Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-394(კს-25) 14 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

შეამოწმა გ. ბ-ეის კერძო საჩივრის (დაზუსტებული კერძო საჩივრის) დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი მარტის განჩინებაზე (მოსარჩელე (აპელანტი) - გ. ბ-ე, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პარლამენტი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ეის სასარჩელო მოთხოვნები - დაევალოს საქართველოს პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის თანახმად, მოსარჩელე გ. ბ-ე ცნობილი იქნება პოლიტიკურ დევნილად, ასევე, დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი კომისიის შექმნა 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომის №8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით გ. ბ-ეის პოლიტპატიმრად ცნობის საკითხთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი მარტის განჩინებით, გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ბეჭდური სახით ან ხელნაწერი სახით წარმოდგენა, რომლის ამოკითხვაც შესაძლებელი იქნებოდა. ამავე განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2024 წლის 6 მარტს განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ, რომელმაც იშუამდგომლა მოსამართლე ნათია მერაბიშვილის აცილების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2024 წლის 11 მარტს გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი მარტის განჩინების განმარტება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის პირველი მარტის განჩინების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას იმავე დეს, კერძოდ, 2024 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ და იშუამდგომლა დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება 5 დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით გ. ბ-ეს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.

გ. ბ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი და წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის პირველი მარტის განჩინება 2025 წლის 19 მარტს კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელზეც ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამავე წლის 21 მარტს წარმოადგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის კერძო საჩივარი (ასევე დაზუსტებული კერძო საჩივარი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი მარტის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ბ-ეის კერძო საჩივარი (დაზუსტებული კერძო საჩივარი) წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი მარტის განჩინებაზე, რომლითაც გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და სააპელაციო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი ბეჭდური სახით ან ხელნაწერი სახით, რომლის ამოკითხვაც შესაძლებელი იქნებოდა. ამავე განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ განჩინება საბოლოო იყო და არ გასაჩივრდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2024 წლის 19 მარტის კერძო საჩივარი (დაზუსტებული კერძო საჩივარი) უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 414-ე, 419, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გ. ბ-ეის კერძო საჩივარი (დაზუსტებული კერძო საჩივარი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე