საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-905(კ-23) 1 აპრილი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ფ-ე
მესამე პირები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თ. ზ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 11 ნოემბერს მ. ფ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №24 ოქმის მ. ფ-ეის ნაწილში, ამავე კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №17 რეკომენდაციის და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 13 სექტემბრის №01-01-10/4573 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. ფ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის საოქმო განჩინების საფუძველზე, მ. ფ-ეის სარჩელი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 13 სექტემბრის №01-01-10/4573 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, დარჩა განუხილველად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება - თ. ზ-ი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, მ. ფ-ეის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დროებითი განჩინება, რომლის თანახმადაც, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხულ 69,50 კვ.მ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქობულეთი, ...ს ქუჩა №..., ბინა №6 (ს/კ ...) სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივ თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №24 ოქმი მ. ფ-ეის ნაწილში; სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივ თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელ შერეულ სამთავრობო კომისიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ფ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით, უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესი, რომლის დანართი №2-ის მე-7 და დანართი №3-ის მე-7 მუხლებით რეგლამენტირებულია მოსარგებლეთათვის და ფაქტობრივ მფლობელთათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე რეკომენდაციის გაწევის პროცედურა, ხოლო დანართი №2-ის მე-3 მუხლში ჩამოთვლილია ის კრიტერიუმები, რაც აუცილებელია ფართის მოსარგებლეთათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ რეკომენდაციის გაცემისთვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია მოსარგებლისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, თუ: ა) ფართი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას; ბ) წინამდებარე წესის ამოქმედების მომენტისათვის მოსარგებლე წარმოადგენს ფართის მფლობელს; გ) სახეზეა მოსარგებლის სასარგებლოდ გაცემული ფართით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი ამომწურავი არაა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ფ-ესთან მიმართებაში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად განხილულ უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2011 წლის 15 ივნისის №701597 წერილი, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ეცნობა, რომ ქ.ქობულეთში, ...ს ქ.№..., ბინა №6-დან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით გამოსახლებულ იქნა თ. ზ-ი, ხოლო ბინა ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ გადაეცა ყოფილ თანამშრომელს - მ. ფ-ეს. სააპელაციო პალატის შეფასებით, მ. ფ-ე აკმაყოფილებდა ყველა იმ კრიტერიუმს, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებით საკმარისი იყო მისთვის არა მარტო როგორც მოსარგებლისთვის, არამედ ფაქტობრივი მფლობელისთვისაც სადავო ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ რეკომენდაციის გასაცემად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, ქ.ქობულეთში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე ბინა №6-ის (ს/კ ...) საკუთრებაში გადაცემის მიზნით რეკომენდაციის გაცემის თაობაზე დაინტერესებას გამოხატავდა ორი ფიზიკური პირი, მ. ფ-ე (პ/ნ ...) და თ. ზ-ი (პ/ნ ...). 2015 წლის 10 მარტს შეადგინეს სადავო ბინის ადგილზე დათვალიერების №1 აქტი. ქონების დათვალიერების შედეგად, გაირკვა, რომ ქონებით სარგებლობს (ცხოვრობს) მ. ფ-ე და იხდის კომუნალურ გადასახადებს, თუმცა მას არ გააჩნია, სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თ. ზ-ის სახელზე გაცემული ორდერი კი სასამართლოს მიერ გაუქმებულია და იგი სადავო ფართიდან გამოსახლებულია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების მოპოვებას ცდილობდა სხვადასხვა ფიზიკური პირი, კომისიამ მართებულად განაცხადა უარი რეკომენდაციის გაცემაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის 2019 წლის 26 ივლისის №24 ოქმის მ. ფ-ეის ნაწილში ბათილად ცნობა და ამავე კომისიისათვის მ. ფ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით, უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ახალი რეკომენდაციის გაცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 14 ნოემბრის №285 ბრძანებით შეიქმნა - ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისია.’' ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიას უნდა უზრუნველეყო მუშაობის წესის შემუშავება და კრიტერიუმების დადგენა, რომლის გათვალისწინებითაც მოხდებოდა კომისიის მიერ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შესწავლა და ამ ფართებით მოსარგებლე პირების მიმართ სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციის/დასკვნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის წარდგენა. ხოლო ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 2014 წლის 24 მარტს, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №8 დადგენილებით დამტკიცდა ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესი’’.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ფ-ე 2008 წლიდან ცხოვრობს ქალაქ ქობულეთში, ...ს ქუჩა №..., ბინა №6-ში (ს/კ ...), იხდის კომუნალურ გადასახადებს, თუმცა არ გააჩნია აჭარის საზღვრის დაცვის №1 რეგიონული სამმართველოს მიერ გაცემული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის დოკუმენტი. ქალაქ ქობულეთში, ...ს ქუჩა №..., ბინა №6 აღრიცხულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. კერძოდ, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) 22.08.2016წ. მომზადებული ამონაწერის თანახმად, ქ. ქობულეთი, ...ს ქ. №..., ბ. №6, ფართით 69,50 კვ.მ საკუთრების უფლებით ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე.
დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე, ქობულეთში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე, ბინა №6-ზე (ს/კ ...) საკუთრების უფლებით გადაცემაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემის თაობაზე განცხადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, წარდგენილი ჰქონდა მოქალაქე, თ. ზ-ისაც. ამ უკანასკნელის მოთხოვნისა და მის მიერ წარდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ქალაქ ქობულეთის საკრებულოს 1993 წლის 3 აგვისტოს №24 გადაწყვეტილებისა და 1994 წლის 24 მარტის №0138/3 საბინაო ორდერით, თ. ზ-ის დროებით სარგებლობაში გადაეცა ქობულეთში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე, ბინა №6, თუმცა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად, დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 08 ოქტომბრის №ბს-6-216-კ-03 განჩინებით, გაუქმდა აღნიშნული საბინაო ორდერი და თ. ზ-ი 2007 წლის 20 მარტს გამოსახლებულ იქნა მითითებული საცხოვრებელი ბინიდან.
,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ'' ორჯერ განიხილა მ. ფ-ეისთვის ქ.ქობულეთი, ...ს ქ. №..., ბ. №6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხი. 2015 წელს დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა რეკომენდაციის გაწევაზე, ხოლო 2019 წელს, სწორედ განსახილველ საქმეზე სადავო 2019 წლის 26 ივლისის №24 ოქმისა და №17 რეკომენდაციის ფარგლებში, კომისიამ გამოარკვია, რომ მოთხოვნილ ბინაზე პრეტენზიას აცხადებდა სხვა პირიც - თ. ზ-ი. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, სადავო ქონებაზე ორი პირის დაინტერესების საფუძვლით, განცხადებების განუხილველად დატოვებისა და ორივე დაინტერესებული პირისთვის, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მოსარგებლეთათვის საკუთრებაში გადაცემის წესის დანართი №2-ის მე-3 მუხლში ჩამოთვლილია ფართის მოსარგებლეთათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ რეკომენდაციის გაცემის საფუძვლები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია მოსარგებლისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, თუ: ა) ფართი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას; ბ) წინამდებარე წესის ამოქმედების მომენტისათვის მოსარგებლე წარმოადგენს ფართის მფლობელს; გ) სახეზეა მოსარგებლის სასარგებლოდ გაცემული ფართით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლედ მიიჩნევა განცალკევებულ ფართზე მცხოვრები ფიზიკური პირი ან ნათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომელიც ფართს იყენებს საცხოვრებელი დანიშნულებით და გააჩნია წინამდებარე წესით განსაზღვრული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინამდებარე წესით დადგენილი მიზნებისათვის მოსარგებლედ ჩაითვლება პირი, რომელსაც ფართი ფორმის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი პირისაგან; ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტად მიიჩნევა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, ხელშეკრულება, ორდერი, საბინაო კომისიის სხდომის ოქმი ან/და ამონაწერი, პირადი სააღრიცხვო ბარათი, საბინაო წიგნიდან ამონაწერი და ა.შ.), რომლითაც დასტურდება სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ნება კონკრეტული ფართის მოსარგებლისათვის საცხოვრებელი დანიშნულებით გადაცემის შესახებ. წინამდებარე წესის მიზნებისათვის სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლება ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება ფართზე პირის მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლება. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №8 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებებით, 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებას დაემატა დანართი №3 და ფართების მოსარგებლეებისთვის საკუთრებაში გადაცემის წესთან ერთად განისაზღვრა ფაქტობრივ მფლობელთათვის ფართების საკუთრებაში გადაცემის წესიც. ამ წესის (დანართი №3) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფაქტობრივი მფლობელი არის განცალკევებულ ფართზე მცხოვრები ფიზიკური პირი ან პირთა წრე, რომელიც ფართს იყენებს სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე საცხოვრებელი დანიშნულებით, აღნიშნული ფართი დაკავებული აქვს 2010 წლის 31 დეკემბრამდე და ფლობს დღემდე. დანართი №3-ის მე-3 მუხლის მიხედვით, 1. წესის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ ფართი. ამავე დანართის მე-4 მუხლის თანახმად, 1. დაინტერესებულმა პირმა ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე რეკომენდაციის გაცემის მიზნით კომისიას ან/და სამინისტროს უნდა წარუდგინოს: ა) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ფაქტობრივი მფლობელობის პერიოდის შესახებ; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ; გ) ფაქტობრივი ფლობის თაობაზე არანაკლებ 2 (ორი) მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება; დ) აბონენტად აყვანის დოკუმენტი ან/და გადახდის ქვითარი; ე) სხვა დოკუმენტები, რომელიც დაინტერესებული პირის აზრით ადასტურებს მის ფაქტობრივ მფლობელობას; ვ) დაინტერესებული პირის და ოჯახის წევრთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ მათთან ინახება და არსებითია გადაწყვეტილების მისაღებად. 2. თუ ფართის ფაქტობრივ მფლობელს ერთდროულად წარმოადგენს რამდენიმე სრულწლოვანი პირი, აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, ერთ-ერთ ფაქტობრივ მფლობელზე ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. 3. დაინტერესებული პირის მიერ ფაქტობრივი მფლობელობა დადასტურებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ"-"ე" ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებიდან არანაკლებ ორი დოკუმენტით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დოკუმენტების ჩამონათვალი რომლებითაც უნდა დადასტურდეს კანონიერი სარგებლობის ფაქტი, არ არის ამომწურავი და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებსაც. იმისათვის რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, დასახელებული დადგენილება მოითხოვს კუმულაციურად ორი პირობის არსებობას - პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ფ-ე 2008 წლიდან ცხოვრობს ქ.ქობულეთში, ...ს ქუჩა №..., ბინა №6-ში (ს/კ ...), იხდის კომუნალურ გადასახადებს, თუმცა არ გააჩნია აჭარის საზღვრის დაცვის №1 რეგიონული სამმართველოს მიერ გაცემული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის დოკუმენტი.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოებში, სხვადასხვა სახის მასალასთან ერთად წარდგენილ იქნა კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები, აზომვითი ნახაზი, ნამსახურობის ცნობა, მოქალაქეების მ. დ-ასა და ქ. გ-ეის ნოტარიულად დამოწმებული ერთობლივი განცხადება, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 3 დეკემბრის ცნობა №01-05/399, რომლის შესაბამისად, მ. ფ-ე 2008 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქ. ქობულეთში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე, 80 კვ.მ ფართის ბინას.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2011 წლის 15 ივნისის №701597 წერილით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ეცნობა ქ. ქობულეთში, ...ს ქ. №..., ბინა №6-დან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, თ. ზ-ის გამოსახლების ფაქტი. ამავე წერილის მიხედვით, აღნიშნული ბინა დასახელებული სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ გადაეცა ყოფილ თანამშრომელს - მ. ფ-ეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2011 წლის 15 ივნისის №701597 წერილი წარმოადგენს სადავო ბინით სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რამდენადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილების ზემომითითებული ნორმები ითვალისწინებს სარგებლობის უფლების დასადასტურებლად სხვა დოკუმენტის არსებობასაც, რომელიც თავისი შინაარსით ადასტურებს უფლებამოსილი პირის თანხმობას საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია კომისიის უარი ქ. ქობულეთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე №6 ბინაზე ორ ფიზიკურ პირს შორის მიმდინარე დავის საფუძვლით, რამეთუ სასამართლო დავა აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობდა, ხოლო თ. ზ-ის სახელზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტი სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და თ. ზ-ი ვეღარ მოიპოვებს რაიმე უფლებას გაუქმებული ორდერის საფუძველზე. მ. ფ-ე კი აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებით საკმარისი იყო მისთვის, როგორც საცხოვრებელი ფართის ფაქტობრივი მფლობელისთვის, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ რეკომენდაციის მისაღებად.
მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო შესაძლოა, არ იზიარებდეს სააპელაციო სასამართლოს გარკვეულ შეფასებებს, თუმცა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში ის გარემოება, რომ მ. ფ-ე არ აკმაყოფილებდა საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ რეკომენდაციის გასაცემად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე