Facebook Twitter

№ბს-947(კ-24) 5 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ს-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 26 ოქომბერს ზ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 ივლისის ... ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „გ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 ივლისს №... ბრძნება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 2 აპრილს შპს „გ...მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ №... განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რესპონდენტის - ზ. ს-ის მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - შპს „გ...მა“ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 2019 წლის 8 მაისის შეთანხმებასა და 2012 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებაზე. განცხადების თანახმად, აპლიკანტის - შპს „გ...ს“ მოთხოვნა რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 17 241.62 ლარს.

პალატამ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის პირველ პუნქტზე, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის №ბს-686(2კ-19) განჩინებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „გამარტივებული წარმოების ფარგლებში განცხადების წარდგენისას არ ხდება სააღსრულებო ფურცლის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც სათანადო ორგანოს მიერ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კონკრეტული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში მხარე წარადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს, რომ გააჩნია ვადამოსული ფულადი მოთხოვნა. ამდენად, ასეთი წარმოებისას მოთხოვნის არსებობა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოთა მიერ გაცემული, ოფიციალური დოკუმენტით კი არ დგინდება, არამედ კერძო პირთა მიერ წარდგენილი ინფორმაციით. შესაბამისად, მსგავსი წარმოების ფარგლებში გაცილებით მეტი რისკი და საფრთხე არსებობს, რომ არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ იქნეს წარდგენილი განცხადება და ინფორმაცია და დაირღვეს მოვალედ მითითებული პირის უფლებები. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სწორედ ამიტომ, გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ყურადღებით და საგულდაგულოდ შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი, დაადგინოს ხარვეზი წარდგენილ განცხადებაზე“.

პალატის მითითებით, საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 2012 წლის 24 თებერვალს 36 თვის ვადით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სათანადოდ შემოწმება, აღსრულების ეროვნულ ბიუროს აპლიკანტისთვის არ მოუთხოვია მხარეთა შორის 10 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების, ვადამოსულობის და არც ხანდაზმულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში წარმოდგენილი სესხის გადახდის გრაფიკით დგინდებოდა, რომ ზ. ს-ის 2017 წლის 26 ივნისის შემდეგ სესხი არ გადაუხდია, შესაბამისად, მხარეთა ინტერესების სათანადოდ დაცვა და კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, სადავო შემთხვევაში, მოსარჩელისთვის განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს წარმოშობდა და საფუძველს აცლიდა დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 14 ივლისის №... ბრძანების გამოცემას. სადავო ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქალაქო სასამართლოს მიერ დასახელებულ იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ასევე არ გამოუკვლევია მხარეებს შორის იყო თუ არა შეთანხმება მოთხოვნის უფლების დათმობაზე, ასევე 2019 წლის 8 მაისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით არ იკვეთება კონკრეტული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების გადაცემის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის XVI პრიმა თავით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონის 913 მუხლი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს აპლიკანტი/რესპოდენტი, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მხარეები გამარტივებულ წარმოებაში. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. მითითებული ნორმის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ რესპოდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას.

საქმის მასალებით დასტურდება რომ რესპოდენტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება ჩაბარდა პირადად. ვინაიდან რესპოდენტმა არ შეასრულა ვალდებულებები, 2021 წლის14 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

კასატორის მითითებით, სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, სასამართლო უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფულადი ვალდებულებების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები. ვინაიდან, აღნიშნული კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა გამარტივებული წარმოების წესით განსაზღვრული მოქმედებანი. სადავო განჩინებაში სასამართლო ზემოხსენებულ ვალდებულებას განიხილავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 913 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესზე მითითებით, რომლის მიხედვითაც, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს აპლიკანტის ვადამოსული მოთხოვნა. სასამართლოს განმარტებით, მართალია, აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ მოახდენს მხარეთა მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების ნამდვილობის თუ ბათილობის საკითხის შეფასებას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ბიუროს აქვს კომპეტენცია შეაფასოს, რამდენად არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ვადამოსული, მისი შეფასების საგანი ასევე უნდა იყოს აქვს თუ არა კრედიტორს მოთხოვნის უფლება, კერძოდ, რამდენად დაცულია განცხადების წარდგენის დროისთვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოება აუცილებელია იმისთვის, რომ გამოირიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. ზემოხსენებული მსჯელობის საპირწონედ, კასატორი მუითითებს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ივლისის კანონიერ ძალაში შესული No3/6013-20 გადაწყვეტილებაზე (მოსარჩელე: დ. ნ-ა, მოსამართლე: მერი გულუაშვილი), სადაც სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულება, შეამოწმოს აპლიკანტის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი მხარე, არ გულისხმობს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობისა და ამდენად, მისი კანონიერების/ნამდვილობის შემოწმების ვალდებულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის 24 თებერვალს სს „ს...სა“ და ზ. ს-ის შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 4 659 ლარი, 36 თვის ვადით. 2019 წლის 8 მაისს სს „ს...სა“ და შპს „გ...ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც სს „ს...მა“ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „გ...ს“.

დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 7 აპრილს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №... შეტყობინებით ზ. ს-ის ეცნობა, რომ 2021 წლის 2 აპრილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებული იყო შპს „გ...ს“ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენდა 17 241.62 ლარს, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული იყო 2012 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება და 2019 წლის 8 მაისის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება. ამავე შეტყობინებით ზ. ს-ის მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, რათა განეხორციელებინა ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარა აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაეფარა დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდა; წარედგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდა აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ თუ არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემოდა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე. ზემოაღნიშნული შეტყობინება ზ. ს-ის ჩაბარდა 2021 წლის 29 ივნისს.

2021 წლის 14 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №... ბრძანება, რომლის თანახმად, ზ. ს-ის დაეკისრა დავალიანების გადახდა 17 241.62 ლარის ოდენობით. 2021 წლის 22 მარტს შპს ,,გ...ს’’ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ზ. ს-ის დავალიანება შეადგენდა 17 141.62 ლარს (ძირი თანხა - 3970,09 ლარი, პროცენტი - 5231,35 ლარი, პირგასამტეხლო - 7940.18 ლარი). 2021 წლის 7 სექტემბერს კრედიტორ შპს ,,გ...ს’’ მიმართვის საფუძველზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2021 წლის 7 სექტემბერს ზ. ს-ითან გაგზავნილი იქნა სააღსრულებო საქმეზე № A21133052-005/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (2021 წლის 14 ივლისის აქტი №...). ამასთან, დადგენილია, რომ კრედიტის დაფარვის შესახებ გრაფიკის მიხედვით, ზ. ს-ის 2012 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებაზე, ბოლო გადახდა განხორციელებული ჰქონდა 2017 წლის 26 ივნისს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. ამავე კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავალიანების გადახდევინების შესახებ წარმოების დასაწყებად, სავალდებულო იყო - აპლინკატის მიერ ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომლის ფარგლებშიც შპს „გ...მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2012 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება და 2019 წლის 8 მაისის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება წარუდგინა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 14 ივლისს გამოიცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №... ბრძანება, რომლის თანახმად, ზ. ს-ის 17 241.62 ლარის გადახდა დაეკისრა. წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის შეფასებას საჭიროებს დავალიანების გადახდევინების შესახებ 2021 წლის 14 ივლისს №... ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლიანობა.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 24 თებერვალს სს „ს...სა“ და ზ. ს-ის შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „გ...მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა 2021 წლის 2 აპრილს ანუ ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 წლის, ხოლო ბოლო გადახდის განხორციელებიდან დაახლოებით 4 წლის შემდეგ. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების ვადა შეადგენდა 36 თვეს. ზემოხსენებული მოცემულობის მიუხედავად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „გ...ს“ მიერ წარდგენილი ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას ყურადღება არ გაუმახვილებია აპლიკანტის მოთხოვნის ხანდზმულობის საკითხთან დაკავშირებით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განცხადება შეეხებოდა უკვე ხანდაზმულ მოთხოვნას (2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას), სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკისრებოდა ვალდებულება სათანადოდ შეეფასებინა წარდგენილი მტკიცებულებები და აპლიკანტისათვის დაევალებინა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, რომელთა მეშვეობით დადგინდებოდა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებები და მის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები ამომწურავად ვერ იქნება განსაზღვრული კანონმდებლობით. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დამატებით შეაგროვოს საჭირო მტკიცებულებები, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოება არის საჯარო მმართველობის განხორციელების სამართლებრივი ინსტრუმენტი და იგი გამოიყენება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფის ინსტრუმენტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სადავო აქტის უკანონობასთან დაკავშირებით.

ამდენად, წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სადავო ბრაძნების უკანონობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) 2024 წლის 30 ივლისის №13645 საგადახდო მოთხოვნით, გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 30 ივლისის №13645 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია