Facebook Twitter

№ბს-302(გ-25) 8 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - თ. კ-ე

მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მესამე პირები - ხ. ბ-ე, მ. გ-ა, ლ. ღ-ი, მ. ჩ-ე

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 05 ივლისის №168/2018 დადგენილება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საკონკურსო კომისიის შემადგენლობის „ა“ ქვეპუნქტში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის №2 სხდომის ოქმის თ. კ-ეის შეფასების ნაწილში, კონკურსანტის შეფასების ფორმის მე-4 კატეგორიაში და კონკურსანტების, ხ. ბ-ეის, მ. გ-ას, ლ. ღ-ის და მ. ჩ-ეის, შეფასების ნაწილში; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №3 სხდომის ოქმი ხ. ბ-ეის, მ. გ-ას, ლ. ღ-ის და მ. ჩ-ეის შეფასების ნაწილში; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 (შემაჯამებელი) სხდომის ოქმის შედეგები ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე ხ. ბ-ეის, მ. გ-ას, ლ. ღ-ის და მ. ჩ-ეის გამარჯვებულად გამოცხადების, ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისა და კონკურსანტ თ. კ-ეის შეფასების ნაწილში; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება თ. კ-ეის 2018 წლის 03 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 07 სექტემბრის №193/2018 დადგენილების 1-ლი პუნქტის „ზ.ბ“, „ზ.გ“, „ზ.დ“ და „ზ.ე“ ქვეპუნქტები, რომლითაც ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ ხ. ბ-ე, მ. გ-ა, ლ. ღ-ი და მ. ჩ-ე; თ) დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ...ის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ი) დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საკონკურსო კომისიას) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტების საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.

სარჩელის თანახმად, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 10 მაისის №110/01-01 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ...ის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილებით დამტკიცდა ...ის ფაკულტეტის (...ის, ...ის, ...ის, ...ის კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია და საკონკურსო-სააპელაციო კომისია. 2018 წლის 22 ივნისს თ. კ-ემ განცხადება (საკონკურსო დოკუმენტაცია) წარადგინა ...ის ფაკულტეტზე ...ის კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საკონკურსო კომისიამ ...ის კათედრაზე გამარჯვებულად გამოცხადა: ხ. ბ-ე, მ. გ-ა, ლ. ღ-ი, მ. ჩ-ე. ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული დარჩა ვაკანტური. ამავე ოქმის თანახმად, თ. კ-ესთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკონკურსო-სააპელაციო კომისიაში. კომისიამ განიხილა საჩივარი, თუმცა მოსარჩელეს არ გადასცემია სხდომის ოქმი და საჩივრის განხილვის საბოლოო შედეგები შემაჯამებელი დასკვნის სახით. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №193/2018 დადგენილებით, საკონკურსო კომისიების მიერ წარდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, ...ის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ (...ის კათედრა): ხ. ბ-ე, მ. გ-ა, ლ. ღ-ი, მ. ჩ-ე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ ჩატარებული კონკურსის შედეგებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ხ. ბ-ე, მ. გ-ა, ლ. ღ-ი, მ. ჩ-ე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით თ. კ-ეის სარჩელი განსახილველად, განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია ისეთი ნორმატიული ელემენტი, როგორიცაა დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან და ამრიგად, წარმოდგენილი სარჩელი განეკუთვნება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას და განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით სასამართლოს განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია ისეთი ნორმატიული ელემენტი, როგორიც არის დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ასპექტს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი ხასიათი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ერთ-ერთ მხარედ საჯარო სამართლის სუბიექტის არსებობა, ვინაიდან შესაძლებელია, აღნიშნული სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც, ან პირიქით. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისა და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 34-ე მუხლზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ასოცირებული პროფესორების სამსახურში მიღების კონკურსი არ ჩატარებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა არ შეიძლება განხილული იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამასთან, აკადემიურ პერსონალთან სათანადო შრომითი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, მოცემული დავა სწორედ სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავაა.

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნები გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი - შრომითი ურთიერთობიდან, რომელსაც არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი. შესაბამისად, თ. კ-ეის სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე თ. კ-ეის სარჩელისა გამო მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილში განსაზღვრული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში. ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კერძოდ კი, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს ანუ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. იმის გადასაწყვეტად, დავა წარმოადგენს ადმინისტრაციულ თუ სამოქალაქო- სამართლებრივს, გადამწყვეტია ის ნორმატიული აქტები, რომლებიც სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილების ბათილად ცნობას, რომლითაც დამტკიცდა უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობა, ასევე ამ კონკურსის პირობებში, აკადემიური საბჭოს დადგენილებისა და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების ბათილად ცნობასა და კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 34-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 28-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებზე მითითებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. შესაძლოა, კონკურსის წარმატებით გავლის შემდგომ, პროფესორებსა და უნივერსიტეტს შორის საქართველოს შრომის კოდექსით დარეგულირებული შრომითი ურთიერთობა ყალიბდებოდეს, თუმცა იმ საკითხის განხილვა, კონკურსი წარიმართა თუ არა ზემოთ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, თუ ადგილი ჰქონდა მათ დარღვევას, შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამავე ნორმატიული აქტებით და არა საქართველოს შრომის კოდექსითა თუ სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი აქტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თ. კ-ეის მიერ აღძრული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და შესაბამისად, მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს. საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას.

საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. კ-ეის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 05 ივლისის №168/2018 დადგენილება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საკონკურსო კომისიის შემადგენლობის „ა“ ქვეპუნქტში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის №2 სხდომის ოქმის თ. კ-ეის შეფასების ნაწილში, კონკურსანტის შეფასების ფორმის მე-4 კატეგორიაში და კონკურსანტების, ხ. ბ-ეის, მ. გ-ას, ლ. ღ-ის და მ. ჩ-ეის, შეფასების ნაწილში; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №3 სხდომის ოქმი ხ. ბ-ეის, მ. გ-ას, ლ. ღ-ის და მ. ჩ-ეის შეფასების ნაწილში; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 (შემაჯამებელი) სხდომის ოქმის შედეგები ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე ხ. ბ-ეის, მ. გ-ას, ლ. ღ-ის და მ. ჩ-ეის გამარჯვებულად გამოცხადების, ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვებისა და კონკურსანტ თ. კ-ეის შეფასების ნაწილში; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება თ. კ-ეის 2018 წლის 03 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 07 სექტემბრის №193/2018 დადგენილების 1-ლი პუნქტის „ზ.ბ“, „ზ.გ“, „ზ.დ“ და „ზ.ე“ ქვეპუნქტები, რომლითაც ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ ხ. ბ-ე, მ. გ-ა, ლ. ღ-ი და მ. ჩ-ე; თ) დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ...ის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ი) დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საკონკურსო კომისიას) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტების საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). აღნიშნული დანაწესი არ გამორიცხავს ნორმაში გამონაკლისის სახით მითითებული სფეროების სპეციალურ საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით“. ხსენებული აქტები ადმინისტრაციული კანონმდებლობის სფეროთია მოცული, მათი რეგულაციის სივრცეში წარმოშობილი სამართალურთიერთობა კი საჯარო-სამართლებრივია.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები. ამავე კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

საკასაციო პალატის მითითებით მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით“. ამდენად, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია - სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. დავის გადაწყვეტა საჭიროებს აქტების ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ამდენად, თ. კ-ეის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. კ-ეის სარჩელი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია