ბს-1441(კ-22) 03 აპრილი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ფ. კ-ის უფლებამონაცვლის პ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. კ-იმა 22.11.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. 04.12.2018წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოპასუხეებად დაასახელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე). მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 07.09.2017წ. №002631 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც ფ. კ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 19.06.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ფ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ჯარიმის მოხსნის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაიციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2019წ. გადაწყვეტილებით ფ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფ. კ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2022წ. გადაწყვეტილებით ფ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ფ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფ. კ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 07.09.2017წ. №002631 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციის აღუსრულებელი ნაწილისაგან, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ფ. კ-იმა ააშენა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, შესაბამისად მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 07.09.2017წ. №002631 დადგენილებით ფ. კ-ის მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის და მართლზომიერად დადგინდა უნებართვო ნაგებობის დემონტაჟი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმაზე, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო იგი იძულებული იყო აეშენებინა საცხოვრებელი სახლი, რომელიც წარმოადგენს მის ერთადერთ თავშესაფარს. პალატამ მიუთითა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დასახელებული საფუძვლით სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 18.09.2019წ. მიღებული იქნა კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული კანონის საფუძველზე არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 07.09.2017წ. №002631 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციის აღუსრულებელი ნაწილისაგან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან 21.11.2018წ. ამონაწერის (ს.ფ. 34) მიხედვით ფ. კ-ის (დაბ.: ...წ.) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი არის 1000 ქულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფ. კ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა სზაკ-ის მე-601 მუხლის მოთხოვნა. სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მიერ საცხოვრებელი სახლის სარგებლობის და ფლობის ფაქტი. გათვალისწინებული არ იქნა აგრეთვე ის გარემოება, რომ კასატორი არის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2023წ. განჩინებით განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელის (კასატორის) ფ. კ-ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.
საქმის წარმოების განახლებისა და ფ. კ-ის უფლებამონაცვლედ დადგენის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს 16.01.2025წ. განცხადებით მომართა პ. კ-იმა. განმცხადებელმა წარმოადგინა №230715556 სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად 30.11.2022წ. გარდაცვლილი ფ. კ-ის სამკვიდრო ქონება მიიღო გარდაცვლილის კანონით პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა პ. კ-იმა. განმცხადებელმა აგრეთვე მიუთითა, რომ გარდა სადავო აქტით დემონტაჟს დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლისა, სხვა საცხოვრებელი ადგილი მის ოჯახს არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2025წ. განჩინებით ფ. კ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა და მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო პ. კ-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. კ-ის უფლებამონაცვლის პ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02.03.2020წ. №139 დადგენილებით) 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იწვევდა დაჯარიმებას 10 000 ლარით. საქმეში დაცული მასალებით ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი ...) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ მოწყობის გამო ფ. კ-ის 27.06.2017წ. მიეცა №002631 მითითება შვიდი კალენდარული დღის ვადაში განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ან აღნიშნული ობიექტის დემონტაჟის თაობაზე. საქმეში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი წარმოადგენს თვითმმართველი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას (ს.ფ. 73-74). საქალაქო სამსახურის 07.07.2017წ. შემოწმების აქტით დგინდება №002631 მითითების შეუსრულებლობა. 07.09.2017წ. ფოტომასალით აგრეთვე არ დგინდება საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის ფაქტი (ს.ფ. 89). საბოლოოდ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 07.09.2017წ. დადგენილებით ქ. თბილისში ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გამო ფ. კ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით, ასევე დაევალა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 19.06.2018წ. ბრძანებით ფ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი მითითებული დადგენილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობა გულისხმობს მშენებლობას, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის არსებითი დარღვევით. სამშენებლო წესრიგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან შეტყობინების გარეშე. სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, რომ ნებართვის გაცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაამოწმოს მშენებლობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა (სუსგ 29.12.2021წ. საქმე №ბს-160(კ-19)). განსახილველ შემთხვევაში ფ. კ-ის როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ისე დავის სასამართლო განხილვისას არ უარყვია სამშენებლო სამუშაოების მის მიერ განხორციელება, ამასთანავე საქმეში არ არის დაცული რაიმე სახის სანებართვო დოკუმენტაცია და არც კასატორი (მოსარჩელე) მიუთითებს ასეთის არსებობაზე. ამდენად, დგინდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე მოსარჩელის ფ. კ-ის მიერ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის წარმოების ფაქტი. იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების მიზნით, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა, 18.09.2019წ. მიღებული იქნა კანონი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია და ხსენებული კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი გათავისუფლდა ადმინისტრაციული სახდელისგან (2.1 მუხ. „ა“, „ბ“ ქვ.პ.), შესაბამისად მოსარჩელის სოციალურმა სტატუსმა და საპენსიო ასაკმა წარმოშვა ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი. ამ კატეგორიის პირები მათთვის გარკვეული ფინანსური შეღავათის გაწევის მიზნით ერთჯერადად გათავისუფლდენენ ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და შესაბამისი საურავისგან (კანონის განმარტებითი ბარათი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ფ. კ-ი გათავისუფლდა საჯარიმო სანქციის აღუსრულებელი ნაწილისაგან. ამ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. რაც შეეხება ფ. კ-ისთვის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დავალების მართებულებას, პირის სოციალური სტატუსი ან სხვა საცხოვრებელი სახლის არარსებობა არ წარმოშობს სამართალდარღვევის შედეგების გამოსწორებისაგან დამრღვევის გათავისუფლების ნორმატიულად დადგენილ საფუძველს. როგორც აღინიშნა, მოქმედებს მშენებლობის პრევენციული აკრძალვა მშენებლობის ნებართვის მიღების შესაძლებლობით, ანუ მშენებლობა აკრძალულია, ვიდრე უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი ნებართვა არ იქნება გაცემული. გარკვეული სახის სამშენებლო სამუშაოების არსებული წესიდან გამორიცხვა სათანადო ნორმატიულ საფუძველს საჭიროებს (სუსგ 16.12.2021წ. საქმე ͏№ბს-636(კ-21)). მართალია, საქმეში დაცულ განცხადებებში ფ. კ-ი აღნიშნავს უნებართვოდ აშენებული ობიექტის ლეგალიზების თაობაზე მიმართვის ფაქტებზე, თუმცა კასატორი არ მიუთითებს ლეგალიზების საქმის წარმოების დამადასტურებელ დოკუმენტზე ან უნებართვოდ აშენებული ობიექტის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებაზე, ასევე არ დგინდება იმ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის ან მისი უფლებამონაცვლისადმი კუთვნილება, რომელზეც სამშენებლო სამუშაოები ნებართვის გარეშე იქნა ნაწარმოები. გარდა ამისა, საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება დავის სასამართლოში განხილვის პერიოდში სამართალდარღვევის გამოსწორების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ფ. კ-ის უფლებამონაცვლის პ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. კ-ის უფლებამონაცვლის პ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2022წ. გადაწყვეტილება;
3. პ. კ-ის (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.01.2023წ. №15803663256 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე