საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1208(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ს-ო
მესამე პირები - ნ.ბ-ი, ს.ჭ-ე
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 31 დეკემბერს მ.ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მ.ჭ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
სასარჩელო მოთხოვნებისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 სექტემბრის №..., 2020 წლის 05 ოქტომბრის №..., 2020 წლის 26 ნოემბრის №..., 2020 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ნოემბრის №..., 2020 წლის 10 დეკემბრის №... და 2020 წლის 28 დეკემბრის ... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ.ბ-ი და ს.ჭ-ე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის გარდაცვალების გამო, მოსარჩელე მ.ჭ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა.ს-ო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.ს-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 სექტემბრის №..., 2020 წლის 05 ოქტომბრის №... 2020 წლის 26 ნოემბრის №..., 2020 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები, ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ნოემბრის №..., 2020 წლის 10 დეკემბრის №..., 28 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს მოძიებული და საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაცია იძლეოდა თითოეული თანამესაკუთრის კუთვნილი წილის განსაზღვრის/გამოთვლის შესაძლებლობას. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ჯერ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ხოლო შემდგომ შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები, ასევე განმცხადებელს უარი უთხრა ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე, ხოლო მ.ჭ-ის საჩივართან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა რეალურად ვის სახელზე რეგისტრირებული ფართი უნდა შემცირებულიყო, რის გამოც დაავალა მარეგისტრირებელ ორგანოს დაერეგისტრირებინა მ.ჭ-ისა და სხვა თანამესაკუთრეთა საკუთრების უფლება კონკრეტული წილის მითითების გარეშე, რაც საბოლოოდ აისახა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით აღრიცხული იყო სამი მესაკუთრე, რომელთა შორის წილები განაწილებული იყო არასწორად. მარეგისტრირებელმა ორგანომ მხოლოდ ამ არასრულ მონაცემზე დაყრდნობით დაარეგისტრირა მესაკუთრეთა საკუთრების უფლება, შესაბამისი წილების მითითების გარეშე, ისე, რომ არ გამოუკვლევია სხვა დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იყო წილების სწორად განსაზღვრა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდიდა ცნობა-დახასიათებაში მითითებულ მონაცემებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნავს, რომ სააღრიცხვო მასალის ბოლო მონაცემების შესაბამისად, თავფურცელზე (მესაკუთრე/მოსარგებლეთა სია) მითითებულნი არიან: ს.ჭ-ე - საფუძველი: 03.11.1970 წლის №245 სამემკვიდრეო მოწმობა. ნოტარიუსი: ჩ-ი (ხელშეკრულებაში მითითებულია 1/3 წილი). ნ.ბ-ი - საფუძველი: 29.11.1993 წლის №2562 კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ნოტარიუსი: ჩ-ი (ხელშეკრულებაში მითითებულია 1/3 წილი). მ.ჭ-ე - საფუძველი: 13.02.1988 წლის №2-04 კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ნოტარიუსი: რ-ე (ხელშეკრულებაში მითითებულია 2/3 წილი). საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრმა სწორად შეაფასა წარმოების ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
კასატორი მიუთითებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავენ, რომ საჯარო რეესტრი მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს რეალურად ვის სახელზე აღრიცხული ფართი უნდა შემცირდეს, თუმცა, რადგან დგინდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით აღრიცხულია სამი თანამესაკუთრე და მათ შორის წილები გადანაწილებულია არასწორად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მ.ჭ-ე დაარეგისტრირა თანამესაკუთრედ წილის მითითების გარეშე და ასევე, წილის მითითების გარეშე აღრიცხა ს.ჭ-ისა და ნ.ბ-ის საკუთრებაც.
გარდა აღნიშნულისა, რეგისტრირებულ ჩანაწერებში საჯარო რეესტრმა მიუთითა „თანამესაკუთრე“, რადგან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია ხელშეკრულებები, რომლებიც გაუქმებული არ არის, კერძოდ, ს.ჭ-ემ ი.ბ-ზე გაასხვისა 2/6 (1/3) ნაწილი, რომელიც საბოლოოდ აღირიცხა ა.ბ-ას საკუთრებაში და თავის მხრივ, ა.ბ-ამ 33.4 კვ.მ ფართის სახლის ნაწილი, შეთანხმების საფუძველზე, სათანადო ანაზღაურებით დაუბრუნა ა.ჭ-ეს. შესაბამისად, ამჟამად რეგისტრირებული მონაცემები შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს, ამდენად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 სექტემბრის №..., 2020 წლის 05 ოქტომბრის №..., 2020 წლის 26 ნოემბრის №..., 2020 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ნოემბრის №..., 2020 წლის 10 დეკემბრის №... და 2020 წლის 28 დეკემბრის ... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ (სასკ 32.4) დაკმაყოფილების შესახებ, გასაჩივრებული აქვთ მხოლოდ მოპასუხე მხარეებს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს. სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს შედავება არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს, ადმინისტრაციული ორგანოების საკასაციო საჩივრების ფარგლებში, მხოლოდ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ქ. ბორჯომში, ... (...ის) ქ. №31-ში მდებარე უძრავი ნივთი წარმოადგენდა კერძო სახლთმფლობელობას და აღრიცხული იყო ს.ჭ-ის სახელზე. 1962 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდებოდა, რომ ს.ჭ-ემ რ.ბ-ს მიჰყიდა სახლთმფლობელობის 2/6 ნაწილი, მდებარე: ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №16-ში.
1964 წლის 9 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ს.ჭ-ემ ი.ბ-ს მიჰყიდა სახლთმფლობელობის 2/6 ნაწილი, რომელიც მდებარეობდა ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №16-ში.
1970 წლის 26 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 1969 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი ს.ჭ-ის ანდერძი იქნა დამოწმებული, რომლის თანახმადაც მან ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №16-ში მდებარე სახლთმფლობელობის, 2/3 ნაწილი უანდერძა მის შვილს ა.ჭ-ეს.
1970 წლის 26 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობით დადგინდა, რომ 1969 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი ს.ჭ-ის ანდერძი იქნა დამოწმებული, რომლის თანახმადაც, მან მისი სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილი უანდერძა მის შვილიშვილს ს.ჭ-ეს.
1973 წლის 12 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით რ.ბ-მა ე.გ-ას აჩუქა ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №16-ში მდებარე სახლთმფლობელობის 2/6 ნაწილი.
1993 წლის 4 მარტის ხელშეკრულებით გ-მა კ.ბ-ის აჩუქა ქ. ბორჯომში, ... ქ. №31-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/3 წილი.
1993 წლის 29 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ 1993 წლის 2 აპრილს გარდაცვლილი კ.ბ-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა ნ.ბ-ი, რომელმაც სამკვიდროს სახით მიიღო ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3 წილი.
1988 წლის 13 თებერვლის სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ 1987 წლის 29 მარტს გარდაცვლილი ა.ჭ-ის მემკვიდრედ ცნობილი იქნა მ.ჭ-ე, რომელმაც სამკვიდროს სახით მიიღო საცხოვრებელი სახლის, 2/3 ნაწილი მდებარე ბორჯომში, ...ის ქ.№31-ში.
სააღრიცხვო მასალების მიხედვით, 1978 წლის 20 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობით ი.ბ-მა სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილი მემკვიდრეობით გადასცა ა.ბ-ას. 1981 წლის 30 ივნისის №160 ბორჯომის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 33.4 კვ.მ. ფართის სახლის ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა ა.ბ-ას, ჩაითვალა არასაცხოვრებლად და ბ-ამ შეთანხმების საფუძველზე სათანადო ანაზღაურებით დაუბრუნა აღნიშნული ფართი სახლთმფლობელს ა.ჭ-ეს.
ცნობა-დახასიათების მიხედვით, ბორჯომში, ... (...ის) ქ. №31-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ს.ჭ-ე - 1/3 წილი, მ.ჭ-ე - 2/3 წილი, ნ.ბ-ი - 1/3 წილი.
2010 წლის 5 ნოემბერს ნ.ბ-იმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. ბორჯომში, ... ქ. №31-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2010 წლის 12 დეკემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება საკუთრების რეგისტრაციის შესახებ, რომლის შედეგადაც ნ.ბ-ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბორჯომში, ... ქ.№31-ში, ს.კ:....
2018 წლის 11 ივნისს ს.ჭ-ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე ქ. ბორჯომში, ... ქ. №31-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 15 ივნისს მიიღო №... გადაწყვეტილება საკუთრების რეგისტრაციის შესახებ, რომლის შედეგადაც ს.ჭ-ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბორჯომი, ... ქ.№31, ს.კ....; - 1/3 წილი.
2020 წლის 2 სექტემბერს მ.ჭ-ის წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მემკვიდრეობის საფუძველზე, ქ. ბორჯომში, ... ქ. №31-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 8 სექტემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის შედეგადაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტად მოძიებულ იქნა ცნობა-დახასიათება №..., საიდანაც დადგინდა შეუსაბამობა წილების გადანაწილებაში, შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს ეთხოვა თანამესაკუთრეების - ნ.ბ-ის, ს.ჭ-ისა და მ.ჭ-ის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა, წილების გადანაწილების თაობაზე.
2020 წლის 15 სექტემბერს მ.ჭ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და აცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერების თანახმად ს.ჭ-ის სახელზე რეგისტრირებული იყო მთელი ქონების 1/3 (ს.კ. N...), რაც მოიცავდა ასევე ე.გ-ის კუთვნილ ქონებას, და არა ს.ჭ-ის დანაშთი ქონების 1/3-ს. შესაბამისად, თავის დროზე დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო, დღეის მდგომარეობით ს.ჭ-ის წილი არასწორად იყო რეგისტრირებული, რის გამოც მ.ჭ-ეს ხელი ეშლებოდა თავისი კუთვნილი 2/3 წილი ქონების რეგისტრაციაში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 21 სექტემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც დაინტერესებულ პირს კვლავ ეცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტად მოძიებულ იქნა ცნობა-დახასიათება №..., საიდანაც დაადგინა შეუსაბამობა წილების გადანაწილებაში, შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს ეთხოვა თანამესაკუთრეების -ნ.ბ-ის, ს.ჭ-ისა და მ.ჭ-ის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა, წილების გადანაწილების თაობაზე.
2020 წლის 2 ოქტომბერს მ.ჭ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და აცნობა, რომ ცნობა-დახასიათებაში არის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, მექანიკური შეცდომა იყო ტექ.ბიუროს დოკუმენტაციაში არსებული ს.ჭ-ის ქონების 1/3 და 2/3 ნაცვლად, სრული ქონების 1/3 და 2/3 მითითება, რამაც ე.გ-ის 1/3 წილთან ერთობლიობაში შექმნა ტექნიკური გაუგებრობა. შესაბამისად, უნდა გასწორებულიყო ცნობა-დახასიათებაში მოცემული შეცდომა, ე.გ-ის სახელზე რიცხული წილი 1/3 უნდა დარჩენილიყო უცვლელი. ს.ჭ-ის წილი ნაცვლად 1/3-სა უნდა განსაზღვრულიყო 2/9-ით, ხოლო მ.ჭ-ის სახელზე უნდა დარეგისტრირებულიყო 4/9 წილი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 5 ოქტომბერს მიიღო №... გადაწყვეტილება, ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ მონაცემებს.
მარეგისტრირებელი ორგანოს 2020 წლის 8 ოქტომბრის №... და 9 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა 2020 წლის 23 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით.
მარეგისტრირებელი ორგანოს 2020 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა 2020 წლის 23 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 24 ნოემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ გაუქმდა მარეგისტრირებელი ორგანოს 2020 წლის 8 ოქტომბრის №... და 9 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა მ.ჭ-ის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება გადაწყვეტილების 3.2.5 პუნქტის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა რეალურად ვის სახელზე აღრიცხული ფართი უნდა შემცირებულიყო, თუმცა რადგან ირკვეოდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით აღრიცხულია სამი თანამესაკუთრე და მათ შორის წილები გადანაწილებული იყო არასწორად, მ.ჭ-ე უნდა დარეგისტრირებულიყო თანამესაკუთრედ წილის მითითების გარეშე და ასევე, წილის მითითების გარეშე უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული ს.ჭ-ის და ნ.ბ-ის საკუთრებაც. ასევე, საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ ჩანაწერებში უნდა ყოფილიყო მითითებული „თანამესაკუთრე“, რადგან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ხელშეკრულებები, რომლების გაუქმებული არ იყო, კერძოდ, ს.ჭ-ემ ი.ბ-იზე გაასხვისა 2/6 (1/3) ნაწილი, რომელიც საბოლოოდ აღირიცხა ა.ბ-ას საკუთრებაში და თავის მხრივ, ა.ბ-ამ 33,4 კვ.მ. ფართის სახლის ნაწილი, შეთანხმების საფუძველზე სათანადო ანაზღაურებით დაუბრუნა ა.ჭ-ეს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ნოემბრის №... გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელე მხარის მიერ, თუმცა 2020 წლის №... გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, ხოლო 2020 წლის 2 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და უძრავი ქონება მდებარე ქ. ბორჯომში, ... ქ. №31-ში, ს.კ...., დარეგისტრირდა მ.ჭ-ის, ნ.ბ-ის, ს.ჭ-ის თანასაკუთრებად, მესაკუთრეთა გრაფაში მითითებულია თანამესაკუთრე.
მ.ჭ-ის წარმომადგენელმა 2020 წლის 22 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ნოემბრის №... გადაწყვეტილების 3.2.6. ნაწილში შესწორების შეტანა მოითხოვა, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერში თანამესაკუთრის მიუთითებლობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 28 დეკემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; სარეგისტრაციო დოკუმენტაცია კი არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უფლების რეგისტრაცია უნდა ეფუძნებოდეს და შეესაბამებოდეს უფლების დამდგენ დოკუმენტს. საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა გამომდინარეობდეს და ასახავდეს უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებულ მდგომარეობას, საკუთრების უფლების ფარგლებს საკუთრების ობიექტთან დაკავშირებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. განსახილველ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ რეგისტრირებული მონაცემები არ იყო თანხვედრაში უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან. აღნიშნულს ადასტურებდა თავად კასატორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 8 სექტემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის შედეგადაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტად მოძიებულ იქნა ცნობა-დახასიათება №... საიდანაც დაადგინა შეუსაბამობა წილების გადანაწილების ნაწილში, შესაბამისად დაინტერესებულ მხარეს ეთხოვა თანამესაკუთრეების - ნ.ბ-ის, ს.ჭ-ის და მ.ჭ-ის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა წილების გადანაწილების თაობაზე.
ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 24 ნოემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. გაუქმდა მარეგისტრირებელი ორგანოს 2020 წლის 8 ოქტომბრის №... და 9 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა მ.ჭ-ის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება გადაწყვეტილების 3.2.5 პუნქტის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა რეალურად ვის სახელზე აღრიცხული ფართი უნდა შემცირებულიყო, თუმცა რადგან დგინდებოდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით აღრიცხული იყო სამი თანამესაკუთრე და მათ შორის წილები გადანაწილებული იყო არასწორად, მ.ჭ-ე უნდა დარეგისტრირებულიყო თანამესაკუთრედ წილის მითითების გარეშე და ასევე, წილის მითითების გარეშე უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული ს.ჭ-ის და ნ.ბ-ის საკუთრებაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რეგისტრირებული მონაცემების უზუსტობა და ურთიერთშეუსაბამობა გამოწვეული იყო უფლების ობიექტზე წარსულში არასწორად განხორციელებული უფლების რეგისტრაციებით, რაც განსახილველ საქმეზე უდავოდ დადგენილია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, განხორციელებული სადავო რეგისტრაციის ფარგლებში, მოპასუხის მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისა და შეფასების ვალდებულების დარღვევის თაობაზე და აქვე აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისად მოსარჩელისა და მესამე პირთა უფლების ფარგლების დადგენა არ მომხდარა, საფუძველს მოკლებულია კასატორის პოზიცია გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებული საარქივო უფლების დამდგენი დოკუმენტაცია იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს განსაზღვრული მესაკუთრეები და მათი საკუთრების წილები მთელ ქონებაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, უძრავ ქონებაზე მესაკუთრეთა წილობრივი მონაცემების გარეშე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია, ეწინააღმდეგება და ლახავს იმ მესაკუთრის საკუთრების ფარგლებს, რომლის რეალური წილიც აღემატება სხვა თანამესაკუთრეთა წილობრივ მაჩვენებელს. ამასთან, წილების მითითების გარეშე უფლების რეგისტრაცია არ ასახავს უძრავ ნივთზე, საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უფლება-მოვალეობათა რეალურ მდგომარეობას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მიიღო დასაბუთებული განჩინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.10.24 წ. №53782 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე