საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-244 (კს-24) 03 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - პ. ვ-ა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2023წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. ვ-ამ 13.08.2019წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის პ. ვ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით 7700 აშშ დოლარისა და 243.45 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.2021წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2022წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.12.2021წ. განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.2023წ. გადაწყვეტილებით პ. ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 243.45 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 7700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 243.45 ლარის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით და ასევე CD-R ან DVD-R დისკზე ჩაწერილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, კერძოდ, არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის ელექტრონულ ვერსიას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2023წ. განჩინება გაეგზავნა აპელანტს საქმეში მითითებულ მისამართზე და 01.12.2023წ. ჩაბარდა უფლებამოსილ პირს.
22.12.2023წ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2023წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.01.2023წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2023წ. განჩინებით გათვალისწინებული თანხა გადახდილ იქნა დადგენილ ვადაში, 05.12.2023წ., წარმოდგენილ იქნა მტკიცებულება ელექტრონულად, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სააგენტოს მიერ ხარვეზი აღმოფხვრილია. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საჩივრის განუხილველად დატოვების გზით სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წაართვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების უფლება, მაშინ როდესაც სასამართლოში წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულება და სააგენტოს მიერ ხარვეზი დადგენილ ვადაში იქნა აღმოფხვრილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2023წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ფორმით (CD-R ან DVD-R დისკზე) წარმოდგენა. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 01.12.2023წ.. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 02 დეკემბრიდან და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 2023 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა რადგან აღნიშნული დღე იყო არასამუშაო (შაბათი), შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის გამოსწორება 2023 წლის 13 დეკემბრის 24:00 საათამდე უნდა უზრუნველეყო. საქმის მასალებში დაცული საფოსტო კონვერტით დასტურდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და შესაბამისი ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტის სამსახურს 21.12.2023წ. ჩააბარა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დოკუმენტები მომდევნო დღეს, 22.12.2023წ. გადაეცა. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილ იქნა ელექტრონულად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება წარმოადგინა შპს "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით, მატერიალური სახით. საქმეში დაცული არ არის ბაჟის ქვითრის სასამართლოსათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადმოგზავნის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ამასთან, მართალია ქვითარში გადახდის თარიღად მითითებულია 05.12.2023წ., თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2023წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლითაც მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 10-დღიან ვადაში აპელანტს სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასევე CD-R ან DVD-R დისკზე ჩაწერილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა. ამდენად, სასამართლომ სავალდებულოდ განსაზღვრა არა მარტო სახელმწიფო ბაჟის 10-დღიან ვადაში გადახდა, არამედ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარმოდგენაც, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ბაჟის გადახდასთან ერთად, აპელანტს ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა. მოცემულ შემთხვევაში მართალია აპელანტმა ბაჟი 05.12.2023წ. გადაიხადა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით, 21.12.2023წ. წარმოუდგინა, რაც ადასტურებს ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართებულობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს გააჩნიათ როგორც საპროცესო უფლებები, ასევე ეკირებათ საპროცესო ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესასვსებად განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების ან სხვა შინაარსის მოთხოვნით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება შეასრულოს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა. საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისთვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუს 22.04.2016წ. განჩინება, საქმე №ას-299-284-2016, სუს 15.07.2016წ. განჩინება, საქმე №ას-558-533-2016). ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2023წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2023წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 26.01.2024წ. N01846 საგადახდო მოთხოვნით ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300183150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე