საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-374(კ-25) 8 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - ი. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - შ. კ-ა, ს. გ-ი, ე. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - კრწანისის რაიონის გამგეობა
მესამე პირები - ი.-კ. ს-ი, ე. ი-ა, ე. გ-ე
მესამე პირი (აპელანტი) - ზ. ჯ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი აგვისტოს განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
შ. კ-ამ, ს. გ-იმა და ე. გ-იმა 2020 წლის 27 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კრწანისის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 17 ოქტომბრის N... და 2018 წლის 06 ნოემბრის N... გადაწყვეტილებები ასევე ბათილად იქნეს ცნობილი კრწანისის რაიონის გამგეობის 2018 წლის 11 ოქტომბრის N... წერილი და უძრავი ქონების (ს.კ....) 2018 წლის 05 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების N00143 ოქმი; მოსარჩელემ მოითხოვა უარი ეთქვას დაინტერესებულ პირებს - ს. ჯ-ის, ი.-კ. ს-ის ზ. ჯ-ას და ე. ი-ას უძრავი ქონების (ს.კ. ...) მდებარე ქალაქ თბილისი, სოფელი ... რეგისტრაციის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 თებერვლის განჩინებით საქართველიოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებმულ იქნენ ი. ჯ-ი და ე. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ე. ი-ა, ზ. ჯ-ა და ი.-კ. ს-იი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი კრწანისის რაიონის გამგეობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №... წერილი; ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების (ს.კ....) 2018 წლის 05 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების №00143 ოქმი; მოსარჩელის მოთხოვნა - უარი ეთქვას დაინტერესებულ პირებს-ს. ჯ-ის, ი.-კ. ს-ის, ზ. ჯ-ას და ე. ი-ას უძრავი ქონების (ს.კ. ..., მდებარე ქალაქ თბილისი, სოფელი ...) რეგისტრაციის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა -ზ. ჯ-ამ .
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი აგვისტოს განჩინებით -ზ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვიტოს განჩინებაზე მესამე პირის - ი. ჯ-ის წარმოამდგენელმა 2024 წლის 16 დეკემბერს წარმოადგინა საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების ვადის დენის დაწყებისთვის პროცესის მონაწილე პირს, ერთი მხრივ, კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს სასამართლოს აქტი, მეორე მხრივ კი, დეტალურად უნდა განემარტოს გასაჩივრების წესი და ვადა.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს განჩინება ი. ჯ-იმა პირადად ჩაიბარა 2024 წლის 12 ნოემბერს, რაც დასტურდება მის მიერ გზავნილზე ხელმოწერით. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 13 ნოემბრიდან და ამოიწურა 2024 წლის 03 დეკემბერს (სამშაბათს), ხოლო საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2024 წლის 16 დეკემბერს, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი წარმომადგენლის მიერ შედგენილია 2024 წლის 06 დეკემბერს, ამდენად, საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი 21-დღიანი ვადის დარღვევით, გასაჩივრების ვადის აღდგენა ან გაგრძელება კი დაუშვებელია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 390-ე, 397-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე