საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-405 (ს-25) 24 აპრილი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – გ. ღ-ე
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – განცხადების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19.11.2004 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ღ-ეის შუამდგომლობა, შეწყდა ადმინისტრაციული საქმე გ. ღ-ეის სარჩელისა გამო თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ, პრივატიზაციის გაუქმების შესახებ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ. ღ-ემ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.01.2005 წლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.06.2005 წლის განჩინებით (საქმე N3ბ/1079) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19.11.2004 წლის განჩინება და სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19.11.2004 წლის განჩინების მიღებისას სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 272-ე მუხლი, რამდენადაც შუამდგომლობით გ. ღ-ეს მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს და არც საქმის შეწყვეტა მოუთხოვია, იგი შუამდგომლობით კვლავ ითხოვდა 264 კვ.მ უპატრონოდ მიტოვებული უძრავი ქონების დაკანონებას და ქონების მართვის განყოფილების მოპასუხეთა სიიდან ამოღება არ შეიძლებოდა გამხდარიყო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი .
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.12.2005 წლის განჩინებით გ. ღ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გ. ღ-ეის განცხადება უდავო წარმოების წესით საკუთრების უფლების დადგენის შესახებ, განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. როგორც აღნიშნული განჩინებით ირკვევა, 30.11.2005 წელს გ. ღ-ემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნული ფართი არ იმყოფებოდა ქონების მართვის და აღრიცხვის სამმართველოს ბალანსზე, იგი ვერ იქნებოდა მოპასუხე მხარე, სასარჩელო განცხადება განხილული უნდა ყოფილიყო უდავო სამართალწარმოების წესით. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის საქმის განსჯადობით განსახილველად გადაცემა. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა საქმიდან მოპასუხე მხარის ამოღების და საქმის უდავო წარმოების წესით განხილვის თაობაზე, რაც შეეხება განსჯადობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმიდან მოპასუხე მხარის ამოღების პირობებში, უდავო წარმოების წესით უპატრონო ქონების დაკანონების საკითხი სსსკ-ის 11-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის, 310-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტისა და 312-ე, 316-ე მუხლების შესაბამისად უნდა განხილილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2006 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N2/3080-2006) გ. ღ-ეის განცხადება უძრავი ნივთის უპატრონოდ ცნობის, მფლობელად აღიარებისა და მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ღ-ემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2007 წლის განჩინებით გ. ღ-ეის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ღ-ემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 23.04.2007 წლის განჩინებით გ. ღ-ეის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2007 წლის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ღ-ემ. განმცხადებელი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.06.2005 წლის განჩინება (საქმე N3ბ/1079) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2006 წლის გადაწყვეტილება (საქმე N2/3080-2006).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
9. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (შდრ. სუსგ №ბ-705-17, 26.06.2017წ.; სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.).
10. სსსკ-ის 425-ე მუხლით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
11. სსსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
13. განმცხადებლის მოთხოვნაა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.06.2005 წლის განჩინება (საქმე N3ბ/1079) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2006 წლის გადაწყვეტილება (საქმე N2/3080-2006).
14. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.06.2005 წლის განჩინება, რომლის გაუქმებასაც მოითხოვს განმცხადებელი, წარმოადგენს შუალედური ტიპის განჩინებას, კერძოდ, აღნიშნული განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19.11.2004 წლის განჩინება და სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნების შემდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.12.2005 წლის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და საქმის განხილვა გაგრძელდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მითითებულ საქმეს განხილვის არცერთ ეტაპზე შემხებლობა არ ჰქონია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასთან და ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ წარმოადგენს განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია. შესაბამისად, არარელევანტურია განცხადების დასაშვებობის სხვა საფუძვლების შემოწმება.
15. რაც შეეხება წინამდებარე განცხადებაში დასახელებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილულ საქმეს, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იდენტური განცხადება განსახილველად ასევე გადაცემული აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად. სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, შესაბამისად, არ დგას მისი დაბრუნების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 424-ე, 429-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ღ-ეის განცხადება დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
თამარ ოქროპირიძე