საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1077(კ-24) 15 აპრილი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ნ-ე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მესამე პირები - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ბოლის თემის ტერიტორიული ორგანო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 23 თებერვალს ნ. ნ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და იღებდა დევნილთა შემწეობას. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2015 წლის 24 მარტის №515 ბრძანებით ჩამოერთვა დევნილის სტატუსი, რაც მოსარჩელის განმარტებით, არამართებულია, ვინაიდან იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ახალგორის რ/ნ სოფ. ...ში და ეწეოდა სოფლის მეურნეობას.
მოსარჩელემ მოითხოვა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2015 წლის 24 მარტის №515 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ნ. ნ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ნ. ნ-ეის სასარგებლოდ დევნილის მიუღებელი შემწეობის 45 ლარის გადახდა დევნილის სტატუსის ჩამორთმევიდან - 2015 წლის მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბოლის თემის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის №515 ბრძანება და მოპასუხეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ნ. ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით ნ. ნ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებიდან გამომდინარე, განმარტა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მესამე პირების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ის წერილობითი მტკიცებულებები (მათ შორის, გასაუბრების ოქმები), რომელთა საფუძველზეც გამოიცა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 19 სექტემბრის №2-0920 ცნობა და რომლის საფუძველზეც მიჩნეულ იქნა, რომ ნ. ნ-ეის მუდმივად ცხოვრების ფაქტი, მისამართზე - ახალგორი, სოფელი ...ი, არ დასტურდება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის 2009 წლის 8 ივნისის №21 ცნობა, რომლის თანახმად, გ. ქ-ი რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე (2008 წლის 6 აგვისტო) იყო ...ში მუდმივად მცხოვრები პირი, რომლის ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია: ზ. ქ-ი, მ. ქ-ი, თ. ქ-ი, ნ. ნ-ე, ი. ქ-ი. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომაზე დაკითხული მოწმეები ადასტურებენ 2008 წლამდე მოსარჩელის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნო ბათილად გასაჩივრებული აქტი და დაავალა მოპასუხეს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ნ. ნ-ემ.
კასატორის - ნ. ნ-ეის განმარტებით, იგი 1989 წელს დაქორწინდა ზ. ქ-იზე. მეუღლე მუშაობდა თბილისში, ...ის ქარხანაში, ხოლო თავად შვილებთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ...ში და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. ამავე დროს უვლიდა დედამთილს, რომელიც იყო სიმსივნით დაავადებული და გარდაიცვალა 2009 წელს. მისი შვილი - თ. ქ-ი იმ დროს იყო არასრულწლოვანი, შეიყვანეს თბილისში სპორტულ სკოლაში და ცხოვრობდა მამიდასთან. თ. ქ-ი, როგორც ახალგორის მუდმივად მაცხოვრებელი პირი, სწორედ ახალგორიდან იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში. ომის დროს იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ახალგორი. როგორც ახალგორის ტერიტორიაზე მუდმივად მაცხოვრებელს მიანიჭეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და დაენიშნა დევნილთათვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა. ანალოგიურად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მიანიჭეს მის შვილს - თ. ქ-ის. ამჟამად ცხოვრობენ სოფელ ...ის დევნილთა დასახლებაში და არ გააჩნიათ უძრავი ქონება. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს მისი ახალგორის რაიონის სოფელ ...ში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
კასატორის განმარტებით, ახალგორის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე გასცა ცნობა იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნ. ნ-ე არ იყო ახალგორში მუდმივად მაცხოვრებელი პირი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განმარტა, თუ სად ცხოვრობდა მოსარჩელე სადავო პერიოდში. საგულისხმოა ის გარემოება, რომ დასახელებული ცნობა გაიცა ახალგორის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ პირებთან გასაუბრების შედეგად, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტულ პიროვნებებს ვერ ასახელებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. აღნიშნულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მის მიერ, ასევე, ახალგორის მუნიციპალიტეტის წერილით, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა სოფელ ...ის მუდმივ მაცხოვრებელს, დეპარტამენტის მიერ დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით არის მიღებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ნ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს 2008 წლამდე ახალგორის რაიონის, სოფელ ...ში ნ. ნ-ეის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2015 წლის 24 მარტის №515 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დრომდე მიუღებელი დევნილის შემწეობის გადახდის დავალება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. სუსგ №ბს-1227-1213(კ-11), 01.02.2012წ.).
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაიბადა ... წელს, დუშეთში. ქ. თბილისში დაამთავრა №... საშუალო სკოლა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის საფინანსო ეკონომიკური ტექნიკუმი. 1989 წელს იქორწინა გ. ქ-იზე, სოფელ ...ში. როგორც ნ. ნ-ე განმარტავს, ახალგორში ცხოვრობდა დედამთილთან, მამამთილთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად. 1979-1989 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ... ფაბრიკაში, ...ად. 1989 წლიდან 2005 წლამდე არ მუშაობდა, ამ პერიოდში ცხოვრობდა თბილისში. 2005 წლიდან 2008 წლამდე ცხოვრობდა სოფელ ...ში და თბილისში ჩადიოდა პერიოდულად მეუღლესთან, რომელიც მუშაობდა თბილისის ...ში. შვილებმა 2008 და 2010 წლებში დაამთავრეს თბილისის №... საჯარო სკოლა. ახალგორი დატოვა 2008 წლის 12 აგვისტოს, ამჟამად, ცხოვრობს მეუღლესა და შვილებთან ერთად მცხეთაში. მეუღლეს არ აქვს დევნილის სტატუსი.
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის 2009 წლის 8 ივნისის №21 ცნობის თანახმად, გ. ქ-ი რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე (2008 წლის 6 აგვისტო) იყო ...ში მუდმივად მცხოვრები პირი. ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია: ზ. ქ-ი, მ. ქ-ი, თ. ქ-ი, ნ. ნ-ე, ი. ქ-ი.
ასევე დადგენილია, რომ ნ. ნ-ე იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად რეგისტრირებულია 2009 წლიდან. მას დევნილთა მონაცემთა ბაზაში მისამართად უფიქსირდება - ახალგორი, სოფელი ...ი.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 19 სექტემბრის №2-0920 წერილით, ირკვევა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხებში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ ნ. ნ-ე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში, ხოლო მოსარჩელის ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ: თ. ქ-ი, ზ. ქ-ი, მ. ქ-ი. აღნიშნული წერილი გახდა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ №ბს-858(2კ-20), 17.06.2021წ.).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 19 სექტემბრის №2-0920 წერილში და არც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ნათლად და მკაფიოდ არ არის მითითებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოიშვა ახალი გარემოება, რაც გახდა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველი. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებდა მეტი სიზუსტით დაედგინა ნ. ნ-ემ ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო თუ არა სტატუსი. არ არის გამოკვლეული და გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო, მაშინ როდესაც ნ. ნ-ეს მიანიჭა დევნილის სტატუსი და რატომ მიიჩნია იგი 2008 წლის ომამდე სოფელ ...ში მუდმივად მცხოვრებ პირად, ხოლო შემდგომ არა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).
ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის, დაინტერესებული მხარეებისა და მოწმეების დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ნ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე