Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1370(კ-24) 07 მაისი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მ.ა-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

მ.ა-იმა 2022 წლის 14 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 04 ნოემბრის №1000818266 დასკვნის (მ.ა-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მ.ა-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის თაობაზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს პრეზიდენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ა-იმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რომლითაც მ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 4 ნოემბრის N1000818266 უარყოფითი დასკვნა მ.ა-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით; მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მ.ა-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე მ.ა-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის N75 ბრძანებულებით დაკმაყოფილდა მ.ა-ის განცხადება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე. მ.ა-იმა 2022 წლის 9 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. განცხადებაში მითითებული ინფორმაციის თანახმად დგინდებოდა, რომ მ.ა-ი დაიბადა ... წლის ... ...ს ქალაქ თბილისში. საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოში, დასაქმებული იყო საქართველოში. ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება, რაც გახდა შემდეგში მისი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. მ.ა-ის ჰყავს სამი შვილი რუსეთის მოქალაქეები, ერთი შვილი ცხოვრობს და საშუალო განათლებას იღებს საქართველოში, ორი შვილი ცხოვრობს რუსეთში. საქართველოში ჰყავს მშობლები და ძმა (საქართველოს მოქალაქეები). გეგმავს საქართველოში ცხოვრებას. მ.ა-იმა ჩააბარა ტესტირება ქართულ ენაში, ისტორიასა და სამართალში და სამივე კომპონენტში მიიღო უმაღლესი 10 ქულა. საქმეში არ მოიძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი დასკვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მ.ა-ი ან მისი მუშაობის სფერო არ წარმოადგენს საშიშროებას სახელმწიფოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს მოსარჩელის მჭიდრო კავშირს საქართველოსთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, მოსარჩელე საქართველოს მიიჩნევს საკუთარ ქვეყანად და სურს საქართველოში დაბრუნება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის საქართველოდან წასვლის და სხვა ქვეყანაში გადასვლის მოტივზე, რომელიც განპირობებული იყო მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით.

პალატამ არ გაიზიარა ადმინისტარციული ორგანოს მოსაზრება უარყოფითი დასკვნის თაობაზე და მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს არცერთი სახელმწიფო ორგანოდან არ მიუღია ინფორმაცია, რაც განაპირობებდა მ.ა-ისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლი და არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. გაუგებარია რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით გააკეთა სასამართლომ დასკვნა, რომ მხარემ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო დატოვა ქვეყანა და საქართველოს მოქალაქეობა, მაშინ როდესაც მოსამართლის კითხვაზე მხარემ უპასუხა, რომ მის ოჯახს ჰქონდა და აქვს თბილისში საკმაოდ დიდი უძრავი ქონება და მისი ცხოვრება მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნება.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ აქვს გამიჯნული ,,მოქალაქეობის შენარჩუნება’’ და ,,საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება’’, რადგან გადაწყვეტილებაში ყველგან მხარის საქართველოსთან მჭიდრო კავშირზეა საუბარი. ,,სარწმუნო კავშირი’’ მოქალაქეობის შენარჩუნების მუხლშია და ამ ეტაპზე იკვლევს კომისია და არა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე -17 მუხლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას კი, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო – საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. გაუგებარია, როგორ დაადგინა სასამართლომ ის გარემოება, რომ მ.ა-ის საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და რატომ გახდა კანონის აღნიშნული ჩანაწერი (საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია) აპრიორი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძველი, მაშინ როდესაც კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს საგამონაკლისო წესით მიანიჭოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. მოსარჩელესთან დაკავშირებით არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, რაც მოცემულ გარემოებებს დაადასტურებს. მხარის ერთადერთი მოტივი მოქალაქეობის მიღების არის ის გარემოება, რომ სურს საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე რატომ უნდა მიენიჭოს მხარეს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობა და არა მაგალითად გამოიყენოს ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, როგორიცაა ,,მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება’’, ,,ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა’’ და სხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 04 ნოემბრის №1000818266 დასკვნის (მ.ა-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით) ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დადებითი დასკვნის გამოცემის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს (მუხლი 1).

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის (საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები) თანახმად, 1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. 2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. 3. ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ზოგადი პროცედურის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 24-ე მუხლის 1-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. აღნიშნული დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია: ა)მოიწვიოს განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან მიიღოს აუცილებელი დოკუმენტაცია და წერილობითი დასკვნები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. მე-7 მუხლის პირველი მეორე თანახმად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება მისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის ან დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. მესამე პუნქტის თანახმად, სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის, რომელიც გამოცემულია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და ამავე მომენტიდან აითვლება მასთან დაკავშირებული ვადები. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი წესით კანონის მე-12, მე-14, მე- 17 და 311 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ცოდნის დონის შემოწმება კომისიის მიერ შესაძლებელია როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების გზით. განცხადების რეგისტრაციისას, მიეთითება ცოდნის დონის შემოწმების რომელ ფორმას ირჩევს განმცხადებელი. გასაუბრება, თუ განცხადება წარმოდგენილია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, შესაძლებელია ჩატარდეს პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებით. გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს აუდიო ან ვიდეოჩაწერა რის თაობაზეც წინასწარ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. მესამე პუნქტის თანახმად, ტესტირება ტარდება განცხადების მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში სათანადოდ მოწყობილ საგამოცდო ოთახში ან საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების საქართველოს ფარგლებს გარეთ წარდგენის შემთხვევაში. კომისიის მიერ შეიძლება დადგინდეს ტესტირების ჩატარების სხვა ადგილიც. მეხუთე პუნქტის თანახმად, ტესტირება, როგორც წესი, ტარდება ელექტრონულად, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ობიექტური გარემოების გამო ტესტირების ელექტრონულად ჩატარება შეუძლებელია, ის შეიძლება ჩატარდეს მატერიალური ფორმით. მეშვიდე პუნქტის თანახმად, გასაუბრების გზით ცოდნის დონის შემოწმებისას, კომისია წინასწარ შემუშავებული კითხვების საშუალებით არკვევს განმცხადებლის ცოდნის დონეს. მეცხრე პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონესა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები; ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად კი, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ. დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - განკარგულებას. ამავე მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად კი, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის N75 ბრძანებულებით, პირადი განცხადების საფუძველზე, მ.ა-ი გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან. მოსარჩელე ამჟამად არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 2022 წლის 9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.ა-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. განცხადებას დაურთო რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი, ფოტოსურათი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, ორი რეკომენდაციის წერილი და ორი დამატებითი დოკუმენტი. მოსარჩელემ განცხადებაში მიუთითა, რომ დაიბადა ... წლის ... ...ს თბილისში. საშუალო და უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოში, 2002-2004 წლებში დასაქმებული იყო საქართველოში და მუშაობდა ...ში. მოსარჩელეს ჰყავს სამი შვილი რუსეთის მოქალაქეები, ერთი შვილი ცხოვრობს და საშუალო განათლებას იღებს საქართველოში, ორი შვილი ცხოვრობს რუსეთში. საქართველოში ჰყავს მშობლები და ძმა (საქართველოს მოქალაქეები). ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება, რაც გახდა შემდეგში მისი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. მოსარჩელემ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა განპირობებული იყო ოჯახური მიზეზებით (ქორწინებით), ამჟამად არის განქორწინების პროცესში და სურს სამშობლოში დაბრუნება. განცხადებაზე თანდართული რეკომენდაციებით, მეგობრები მ.ა-ის ახასიათებენ როგორც დადებით და გაწონასწორებულ პიროვნებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2022 წლის 10 აგვისტოს ინფორმაციით, საკადრო შემოწმების შედეგად, მ.ა-ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ამავე დეპარტამენტის 2022 წლის 10 აგვისტოს ინფორმაციით, საკადრო შემოწმების შედეგად, მ.გ-ის (ქორწინებამდელი გვარი) შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივლისის MIA 8 22 02364590 წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ წერილში მითითებული პირების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურა არ მიმდინარეობს. საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 22 აგვისტოს N00004428 წერილის მიხედვით, საქართველოს დაზვერვის სამსახურს წერილში მითითებული პირების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 10 აგვისტოს წერილობით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა მ.ა-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე კანონიერი საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 28 სექტემბრის N SSG 8 22 00181232 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მ.ა-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. მოქალაქეობის საკითხთა კომისია 2022 წლის 3 ნოემბერს გაესაუბრა საქართველოს მოქალქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველ პირს მ.ა-ის. კომისიამ ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა მ.ა-ის ცოდნის დონე და დაადგინა, რომ მ.ა-ის ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა); საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა); სამართლის ძირითადი საფუძვლები 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა).

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 3 ნოემბრის N21258 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის მ.ა-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის ფაქტი. შეფასება მისცა მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას და მიიჩნია, რომ მ.ა-ი ვერ აკმაყოფილებდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნებს (მომხრე – 6 (ექვსი); წინააღმდეგი – 0 (ნული)).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 4 ნოემბერს, მ.ა-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოამზადა უარყოფითი დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2022 წლის 4 ნოემბერს, ხოლო პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცემულა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მ.ა-ის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ფორმალური საფუძვლები. კომისიას მართებდა, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, შეეფასებინა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რამდენად გამომდინარეობდა სახელმწიფო ინტერესებიდან.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელეთა განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების კანონიერ საფუძვლად მითითებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი. გასაჩივრებული დასკვნა განსახილველ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული მოსარჩელის მიმართ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პირობების გამომრიცხავი გარემოებები. გასაჩივრებული დასკვნა ეფუძნება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების შედეგებს. კომისიის სხდომის ოქმით კი დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ წარმატებით იქნა დაძლეული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 17.3 მუხლზე, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. მოსარჩელის მიერ გავლილი ტესტირების შედეგებით დგინდება, რომ მისი ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. კომისიის სხდომის ოქმით დადგენილია ასევე, რომ მ.ა-ი დაბადებულია საქართველოში, საშუალო და უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოში. მშობლები, ძმა და ერთი შვილი ცხოვრობს საქართველოში. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია ასევე საქმეში დაცული წერილობითი რეკომენდაციებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება). „შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15 მუხლის მსგავსი „მოქალაქეობის უფლება“ ან კონკრეტული მოქალაქეობის მიღების ან შენარჩუნების უფლება არ არის გარანტირებული კონვენციით ან მისი ოქმებით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოქალაქეობის თვითნებურმა უარყოფამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება წამოჭრას საკითხი კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე, ასეთი უარყოფის გავლენის გამო პიროვნების პირად ცხოვრებაზე (Karassev, Slivenko and Others v. Latvia (dec.) [GC], no 48321/99, § 77, ECHR 2002-II). საკითხი, აქვს თუ არა განმცხადებელს სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების სადავო უფლება, უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის მითითებით (Kolosovskiy v. Latvia (dec.), no. 50183/99, 2004.29.01). კრიტერიუმების არჩევა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სახელმწიფოსა და დაინტერესებულ ინდივიდს შორის არსებული კავშირის ბუნებასთან, რომლის განმტკიცების უზრუნველყოფასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეულ საზოგადოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის მიზნებისთვის სახელმწიფო ინტერესების შეფასება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თვითნებობის გამოსარიცხად არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ კრიტერიუმები და გარემოებები, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს დასაბუთებული და განმარტებული იქნას მიღებულ დასკვნასა და ოქმებში. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კომისია ვალდებული იყო მ.ა-ისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მსჯელობისას შეეფასებინა სწორედ კანონმდებლობით დადგენილი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილება ან/და სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასვლა პირისათვის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო ინტერესების შეფასებისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს. ამდენად, კანონმდებლობა მითითებული გარემოებებს დაინტერესებული პირის საქართველოსთან განსაკუთრებულ კავშირად განიხილავს, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. მართალია მხოლოდ ეს კრიტერიუმები ავტომატურად არ ქმნის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნის მომზადების საკმარის საფუძველს, თუმცა კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, ცხადად დაასაბუთოს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების დადგენა, მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ფორმალური საფუძვლების არ არსებობის პირობებში, რატომ არ არის საკმარისი დაინტერესებული პირისათვის მოქალაქეობის მინიჭებაზე დადებითი დასკვნის მომზადებისთვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოები, არ დაასაბუთა უარყოფითი დასკვნის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილება. კომისიამ მხედველობაში არ მიიღო მ.ა-ის ბიოგრაფია, ქვეყნის დატოვების მიზეზები და საქართველოსთან მისი კავშირი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სახეზე იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები, მ.ა-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 20/06/2024 წ. №14154 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 15 ნოემბერს №26641 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ.შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.მაკარიძე