საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1286(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - კ.დ-ა
მესამე პირი (16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მესამე პირი (16.2) - ი.ძ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 25 ნოემბერს კ.დ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, საბოლოო მოთხოვნად განისაზღვრა მოპასუხისთვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაციის გამო მიყენებული ზიანის, მოსარჩელე კ.დ-ას სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება 345 746 (სამას ორმოცდახუთი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარის ოდენობით.
სარჩელის მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ი.ძ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი №... გადაწყვეტილება, რომლითაც კ.დ-ას საკუთრებად რეგისტრირებული იყო ს/კ ... უძრავი ნივთი. ამავე გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელ ორგანოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზემოაღნიშნულ საკადასტრო ერთეულთან და მასთან ზედდებაში მყოფ, ი.ძ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით.
მოსარჩელის მითითებით, მან 2021 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, ანალოგიური მოთხოვნა წარადგინა ი.ძ-მაც, თუმცა სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რაც გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა 2021 წლის 20 ოქტომბრის №420313 გადაწყვეტილებით, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში №3/7368-21, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, მესამე პირად ჩაება ი.ძ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ.დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაციის გამო მიყენებული ზიანის, მოსარჩელე კ.დ-ას სასარგებლოდ ანაზღაურება 345 746 (სამას ორმოცდახუთი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კ.დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის - 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ №... და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2015 წლის 13 იანვარს, არასწორი ადგილმდებარეობით, ნ.გ-ის, შემდეგ - ნ.ა-სა და საბოლოოდ - მოსარჩელე კ.დ-ას საკუთრებაში არსებულ და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ზედდებით იქნა რეგისტრირებული.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით, ნ.გ-ისა და სხვა პირების მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). ამავე განაჩენით დადგენილია, რომ კ.დ-ას სახელზე გაფორმებულ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს საფუძვლად ედო გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტი (№...).
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ №... და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2015 წლის 13 იანვარს, არასწორი ადგილმდებარეობით, მოსარჩელე კ.დ-ას საკუთრებაში არსებულ და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ზედდებით უკანონოდ რეგისტრაციის გამო, მოსარჩელე კ.დ-ას მიადგა ზიანი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების საგნის - მიწის ნაკვეთის არარსებობის სახით. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებული მდგომარეობით შეუძლებელი იყო მოსარჩელის სახელზე, დაზუსტებული საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (2023 წლის 8 ივნისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურდა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №3/76-18) საფუძველზე, მესამე პირის ი.ძ-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი - 990 კვ.მ, საკადასტრო კოდი: №...), სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კ.დ-ასთვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ.გ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულ იქნა 1993 წლის 23 ივნისს, ხოლო გადახდილ თანხას წარმოადგენდა ეროვნული ვალუტა „ლარი“, რომელიც მიმოქცევაში ჩაეშვა 1995 წელს, შესაბამისად აღნიშნული უზუსტობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურს აძლევდა მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, რაც მოცემულ შემთხვევაში სათანადოდ ვერ იქნა შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სათანადოდ არ შეფასებულა დავის სწორად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, დავის გადაწყვეტისათვის სასამართლოს არ გამოუყენებია რელევანტური სამართლებრივი ნორმები. კასატორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ.გ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული იყო 1993 წლის 23 ივნისს, ხოლო გადახდილ თანხას წარმოადგენდა ეროვნული ვალუტა „ლარი“, რომელიც მიმოქცევაში ჩაეშვა 1995 წელს და აღნიშნული უზუსტობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურს აძლევდა მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, რაც მოცემულ შემთხვევაში სათანადოდ ვერ იქნა შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორი განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის საფუძველზე, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 იანვრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ..., დარეგისტრირდა ნ.გ-ის საკუთრებად 1993 წლის 23 ივნისის №327 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და 2014 წლის 29 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის (№141413689) საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 141 მუხლზე მითითებით სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ნ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტის უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევისათვის მას ერთობლიობაში უნდა ჰქონოდა გაცემის თარიღი, მიწის ნაკვეთის მისამართი და ფართობი, მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ ორი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. განსახილველ შემთხვევაში, №327 მიღება-ჩაბარების აქტს გააჩნდა აღნიშნული რეკვიზიტები, რაც რეგისტრატორის მიერ შემოწმებულ იქნა, ჩაითვალა სათანადო უფლების დამდგენ დოკუმენტად და მის საფუძველზე, №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ.გ-ის საკუთრების უფლება. კასატორის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ სხვა გარემოების კვლევის ვალდებულება და უფლებამოსილება მარეგისტრირებელ ორგანოს მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებაში არ გააჩნდა. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში მესამე პირის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაცული ინფორმაცია, არ იძლეოდა მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას, ვინაიდან იგი რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის №ბს-780(კ-20) განჩინებაზე და საქართველოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილებაზე (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მითითებით კასატორმა განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ შეძენილი იყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, კერძოდ, გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი. აღნიშნული ფაქტი კი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, ვინაიდან შექმნილი გარემოებების არსებობის პირობებში, გამოირიცხებოდა საჯარო რეესტრის ბრალეულობა. საჯარო რეესტრი რეგისტრაციის განხორციელებისას დაეყრდნო წარდგენილ დოკუმენტაციას, რომლის ნამდვილობის კვლევაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. სააგენტოს მითითებით, უდავოა, რომ ნ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა, თუ დანაშაულებრივი (გაყალბების) გზით არ მოხდებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტის შექმნა. შესაბამისად, ის შედეგი, რომ დღეს კ.დ-ას საკუთრებაში (დაუზუსტებლად) რეგისტრირებულია ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი, გამოწვეულია არა საჯარო რეესტრის ქმედებით, არამედ დოკუმენტის გაყალბების მიზეზით. შესაბამისად, სასამართლოს, ბრალის შეფასების ნაწილში, ცალსახად უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და უნდა დაედგინა, რომ ადგილი არ ჰქონია საჯარო რეესტრის ბრალეულ ქმედებას. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ძალაშია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღეს არსებული მდგომარეობითაც რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა მომავალში უფლების დამდგენი დოკუმენტის გაუქმების ფაქტი, აღნიშნული ვერ შეფასდებოდა საჯარო რეესტრის ბრალეულ ქმედებად, რადგან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახამად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
კასატორის განმარტებით, კანონმდებელმა მკაცრად განსაზღვრა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს თანამშრომელი არ აგებს პასუხს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, შესაბამისად სააგენტო არ იყო ვალდებული ეკვლია წარდგენილი №327 მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა და ეჭვი შეეტანა მის კანონიერებაში, მაშინ, როდესაც დოკუმენტი სრულად აკმაყოფილდება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და რეკვიზიტებს. ამდენად, სააგენტო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის დადასტურებული თავად ზიანის მიყენების ფაქტი, ბუნებრივია, შეუძლებელია ვისაუბროთ ადმინისტრაციული ორგანოს რაიმე ბრალთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეში დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ თავისი უფლებამოსილების განხორციელების დროს, არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და არც მისი რომელიმე თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურებულა. ამდენად, სადავო რეგისტრაცია ითვლება კანონიერად, ვიდრე იგი არ გაუქმებულა და არ დამდგარა მისი განმახორციელებელი ორგანოს/თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ზიანის დადგომის ფაქტი, ხოლო ასეთი კიდეც რომ არსებობდეს, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო/კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ზიანი არ დამდგარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბრალით და შესაბამისად არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოქმედებასა და კ.დ-ას მიმართ დამდგარ ზიანს შორის.
კასატორის შეფასებით, სასამართლომ არასწორად მოახდინა ზიანის ოდენობის განსაზღვრაც, რამდენადაც მან მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 12 დეკემბრის №008590222 ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, მოსარჩელე კ.დ-ას საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №... (...)) საბაზრო ღირებულება, იმავე თარიღის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 345 746 ლარს. აღნიშნულის საპირისპიროდ კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ კ.დ-ასა და ნ.ა-ს შორის 2015 წლის 25 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც საფუძვლად დაედო მიწის ნაკვეთზე კ.დ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ქონების ღირებულება შეადგენდა 47 000 აშშ დოლარს, ხოლო, შესაფასებელი ნაკვეთის ღირებულება 2015 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, არ იკვეთება მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომელიც გაწეულია უშუალოდ ყიდვის შემდეგ (მაგ: შენობა-ნაგებობის აგება). ასევე მნიშვნელოვანია შეფასებულიყო უძრავი ქონების მსგავსი რამდენიმე ობიექტი, რომელიც განთავსებულია იმავე უბანში, რაც სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა.
კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ ზიანის ოდენობის გამოთვლისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ დავის მსვლელობის პარალელურად, მოთხოვნის, კერძოდ ზიანის გაზრდა იყო დაუშვებელი, რითაც შეილახა მოპასუხე მხარის უფლებები. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი დააკმაყოფილა მოსარჩელის გაზრდილი მოთხოვნა, რამდენადაც დავის დაწყების დროისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დაკსვნით განსაზღვრული თანხა (236 203 ლარი), განმეორებითი ექსპერტიზის დაკსვნის საფუძველზე არასწორად გაზარდა 345 746 ლარამდე. კასატორი მიიჩნევს, რომ ზიანის დადგომა და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს კონკრეტულ მოვლენასთან მიმართებით და არ შეიძლება დავის მსვლელობასთან ერთად, მუდმივ რეჟიმში გაიზარდოს თანხა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ამავე ლოგიკით, თუ დავის მიმდინარეობის შემცირდება ნივთის საბაზრო ღირებულა, მაშინ უნდა შემცირდეს მოთხოვნილი ზიანის ოდენობაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, მოსარჩელე კ.დ-ას სასარგებლოდ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაციის გამო მიყენებული ზიანის სახით 345 746 ლარის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასახელებული კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 409-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემებით, 2002 წლის 30 ივლისს, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (№..., გადახდილია თანხა 60000 მანეთის ოდენობით), განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი), მდებარე: ქ. თბილისი, ... (საკადასტრო კოდი:...). რეგისტრაციის შედეგად უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ზ.მ-ი. აღნიშნული ქონების მესაკუთრე, 2004 წლის 17 ივნისის №1-1625 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა გ.მ-ე, ხოლო შემდგომ, 2007 წლის 3 სექტემბრის №1-3981 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე გახდა ი.ძ-ი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 იანვრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა (№..., გადახდილია თანხა 1350 ლარის ოდენობით) და სამკვიდრო მოწმობის (№141413689, 29.12.2014) საფუძველზე, უძრავი ქონება (1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი), მდებარე: ქ. თბილისი ..., დარეგისტრირდა ნ.გ-ის საკუთრებად, საკადასტრო კოდით ... ნ.გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ჯერ ნ.ა-ი, ხოლო შემდგომ კ.დ-ასა და ნ.ა-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ქონების ახალი მესაკუთრე გახდა კ.დ-ა.
დადგენილია, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით ი.ძ-ის მიერ მოთხოვნილ იქნა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, რაზედაც მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 20 ივლისის №... - გადაწყვეტილება, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებთან სრულად ზედდების საფუძვლით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ი.ძ-ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ...) მდებარეობა და ამჟამად კ.დ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა ემთხვეოდა ერთმანეთს და ხდებოდა გადაფარვა/ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთები თითქმის მთლიანად ფარავდნენ ერთმანეთს, ხოლო №327 მიღება - ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა ექსპერტიზის მიერ ვერ იქნა დადგენილი.
ი.ძ-ის მიერ, 2016 წლის 17 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტები, მათ შორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 1 ივნისის №... - გადაწყვეტილება კ.დ-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2015 წლის 13 იანვარს №... სარეგისტრაციო წარმოებაზე დადგენილი (მომზადებული) საკადასტრო საზღვრების ნაწილში. კანონიერ ძალაში შესული რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - ი.ძ-ის უძრავ ნივთზე (რეგ. №..., 30/07-2012წ. ს/კ:...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.
საქმის მასალებში არსებული, 2023 წლის 8 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მესამე პირის ი.ძ-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი - 990 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ... ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 5 სექტემბერს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები და რეგისტრირებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი:...) კ.დ-ას საკუთრებაში დარეგისტრირდა დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, რომელიც ფიზიკურად არ არსებობდა მოსარჩელის მფლობელობაში.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დასტურდება, რომ ნ.გ-ისა და სხვა პირების მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). ამავე განაჩენით ირკვევა, რომ კ.დ-ას სახელზე გაფორმებულ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე თავდაპირველ რეგისტრაციას საფუძვლად ედო გაყალბებული, 1993 წლის 23 ივნისის №327 მიღება-ჩაბარების აქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, №... და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელე კ.დ-ას საკუთრებაში არსებულ და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ზედდებით იქნა რეგისტრირებული, რაც ეწინააღმდეგება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (მუხლი 12.2), ასევე თავად საჯარო რეესტრის შექმნის მიზანს - იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი. საკანონმდებლო დანაწესის საწინააღმდეგო მოქმედების განხორციელებით ცალსახაა, რომ კ.დ-ას მიადგა ზიანი, რამდენადაც მოსარჩელეს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ განეკარგა მის საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთი და მისი საკუთრების უფლება რეალურად დარჩა საკუთრების საგნის/ობიექტის გარეშე, ამ მოცემულობით კი შეუძლებელია მოსარჩელის სახელზე დაზუსტებული საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და იკვეთება მოპასუხის მიერ კ.დ-ასთვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ვინაიდან ნ.გ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული იყო 1993 წლის 23 ივნისს, ხოლო გადახდილ თანხას წარმოადგენდა ეროვნული ვალუტა „ლარი“, რომელიც მიმოქცევაში ჩაეშვა 1995 წელს, აღნიშნული უზუსტობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურს აძლევდა მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღების მიღმა დარჩა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებებზე, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად მიიჩნევს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დანაწესი მარეგისტრირებელ ორგანოს და მის თანამშრომლებს პასუხისმგებლობას აკისრებს არა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, არამედ რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამასთან საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომელიც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. ხოლო, კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. ამდენად, აღნიშნული რეგულირება ერთი მხრივ მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს როლზე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების სწორად რეგისტრაციის და მათი დაცვის პროცესში, ხოლო მეორე მხრივ მის ვალდებულებაზე -შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელებამდე უზრუნველყოს სარეგისტრაციო და რეესტრში უკვე რეგისტრირებული მონაცემების შედარება, რათა თავიდან იქნეს არიდებული სწორედ სარეგისტრაციო ქონებაზე მესამე პირთა უფლებების არსებობა და ორმაგი რეგისტრაციების ხარჯზე პირების საკუთრების უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა, აღნიშნული კი განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს არ განუხორციელებია.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, დადგენილია, რომ კ.დ-ასა და ნ.ა-ს შორის 2015 წლის 25 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ქონების ღირებულება შეადგენდა - 47 000 აშშ დოლარს, ხოლო საქმეში არსებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 12 დეკემბრის №008590222 დასკვნით, მოსარჩელე კ.დ-ას საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №... (...)) საბაზრო ღირებულება, იმავე თარიღის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 345 746 ლარს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ამ სახით ჩამოყალიბების შემდგომ, ერთმნიშვნელოვნად გახდა განსაზღვრადი, რომ მოსარჩელე ვეღარ შეძლებდა მის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეალურ აღდგენას, რამდენადაც მოსარჩელის საკუთრების უფლება დარჩა ობიექტის გარეშე. ამდენად, სწორედ აღნიშნული მომენტი უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელისათვის კონკრეტული ზიანის მიყენების მომენტად, რისი გათვალისწინებითაც, ზიანის ოდენობის გამოსათვლელად რელევანტურ დოკუმენტს წარმოადგენს სწორედ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 12 დეკემბრის №008590222 დასკვნა, რომელიც მოსარჩელის მიერ საქმის მომზადების სტადიაზე იქნა სასამართლოში წარდგენილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 04.11.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ:...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.11.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა