თებერვალს - 2000 ლარი (ს.ფ. 29-30).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასების მთავარი საგანია, დადგინდეს, ჰქონდა თუ არა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება თ.დ-ის თანხმობის გარეშე, ამ უკანასკნელის მიერ გ.კ-ის სახელით სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი გირაოს თანხა, გ.კ-ისთვის სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის საფუძველზე დამატებით დაკისრებული ჯარიმის თანხის გადახდევინების მიზნით მიექცია სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სასამართლო აქტები, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ. მითითებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით დამტკიცებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის თანახმად, ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოში - სააღსრულებო ბიუროში საქმისწარმოების ორგანიზაციის სისტემას, ადგენს სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში მიღებული დოკუმენტების აღრიცხვა-რეგისტრაციის, აღსრულების პროცესში მონაწილე მხარეების განცხადებებისა და საჩივრების მიღების და განხილვის, სააღსრულებო ფურცლების აღმასრულებლებზე განაწილების, აგრეთვე სტატისტიკური ფორმების წარმოების პერიოდულობასა და საარქივო მასალების ჩაბარების წესს.
იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განჩინებით გ.კ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო, რომელიც მოსარჩელის მიერ იქნა გადახდილი, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხაზი გაუსვას გირაოს, როგორც ერთ-ერთი აღკვეთი ღონისძიების სახის მნიშვნელობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა და უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი არ არის პირის ბრალეულობის მტკიცება, იგი წარმოადგენს მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ხელშეშლის პრევენციის საშუალებას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის საოქმო ჩანაწერი №46, II-40). აღკვეთის ღონისძიებები განსხვავებულია უშუალოდ მიზნების, მათ რეალიზაციაში გარეშე პირთა მონაწილეობის შესაძლებლობის, ბრალდებულის უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის, სპეციალური სუბიექტით/ბრალდებულის მიხედვით და ა.შ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ჯარიმა არის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის სახე, რომელიც სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ემსახურება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის, ესე იგი სასჯელის მიზნების მიღწევას. მის მოცულობას საზღვრავს სასამართლო, დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამდენად, სისხლის სამართალწარმოებაში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ გირაოს და სასჯელის სახეს - ჯარიმას სხვადასხვა მიზანი გააჩნია, თუმცა გირაო გარკვეულ შემთხვევებში იმავდროულად წარმოადგენს განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებას და შესაბამისად, ცხადია, რომ ფულადი თანხა, რომელიც გირაოს სახით განთავსებული იქნება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, შეიძლება მიქცეულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად განაჩენით დაკისრებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით. ამასთან, საყურადღებოა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 281 მუხლიდან გამომდინარე, გირაოს თანხა ვერ იქნება უპირობოდ გამოყენებული განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებად, კერძოდ, დასახელებული ნორმის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით – მისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები/გადაწყვეტილებები, მ.შ. ბს-479-459(კ-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი; №ბს-10(კ-20) 9 ივლისი, 2020 წელი).
ზემოხსენებული ნორმის დისპოზიციის სამართლებრივი ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კანონმდებლის ნებაა ერთმანეთისაგან გამიჯნოს ორი შემთხვევა, კერძოდ, 1) როდესაც გირაოს შემტანი მოქმედებს დამოუკიდებლად, თუმცა მსჯავრდებულის სასარგებლოდ და 2) როდესაც გირაო შეიტანება სხვა პირის მიერ, მაგრამ მსჯავრდებულის სახელით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლი გირაოს თანხის აღსრულების საშუალებად გამოყენების წინაპირობად იმპერატიულად მოითხოვს მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანი პირის წერილობითი თანხმობის არსებობას, იმ შემთხვევაში, როდესაც გირაო შეტანილია სხვა პირის მიერ მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რაც განსხვავდება თავად მსჯავრდებულის ან მისი სახელით სხვა პირის მიერ შეტანილი გირაოს აღსრულების საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულის და არც მისი სახელით გირაოს შემტანი პირის წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო.
ის გარემოება, რომ კანონმდებელმა ერთმანეთისაგან გამიჯნა ბრალდებულის სასარგებლოდ და ბრალდებულის სახელით შეტანილი გირაოს თანხა, დასტურდება ზემოაღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილითაც, რომლის თანახმად, ფულადი თანხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის სახელით გირაოს გადახდისას თანხის შემტანი წარმოადგენს ბრალდებულს, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების შემთხვევაში თანხის შემტანი პირი შესაძლოა მოქმედებდეს ბრალდებულის დავალების გარეშე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. საყურადღებოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლი 2010 წლის 24 სექტემბრის საკანონმდებლო ცვლილებამდე არ შეიცავდა მსგავს დათქმას და ფულადი თანხის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებას ითვალისწინებდა ბრალდებულის ან მისი სახელით სხვა პირის მიერ. რაც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლს, მხოლოდ 2010 წლის 28 ივნისის ცვლილების შემდეგ (ამოქმედდა 2010 წლის 1 სექტემბრიდან) ჩამოყალიობდა იგი ამჟამად არსებული რედაქციით და მასში გათვალისწინებულ იქნა, რომ თუ თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებულია მსჯავრდებულის მიერ ან მისი სახელით, ასეთ შემთხვევაში აღსრულების განხორციელების დროს ამ უკანასკნელთა თანხმობა საჭირო არ არის.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მართალია, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ნორმის განმარტება წარმოადგენს სასამართლოს ექსკლუზიურ კომპეტენციას, თუმცა, როდესაც წარმოიშობა სამართლებრივი ხასიათის სირთულე ნორმის განმარტებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნორმის გამოყენებისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი და სპეციალური პრინციპებით, ადმინისტრაციული ორგანოს საკანონმდებლო ვალდებულებების ჩარჩოთი, დაინტერესებული მხარის უფლება-მოვალეობებით და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ნორმის განმარტებისას, განმარტების მეთოდის არჩევასა და ნორმის შინაარსის დადგენისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ნორმით რეგულირებული ურთიერთობის ხასიათი და სპეციფიკა. გამოსაყენებელი ნორმის განმარტებისას, აუცილებლად მხედველობაში არის მისაღები თავად იმ აქტის მიზანი, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს აღნიშნული ნორმა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესი თანხმობის არარსებობის თაობაზე ვრცელდება მხოლოდ მსჯავრდებულზე და არა გირაოს შემტანზე, რომელიც არ არის მსჯავრდებული და, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გირაოს შემტანი მსჯავრებული არ არის, გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხის ჯარიმის თანხის აღსასრულებლად მიქცევისთვის აუცილებელია გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის არსებობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ამდაგვარი განმარტების შემთხვევაში, აზრი ეკარგება როგორც ამავე ნორმაში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველ ნაწილში მოცემულ განსხვავებას ბრალდებულს სახელით და ბრალდებულის სასარგებლოდ შეტანილ გირაოს თანხას შორის.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის იმდაგვარ განმარტებას, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესი თანხმობის არარსებობის თაობაზე ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ გირაოს შეტანის შემთხვევაზე, გამორიცხავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 16 მაისის №52/04 ბრძანება ,,პირის მიერ ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტურის ფორმის დამტკიცების შესახებ’’. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ფორმები ითვალისწინებს, როგორც მსჯავრდებულის სახელით, ასევე, მის სასარგებლოდ გირაოს თანხის შეტანის შესაძლებლობას. ამისათვის, შესაბამის ფორმებში მითითებულია სიტყვები „სახელით“ და „სასარგებლოდ“, რითაც გადახდის დასტური პირდაპირ იძლევა ინფორმაციას თანხის გადამხდელი მოქმედებდა მსჯავრდებულის სახელით თუ მსჯავრდებულისაგან დამოუკიდებლად, თუმცა მის სასარგებლოდ. თანხის გადახდის დასტურებს შორის მოცემული სხვაობა, ადასტურებს კანონმდებლის მიზანს (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 281 მუხლიდან გამომდინარე), ერთმანეთისაგან მომხდარიყო განსხვავება დამოუკიდებლად მოქმედი გირაოს შემტანი პირის და იმ პირის, რომელსაც გირაო შეაქვს მსჯავრდებულის სახელით. ამასთან, როგორც ამავე ბრძანებაში მითითებულია იგი მიღებულ იქნა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ კომერციულ ბანკში ან კომერციული ბანკის მიერ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გადახდილი ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის შესაბამის ანგარიშზე შეუფერხებელი და დროული ჩარიცხვის მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 13 დეკემბერს თ.დ-იმა გირაოს სახით, ფიზიკური პირის - გ.კ-ის სახელით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩასარიცხად გადაიხადა 1 000 (ათასი) ლარი; 2020 წლის 8 იანვარს გადაიხადა 1 000 (ათასი) ლარი, ხოლო 2020 წლის 22 თებერვალს - 2 000 (ორი ათასი) ლარი. საქმეში წარმოდგენილ თანხის გადახდის დასტურებში პირდაპირ არის მითითებული, რომ თ.დ-ის გირაოს თანხა გ.კ-ის სახელით შეაქვს. აღნიშნული კი, ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ გირაოს შემტანი მოქმედებდა უშუალოდ მსჯავრდებულის სახელით და მისი ნების ,,აღმასრულებელ’’ პირს წარმოადგენდა. შესაბამისად, მოქმედება, რომელიც კანონით დადგენილი წესით შესრულდა სხვა პირის სახელით (ამ შემთხვევაში თ.დ-ის მიერ გ.კ-ის სახელით), სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს არა უშუალოდ სხვისი სახელით მოქმედი პირის, არამედ იმ პირის მიმართ, რომლის სახელითაც განხორციელდა ესა თუ ის სამართლებრივი მნიშვნელობის ქმედება. ამდენად, რადგანაც გირაოს თანხა გადახდილ იქნა თ.დ-ის მიერ გ.კ-ის სახელით, აღნიშნული გირაოს თანხა იმ სამართლებრივი ღონისძიებების ჩარჩოებში მოექცევა, რომელიც გ.კ-ის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - მ.კ-ის 2021 წლის 26 თებერვლის №11131 წერილობითი პასუხი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 აპრილის №19800 წერილობითი პასუხი, თ.დ-ის საჩივართან დაკავშირებით, რომლითაც თ.დ-ის განემარტა, რომ მის მიერ გ.კ-ის სახელით შეტანილი გირაოს თანხა - 4000 (ოთხი ათასი) ლარი დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კანონშესაბამის ქმედებებს. შესაბამისად, არ არსებობს მათი უკანონოდ ცნობისა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული ფულადი თანხის - 4000 ლარის გირაოს შემტანისათვის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები.
საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 31-32), ხოლო სააპელაციო საჩივარზე - 150 ლარი (ს.ფ. 169). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. გათვალისწინებით იმისა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თ.დ-ის უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თ.დ-ის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. თ.დ-ის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია