Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-183(კს-25) 16 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს...’’

დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-ემ 2017 წლის 29 ნოემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს „ს...ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ს ქ. N...-ში მდებარე N... (ფართი: 60.05 კვ.მ.) და N... (ფართი: 43.7 კვ.მ.) სხვენების მესაკუთრედ ცნობა, ასევე, ქ. ბათუმში, ...ს ქ. N...-ში მდებარე N... (ფართი: 60.05 კვ.მ.) 2 და N... (ფართი: 43.7 კვ.მ.) სხვენების ყადაღისაგან და სხვა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვებისაგან (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) გათავისუფლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, გ. გ-ეის მოთხოვნა ქ. ბათუმში, ...ს ქ. N...-ში მდებარე N... (ფართი: 60.05 კვ.მ.) და N... (ფართი: 43.7 კვ.მ.) სხვენების მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, ძირითად საქმეს გამოეყო ცალკე წარმოებად და დადგინდა მისი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა. 2021 წლის 22 ივლისს გ. გ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს „ს...ს“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 ივლისის შეტყობინებისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 31 მარტის N... ბრძანების ნაწილობრივ, ქ. ბათუმში, ...ს ქ. N...-ში მდებარე N... და N... სხვენების (ს/კ ...) ნაწილში, ბათილად ცნობა. ასევე, ქ. ბათუმში, ...ს ქ. N...-ში მდებარე N... და N... სხვენების (ს/კ ...) ყადაღისა და სხვა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისგან (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) გათავისუფლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 ივლისის N... შეტყობინება საგადასახადო გირავნობა- იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გ. გ-ეის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ბინა N... და ბინა N... მდებარე: ბათუმი, ...ს ...-ში (ს/კ ...); ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 31 მარტის სსიპ შემოსავლების სამსახურის N... ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო გ. გ-ეის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ბინა N... და ბინა N... მდებარე: ბათუმი, ...ს ...-ში (ს/კ ...). უძრავი ქონება, მდებარე: ბათუმი ...ს ...-ში, სხვენი N... და ბინა N... (ს/კ ...) გათავისუფლდა ყადაღისაგან და სხვა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვებისგან (საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით გ. გ-ეის განცხადება დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის N3/1371-17-21 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა NA17107755 სააღსრულებო წარმოება, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან დავის სხვაგვარად გადაწყვეტამდე. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ) განჩინების გაუქმების თაობაზე, მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად; საჩივარი გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით, გ. გ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2024 წლის 25 ნოემბერს შუამდგომლობით მიმართა გ. გ-ეის წარმომადგენელმა ჯ. ქ-იმა, რომლითაც საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, შპს ,,მ...ის’’ მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აღძრულია სარჩელი, სადაც შპს ,,მ...ი’’ ითხოვს იმ დავალიანების ჩამოწერას/განულებას, რომლის არსებობის გამოც გ. გ-ეის მიერ შეძენილ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახდო გირავნობა- იპოთეკა და ყადაღა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, სარჩელი აღძრულია 2019 წელს, მაგრამ საქმის განხილვა ჯერ დაწყებული არ არის. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს და დაავალდებულებს შემოსავლების სამსახურს მოახდინოს დავალიანების განულება, მაშინ სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ დავას გამოეცლება როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნული კი გამოიწვევს დავის შეწყვეტას სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ეის წარმომადგენლის - ჯ. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; №3/ბ-293-2024წ. ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ N3/657-19წ. ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ საქმის წარმოების შეჩერება ეწინააღმდეგება საქმის ყოველმხრივ, სრული და ობიექტური განხილვის პრინციპს, ვინაიდან გ. გ-ეს საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობა წარმოეშვა მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში, დავის დაწყებიდან 7 წლის შემდეგ, მაშინ როცა ცნობილი გახდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების დასაბუთება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით გ. გ-ეის შუამდგომლობის მიზანს წარმოადგენს მოლოდინი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე, ვინაიდან შპს „მ...ს“ განცხადების საფუძველზე 2018 წლის 18 სექტემბერს 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული გადაუხდელი დავალიანება ერთხელ უკვე ჩამოეწერა, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „მ...ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 1 415 275,06 ლარს, ხოლო საქმის წარმოების შეჩერებაზე შუამდგომლობის მიზანს რეალურად წარმოადგენს საქმის წარმოების გაჭიანურება და დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემდგომში შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინი, რაც ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ N3/657-19 ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმის წარმოება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში შესაძლებელია შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა. საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და ვითარებას, როდესაც სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატიური შემთხვევებისას სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეჩერების საფუძველი საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევათა რიგს განეკუთვნება. საკასაციო სასამართლოს არაერთგზის განუმარტავს, რომ მითითებული ნორმით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (სუსგ Nას-624-591-2015, 22.07.2015წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა. ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან“ ( სუსგ ას-1062-1002-2015, 27.04.16 წ.; ას-925-865-2017, 25.09.2017წ.).

ამრიგად, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, თუკი პარალელურად სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს დავა, რომლის გადაწყვეტასაც განსახილველ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.

შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, არსებობდა თუ არა აუცილებელი კავშირი განსახილველ საქმესა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში არსებულ მიმდინარე საქმეს შორის, რაც ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა მოცემული დავის განხილვა-გადაწყვეტას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისთვის საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ შპს ,,მ...ის’’ სარჩელი მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში (მოსარჩელე შპს ,,მ...ი’’, მოპასუხეები - სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო, მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 მაისის N15157 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შპს ,,მ...ი’’ აღნიშნული ადმინისტრაციული დავის ფარგლებში ითხოვს იმ დავალიანების ჩამოწერას/განულებას, რომლის არსებობის გამოც გ. გ-ეის მიერ შეძენილ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახდო გირავნობა-იპოთეკა და ყადაღა, ხოლო აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ დავას გამოეცლება როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე