Facebook Twitter

№ბს-646(კ-23) 14 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ხ-ი; მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ხ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; გ) მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალოს, დაკმაყოფილდეს გ. ხ-ის №... სარეგისტრაციო განცხადება და განხორციელდეს რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების რეგისტრაცია - საკადასტრო მონაცემების დაზუსტება.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის №... გადაწყვეტილება და 2021 წლის 27 აგვისტოს №... გადაწყვეტილება. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მესამე პირად ჩართული იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა, რომელმაც დაადასტურა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის №13/36-40156 (05.07.2021წ.) წერილის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე და მიმდინარე პერიოდისთვის შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ასევე, პროკურატურის წარმომადგენლმა განმარტა, რომ აღნიშნული გამოძიება ეხება ...ის ტერიტორიაზე მიწების უკანონო გაცემასა და უფლების დამდგენი დოკუმენტების გაყალბებას.

კასატორების განმარტებით, გამოძიების მიმდინარეობა და საქმეზე საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების არ არსებობა, სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ამა თუ იმ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მესაკუთრე განკარგავს უძრავ ნივთს და სიყალბის დადგენის შემთხვევაში, სახეზე გვექნება უკანონოდ გასხვისებული ქონება, რაც თავის მხრივ, აზრს უკარგავს სისხლის სამართლის გამოძიებასაც. ზემოდასახელებულ პირობებში რეგისტრაციის დაბრკოლება ემსახურება როგორც უკანონო ქონების განკარგვის, ასევე მესამე პირის ინტერესების დაცვას. თუ მარეგისტრირებელ ორგანოს არ ევალება დაელოდოს პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილებას, მაშინ აზრი ეკარგება სააგენტოს ვალდებულებას, საეჭვოობისას მიმართოს საგამოძიებო ორგანოს დოკუმენტაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით. სასამართლოს ამგვარი განმარტება ასევე შეიძლება არაკეთილსინდისიერად იქნეს გამოყენებული იმ პირთა მიერ, რომელთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია უკანონოდ არის მიღებული.

კასატორების განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალს და ...ში სისტემური რეგისტრაციის განხორციელება დაგეგმილია 2024 წლის ივნისში. ასევე, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენას ახორციელებს საჯარო რეესტრი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, რომც დადგინდეს სადავო ნაკვეთის ადგილმდებარეობა, გაუგებარია, სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობის პირობებში, როგორ უნდა მიიღოს საჯარო რეესტრმა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და თან ამ მიზნით, გააუქმოს სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

კასატორების მოსაზრებით, განსახილველი დავისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ რა სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს მარეგისტრირებელმა ორგანომ, კერძოდ, №... განცხადებასთან დაკავშირებით მიიღოს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, თუ კვლავ შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება და იმსჯელოს უფლების დამდგენი დოკუმენტით - ბორჯომის რაიონის ...ის საკრებულოს 2000 წლის 27 აპრილის №1 გადაწყვეტილებით (სიაში რიგითი №...) გათვალისწინებული და №... განცხადებით გ. ხ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობაზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) მიწის სააღრიცხვო ბარათითა და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 2 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ...ის მიმდებარე ტერიტორია, ს/კ ..., 23.06.2006 წლიდან წარმოადგენს გ. ხ-ის საკუთრებას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ...ის საკრებულოს სხდომის 27.04.2000 წლის გადაწყვეტილება №1 (ს.ფ. 93-97, 98-99); ბ) 2020 წლის 24 ივნისს გ. ხ-იმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ბორჯომი, ...ი, ...ის მიმდებარე ტერიტორია, ს/კ ..., რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (ს.ფ. 85-99); გ) 2020 წლის 27 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ხ-ის აცნობა, რომ საჯარო რეესტრმა 2020 წლის 27 ივნისის №... წერილით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან გამოითხოვა ინფორმაცია. განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადაიდო აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებამდე. სარეგისტრაციო წარმოება დასრულდებოდა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში (ს.ფ. 128); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 27 ივნისის №... წერილით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას გადაუგზავნა გ. ხ-ის სარეგისტრაციო დოკუმენტები კანონიერების შესწავლის მიზნით (ს.ფ. 125); ე) 2021 წლის 11 მარტს გ. ხ-იმა დამატებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, აცნობა, რომ ...ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაგეგმარება ჩარჩო გეგმის, რის გამოც მისი მიწა იცვლის კონფიგურაციას და აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწოდა დოკუმენტაცია (ს.ფ. 101); ვ) 2021 წლის 16 მარტს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რითაც გ. ხ-ის აცნობა, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით საჯარო რეესტრმა 2020 წლის 27 ივნისის №... წერილით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას, შესაბამისად, განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე (ს.ფ. 129); ზ) 2021 წლის 28 მაისს გ. ხ-იმა დამატებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, წარუდგინა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 9 მარტის წერილები, რომელთა მიხედვითაც, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სთხოვა განცხადების განხილვა ან/და აღნიშნულ განცხადებაზე ინფორმაციის მოპოვება (ს.ფ. 113-115); თ) 2021 წლის 2 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რითაც გ. ხ-ის აცნობა, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საჯარო რეესტრმა 2020 წლის 27 ივნისის №... წერილით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას, შესაბამისად, განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება გადაიდო აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებამდე (ს.ფ. 130); ი) 2021 წლის 23 ივნისს გ. ხ-იმა დამატებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და სთხოვა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში ახალი წერილის გაგზავნა მის სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 118); კ) 2021 წლის 30 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რითაც გ. ხ-ის აცნობა, რომ საჯარო რეესტრმა 2021 წლის 30 ივნისის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე. ასევე აცნობა, რომ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სახელმწიფო (ს.ფ. 131); ლ) 2021 წლის 30 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა №... წერილით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას, სადაც აღნიშნა, რომ გ. ხ-ის სარეგისტრაციო განცხადება თანდართული დოკუმენტაციით გადაგზავნილ იქნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში 2020 წლის 27 ივნისის №... წერილით. სააგენტომ პროკურატურას სთხოვა, ეცნობებინა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობდა თუ არა ძიება და იმ შემთხვევაში, თუ შეწყდა წარმოება, გადაეგზავნათ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე მიღებული დადგენილება. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ მარეგისტრირებელ ორგანოს 2021 წლის 5 ივლისის №13-34- 40156 წერილით აცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე (ს.ფ. 126, 127); მ) 2021 წლის 20 ივლისს გ. ხ-იმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, წარუდგინა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2021 წლის 16 ივლისის №13-34-43142 წერილი, რომლის მიხედვითაც, გ. ხ-ის ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება გ. ხ-ის უძრავ ქონებას, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ იყო. ხოლო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციის გაგრძელების საკითხს, აღნიშნული არ წარმოადგენდა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას (ს.ფ. 120, 121); ნ) 2021 წლის 12 ივლისსა და 2021 წლის 26 ივლისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, სარეგისტრაციო სამსახურმა ინფორმაცია გამოითხოვა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან 2021 წლის 30 ივნისის №... წერილით და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ასევე, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (მესაკუთრე სახელმწიფო) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება (ს.ფ. 132, 133); ო) 2021 წლის 12 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გ. ხ-იმა და ითხოვა 2021 წლის 26 ივლისის №... გადაწყვეტილების გაუქმება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.08.2021წ. №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა გ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 135-140, 143-146); პ) სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ 2014 წლის 13 იანვარს №13/34-1793 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და აცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის №01606907 საქმე, ...ის საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა ეცნობებინა პროკურატურისთვის სრული ინფორმაცია ...ის ტერიტორიაზე გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (მიწის ნაკვეთების მეპატრონეთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით), რომლებსაც საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის დროს საფუძვლად მითითებული აქვს ...ის საკრებულოს 2000 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 147).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და ხელშეუვალია.

რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ. ხ-იის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2006 წლიდან დაუზუსტებელი მონაცემებით (იხ. ს.ფ. 93-97, 98-99). მოსარჩელემ 2020 წლის 24 ივნისს მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა ამ უფლების რეალიზება ვერ განხორციელდა, ვინაიდან 2020 წლის 27 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ხ-ის აცნობა, რომ საჯარო რეესტრმა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან გამოითხოვა ინფორმაცია. განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადაიდო აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებამდე. სარეგისტრაციო წარმოება დასრულდებოდა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ არაერთი სარეგისტრაციო განცხადება წარადგინა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო იღებდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებებს. 2021 წლის 26 ივლისის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს კვლავ ეცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა ინფორმაცია გამოითხოვა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან 2021 წლის 30 ივნისის №... წერილით და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ასევე აცნობა, რომ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. ამდენად, მოცემულ საქმეში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელის საკუთრების უფლება, რაც გამოიხატება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და მისით თავისუფლად სარგებლობის, განკარგვის უფლებაში და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რაც გამოიხატება - შესაძლო დანაშაულის ეფექტური გამოძიებაში, სამომავლო დანაშაულის პრევენციასა და შესაძლო უკანონოდ მიღებული უძრავი ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა მოპოვების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი უშუალოდ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მონაწილე ორგანოს, თუმცა იგი ვალდებულია ერთი მხრივ, არ შეზღუდოს და არ დააბრკოლოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვა, ამავდროულად, მოქმედი კანონმდებლობა სააგენტოს აკისრებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების გამოაშკარავება, გამოძიებისა და პრევენციის მიზნებისთვის, მათ შორის, პროაქტიულად, საკუთარი ინიციატივით, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სამართალდამცავი ორგანოსათვის გადაგზავნის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა განუყოფელია მისი დანიშნულებიდან და ეჭვის არსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახური არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა არ უნდა იქცეს სარეგისტრაციო სამსახურის თვითნებობის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას სარეგისტრაციო სამსახურს ამის ობიექტური და რეალური საფუძველი უნდა გააჩნდეს, რათა არ მოხდეს განმცხადებლის ინტერესების დაუსაბუთებელი ხელყოფა სარეგისტრაციო სამსახურის უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით (სუსგ, №ბს-443-443(კ-18), 18 ოქტომბერი, 2018 წელი). ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 22 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე. ამდენად, საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნილი მასალების კანონიერების შესწავლის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მაქსიმალურ ვადად კანონმდებელმა იმპერატიულად დაადგინა 60 დღე. ამავე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღება უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება, თუ არ არსებობს ამ უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის გამომრიცხავი სხვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენიმეჯერ შეჩერება ან/და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების რამდენიმეჯერ მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი საფუძველი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 41 პუნქტზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან პასუხის მიღების შემდეგ მარეგისტრირებელ ორგანოს საქმეში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, უნდა მიეღო უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება, თუ არ არსებობდა ამ უფლების/ვალდებულების კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგისტრაციის გამომრიცხავი სხვა გარემოება. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2021 წლის 16 ივლისის №13-34-43142 წერილის თანახმად, გ. ხ-ის უძრავ ქონებაზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ იყო. ამდენად, უდავოა, რომ პროკურატურისთვის ცნობილია ადმინისტრაციული საქმის მიმდინარეობის თაობაზე, თუმცა უძრავ ნივთზე შეზღუდვის რეგისტრაცია არ განხორციელებულა. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, არ არსებობდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დასახელებულ გარემოებაზე მითითებით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დაზუსტების საკითხის განხილვის გაურკვეველი ვადით გადადების გამამართლებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მიწის სააღრიცხვო ბარათითა და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 2 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ..., ...ის მიმდებარე ტერიტორია, ს/კ ..., 23.06.2006 წლიდან წარმოადგენს გ. ხ-ის საკუთრებას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ...ის საკრებულოს სხდომის 27.04.2000 გადაწყვეტილება №1. ასევე, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ...ის საკრებულოს სხდომის 27.04.2000 წლის გადაწყვეტილება №1, არ გაუქმებულა, ძალაშია და მოქმედებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის სახელზე კონკრეტული უძრავი ქონების რეგისტრაცია უკვე წარმოშობს საკუთრების უფლების დაცვისა და პატივისცემის ვალდებულებას და საკითხს არ ცვლის რეგისტრაციის დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით არსებობა (სუსგ. №ბს-909(კ-22), 08.12.2022 წელი; №ბს-586(კ-კს-22), 10.10.2023 წელი).

რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ სასამართლოს არ მიუთითებია, რა სახის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მარეგისტრირებელმა ორგანომ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო აფასებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და მასზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე დამდგარი შედეგის კანონიერებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 41 პუნქტის გათვალისწინებით, სარეგისტრაციო წარმოება მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენციაა, რა დროსაც ის ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.07.2023წ. №31152 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია