ბს-1196 (კ-22) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2021წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს "...მა" 05.11.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 29.03.2018წ. №04/18538 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ანაზღაურებაზე უარის და სადავო სტატუსის მქონე შემთხვევათა №165-3-2/2646716489-2468786842 რეესტრის ბათილად ცნობა ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე სს „...ის“ 26.04.2018წ. ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.10.2018წ. №04/53431 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.2019წ. განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, სს „...ის“ სარჩელი, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.03.2018წ. N04/18538 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ა.ქ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.10.2018წ. N04/53431 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, იმ ნაწილში რომლითაც შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.03.2018წ. N04/18538 გადაწყვეტილების მოქმედება (გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი), დატოვებული იქნა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2019წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.10.2018წ. №04/53431 გადაწყვეტილება სს „...ის“ 26.04.2018წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 29.03.2018წ. №04/18538 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (გარდა პაციენტ ა.ქ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის. გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 902,77 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად და უფლებამონაცვლედ, აპელანტისა და მოპასუხის სტატუსით, დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2021წ. გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2019წ. გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 29.03.2018წ. №04/18538 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (გარდა პაციენტ ა.ქ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს სს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 902,77 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტი - ს.ჯ-ე (შემთხვევის №...) 20.10.2017წ. მოათავსეს სს ,,...ში’’ ...ის და სხვა თანმხლები დაავადებების დიაგნოზით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ 2017 წლის 08 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე ს.ჯ-ე მკურნალობდა შპს ,,...ში’’ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით: .... პაციენტის გაწერა კლინიდან განხორციელდა ხელწერილის საფუძველზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 29.03.2018წ. №04/18538 გადაწყვეტილების თანახმად №... (ს.ჯ-ის) სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონიძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, რომლის მიხედვით, თუ პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლისა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სს ,,...ის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით (სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტები: კ.ლ-ე, ლ.ა-ა, ო.მ-ი, რ.შ-ე, ნ.ხ-ი, თ.ჯ-ი, ნ.ც-ე, ლ.გ-ე, ზ.წ-ი, ა.ძ-ი, ბ.ც-ა, გ.ქ-ე, ო.შ-ა, მ.ო-ე 2017 წლის ოქტომბრის თვეში მკურნალობდნენ სს ,,...ში’’ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურის კომპონენტით, დიაგნოზით: .... სს ,,...ის’’ მიერ მითითებულ პაციენტებთან დაკავშირებით გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, სახ. კოდი: ... დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; .... ინსპექტირების ეტაპზე აღნიშნულ პაციენტებზე გაწეული მომსახურება არ ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტზე მითითებით, რომლის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
სს „...ის’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით (სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტები: ნ.შ-ე, ლ.პ-ი, ლ.დ-ი, ც.მ-ი, ე.ტ-ი, ზ.ჯ-ა, ნ.თ-ა, ს.ტ-ე, ლ.კ-ი, რ.ქ-ი, რ.გ-ა, მ.ვ-ე, ა.რ-ე, ნ.ბ-ე. ნ.ბ-ე 2017 წლის ოქტომბრის თვეში მკურნალობდნენ სს ,,...ში’’ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით: .... სს ,,...ის’’ მიერ მითითებულ პაციენტებთან დაკავშირებით გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, სახ. კოდი: ... დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, - ... ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე, რომლის თანახმად, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების არასწორად დაფიქსირებას, ასეთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. სს ,,...ის’’ წარმომადგენლებმა 26.04.2018წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 29.03.2018წ. №04/18538 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შემთხვევების ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.10.2018წ. №04/53431 გადაწყვეტილებით სს ,,...ის’’ 26.04.2018წ. ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების დაფინანსების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში არ არის შესაბამისი მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რატომ იქნა მიჩნეული ს.ჯ-ის სამედიცინო შემთხვევა რეჰოსპიტალიზაციად და რატომ წარმოადგენს წინა შემთხვევის გაგრძელებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ არის დაცული შესაბამისი მტკიცებულება (სამედიცინო დოკუმენტაცია), რომელიც ცალსახად დაადასტურებდა №... სამედიცინო შემთხვევის რეჰოსპიტალიზაციის ფაქტს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად. დანარჩენი პაციენტების შემთხვევაში სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ წარდგენილი ხანგრძლივობით პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ჩატარება არ დასტურდებოდა, ხოლო რიგ შემთხვევებში ...ის სიმპტომატიკა სამედიცინო დოკუმენტაციით არ იკვეთებოდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით
დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.
ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში აპელანტს და მოპასუხეს წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2020წ. განჩინებით მოცემულ N3ბ/275-20 ადმინისტრაციულ საქმეში აპელანტი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად და უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ამიტომ სააპელაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნული ქმნიდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტი ს.ჯ-ე არის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. 2017 წლის 08 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე იგი მკურნალობდა შპს „...ში" გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; ..., .... პაციენტის გაწერა კლინიკიდან განხორციელდა ხელწერილის საფუძველზე. სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში მიეთითა „დაუსრულებელი მკურნალობა (ხელწერილის საფუძველზე)”. 20.10.2017წ. 14:50:00 მოხდა რეჰოსპიტალიზაცია სს "...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ..., დაუზუსტებელი. ინსპექტირების ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის თანახმად. პაციენტები: კ.ლ-ე, ლ.ა-ა, ო.მ-ი, რ.შ-ე, ნ.ხ-ი, თ.ჯ-ი, ნ.ც-ე, ლ.გ-ე, ზ.წ-ი, ა.ძ-ი, ბ.ც-ა, გ.ქ-ე, ო.შ-ა, მ.ო-ე 2017 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სს "...ში’’. კასატორი აღნიშნავს, რომ მიმწოდებლის მიერ შემთხვევები წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზით: .... საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ წარმოდგენილი ხანგრძლივობით პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ჩატარება არ დასტურდებოდა, რიგ შემთხვევებში ...ის სიმპტომატიკა სამედიცინო დოკუმენტაციით არ იკვეთებოდა. კასატორი მიუთითებს, რომ ინსპექტირების ეტაპზე აღნიშნულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის თანახმად. კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტები: ნ.შ-ე, ლ.პ-ი, ლ.დ-ი, ც.მ-ი, ე.ტ-ი, ზ.ჯ-ა, ნ.თ-ა, ს.ტ-ე, ლ.კ-ი, რ.ქ-ი, რ.გ-ა, მ.ვ-ე, ა.რ-ე, ნ.ბ-ე. ნ.ბე 2017 წლის ოქტომბრის თვეში მკურნალობდნენ სს ,,...ში’’. მიმწოდებლის მიერ შემთხვევები წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, ორი პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მურნალობა/მოვლა და გადაუდებელი თერაპია დიაგნოზით: .... საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ არ ექვემდებარება ანაზღაურებას პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის პროგრამული კოდი, რადგან წარმოდგენილი ხანგრძლივობით პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ჩატარება არ დასტურდებოდა. სადავო გადაწყვეტილების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ თერაპიულ პალატაში მკურნალობის ეპიზოდი და ამასთან, შემთხვევების ანაზღაურება უნდა მოხდეს დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების მიხედვით. კასატორის მოსაზრებით სადავო გადაწყვეტილებები მომზადებული და გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული ყველა პაციენტი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მოსარგებლე პირებს. ამასთან, დადგენილია, რომ ს.ჯ-ის შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი "არ ექვემდებარება ანაზღაურებას", ვინაიდან ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა რეჰოსპიტალიზაციას, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებზე, რომელთა თანახმად ს.ჯ-ე შპს "...ში" მკურნალობდა ...ის დიაგნოზით, ხოლო სს ,,...ში" მკურნალობისას მისი დიაგნოზი იყო .... საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის დაცული შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული შემთხვევის რეჰოსპიტალიზაციის ფაქტს. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მსჯელობა იმის თაობაზე თუ რატომ იქნა მიჩნეული აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა წინა შემთხვევის გაგრძელებად. დანარჩენი პაციენტების შემთხვევაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმა განპირობებული იყო სხვადასხვა გარემოებებით, კერძოდ ცალკეულ შემთხვევებში (14 პაციენტთან მიმართებით) განმახორციელებლის მოსაზრებით, წარმოდგენილი ხანგრძლივობით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ასევე ...ის სიმპტომატიკა არ დასტურდებოდა, ხოლო რიგ შემთხვევებში (15 პაციენტთან მიმართებით) გადაცემული ორი პროგრამული კოდიდან ანაზღაურებას მხოლოდ ერთი პროგრამული კოდის ფარგლებში გაწეული მომსახურება დაექვემდებარა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებზე გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის დროს და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია იმგვარი გარემოებები, რომლის შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა. სადავო გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული და მხოლოდ ნორმებზე მითითებას შეიცავს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, რაც ქმნის დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს კლინიკის მიერ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების ცალკეული მუხლების დარღვევის თაობაზე, თუმცა რაში გამოიხატა კონკრეტული დარღვევა საკასაციო საჩივარში დასაბუთებული არ არის. საკასაციო საჩივარი შეიცავს მხოლოდ ფაქტებზე და სადავო აქტებზე მითითებას, არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტაცია. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2021წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.11.2022წ. N30297 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1504.63 ლარის 70% - 1053,24 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე