Facebook Twitter

საქმე #ბს-276(კ-25) 10 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ც. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 20 ივნისს ც. მ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მას სასჯელის სახით განესაზღვრა ხუთი წლით, 8 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რისი ათვლაც დაიწყო 2019 წლის 11 დეკემბრიდან. ქალთა სასჯელაღსრულების #5 დაწესებულების მიერ შუამდგომლობით მიმართვის დღეისათვის, მას მოხდილი აქვს სასჯელის ¾, რაც მოსარჩელის შეფასებით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა საბჭოსადმი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მოთხოვნით მიმართვისათვის.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საბჭომ შეისწავლა მოსარჩელის ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა. იგი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელი. დაწესებულების მხრიდან იგი წახალისებულია დაწესებულების ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის. სასჯელის მოხდის პერიოდში, იგი სწავლას აგრძელებს ...ის უნივერსიტეტში, ...ის ფაკულტეტზე. ამასთან, მას გავლილი აქვს ფიტნეს ინსტრუქტორის კურსები, ამჟამად კი, გადის სტილისტის კურსებს.

მოსარჩელის მითითებით, იგი ვერ ახერხებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მიღებას, რამდენადაც დარჩენილი აქვს რამდენიმე საგანი, რომლის ჩაბარებისათვისაც მას ესაჭიროება პრაქტიკა, რისი გავლაც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში არის შეუძლებელი.

მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახური მდგომარეობის შესწავლისას, დადგინდა, რომ იგი არის დასაოჯახებელი, ჰყავს მამა და დედა. მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან აქვს სისტემატური კონტაქტი. მამა ამჟამად იმყოფება სლოვაკეთში, თუმცა ფინანსურად ეხმარება მსჯავრდებულს.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მხარეს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. იგი ოჯახის წევრებთან არის მჭიდროდ დაკავშირებული, კერძოდ, მოსარჩელის დას - ა. მ-ის, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე, დაზარალებულად არის ცნობილი, მსჯავრდებულის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია. უფრო მეტიც, იგი მზად არის, ყველანაირი პირობა შეუქმნას პირობითი მსჯავრის გავლისათვის.

მოსარჩელის მითითებით, #5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, განხორციელდა მისი ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროების შეფასება. ვიზიტი განხორციელდა მსჯავრდებულის მითითებით, მისი მჭიდრო კონტაქტის ობიექტთან - დასთან. სოციალური მუშაკი გაესაუბრა ა. მ-ის. ის დადებით განწყობას ავლენდა რეაბილიტაციის პროცესისა და სოციალური მუშაკის მიმართ. ა. მ-იმა მიუთითა მისი ოჯახის წევრებს შორის დადებით დამოკიდებულებაზე.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგთან შეხვედრის დროს მსჯავრდებულის მხრიდან არ გამოკვეთილა პიროვნული რისკ-ფაქტორი. მისი გადმოცემით, ის გრძნობს თავის წილ დანაშაულს, განიცდის და ინანიებს მას. მისივე განმარტებით, დაზარალებულებს მის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია.

მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად ყველა სახის დადებითი დახასიათებისა, მას საბჭოს მიერ უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რასაც იგი უკანონოდ მიიჩნევს.

ამდენად, მოსარჩელემ (1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 2 მაისის #05/24-0051 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და (2) მოპასუხისათვის ც. მ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ც. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 2 მაისის #05/24-0051 გადაწყვეტილება; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს ც. მ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლზე, პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებზე.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია რიგ კრიტერიუმებში დადებითი შეფასების არარსებობაზე. შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულების მიერ მომზადებული დახასიათება, ასევე, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ გამოხატული დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისა და სამომავლო გეგმებისადმი, იძლეოდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებასთან რეინტეგრაცია, მის მიმართ მიღწეულია სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გონივრული და ობიექტური შეფასების შედეგად, რაც, თავის მხრივ, საბჭოს შინაგანი რწმენით არის ნაკარნახევი.

კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან იგი მიღებულია იმ საფუძვლებზე დაყრდნობით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივ ნორმებთან. კასატორის მოსაზრებით, საბჭოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს საქმის განხილვის მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან.

კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში ზოგადად უთითებს, რომ მსჯავრდებული დაზარალებულებთან არის შერიგებული, თუმცა საქმეში მითითებულ დაზარალებულთაგან არ არის წარმოდგენილი ერთ-ერთი დაზარალებულის, მსჯავრდებულის ბიძაშვილის - თ. პ-ეის პოზიცია ც. მ-ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს შეფასების კრიტერიუმებზე, ასევე, იმ გარემოებებზე, რომლებმაც განაპირობა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით კონკრეტული შეფასება და შედეგად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. კასატორი, ასევე, მიუთითებს სასჯელის მიზნებსა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე და თვლის, რომ ამ ეტაპზე, მსჯავრდებულის მიერ არ მომხდარა სასჯელის მიზნების მიღწევა.

კასატორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა საბჭოს არ აკისრებს ვალდებულებას, სასჯელის მოხდის შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიმართ შეღავათები აუცილებლად გამოიყენოს. მსჯავრდებულის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური გამოკვლევისა და შეფასებისას, საბჭო მსჯელობს, თუ რამდენად ადეკვატურია მოხდილი სასჯელი ჩადენილ ქმედებასთან. კანონით დასახული მიზნის მისაღწევად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დისკრეციული უფლებამოსილების თანმიმდევრულად განხორციელებისათვის, მისაღები გადაწყვეტილებების კრიტერიუმები თვითშეზღუდვით შემოფარგლოს. საკითხის გადაწყვეტისას ადგილობრივ საბჭოს შეუძლია კონკრეტული კრიტერიუმი/კრიტერიუმები საკითხის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნიოს, რაც არ ქმნის ამ უფლებამოსილების გამოყენების კანონშეუსაბამობას. საბჭოს გადაწყვეტილება ნაკარნახევი უნდა იყოს შინაგანი რწმენით და ეფუძნებოდეს სადავო საკითხის ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებას. საბჭო უფლებამოსილია, უარი დააფუძნოს სათანადოდ გამოკვლეულ ნებისმიერ ფაქტობრივ გარემოებას.

კასატორის მითითებით, მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესთა დაბალანსების საფუძველზე, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კერძოდ, თითოეული გარემოების შესწავლის, დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლეობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმები აჭარბებდა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებს.

კასატორის შეფასებით, საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. კანონით დასახული მიზნის მისაღწევად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დისკრეციული უფლებამოსილების თანმიმდევრულად განხორციელებისათვის, კონკრეტული დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, საკითხის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნიოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ საბჭოს 2024 წლის 2 მაისის #05/24-0051 გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროს საბჭოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებულია საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთდაბალანსებით, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 2 მაისის #05/24-0051 გადაწყვეტილების კანონიერება და (2) მოპასუხისათვის ც. მ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თუ მსჯავრდებულმა (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. საბჭო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, საქმის ზეპირი მოსმენით განსახილველად დაშვების შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები. პენიტენციური დაწესებულების შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას, საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი, მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისათვის საჭირო კრიტერიუმებით. მითითებული მუხლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 2 მაისის #05/24-0051 გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ც. მ-ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, კერძოდ, მასზედ, რომ ჩადენილია მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც იყვნენ მსჯავრდებულის და და ბიძაშვილი. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევის შეფასებისას საბჭომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებული 14.02.2022წ. დაწესებულების დირექტორის #28 ბრძანებით წახალისებულ იქნა და დაწესებულებაში გამართულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის გამოეცხადა „მადლობა“. თუმცა, საბჭომ აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი წახალისების ღონისძიებით, მსჯავრდებულის ქცევის პოზიტიურ დინამიკაზე მსჯელობა რთულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი კრიტერიუმი ცალსახად პოზიტიურად ვერ შეფასდა. საბჭომ დადებითად შეაფასა ფაქტი, რომ ც. მ-ი წარსულში ნასამართლევი არ არის. მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობაზე მსჯელობისას, საბჭოს მოსაზრებით, არ გამოკვეთილა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა განსახილველი კრიტერიუმის ცალსახად პოზიტიურად შეფასების საშუალებას. დაზარალებულების - რ. თ-ეისა და ა. მ-ის პოზიცია საბჭომ შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ დააფუძნა მხოლოდ დაზარალებულის სუბიექტურ შეფასებაზე. პიროვნების შეფასებისას საბჭომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებლების უარყოფითი შეფასების საფუძველს იძლევა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი (ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზეზი, ხერხი) და ის გარემოება, რომ დაზარალებულები, რომლებიც მსჯავრდებულის მხრიდან უნდა ყოფილიყვნენ დაცული, სწორედ მისი მხრიდან დაექვემდებარნენ ანტისაზოგადოებრიც ქმედებებში ჩაბმას და გამოყენებას მატერიალური სარგებლის მისაღებად.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულების მიერ მომზადებული დახასიათება, ასევე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ გამოხატული დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისა და სამომავლო გეგმებისადმი, იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებასთან რეინტეგრაცია, მის მიმართ მიღწეულია სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.

ნიშანდობლივია საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ ც. მ-ის პიროვნება დადებითად არის დახასიათებული პენიტენციური დაწესებულების მიერ. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში. მას აქვს ძლიერი მხარდამჭერი ქსელი ოჯახის და მეგობრების სახით და ისინი გამოხატავენ მზაობას მხარდაჭერა გაუწიონ მას როგორც მორალური, ასევე, ფინანსური კუთხით. ოჯახის წევრს - ა. მ-ის აქვს გამოხატული სურვილი, განაგრძოს ცხოვრება მსჯავრდებულთან ერთად და ხელი შეუწყოს მის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. მსჯავრდებულს აქვს ცვლილებების მზაობა და კონსტრუქციული სამომავლო გეგმები. გათავისუფლების შემდეგ მისი გეგმები დაკავშირებულია სწავლის დასრულებასთან, ძველ სამსახურში აღდგენასა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებასთან. ც. მ-ი თავაზიანია როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლების, ისე სხვა მსჯავრდებულების მიმართ. მას გააზრებული აქვს ჩადენილი დანაშაული; ავლენს ჯანსაღ დამოკიდებულებას დანაშაულებრივი ქმედებების შეფასების კუთხით; დაზარალებულებთან შერიგებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; მსჯავრდებულ ც. მ-ის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ ყოფილა გამოყენებული. იგი წახალისებულია, ასევე, ასრულებს ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. იგი არ არის შემჩნეული დაწესებულების დებულების დარღვევაში, ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაწესებულებაში ც. მ-ი ჩართულია არაერთ სოციალურ აქტივობაში, სასჯელის მოხდის პერიოდში სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, ესწრება დაწესებულებაში გამართულ კულტურულ ღონისძიებებს, გაიარა ბუღალტერიის, ფრანგული ენის, ფიტნეს ინსტრუქტორის, ფიტნეს ფსიქოლოგიის, წარმატებული მენტორინგის, მეწარმეობის, ერუდიციის (ინტელექტის) განვითარების, სტილისტის, „ვიზაჟისტის“, ჭრა-კერვისა და „თურქული ენის“ შემსწავლელი კურსები, ასევე, დაესწრო „ადამიანის უფლების აღდგენის“ და „საჯარო გამოსვლებისა და ეფექტური კომუნიკაციის“ ლექცია-სემინარებს. არის თეატრალური დასის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული მკითხველთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ საღამოში, ასევე, დაწესებულებაში გამართულ საახალწლო, საშობაო და საშემოდგომო ღონისძიებებში. ჩართული იყო 2023 წელს დაწესებულებაში გამართულ სპორტულ ფესტივალში და პირველი ადგილი აიღო „შაშის“ თამაშში. მონაწილეობა მიიღო 2022 და 2023 წლებში ...ის“ სახელობის ...ის საერთაშორისო პრემია „...ის“ კონკურსში და გაიმარჯვა ნომინაციებში - „...“ და „...“, რის საფუძველზეც, დაჯილდოვდა შესაბამისი ორდენითა და დიპლომით. ამჟამად გადის „წყალზე ხატვისა“ და „UI/UX დიზაინის პროგრამის“ შემსწავლელ კურსებს და აქტიურად არის ჩართული შემთხვევის მართვის პროცესში, სადაც რისკისა და საჭიროების შეფასების გამოკვეთილი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, მომზადდა ინდივიდუალური გეგმა და ბენეფიციარს გაწერილი აქვს: „პოზიტიური აზროვნების“, „ინტერპერსონალური ურთოერთობებისა“ და „არტ-თერაპიის“ ფსიქო-სარეაბილიტაციო სატრენინგო მოდულები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არაერთი დადებითი მახასიათებელი იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება წინააღმდეგობაში არ მოდის სასჯელის მიზანთან, მოსარჩელის ქცევაში ცხადად ჩანს რესოციალიზაციის სურვილი და მზაობა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის მიზანი მიღწეულია. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ც. მ-ის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, ქმნის მისთვის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ მნიშვნელოვან გარემოებაზეც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება და ც. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი. ც. მ-ის სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 დეკემბრიდან.

საქმის მასალებით, კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 15 ივნისის #1217 ბრძანებით, ასევე, დადგენილია, რომ ც. მ-ის განესაზღვრა სასჯელის მოხდა ნახევრად ღია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. სასჯელის დასაწყისი - 11.12.2019წ; სასჯელის დასასრული - 28.08.2025წ.

შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესწავლის მომენტისათვის, ც. მ-ის მოხდილი აქვს სასჯელის უდიდესი ნაწილი. რაც შეეხება კასატორის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ერთ-ერთი დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, 2025 წლის 1 აპრილს ც. მ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა #ბ-352-25 განცხადება, რომელსაც თან ერთვის დაზარალებულ თ. პ-ეის სანოტარო ფორმით დამოწმებული ხელწერილი, რომლის თანახმად, ამ ეტაპზე, იგი შერიგებულია ც. მ-ითან და მას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა