საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-24(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ლ...-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები - შპს „ ს...“, გ.დ-ი, სს „ ...“, სსიპ შემოსავლების სამსახური).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 23 თებერვალს შპს „ლ...-ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 26 იანვრის N... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, უძრავ ქონებებზე - მდებარე ქ. გორი, ... N9, ს/კ... და ს/კ ... შპს "ლ..."-ის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს „ს...“ და გ.დ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ სსიპ შემოსავლების სამსახური და სს „...“.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ლ...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, 21-ე, 22-ე მუხლები და მიიჩნია, რომ თუ მორიგების საგნის განსასაზღვრად, ცალკეული საცხოვრებელი ბინების ან სხვა ფართების ამომწურავად აღნიშვნა აუცილებელი არ იყო, რატომ არის ასახული გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაში გარკვეული ნივთების ჩამონათვალი, მათი საკადასტრო კოდების მითითებით. საჩივრის ავტორის მსჯელობის განვითარებით, საკმარისი იქნებოდა მხოლოდ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა - ნაგებობების აღნიშვნა ზოგადად და არა ამ შენობა - ნაგებობებში არსებული, ცალკეული ფართების ჩამონათვალის განსაზღვრა.
სააპელაციო პალატის მსჯელობით, სადავო ნივთები მათზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისათვის, დამოუკიდებელ უძრავ ნივთებს წარმოადგენს, რომლებზედაც უნდა არსებობდეს შპს ,,ლ...“-ის საკუთრების უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტი. პალატამ მიუთითა, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. ყურადსაღებად მიიჩნია გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინება რომლითაც სადავო ნივთები არ განკარგულა შპს ,,ლ...“-ის სასარგებლოდ, რადგან ისინი უკვე განკარგული იყო 2017 წლის 29 ივნისის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გ.დ-ის სასარგებლოდ. ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმებული არ არის და ასეთ პირობებში იმ ფაქტს, რომ გ.დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო ქონებებზე ამჟამად არ არსებობს, ასევე იმ ფაქტს, რეალურად გადაიხადა თუ არა მან ნასყიდობის საფასური პალატის მსჯელობით არ აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა. ამდენად, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები - სარეგისტრაციო წარმოებების შეჩერებისა და შემდგომ შეწყვეტის თაობაზე პალატის მიერ მიჩნეული იქნა კანონიერად და შესაბამისად, დასაბუთებულად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2021 წლის 26 იანვრის №... გადაწყვეტილებაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ლ...“-ის მიერ.
კასატორი დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, თავისივე გადაწყვეტილებით გაუქმებული იქნა უძრავ ქონებაზე (მდებარე, ქ. გორი ... N9, ბინა N69) რეგისტრაცია და როდესაც შპს „ლ...“-სა და შპს „ს...“-ს შორის, გორის რაიონულ სასამართლოში დავა მორიგებით დასრულდა, ბინა N68 და ბინა N69 არ ირიცხებოდა საკუთრების უფლებით, შესაბამისად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბინა N68 და N69 რეგისტრირებული არ ყოფილა. კასატორის მსჯელობით, ვინაიდან მითითებული ბინები საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული არ იყო, შესაბამისად 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაში, კერძოდ, ბინების ჩამონათვალში ასახვა არ მოხდა. განმარტავს, რომ მითითებული უძრავი ქონება (ბინები) წარმოადგენდა მიწის ერთიან საკადასტრო კოდზე ... არსებული უძრავი ქონების შემადგენელ ნაწილს.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიყენეს კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინათ, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლი, სადაც კანონმდებელმა მიუთითა, რომ ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის შემადგენელ ნაწილებზედაც. მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, შესაბამისი ნორმის გამოყენების შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ასევე, გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო განჩინებაში ...ის მიუთითებლობის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს „ლ...“-ის სახელზე საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა 24 ერთეული ..., როგორც უძრავი ქონების ს/კ... შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უძრავი ქონება/ები საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს „ლ...“-ის სახელზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ლ...“-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 იანვრის №... გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორის მთავარ ინტერესს წარმოადგენს შპს ,,ლ...“-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდეს უძრავ ქონებებზე მდებარე, გორში, ...ის №9, საკადასტრო კოდი ... და საკადასტრო კოდი ... არგუმენტად მიუთითებს, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის საქმე №2/896-17 განჩინებას და განმარტავს, რომ მხარეთა მორიგების გამო გამოტანილი ზემოაღნიშნული განჩინებით შპს ,,ს...“-მა შპს ,,ლ...“-ს საკუთრებაში გადასცა შპს ,,ს...“-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორში, ...ის №9, საკადასტრო კოდი ... მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობები. შესაბამისად, სადავო ბინებიც რომლებიც განლაგებულია ხსენებულ მიწის ნაკვეთზე წარმომადგენლის მსჯელობით უნდა გადასცემოდა კასატორს (მოსარჩელეს).
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: როგორც გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით (საქმე №2/896-17) ირკვევა, დამტკიცდა მორიგება მოდავე მხარეთა შორის და შპს ,,ლ...“-ს საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ს...“- ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორში, ...ის №9, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... და მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობები შემდეგი საკადასტრო კოდებით: ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; .
დადგენილია, რომ ჩამონათვალში არ არის მითითებული სადავო საკადასტრო კოდი - ... და საკადასტრო კოდი ...
დადგენილია, რომ ქალაქ გორში, ...ის №9-ში მდებარე №68 და №69 ბინებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საგულისხმოა, რომ რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება ,,...ას“ იპოთეკა, ხოლო მესაკუთრის განყოფილებაში - შპს ,,ს...“.
შპს ,,ლ...“-მა 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე (მის: გორი, ...ის №9, საკადასტრო კოდი ... და საკადასტრო კოდი ... უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, განმცხადებელმა მიუთითა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაზე (საქმე №2/896-17).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 სექტემბრის N... და N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებებზე. შეჩერების მოტივად მითითებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 სექტემბრის N... და N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებებზე. შეჩერების მოტივად მითითებულია, რომ რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის N2/896-17 განჩინებაში სასამართლოს არ უმსჯელია მითითებულ საკადასტრო კოდებთან ( ... და ს/კ ...) დაკავშირებით. შესაბამისად აღნიშნული განჩინება რეესტრმა ვერ მიიჩნია უფლების დამდგენ დოკუმენტად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 ოქტომბრის N... და N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებებზე. შეწყვეტის მოტივად მითითებულია, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 ოქტომბრის N... და N... გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებებზე, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 ოქტომბრის N... და N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დამატებით დაევალა წარედგინა 2017 წლის 29 ივნისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მხარეთა (შპს „ს...“ და გ.დ-ი) შეთანხმება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 ნოემბრის N... და N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებებზე. შეწყვეტის მოტივად მითითებულია, რომ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 ნოემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N... და N... გადაწყვეტილებები გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 იანვრის N... გადაწყვეტილებით, შპს „ლ...“-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.
სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ელ პუნქტს, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ - სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება - მოვალეობებს. იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ნივთად, სხვა ობიექტებთან ერთად, ასევე მიიჩნევა მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა - ნაგებობის ერთეული, ანუ - ცალკეული საცხოვრებელი ბინა ან არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართი; ხოლო ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს უძრავ ნივთზე სანივთო უფლებების (მათ შორის - საკუთრების უფლების) რეგისტრაციის მარეგულირებელ, სპეციალურ საკანონმდებლო აქტს, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად აუცილებელ პირობად აწესებს რეგისტრაციით დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტო, აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჯერ აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას და დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას ამ დოკუმენტის წარსადგენად, ხოლო ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, სააგენტო იმავე კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წყვეტს სარეგისტრაციო წარმოებას.
განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სადავო - ... და ... საკადასტრო ერთეულებზე არ არსებობს შპს ,,ლ...“-ის საკუთრების უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტი. კასატორის იმ მსჯელობაზე, რომ დამტკიცებული მორიგების (31.01.2019 წელი №2/896-17) საფუძველზე, შპს „ლ...“-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. გორში, ...ის №9-ში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... და მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და საკუთრების უფლება წარმოეშვა ამ შენობა - ნაგებობებში არსებულ ყველა ნივთზე, აღნიშნულზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ მორიგების საგნის განსასაზღვრად, ცალკეული საცხოვრებელი ბინების ან სხვა ფართების ამომწურავად აღნიშვნა აუცილებელი არ იყო, შესაბამისად გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაში საკმარისი იქნებოდა მხოლოდ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა - ნაგებობების აღნიშვნა ზოგადად და არა ამ შენობა - ნაგებობებში არსებული, ცალკეული ფართების ჩამონათვალის განსაზღვრა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონება - მდებარე, ქ. გორი, ... №9, ს/კ... და ს/კ... საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისათვის, დამოუკიდებელ უძრავ ნივთებს წარმოადგენს, რომლებზედაც უნდა არსებობდეს შპს ,,ლ...“-ის საკუთრების უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით (მორიგების საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე), მოცემულ შემთხვევაში დავის საგნად ქცეული უძრავი ქონება - ... და ... არ განკარგულა შპს ,,ლ...“-ის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატა, აქვე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2).
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს „ლ...“-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, შპს „ლ..."-ს (ს/ნ...) უნდა დაუბრუნდეს მ.დ-ის (პ/ნ...) მიერ შპს „ლ...-ის“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2024 წლის 29 ივნისს N22586125042 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ლ..."-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინება;
3. შპს „ლ..."-ს (ს/ნ...) დაუბრუნდეს მ.დ-ის (პ/ნ...) მიერ შპს „ლ...-ის“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2024 წლის 29 ივნისს N22586125042 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი