Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-844(კ-22) 03 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ბ-იმა 05.05.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.04.2020წ. №1000706818 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.04.2020წ. №1000706818 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ბ-ისთვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა, რომ ა. ბ-ის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა იმ საფუძველით, რომ არ დასტურდებოდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობა. საქმეში წარმოდგენილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 27.04.2020წ. ნასამართლეობის ცნობით დგინდება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა. ბ-ი არ არის ნასამართლევი ირანში, ამასთან შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 25.09.2020წ. ცნობის თანახმად, ა. ბ-ი არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება. ამდენად, მოსარჩელემ შესაბამისი დოკუმენტაციით უდავოდ დაადასტურა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ეს დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოში მისთვის განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ფორმალური კანონიერების დაცვის ხარჯზე არ შეიძლება დაიჩრდილოს მატერიალური კანონიერება. ნასამართლეობის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 27.04.2020წ. და შსს მომსახურების სააგენტოს 25.09.2020წ. ცნობების, ასევე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ან მსჯავრდებულია განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ა. ბ-ის არ წარმოუდგენია საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია, რაც გახდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. სზაკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია და არა ვალდებული, განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დოკუმენტის წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა 2020 წლის 17 მარტამდე. ამის შემდგომ დამატებით განესაზღვრა ვადა - იმავე წლის 6 აპრილამდე. სააგენტომ იმოქმედა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი. აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. საქმის მასალებიდან, მათ შორის სადავო აქტიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს მითითებული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, კერძოდ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ამდენად განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის მართებულება.

საქმეში დაცული მასალებით ა. ბ-იმა 06.03.2020წ. განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა. 09.03.2020წ. წერილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ დამატებით წარსადგენია საქართველოს მთავრობის წევრის ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი რეკომენდაცია, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ, აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 17 მარტამდე. განმცხადებელმა 10.03.2020წ. განცხადებით მოითხოვა ვადის გაგრძელება დამატებითი დოკუმენტების - ნასამართლობის ცნობისა და სარეკომენდაციო წერილების წარსადგენად. სააგენტოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილებით ა. ბ-ის დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად გაუგრძელდა ვადა 2020 წლის 6 აპრილამდე. 24.03.2020წ. განმცხადებელმა დამატებით წარადგინა სარეკომენდაციო ხასიათის წერილები. სააგენტოს 06.04.2020წ, გადაწყვეტილებით ა. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და მას საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი არ იქნა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოშობს არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტის წარუდგენლობა, არამედ ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დადგენა. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელს მითითებული საფუძვლით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა ზემოაღნიშნული კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის პირობებში. საქმის მასალებში დაცული შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 09.03.2020წ. ცნობის შესაბამისად ა. ბ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 27.04.2020წ. ცნობის მიხედვით ა. ბ-ი არ არის ნასამართლევი ირანში, ასევე შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 25.09.2020წ. ცნობის თანახმად ა. ბ-ი არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის მართლზომიერება. როგორც წესი, ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში (სზაკ-ის 100.1 მუხ.), თუმცა მოქმედი კანონმდებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენის საჭიროების შემთხვევაში ითვალისწინებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაზე მეტი ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, რომლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს (სზაკ-ის 100.3, 100.4 მუხ.), შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით გამოეყენებინა სზაკ-ის მე-100 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია. საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 13.3 მუხლი ადგენს ბინადრობის გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელს წარდგენილი არ ჰქონდა განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად ყველა საჭირო დოკუმენტაცია, აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავდა სზაკ-ის მე-100 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, ამასთან ირანის საელჩოდან ნასამართლობის თაობაზე ცნობის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენის დამაბარკოლებელ გარემოებად მოსარჩელე მიუთითებს მსოფლიოში ახალი COVID-19 ვირუსის გავრცელების გამო გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 06.04.2020წ. წერილის თანახმად არ არსებობს ა. ბ-ისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უარის თქმის კანონიერი საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, გარდა მითითებული კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ მიუთითებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გასაცემად კანონმდებლობით დადგენილი სხვა წინაპირობების არარსებობაზე. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმის მასალებში დაცულია სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, 04.07.2019წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის თანახმად მოსარჩელე რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე ბ. ...-ის 82.24კვ.მ.-ის თანამესაკუთრედ, წარმოდგენილია ასევე უძრავი ქონების შეფასების დასკვნა და აუდიტორული დასკვნა ა. ბ-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი უნდა იყოს და შესაბამის დასაბუთებას უნდა ეფუძნებოდეს. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს არ დაუსაბუთებია მოსარჩელისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა, არ დგინდება უარის თქმის საფუძვლად მითითებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2022წ. განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 25.07.2022წ. №55875 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე