საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-840(კ-24) 1 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ზ-ი
მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, დ.ხ-ე, ც.კ-ე, ლ.ლ-ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 26 ივნისს ა.ზ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას საკუთრებაში ჰქონდა 35,63 კვ.მ ფართის უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ...ის ქ. №42-ში (ს/კ...). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ც.კ-ის საკუთრების უფლება. ამ დროის შემდეგ ერთი და იგივე უძრავი ნივთი, ერთდროულად ორჯერ არის რეგისტრირებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდა, ვინაიდან უძრავი ქონება არაერთხელ გასხვისდა მესამე პირებზე. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ დაკარგა კუთვნილი ქონება, რითაც მიადგა ზიანი. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიყენებული ზიანის - 19 226 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, ლ.ლ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ დ.ხ-ე და ც.კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ა.ზ-ის სასარგებლოდ 19 226 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით ანაზღაურება (გადახდის დროისათვის არსებული კურსით). მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №42-ში მდებარე 35.63 კვ.მ ფართზე ა.ზ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობის მიუხედავად, ამავე ფართზე დაარეგისტრირა ც.კ-ის საკუთრების უფლება. უძრავი ნივთის გასხვისების გამო კი ა.ზ-იმა დაკარგა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრება.
სააპელაციო სასამართლომ ზიანის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით მიუთითა, საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 26 ივნისის ინდივიდუალური აუდიტორის შეფასების ანგარიშზე და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მითითებული შეფასების ანგარიშით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ არ წარდგენილა, უსაფუძვლოა მოპასუხის პოზიცია ზიანის თანხის ოდენობის არამართებულობაზე.
რაც შეეხება აპელანტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით დასტურდება კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის №3/1159-14 გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებით. ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 27 ივნისს, რა დროსაც მოსარჩელემ გაიგო საკუთარი უფლების დარღვევის თაობაზე, სარჩელი კი, სასამართლოში წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე 2019 წლის 26 ივნისს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით მარეგისტრირებელი ორგანო არ წარმოადგენს იმ ურთიერთობის მონაწილეს რომლითაც უძრავი ქონება განიკარგა, რის გამოც უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის თანხის დაკისრებაზე. საქმეში წარმოდგენილი არ არის იმ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება აღირიცხა ი.ც-ის და მ.ჩ-ის სახელზე. საჯარო რეესტრის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბრალეული ქმედების ჩადენას, რომელსაც უშუალოდ მოჰყვა მოსარჩელე მხარისთვის ზიანის მიყენება.
კასატორის განმარტებით, როდესაც უძრავ ნივთზე (ს/კ...) დარეგისტრირდა ც.კ-ის საკუთრების უფლება, ამავე უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებული იყო ა.ზ-ის საკუთრების უფლება, შესაბამისად, მესაკუთრის მიხედვით იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამასთან, საჯარო რეესტრში არ არის დაცული რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე ორი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას ჰქონდა ადგილი. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გახადა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ან უძრავ ნივთთან (ს/კ...) დაკავშირებით მიღებული ი.ც-ისა და მ.ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის დაკისრების მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.
კასატორის განმარტებით, ასევე არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ბს-789-773(კ-12) განჩინება მიღებულია 2013 წლის 4 თებერვალს, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-842-834(კ-15) – 2016 წლის 17 მარტს. სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 26 ივნისს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, კერძოდ, მარეგისტრირებელმა ორგანომ განახორციელა ც.კ-ის საკუთრების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ.№42-ში, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრებად.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად კონსტიტუციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის ზემოთ მოცემული პირობები კუმულაციური სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი და მათგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ანუ, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის, როგორც საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნის დანიშნულება განპირობებულია სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან - საკუთრების უფლების დაცვის შესახებ. საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრირებით სახელმწიფო იცავს ბრუნვის მონაწილეებს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისგან. საჯარო რეესტრის ფუნქცია პრევენციულ ხასიათსაც ატარებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი წარმოეშვათ ბრუნვის მონაწილეებს კანონთან. ინფორმაცია, რომელიც დაცულია რეესტრში, დიდწილად იცავს ბრუნვის მონაწილეებს მოტყუებით და თვალთმაქცური გარიგების დადებისგან და შესაბამისად ამ საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის ჩანაწერების მიმართ არსებობს კანონით დაცული უფლება - კანონიერი ნდობის უფლება, რაც სამოქალაქო კოდექსში განმარტებულია შემდეგი დათქმით, ,,სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია“ (სუსგ №ბს-173(4კ-20), 09.07.2020წ.).
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 2 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დარეგისტრირდა ა.ზ-ის საკუთრების უფლება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №42, ფართი 35,63 კვ.მ, ს/კ... აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველი გახდა დ.ხ-ესა და ა.ზ-ის შორის 2009 წლის 29 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო დ.ხ-ემ საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ქონებაზე შეიძინა ნ.შ-საგან 2002 წლის 24 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №42-ში მდებარე 35,63 კვ.მ ფართზე დარეგისტრირდა ც.კ-ის საკუთრების უფლება (ს/კ...). საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა 1993 წლის 10 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება, გაფორმებული ნ.შ-სა და ც.კ-ეს შორის.
2011 წლის 17 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №42-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ი.ც-ის საკუთრების უფლება. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 25 აგვისტოს №... განცხადებით, ი.ც-ემ შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე დააზუსტა უძრავი ნივთის ფართობი და საკუთრების უფლება №... - გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა 38,36 კვ.მეტრზე.
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №42-ში მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა მ.ჩ-ის საკუთრების უფლება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის №3/862-2011 გადაწყვეტილებით ა.ზ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 აგვისტოს №3ბ/812-12 გადაწყვეტილებით ა.ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის №3/862-2011 გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, ც.კ-ის 2010 წლის 10 იანვრის №... განცხადებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 04 თებერვლის №ბს-789-773 (კ-12) განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ადმინისტრაციული საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 თებერვლის N3/1159-14 გადაწყვეტილებით ა.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 იანვრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა 2014 წლის 3 იანვრის №... პირობითი განცხადების განხილვა.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 თებერვლის №3/1159-14 გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2016 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 აგვისტოს №3ბ/812-12 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ნივთზე, ს/კ... ც.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება და განხორციელდა შესაბამისი ჩანაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. ამავე გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრმა მიუთითა, რომ განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად წარმოსადგენია №... და №... გადაწყვეტილებების, ან რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ 2016 წლის 15 ივლისს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
2016 წლის 27 ივლისს, ა.ზ-ის წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა №... ადმინისტრაციული საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2016 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ა.ზ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა 2016 წლის 27 ივლისის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2019 წლის 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ლ.ლ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძველი გახდა 2019 წლის 19 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული მ.ჩ-სა და ლ.ლ-ეს შორის.
დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №42-ში მდებარე ერთ უძრავ ნივთზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაარეგისტრირა ორი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება, სხვადასხვა საკადასტრო კოდით. აღნიშნული უძრავი ნივთი კი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრეების მიერ გასხვისდა მესამე პირებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან ა.ზ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მარეგისტრირებელმა ორგანომ შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე დაარეგისტრირა სხვა პირის საკუთრების უფლება, რასაც შედეგობრივად მოჰყვა ა.ზ-ის საკუთრების უფლების გაუქმება, სასამართლომ სწორად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სხვა პირის უფლების რეგისტრაცია) მართლსაწინააღმდეგოდ. შესაბამისად, სახეზეა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ა.ზ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 26 ივნისის ინდივიდუალური აუდიტორის შეფასების ანგარიში, რომლითაც ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №42-ში (ს/კ...) მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 19 226 აშშ დოლარის ოდენობით.
რაც შეეხება კასატორის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია სხვა პირის მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებითი განხორციელება. ზოგადი წესით, ყველა კანონისმიერი მოთხოვნის უფლება ექვემდებარება ხანდაზმულობას. კანონმდებელი მოთხოვნის უფლებათა რეალიზებას შემოფარგლავს დროის პერიოდით. უფლების განხორციელების შეზღუდვამ განსაზღვრული ვადებით უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი სტაბილურობა და სამართლებრივი მშვიდობა. კრედიტორმა დროულად უნდა იზრუნოს თავისი მოთხოვნის განხორციელებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაკარგავს ამის შესაძლებლობას. ვინაიდან ხანდაზმულობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები უკავშირდება, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს, თუ რა მომენტიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას სარჩელის შეტანის გზით. ხსენებული ნორმა განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს/საშუალებებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაშიც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა. ხანდაზმულობის შეწყვეტას სამოქალაქო კოდექსი უკავშირებს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში მიმართვას (138-ე მუხ.). ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ აღასრულა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის №3/1159-14 გადაწყვეტილება, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №...გადაწყვეტილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილად მიჩნეულ უნდა იქნეს 2016 წლის 27 ივნისი, რა დროსაც მოსარჩელემ გაიგო საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე, შესაბამისად, უსაფუძვლოა მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 06.06.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 2685,78 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1880,04 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.06.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1880,04 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე