Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-363(4კ-23) 03 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ.ტ-ი

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 05 ოქტომბერს გ.ტ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელის თანახმად, 2019 წლის მაისიდან იმყოფებოდა ...ის N... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიუთითებს, რომ ექვსი წელია არის ვეგანი და იკვებება მცენარეული ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებისთანავე ადმინისტრაციას აცნობა, რომ იყო ვეგანი და საჭიროებდა სპეციალურ კვების რაციონს. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად თხოვნისა, ციხეში ყოფნის პერიოდის განმავლობაში არ მიეწოდებოდა საჭირო საკვები. ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ ანალოგიურ შემთხვევას აქამდე ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად არ აქვთ სპეციალური საკვები ვეგანებისათვის, არ ჰყავთ მზარეული რომელიც მოამზადებს ვეგანურ საკვებს და ასევე დაწესებულებაში არ არის დიეტოლოგი, რომელსაც ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია შეადგინოს ვეგანებისათვის შესაბამისი კვების მენიუ. მიუთითებს, რომ ადგილობრივ მაღაზიაში გაყიდვაში არ იყო ვეგანური პროდუქტი და ვინაიდან არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ვეგანური საკვები, მათ შორის მისთვის აუცილებელი ვიტამინები და ნივთიერებები, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. მოსარჩელის განმარტებით, პატიმრობის განმავლობაში, კერძოდ, 2019 წლის მაისიდან - 2019 წლის 7 ნოემბრამდე მიღებული კალორიების ჯამური ოდენობა და რაციონი დღის განმავლობაში შეადგენდა ბევრად ნაკლებს, ვიდრე ესაჭიროება ზრდასრულ ადამიანს ნორმალური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად. მიუთითებს, რომ არაერთხელ მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციას და პენიტენციურ დეპარტამენტს, თუმცა უშედეგოდ. მიუთითებს, რომ 2019 წლის 01 ივლისის 01/217979 წერილის საპასუხოდ, პენიტენციურ დეპარტამენტს ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, შესაბამისად მიიჩნევს, რომ ციხეში იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი მსოფლმხედველობის ნიშნით, რადგან ვეგანობა წარმოადგენს მის მსოფლმხედველობას. აკონკრეტებს, რომ ყოველდღიურად განიცდიდა შიმშილს და იღებდა მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც არსებული შეთავაზებული საკვებიდან იყო ვეგანური, რაც მისივე განმარტებით, არ წარმოადგენდა ადამიანისათვის საკმარის ულუფას. განიცდიდა სტრესს შიმშილობის გამო, ადგილი ჰქონდა წონის კლებას რამაც შელახა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისად მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციის შედეგად მიადგა მორალური ზიანი. აპელირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებულია პატიმართა კვების რაციონი და მიუთითებს, რომ აღნიშნულით არ არის განსაზღვრული ვეგანებისათვის სპეციალური კვების მენიუ. მიუთითებს, რომ ბრძანებით გათვალისწინებულია სპეციალური დიეტის დანიშვნა ექიმის დანიშნულებით. მოსარჩელის მტკიცებით, ქმედითი ღონისძიებების განუხორციელებლობით მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას იმ პირებთან მიმართებით, რომელთა მსოფლმხედველობასაც არ ეწინააღმდეგება აღნიშნული კვების რაციონი, ასევე, იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ბრძანების თანახმად, განსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევაში ენიშნებათ სპეციალური კვება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მოსარჩელის გ.ტ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი კულტურის (ვეგანობის) ნიშნის მიხედვით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოლიდურად მოსარჩელის გ.ტ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილი, ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მიუთითა ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკაზე და განმარტა, რომ აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლებას, რაც თავის მხრივ დაცული სფეროს შემადგენლობაში ასევე მოიცავს პირის უფლებას საკუთარი პრინციპებით და შეხედულებისამებრ იკვებოს. ამასთან, პირის დამოკიდებულება საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებებისადმი ქმნის მის ღირსებას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა “ევროპის ციხის წესების შესახებ„ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2006 წლის 11 იანვრის №(2006)2 რეკომენდაციაზე და განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უნდა იყოს ყველა რელიგიის, კულტურის და ა.შ. გათვალისწინებით, შესაბამისი საჭიროების მქონე მსჯავრდებულების სათანადო კვების რეჟიმი, კალორიების საჭირო რაოდენობის დეტალური განსაზღვრით და ა.შ. ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მსჯავრდებულებისათვის.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №388 - №01-18/ნ ერთობლივი ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ - ჰიგიენურ ნორმები და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს ისეთი სპეციალური საჭიროებების მქონე მსჯავრდებულების (ბრალდებულების) კვების რეჟიმს, კალორიულობას ა.შ, როგორიც არის ვეგანი, ვეგეტარიანელი და ა.შ.

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ პატიმრის დაწესებულებაში მოთავსების დღიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის ცნობილი იყო რომ გ.ტ-ი იყო ვეგანი და საჭიროებდა განსხვავებულ კვებას და მან არაერთხელ მიმართა დაწესებულების ადმინისტრაციას მისი სათანადო საკვებით უზრუნველყოფის მოთხოვნით, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ 2019 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით, N... პენიტენციურ დაწესებულებაში იგეგმებოდა ცალკე მენიუს შემუშავება (კვების რაციონის მოდიფიცირება) ვეგანი ბრალდებულ/ მსჯავრდებულებისთვის, თუმცა ზუსტი პერიოდი არ იყო ცნობილი თუ როდის მოხდებოდა ცალკე მენიუს შემუშავება ვეგანი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის. გარდა ვეგანი მსჯავრდებულებისათვის კვების ნორმატიულ - სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობისა, სასამართლოს მსჯელობით, განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისმა პენიტენციურმა დაწესებულებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულადაც ვერ უზრუნველყო შესაბამისი პროფილის ექიმის მიერ შედგენილი კვების რეჟიმის მიხედვით, მოსარჩელის სათანადოდ სპეციალური კვება. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ N... პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 28 მაისიდან, 2019 წლის 07 ნოემბრამდე არ ჰყავდათ დიეტოლოგ - ნუტრიციოლოგის სპეციალობის მქონე ექიმი.

სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ.ტ-ის მიმართ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, განხორციელდა გონივრულ საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი თანაბარი მოპყრობა იმ პირობებში, როდესაც იგი სხვა, დანარჩენი მსჯავრდებულებისაგან არსებითად განსხვავებულ პირობებში იმყოფებოდა მისი კვებითი საჭიროებების თვალსაზრისით. აღნიშნულის საფუძვლით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მის მიმართ დისკრიმინაციის დადგენის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ვერ იქნა დაძლეული კანონით მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის და აქედან გამომდინარე, მის მიერ განცდილი სტრესის, ფიზიკური (ჯანმრთელობის) მდგომარეობის გაუარესების, უარყოფითი ემოციების ხარისხის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის მოთხოვნილი 10 000 ლარი არ წარმოადგენს ადეკვატურ ოდენობას, ამდენად, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 5 000 ლარის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე გ.ტ-ის და მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტების (მოპასუხეები) მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებული არგუმენტაცია „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ - ჰიგიენური ნორმების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე (განსაკუთრებული კვების რეჟიმის საჭიროების მქონე ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ექიმის მიერ სამედიცინო ჩვენების შესაბამისად დადგენილი სამკურნალო კვებისათვის აუცილებელი პროდუქტებით, ამ დანართის მოთხოვნების გათვალისწინებით) და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასება, რომ მითითებული ნორმა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს არსებითად სხვა პირობებში მყოფი მსჯავრდებულების (ვეგანების, ვეგეტარიანელების და ა.შ.) კვების რეჟიმის ნორმატიულ მოწესრიგებად, რადგან იგი შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მსჯავრდებულების კვების საკითხებს მათი მკურნალობის შესაბამისად, ექიმის დანიშნულებით მაშინ, როდესაც მოცემულ შემთხვევაში ვეგანობა არ წარმოადგენს დაავადებას და იგი კონკრეტული პირის კულტურის და ღირსების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, ასეთი საჭიროებების მქონე მსჯავრდებულების სათანადო (სპეციალური) კვება, საჭირო კალორიულობით განსაზღვრული უნდა იყოს სხვა, დანარჩენი მსჯავრდებულების მსგავსად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით №... პენიტენციურ დაწესებულებაში იგეგმებოდა ცალკე მენიუს შემუშავება (კვების რაციონის მოდიფიცირება) ვეგანი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის თუმცა ზუსტი პერიოდი არ იყო ცნობილი დაწესებულებისთვის, თუ როდის მოხდებოდა ცალკე მენიუს შემუშავება ვეგანი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის. ყურადღება გამახვილდა სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ ცალკე მენიუ ვეგანი ბრალდებულ/ მსჯავრდებულებისთვის დღეის მდგომარეობითაც არ არის შემუშავებული (კვების რაციონის მოდიფიცირება) (იხ.15.12.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ვეგანი მსჯავრდებულებისათვის კვების ნორმატიული - სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის ფაქტი, რაც პალატის მსჯელობით, ადასტურებს, რომ არ იქნა გათვალისწინებული პირის ინდივიდუალური საჭიროება, რითაც დაირღვა თანასწორობის უფლება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბრალდებულის/ მსჯავრდებულის კვების ნორმების განსაზღვრაზე პასუხისმგებელ ორგანოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად წარმოადგენენ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტების (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) პოზიცია არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.

რაც შეეხება პენიტენციური დაწესებულების მიერ მოსარჩელისთვის ფაქტობრივად მიწოდებულ საკვებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ მოსარჩელე №... პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო სათანადო სპეციალური კვებით, შესაბამისი პროფილის ექიმის მიერ შედგენილი კვების რეჟიმის მიხედვით. საგულისხმოდ იქნა მიჩნეული ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ პერიოდში, №... პენიტენციურ დაწესებულებაში დიეტოლოგ - ნუტრიციოლოგის სპეციალობის მქონე ექიმი არ ჰყავდათ. ამასთან, ყურადღება გამახვილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხული პირების (პ.ჯ-ა და შ.ხ-ე) იმ განმარტებაზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ მოსარჩელესთან ერთად და დაადასტურეს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეს აწვდიდნენ იგივე საკვებს, რასაც მათ და იგი ფაქტობრივად რჩებოდა მშიერი.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტის (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური) მითითება, რომ მოსარჩელეს დაწესებულებაში მოქმედი მენიუებიდან მიეწოდებოდა მცენარეული საკვები, ასევე სპეციალურად მოხარშული და უმი მცენარეული პროდუქტები, ვერ იქნა მიჩნეული მოსარჩელის სათანადო კვებით უზრუნველყოფის დამადასტურებელ გარემოებად. ამდენად, სრულად იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე გ.ტ-ის მიმართ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან განხორციელდა გონივრულ საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი თანაბარი მოპყრობა იმ პირობებში, როდესაც იგი სხვა, დანარჩენი მსჯავრდებულებისაგან არსებითად განსხვავებულ პირობებში იმყოფებოდა მისი კვებითი საჭიროებების თვალსაზრისით.

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) 08.04.2009 წელი და საქმეზე №ბს-890(კ-18) 26.11.2019) და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროსასამართლოს პრაქტიკა არ არის ერთგვაროვანი და ევროსასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მორალური ზიანის ოდენობასთან მიმართებით და მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის, მისი ხანგრძლივობის და აღნიშნულიდან გამომდინარე განცდილი სტრესის, ფიზიკური (ჯანმრთელობის) მდგომარეობის გაუარესების, უარყოფითი ემოციების ხარისხის გათვალისწინებით, მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად მიიჩნია 5 000 (ხუთი ათასი) ლარის განსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.ტ-ის მიერ მორალური ზიანის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ასევე გასაჩივრდა მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილზე.

კასატორი - გ.ტ-ი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის სრულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნულ ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მიიჩნევს არასაკმარისად და აღნიშნავს, რომ ვეგანი პირებისათვის სათანადო კვება ციხეში, სადაც ისინი სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ იმყოფებიან, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი არღვევს კონსტიტუციით განმტკიცებულ ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, რწმენის თავისუფლება, ღირსების ხელშეუვალობა და დისკრიმინაციისაგან დაცვის კონსტიტუციური პრინციპი.

კასატორი აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/1/1404 გადაწყვეტილებაზე („ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) და 2011 წლის 22 დეკემბრის N1/1/477 გადაწყვეტილებაზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13) სადაც მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს იმგვარი რწმენის დაცვას, რომელიც დამაჯერებლობის, სერიოზულობის, თანმიმდევრულობისა და მნიშვნელობის გარკვეულ დონეს აღწევს. მიიჩნევს, რომ ვეგანი პირები სწორედ ამ სტანდარტს აკმაყოფილებენ.

კასატორის განმარტებით, ციხეში ყოფნის პერიოდში არ ჰქონდა სტაბილური კვების შესაძლებლობა. მაშინ, როდესაც ციხეში პატიმრები რამდენიმე სხვადასხვა კერძით იკვებებოდნენ, მას უწევდა შიმშილი ან მცირე ულუფით კვება. ექიმებმაც კი არ იცოდნენ, რას ნიშნავს იყო ვეგანი და არ ესმოდათ მისი მოთხოვნის არსი. აღნიშნავს, რომ შეთავაზებული ჰქონდა მხოლოდ ერთი კერძი, ამასთან, კვება სეზონების მიხედვით და თვეში კვირების მიხედვით არ იცვლებოდა, განსხვავებით რიგი პატიმრებისა. კასატორის მითითებით არ მიეწოდებოდა ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები, როგორიცაა B12, D ვიტამინი. საქმეში წარმოდგენილი კვების მენიუ შესთავაზეს 28 აგვისტოდან, ხოლო 28 მაისიდან - 28 აგვისტომდე სრულიად მშიერი იყო. ამასთან, საჭირო საკვები ციხეში არც იყიდებოდა და არაერთი თხოვნის მიუხედავად, არც შეტანის ნებას რთავდნენ. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ციხეში არ იყო სპეციალური დიეტოლოგი, რომელსაც ექნებოდა ცოდნა ვეგანებისათვის შეედგინა სპეციალური მენიუ.

საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი სარჩელი შეეხება დისკრიმინაციას ვეგანური ნიშნით. საჩივარში მიუთითებს ასევე ჰაერის, წყლის, სანიტარული ნორმების დაუცველობაზე და მისგან გამომდინარე ნეგატიურ შედეგებზე, საკანში სივრცის სიმცირესა და არასათანადო პირობებზე, საგამოძიებო იზოლატორში სტომატოლოგიური კაბინეტის არ არსებობაზე და მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ყველა ეს კრიტერიუმი, მათ შორის ჯანმრთელობის შელახვა, ღირსების შელახვა, შიმშილობა და აქედან გამომდინარე სტრესი - დისკრიმინაციული დამოკიდებულება. მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 08 მაისის N111/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დადგენილია საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების ნორმები. განმარტავს, რომ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის მიზნით ტარდება ანალიზები ან სხვა რაიმე სახის სამედიცინო პროცედურა, რომელიც თვალსაჩინოს გახდის მაჩვენებლების შესაბამისობას ან შეუსაბამობას კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. მიუთითებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში არ განხორციელებულა რაიმე სახის ანალიზის ჩატარება, შესაბამისად არ იყო უზრუნველყოფილი მისი როგორც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის სტანდარტი. აპელირებს ამავე ბრძანებით განსაზღვრულ, მინერალური ნივთიერებების და ვიტამინების საჭირო ოდენობებზე და მიიჩნევს, რომ მისთვის შესაბამისი ანალიზების ჩატარებით შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების შეფასება, ხორციელდებოდა თუ არა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან საკვები ნუტრიენტების განსაზღვრული ოდენობით მიწოდება. კასატორი მიიჩნევს, რომ 6 თვის მანძილზე ციხეში ყოფნას და მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას 5 000 ლარი ვერ დააკომპესირებს. შესაბამისად, ითხოვს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას და მორალური ზიანის სახით მოპასუხეებისთვის სოლიდარულად - 10 000 ლარის დაკისრებას.

კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და განმარტავს, რომ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები - შინაარსისა და ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და შესაბამისად არის კანონიერი აქტი. ერთობლივი ბრძანების მატერიალურ მხარესთან მიმართებით განმარტავს, რომ ბრძანებით დამტკიცებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ - ჰიგიენური ნორმები განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზებისათვის აუცილებელ ნორმებს. მისივე მსჯელობით, ერთობლივი ბრძანებით მართალია არ არის განსაზღვრული კონკრეტული მენიუ ვეგანებისათვის, თუმცა გათვალისწინებულია სპეციალური კვების - დიეტის შედგენის შესაძლებლობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. მიუთითებს დასახელებული ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტავს, რომ განსაკუთრებულ სიტუაციებსა და პირობებში დასაშვებია დადგენილი კვების რეჟიმის შეცვლა და ახლის შემუშავება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მონაწილეობით. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ.ტ-ი პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის მაისიდან - 2019 წლის 7 ნოემბრამდე, მიუთითებს №... პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2019 წლის 12 სექტემბრის წერილზე, რომელშიც ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაწესებულებისათვის ცნობილი იყო გ.ტ-ის კვების სპეციალური საჭიროების შესახებ. დაწესებულება უზრუნველყოფდა გ.ტ-ის სრულყოფილ კვებას. მას საკვებად გადაეცემოდა ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავდა ცხოველურ ცხიმებს. წარმომადგენელი აპელირებს წერილის იმ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ №... დაწესებულების (სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მეშვეობით) და კვების კომპანიის მიერ იგეგმებოდა ცალკე მენიუს შემუშავება ვეგანი ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ერთობლივი ბრძანების ხელმოწერა არ უნდა აღიქმებოდეს ვალდებულებად, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტრო იყო ვალდებული მიეღო შესაბამისი ზომები გ.ტ-ის ვეგანურ კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული საჭიროების არსებობისას.

დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში, საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ კვების ორგანიზებისთვის აუცილებელ ნორმებზე და მიიჩნევს, რომ „ერთობლივი ბრძანება“ რეგულირების სფეროსა და ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით არ ახდენს დისკრიმინაციულ მოპყრობას. მიიჩნევს, რომ ბრძანება ამომწურავად და სრულყოფილად განსაზღვრავს ყველა საჭიროების მქონე პირთა კვების რაციონს და არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს. კასატორის მსჯელობით, პასუხისმგებლობის ერთ - ერთ მთავარ პირობას, თავად ზიანის არსებობის ფაქტის გარდა, წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი და ბრალეული მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ზიანთან. მორალურ ზიანზე მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი საუბარი, როდესაც სახეზეა ბრალეული ქმედება. მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ მოქმედებდა ბრალეულად. დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას დაწესებულებების მხრიდან უმოქმედობაში, მაშინ როდესაც ერთი მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ერთობლივი ბრძანების ხელმოწერით, ხოლო მეორე მხრივ პენიტენციურმა სამსახურმა დასახელებული ბრძანების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებით და სათანადო რეაგირებით მაქსიმალურად შეუწყო ხელი გ.ტ-ის უფლებების დაცვას. გასათვალისწინებლად მიიჩნევს სასამართლოს ჩანაწერს, სამინისტროს მიერ ერთობლივი ბრძანების ხელმოწერიდან გამომდინარე ზიანის დაკისრების თაობაზე და იმ პირობებში როდესაც ბრძანება არ არის გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი, უსაფუძვლოდ მიიჩნევს გ.ტ-ის სასარგებლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ შესაფასებელია სამინისტროს მხრიდან იკვეთება თუ არა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. მიუთითებს "ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ -ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის N388 – N01-18/ნ ერთობლივ ბრძანებაზე და არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ ერთობლივი ბრძანებით არ იყო გათვალისწინებული პირის ინდივიდუალური საჭიროება. აპელირებს აღნიშნული რეგულაციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესები იძლევა შესაძლებლობას, განსხვავებული საჭიროების მქონე პატიმრებისთვის, შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით შედგეს სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული მენიუ. დაუსაბუთებლად მიიჩნევს მსჯელობას თუ რა ნაწილში ახალისებს ერთობლივი ბრძანება დისკრიმინაციას. აკონკრეტებს, რომ კვების მენიუსა და შესაბამისი კალორაჟის განსაზღვრა ხდება ექიმი დიეტოლოგ/ ნუტრიციოლოგის მიერ. სწორედ ექიმის მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი კალორაჟის გამოთვლა და დანიშვნა. მიუთითებს, რომ ექიმის კონსულტაცია/ჩარევა არ ესაჭიროება მხოლოდ ავადმყოფ პირს და გაუმართლებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ ნორმის ამ ფორმით ინტერპრეტაციას. მიუთითებს, რომ ზემოხსენებული ერთობლივი ბრძანება ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მსჯავრდებულებისთვის/ბრალდებულებისთვის განსხვავებული კვების რეჟიმის, მენიუ - განრიგის შემუშავებას. მისივე განმარტებით, ერთობლივი ბრძანება ნორმატიული მოწესრიგების დონეზე არ არის დისკრიმინაციის წამახალისებელი, ხოლო სხვა მხრივ შეუძლებელია, სამინისტროს მხრიდან, გ.ტ-ის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ჰქონოდა ადგილი. კასატორის მსჯელობით, სწორედ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აქტი არ ყოფილიყო დისკრიმინაციის წამახალისებელი, აქტმა გააჩინა შესაძლებლობა მოხდეს სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული კვების რაციონის/რეჟიმის შემუშავება, შესაბამისი ექსპერტის ჩართულობით და მისი მიწოდება პატიმრებისათვის. წინსწრებით შეუძლებლად მიიჩნევს აქტმა გაითვალისწინოს ყველა შესაძლო საჭიროებაზე მორგებული მენიუ (პიროვნების მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, რამეთუ მსოფლმხედველობის, კულტურის არაერთი მიმართულება არსებობს), თუმცა ასეთი რეალური საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, აქტი იძლევა შესაძლებლობას შემუშავდეს სპეციალურ საჭიროებაზე მორგებული სათანადო კვების რეჟიმი.

კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური მიუთითებს „პატიმრობის კოდექსის“ 23-ე მუხლზე და განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. ნორმაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. აპელირებს 2019 წლის 6 მარტის N388 – N01-18/ნ ერთობლივი ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების რეჟიმი განსაზღვრავს დღის განმავლობაში კვების ჯერადობას, მათ შორის, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული შუალედების დაცვას, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დამტკიცებული ნორმების მიზანმიმართულ განაწილებას დღისა და კვირის განმავლობაში და საკვების მიღებას კვების რეჟიმით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში. მიუთითებს, რომ მუხლის მე-4 პუნქტით, განსაკუთრებულ სიტუაციებსა და პირობებში დასაშვებია დადგენილი კვების რეჟიმის შეცვლა და ახლის შემუშავება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობით.

კასატორი ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის საფუძველზე მიუთითებს, რომ პაციენტს მიეწოდებოდა დაწესებულებაში მოქმედი მენიუებიდან მცენარეული საკვები, ასევე მისთვის სპეციალურად მომზადებული მოხარშული და უმი მცენარეული პროდუქტები. №... პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 16 მარტის N 24/69326 სამსახურებრივ ბარათზე მითითებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ №... პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფდა გ.ტ-ის სრულყოფილ კვებას, მას საკვებად მიეწოდებოდა ისეთი პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს. ასევე, სამედიცინო პერსონალის მიერ კონტროლდებოდა საკვების ოდენობა და კალორაჟი. გ.ტ-ის აწვდიდნენ ისეთ მცენარეულ პროდუქტებს, კერძოდ ბრინჯს, წიწიბურას, შვრიას, ლობიოს, ქერს, კარტოფილს და სხვადასხვა ბოსტნეულს.

წარმომადგენლის მსჯელობით, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 6 მარტის N388 - N01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით კონკრეტულად ვეგანი ბრალდებულებისთვის/ მსჯავრდებულებისთვის მენიუ და კვების რაციონი არ არის გაწერილი, აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს, განსაკუთრებულ სიტუაციებსა და პირობებში დადგენილი კვების რეჟიმის შეცვლისა და ახლის შემუშავების შესაძლებლობას სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობით. მისივე განმარტებით, კანონმდებლობა რა თქმა უნდა პირდაპირ ვერ მოაწესრიგებს ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას, თუმცა ბრძანების ზემოაღნიშნული დათქმა შესაძლებლობას აძლევს სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში მოერგოს კონკრეტულ სიტუაციას და გარემოებების შესაბამისად შეცვალოს ინდივიდუალური ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების რეჟიმი. კასატორის განმარტებით, სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით, გ.ტ-ის დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მიეწოდებოდა მისთვის ინდივიდუალურად შედგენილი, მის საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ და პროდუქტები. გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებდა იმ სამართლებრივი აქტების ჩარჩოში, რომლებიც არეგულირებს პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისა და ყოფნის პირობებს, მათ კვებას და სანიტარიულ - ჰიგიენურ ნორმებს. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისას ერთ - ერთი განსახილველი კრიტერიუმია შესაბამისი მოპყრობის მიზანი. განმარტავს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიზანი არ ყოფილა გ.ტ-ის მიმართ განეხორციელებინა დისკრიმინაციული მოპყრობა. პირიქით, დაწესებულება ცდილობდა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა გ.ტ-ის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე წარმოშობილი საჭიროებები და დაწესებულებაში არსებული პროდუქტების სიიდან აწვდიდა მას მცენარეულ პროდუქტებს. ამდენად, წარმომადგენელი ითხოვს მოსარჩელე გ.ტ-ის სრულად ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გ.ტ-ის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გ.ტ-ის საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ტ-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება გასაჩივრებულია როგორც გ.ტ-ის (დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში), ასევე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ (სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილში).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: გ.ტ-ი 2019 წლის 28 მაისიდან, 2019 წლის 7 ნოემბრამდე იმყოფებოდა პატიმრობაში №... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, გ.ტ-ი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო ექვსი წელია არის ვეგანი და ყოველ წელიწადს შიმშილობს 21-23 დღე (ტომი 1, ს.ფ. 19-25; 33).

2019 წლის 3 ივნისის პაციენტის გასინჯვის ფურცლის (ფორმა №IV-200-5/ა) თანახმად, გ.ტ-ი არის ვეგანი (ე.ი. ცხოველური პროდუქტებიდან არაფერს მიირთმევს) და ითხოვს თავის შესაფერის აბსოლუტურად მცენარეული ცილებით მდიდარ კვებას. ექიმის მიერ გაიცა რეკომენდაცია - ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება (ტომი 1, ს.ფ. 26).

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკური დაკვირვების დღიურით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით მოსარჩელე გ.ტ-ი კვლავ აფიქსირებს, რომ არის ვეგანური ტიპის კვებაზე. ითხოვს შესაბამისი დიეტის დანიშვნას. ჩანაწერის თანახმად, შეტყობინება გადაეცა ექიმ დიეტოლოგს. 2019 წლის 4 ივლისის მდგომარეობით, პაციენტი უჩივის უძილობას. ექიმმა მიუთითა, რომ სასადილოს მენეჯერთან გადაამოწმა პაციენტის კვების საკითხი, მას მიეწოდება დაწესებულებაში მოქმედი მენიუებიდან მცენარეული საკვები და აგრეთვე სპეციალურად მომზადებული მოხარშული და უმი მცენარეული პროდუქტი (ტომი 1, ს.ფ. 27).

საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 3 სექტემბრის N13-2/9713 წერილით, №... პატიმრობისა და დახურული ტიპის დაწესებულებას ეთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია ცნობილია თუ არა №... დაწესებულების ადმინისტრაციისათვის ვეგანი გ.ტ-ის კვების სპეციალური საჭიროების შესახებ; დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიეწოდებინა ინფორმაცია რა ღონისძიებები ტარდება და როგორ უზრუნველყოფს №... დაწესებულება გ.ტ-ის სრულყოფილ კვებას; გეგმავს თუ არა დაწესებულების ადმინისტრაცია სპეციალისტის ჩართულობით მოახდინოს კვების რაციონის მოდიფიცირება გ.ტ-ისათვის მისი საჭიროებებიდან გამომდინარე და ასევე №... დაწესებულებაში არიან თუ არა სხვა ვეგანი პატიმრები, რომლებსაც კონკრეტული სხვა საკვები ესაჭიროებათ. (ტომი 1, ს.ფ. 129-130).

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2019 წლის 12 სექტემბრის №271459/25 წერილით სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ №... პენიტენციური დაწესებულებისთვის ცნობილია გ.ტ-ის კვების სპეციალური საჭიროების შესახებ. ამასთან, დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულის სრულყოფილ კვებას, მას საკვებად გადაეცემა ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს. ასევე, სამედიცინო პერსონალის მიერ კონტროლდება საკვების ოდენობა და კალორაჟი. ამავე წერილის თანახმად, №... პენიტენციური დაწესებულების და კვების კომპანიის მიერ იგეგმება ცალკე მენიუს შემუშავება (კვების რაციონის მოდიფიცირება) ვეგანი ბრალდებულ/ მსჯავრდებულთათვის. მითითებულია, რომ მოცემული პერიოდისათვის №... პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა ვეგანი პატიმრები არ არიან განთავსებულნი, რომლებსაც კონკრეტული სახის საკვები ესაჭიროება (ტომი 1, ს.ფ. 17).

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2019 წლის 25 სექტემბრის №285773/25 წერილით, სახალხო დამცველის აპარატს დეტალურად ეცნობა გ.ტ-ის მენიუს შესახებ, კერძოდ: ორშაბათი საუზმე - ჰერკულესის ფაფა. ჩაი. სადილი - უცხიმო ბორში. ჭარხლის და სტაფილოს სალათი. კომპოტი. ვახშამი - მოხარშული კარტოფილი. ჩაი: სამშაბათი საუზმე - საუზმე მოხარშული ბრინჯი, ჩაი. სადილი კარტოფილის სუფი, ჭარხლის სალათი, კომპოტი. ვახშამი - მოხარშული კარტოფილი, წიწიბურა, ჩაი; ოთხშაბათი - მოხარშული ბრინჯი ჩაი. სადილი უცხიმო სუფი, კიტრი პამიდვრის სალათი, კომპოტი. ვახშამი წიწიბურა, ჩაი; ხუთშაბათი - საუზმე ჰერკულესის ფაფა, ჩაი. სადილი ბარდის სუფი, სტაფილოს და ჭარხლის სალათი. კომპოტი. ვახშამი მოხარშული კარტოფილი, წიწიბურა. ჩაი. პარასკევი - საუზმე ბრინჯის ფაფა, ჩაი. სადილი ლობიო, კიტრი პამიდვრის სალათი, კომპოტი. ვახშამი მოხარშული კარტოფილი, წიწიბურა. ჩაი. შაბათი - საუზმე ბრინჯის ფაფა, ჩაი. სადილი კარტოფილის სუფი, სტაფილოს ჭარხლის სალათი. კომპოტი. ვახშამი წიწიბურა, ჩაი. კვირა - საუზმე ჰერკულესის ფაფა, ჩაი. სადილი უცხიმო სუფი, ქერის გარნირი, სტაფილოს ჭარხლის სალათი. კომპოტი. ვახშამი მოხარშული კარტოფილი. წიწიბურა. ჩაი. წერილის თანახმად, სახალხო დამცველს ეცნობა, რომ მოცემულ ეტაპზე ზუსტი პერიოდი არ არის ცნობილი თუ როდის მოხდება ცალკე მენიუს შემუშავება ვეგანი ბრალდებულ/ მსჯავრდებულთათვის (ტომი 1, ს.ფ. 18).

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №... პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 16 მარტის N24/69326 მოხსენებითი ბარათით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს, N01-40504 წერილის პასუხად ეცნობა, რომ 2019 წლის №... პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფდა გ.ტ-ის სრულყოფილ კვებას, მას საკვებად გადაეცა ისეთი პროდუქტები რომელიც არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს. ასევე სამედიცინო პერსონალის მიერ კონტროლდებოდა საკვების ოდენობა და კალორაჟი. ასევე გადაეგზავნა ინფორმაცია მენიუსთან დაკავშირებით (ტომი 1, ს.ფ. 146).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2021 წლის 27 სექტემბრის №228269/24 წერილით დასტურდება, რომ №... დაწესებულებაში ვეგანი ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის კვება არ რეგულირდება ცალკე მენიუთი. დაწესებულებაში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა კვება ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №338-N01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით (ტომი 1, ს.ფ. 205).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №310772/01 წერილით, გ.ტ-ის N01/346509 მიმართვის პასუხად ეცნობა იმ ექიმთა ჩამონათვალი, რომლებიც 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში №... პენიტენციურ დაწესებულებაში უწევდნენ სამედიცინო მომსახურებას. წერილით ასევე ეცნობა, რომ საშტატო ერთეულით დიეტოლოგ - ნუტრიციოლოგის სპეციალობის ექიმი - სპეციალისტი №... პენიტენციურ დაწესებულებას მოთხოვნილ პერიოდში არ ჰყოლია (ტომი 1, ს.ფ. 274).

საკასაციო საჩივრებზე მსჯელობის მიზნით, პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ გ.ტ-ისთან ერთად, რომელიც სადავოდ ხდის მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის ოდენობას (10 000 ლარის ნაცვლად 5 000 ლარის დაკისრებას), სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და სოლიდარულად დაკისრებული თანხის (5 000 ლარის) ნაწილში. ამდენად, საკასაციო საჩივრების ფარგლებში უპირველესად უნდა შეფასდეს გ.ტ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა თუ არა დისკრიმინაციულ მოპყრობას; ასეთის არსებობის შემთხვევაში რომელი ადმინისტრაციული ორგანოს/ორგანოების მიერ და ასევე, მსჯელობის საგანია არსებობს თუ მოპასუხისათვის/მოპასუხეებისათვის მორალური ზიანის (რა ოდენობით) დაკისრების საფუძველი.

დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თავად დისკრიმინაციის არსზე და აღნიშნავს, რომ დისკრიმინაცია მე-17 საუკუნეში ინგლისურ ენაში დამკვიდრებული ტერმინია, რომელსაც საფუძვლად უდევს ლათინური სიტყვა discriminatio, რაც განსხვავებას ნიშნავს. ტერმინის ლინგვისტური მნიშვნელობა განსხვავებულ მოპყრობას გულისხმობს. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ადამიანის უფლებათა დამკვიდრებისა და დაცვის ერთ - ერთი უმთავრესი მიმართულება. თანასწორობის იდეა და პრინციპები დღეს მოქმედ მრავალ საერთაშორისო სამართლის აქტითაა გამტკიცებული. მათ შორის არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სხვა საერთაშორისო აქტები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) ადგენს, რომ „ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა“. საერთაშორისო სამართლის აღნიშნული ნორმა, ადამიანის უფლებათა თანასწორად სარგებლობის სტანდარტს ამკვიდრებს. ადამიანები თანასწორნი არიან იმ უფლებებით სარგებლობაში, რომლებსაც კონვენცია ადამიანის წარუვალ უფლებებად მიიჩნევს. მოგვიანებით, კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ასეთივე თანასწორობა დადგინდა არა მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დროს. აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის აკრძალვა ემსახურება არა მხოლოდ თანასწორობის უფლების, არამედ თანასწორობის პრინციპის რეალიზებას, რომელიც უფრო ფართო შინაარსის მატარებელია და არ გულისხმობს მხოლოდ უფლებებით თანასწორად სარგებლობას. ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით აიკრძალა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია საჯარო დაწესებულებების მიერ, რაც შეზღუდული არ არის მხოლოდ უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფით. ნორმა საჯარო დაწესებულებას აგრეთვე უკრძალავს პირის დისკრიმინაციას რაიმე დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ან ნებისმიერი სხვა ქმედების დროს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მოქმედებით ან უმოქმედობით.

დისკრიმინაციის ცნების ეტიმოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მართალია დისკრიმინაციის ერთ - ერთი მთავარი ელემენტია განსხვავებული მოპყრობა, თუმცა დისკრიმინაცია, როგორც სამართლებრივი კატეგორია, შეიძლება მოხდეს სრულიად საპირისპირო ვითარებაშიც, ანუ მაშინ, როდესაც პირებს თანასწორად ეპყრობიან. ადამიანის უფლებათა სამართლის მიხედვით, დისკრიმინაცია არის როგორც მნიშვნელოვნად თანასწორთან თვითნებურად უთანასწოროდ მოპყრობა, ისე მნიშვნელოვნად უთანასწოროსთან თვითნებურად თანასწორად მოპყრობა. ეს უკანასკნელი კატეგორია არაპირდაპირ დისკრიმინაციად მიიჩნევა, რადგან თავად ქმედება პირდაპირ არ არის დისკრიმინაციული, მაგრამ მისი შედეგები უტოლდება დისკრიმინაციას. არაპირდაპირი დისკრიმინაციის არსი სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო პოზიტიურ ვალდებულებას არ ასრულებს იმ პირებთან მიმართებით, რომელთაც ეს სჭირდებათ, აქედან გამომდინარე, ამ პირებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს იმათთან შედარებით, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური მოპყრობა არ სჭირდებათ. არაპირდაპირი დისკრიმინაციისათვის დამახასიათებელია ის ფაქტი, რომ წესი, რეგულაცია, ღონისძიება არის ნეიტრალური, არ შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს და მით უფრო, არც დისკრიმინაციული ქმედების განზრახვას, თუმცა, შედეგად სახეზეა გარკვეულ პირთა ან პირთა ჯგუფის დისკრიმინაციული მოპყრობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონვენციის მე-14 მუხლი ფარავს როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. სადავო არ არის, რომ არაპირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება მომდინარეობდეს არამხოლოდ ქმედებიდან - მოქმედება, უმოქმედობა, არამედ დე ფაქტო სიტუაციიდან. არაპირდაპირი დისკრიმინაციის მტკიცების თვალსაზრისით, ფაქტების მითითების ტვირთი მოსარჩელეზეა. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ ნეიტრალურმა წესმა, კანონმა, რეგულაციამ ის სხვებთან შედარებით, არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა.

არაპირდაპირი დისკრიმინაციის სამართლებრივ ბუნებას ევროპული სასამართლო დეტალურად შეეხო საქმეზე – „D.H. და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“ (D.H. and others v.Czech Republic). სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-14 მუხლი არ კრძალავს განსხვავებულ მოპყრობას, თუ ეს საჭიროა ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. პირიქით, ცალკეულ შემთხვევაში ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად უმოქმედობა თავად ჩაითვლება დისკრიმინაციად. არაპირდაპირი დისკრიმინაცია არის მოცემულობა, რომლის თანახმადაც, „შესაძლოა, რომ განსხვავებული მოპყრობა იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობდეს, რომელიც მართალია ნეიტრალურად არის წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს“ (იხ, საქმე „D.H. and others v.Czech Republic“). არაპირდაპირი დისკრიმინაციის კრიტერიუმებია: ნეიტრალური წესი ან პრაქტიკა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს დაცული ნიშნით გამორჩეულ რომელიმე პირზე ან ჯგუფზე. არაპირდაპირი დისკრიმინაციის საქმეებში დისკრიმინაცია დგინდება იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ყველას მიმართ გამოყენებული იქნა ერთი და იგივე წესი, შესაბამის განსხვავებათა გათვალისწინების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) ავსებს კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების იმ დებულებებს, რომლებიც მატერიალურ უფლებებს ითვალისწინებს. მე-14 მუხლი დამოუკიდებლად არ გამოიყენება. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების მატერიალურ - სამართლებრივი დებულებებით უზრუნველყოფილ „უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით“.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა - პრინციპს. კანონის წინაშე თანასწორობა, უწინარესად, ყველასთვის თანაბარი უფლებებით, პრივილეგიებითა თუ იმუნიტეტით სარგებლობის უფლებას გულისხმობს, რომლებიც თანაბრადაა დაცული კანონის საფუძველზე. მოცემული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს, თუ რა ნიშნების მიხედვით არ შეიძლება ადამიანებისადმი დიფერენცირებული მიდგომა და როდის იქნება იგი შეფასებული დისკრიმინაციად. თავის მხრივ, დისკრიმინაცია კუმულატიურად მოიაზრებს, როგორც განსხვავებულ მოპყრობას, ისე ასეთი მოპყრობის უკანონობას. თუკი განსხვავებული მოპყრობა ემსახურება სამართლიანობას, უთანასწორობის აღმოფხვრას, იგი არ შეიძლება შეფასდეს დისკრიმინაციად. „დისკრიმინაცია, ეს არის შედარებით მსგავს ვითარებაში მყოფ ადამიანთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე“ (Zarb Adami v Malta, HUDOC (2006) 44 EHRR 49 para 71). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თანასწორობის მოთხოვნა ირღვევა, როდესაც მსგავსი, ერთგვაროვანი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, ისევე როგორც, აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა ასევე შეუთავსებელია თანასწორობასთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში შესაძლებლობათა თანაბარი ხელმისაწვდომობის გარანტია ასევე განმტკიცებულია ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ეროვნული კანონმდებლობით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ დავაში მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ვეგანობის (მსოფლმხდევლობის) ნიშნით, საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ კანონმდებლობას, კერძოდ, „პატიმრობის კოდექსს“ რომლის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებას, რომ გ.ტ-ი არის ვეგანი. ასევე დადგენილია, რომ პატიმრის დაწესებულებაში მოთავსების დღიდან - 2019 წლის 28 მაისიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის ცნობილი იყო, რომ საჭიროებდა განსხვავებულ კვებას. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მან არაერთხელ მიმართა დაწესებულების ადმინისტრაციას მისი სათანადო საკვებით უზრუნველყოფის მოთხოვნით. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია როგორც ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათით, ასევე 2019 წლის 3 ივნისის პაციენტის გასინჯვის ფურცლით (ფორმა №IV-200-5/ა) და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკური დაკვირვების დღიურით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვეგანობა, როგორც მსოფლმხედველობა განმარტებულია, როგორც შეხედულებათა, შეფასებათა და წარმოდგენათა სისტემა მსოფლიოსა და მასში ადამიანის ადგილის, გარემოსთან და საკუთარ თავთან ადამიანის საერთო ურთიერთობის შესახებ. ასევე ამ შეხედულებებით განპირობებული ადამიანთა ცხოვრებისეული პოზიციები, მათი რწმენა, იდეალები, პრინციპები, საქმიანობა და ფასეულობითი ორიენტაციები. ტერმინი "ვეგანი" პირველად გამოიყენეს 1940-იან წლებში ვეგეტარიანელთა მცირე ჯგუფმა, რომლებმაც ინგლისში დატოვეს ლეესტერის ვეგეტარიანელთა ასოციაცია და შექმნეს ვეგანური კავშირი. Veganism არის კონცეფცია და ცხოვრების წესი, რომელიც ეხება ადამიანის, ცხოველის და ბუნების ურთიერთობას სამართლიანობასა და თანასწორობასთან ერთად და აქვს ღრმა ფილოსოფიური საფუძველი.

საკასაციო პალატა აქვე, მიუთითებს ადამიანის უფლებების ვენის მსოფლიო კონფერენციაზე გაჟღერებულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებები არის უნივერსალური და ყველასთვის უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. მათი რეალიზებისას გასათვალისწინებელია ისტორიული, კულტურული და რელიგიური თავისებურებები. („დისკრიმინაციის ეფექტური ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები“; ბექა ძამაშვილი).

პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე („ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“), სადაც განმარტებულია, რომ კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ თითოეული პატიმარი იმყოფებოდეს მისი ადამიანური ღირსების პატივისცემის პირობებში, რომ სასჯელის აღსრულებამ არ გამოიწვიოს განსაცდელი ან ტანჯვა, რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს პატიმრობის თანმდევ, გარდაუვალ ტანჯვას (იხ. სხვებს შორის, Ostrovar c. Moldova, no 35207/03, §79, 13 septembre 2005 ; Kafkaris c. Chypre [GC], n o 21906/04, §96, CEDH 2008-...). პატიმრის ჯანმრთელობის გარდა, ასევე ადეკვატურად და პატიმრობის გონივრული მოთხოვნილებების გათვალისწინებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მისი კეთილდღეობა (Sakkopoulos c. Grèce, no 61828/00, §38, 15 janvier 2004; Kudła, §94). ლოჯისტიკური და ფინანსური პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფო ვალდებულია, ისე მოაწყოს თავისი პენიტენციური სისტემა, რომ უზრუნველყოს პატიმრების ადამიანური ღირსების პატივისცემა (Soukhovoy c. Russie, no 63955/00, § 31, 27 mars 2008 ; Benediktov c. Russie, no 106/02, §37, 10 mai 2007).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების უფლებები განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ უფლებებს. აღნიშნული ძირითადი უფლებები პირს გააჩნია მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენიც კი ვერ წარმოშობს პირისთვის ძირითადი უფლებების ჩამორთმევის საფუძველს. უფრო მეტიც, სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ თავად არ შეზღუდოს გაუმართლებლად პირის ძირითადი უფლებები, არამედ დაიცვას ისინი მესამე პირის ჩარევისაგანაც. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების დაკავება თუ დაპატიმრება ითვალისწინებს მისთვის გარკვეული ძირითადი უფლებების გამოყენების შეზღუდვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი ვალდებულია ითმინოს თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგები, სახელმწიფო ვალდებულია, რომ შეუქმნას მას შესაბამისი პირობები, რომელთა ფარგლებშიც სათანადოდ დაცული იქნება პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2021 წლის 27 სექტემბრის №228269/24 წერილით დასტურდება, რომ №... დაწესებულებაში ვეგანი ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის კვება არ რეგულირდება ცალკე მენიუთი. დაწესებულებაში ბრალდებულ/ მსჯავრდებულთა კვება ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №338-N01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით. განსახილველ დავაში, მოპასუხე (კასატორი) სპეციალური პენიტენციური სამსახური თავის პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითებს, რომ №... პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფდა გ.ტ-ის სრულყოფილ კვებას, მიუთითებს, რომ მას საკვებად გადაეცემოდა ისეთი პროდუქტები რომელიც არ შეიცავდა ცხოველურ ცხიმებს. ასევე სამედიცინო პერსონალის მიერ კონტროლდებოდა საკვების ოდენობა და კალორაჟი.

საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს, „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ - ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №388 - №01-18/ნ ერთობლივ ბრძანებაზე. მითითებული ნორმატიული აქტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ - ჰიგიენური ნორმები განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა (შემდგომში – ბრალდებული/მსჯავრდებული) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზებისათვის აუცილებელ ნორმებს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ - ჰიგიენური ნორმები და პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ბრძანებებსა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, ამასთან, წინამდებარე ნორმების დაცვა სავალდებულოა დაწესებულებებისათვის, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთათვის და სამსახურის იმ კონტრაქტორი იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ დაწესებულებების კვებით მომსახურებას.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსარჩელე გ.ტ-ი 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 7 ნოემბრამდე იმყოფებოდა პატიმრობაში №... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმეში წარმოდგენილი წერილით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით №... პენიტენციურ დაწესებულებაში იგეგმებოდა ცალკე მენიუს შემუშავება (კვების რაციონის მოდიფიცირება) ვეგანი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის. ზუსტი პერიოდი არ იყო ცნობილი დაწესებულებისთვის, თუ როდის მოხდებოდა ცალკე მენიუს შემუშავება ვეგანი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დისკრიმინაციული ნორმების მოდიფიცირება და ცნობიერების ამაღლება არის სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიებების სახე, თუმცა ცალკე ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთი ზომების მიღებაზე, რომელთა გარეშეც თანასწორობის უფლების უზრუნველყოფა ვერ მოხდება. თანასწორობის უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ვალდებულია, მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მყოფ პირებს თანასწორად არ მოექცეს. პირიქით, იმისათვის, რომ თანასწორობის უფლების რეალიზება მოხდეს, სახელმწიფო განსხვავებულ პირებს განსხვავებულად უნდა მოეპყროს. უფრო მეტად რომ დაზუსტდეს ეს პრინციპი, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ ყველა პირის ინდივიდუალური საჭიროება უნდა გაითვალისწინოს ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად, რათა არ დაარღვიოს მათი თანასწორობის უფლება. ეროვნული კანონმდებლობა რომ ქმნიდეს დისკრიმინაციასთან ეფექტურად ბრძოლის საფუძველს, უნდა ასახავდეს საერთაშორისო და რეგიონალური ინსტრუმენტებით დადგენილ სტანდარტებს. უპირველეს ყოვლისა, კანონმდებლობაში მოცემული უნდა იყოს დისკრიმინაციის დეფინიცია და მისი სახეები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ყოველი კონკრეტული შემთხვევის დისკრიმინაციად კვალიფიკაცია. გაეროს კონვენციებში მოცემული დეფინიცია განსხვავებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი განმარტებისგან, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა ევროკავშირის ანტიდისკრიმინაციულ დირექტივებს. თუმცა ამ უკანასკნელის მიერ დადგენილ დეფინიციას არ ეწინააღმდეგება გაეროს კონვენციების ინტერპრეტაცია და მთლიანობაში საერთაშორისო და რეგიონალური სტანდარტების გათვალისწინებით უნდა გამოიყოს დისკრიმინაციის შემდეგი ელემენტები: 1) ქმედება – განსხვავებული მოპყრობა, 2) შესადარებელი კატეგორია – ვისთან მიმართებითაც დგინდება განსხვავებული მოპყრობა, 3) ქმედების მიზეზი – ნიშნის არსებობა, რის გამოც პირს განსხვავებულად მოეპყრნენ, 4) ქმედების მიზანი ან შედეგი – არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება, 5) განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლების არარსებობა. შესაბამისად, ეროვნულ კანონმდებლობაში დისკრიმინაცია იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ მასში ასახული იყოს ქმედების დისკრიმინაციად კვალიფიკაციისთვის საჭირო ყველა აღნიშნული ელემენტი. ეროვნულ დონეზე დისკრიმინაციის განმარტებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ ფაქტორზე. 1) განსხვავებული მოპყრობა ყოველგვარი ნიშნის გარეშე უნდა დაკვალიფიცირდეს თუ არა დისკრიმინაციად 2) დისკრიმინაცია შეზღუდული უნდა იყოს თუ არა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას განსხვავებული მოპყრობით; ნიშნებთან მიმართებით დისკრიმინაციის მთავარი გამომწვევი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამ ნიშნების არსებობაა და სწორედ ამიტომ საერთაშორისო და რეგიონალური კონვენციები დეფინიციაში პირდაპირ გამოყოფენ, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციული ნიშნის გამო უნდა ხორციელდებოდეს. თუმცა თანასწორობა ირღვევა მაშინაც, როდესაც ვერ ხდება ნიშნის იდენტიფიცირება, მაგრამ ხდება თვითნებურად განსხვავებული მოპყრობა. ნებისმიერ შემთხვევაში ნიშნების ჩამონათვალი არ უნდა იყოს ამომწურავი და შეზღუდული, რომ რეგულირების მიღმა არ დარჩეს რომელიმე ნიშანი („დისკრიმინაციის ეფექტური ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები“; ბექა ძამაშვილი).

განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია კასატორის - მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის ის განმარტება, რომ პენიტენციური სამსახურის მიზანი არ ყოფილა გ.ტ-ის მიმართ განეხორციელებინა დისკრიმინაციული მოპყრობა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის მოთხოვნის დარღვევის დადგენისას არ არის სავალდებულო, რომ უთანასწორო სამართლებრივი მდგომარეობის შექმნა წარმოადგენდეს შესაბამისი ნორმის მიმღები ორგანოს მიზანს.“ (საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392.) მიუხედავად განზრახვის არარსებობისა, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიერ ვერ დადასტურდა და საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე გ.ტ-ი №... პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში - 2019 წლის 28 მაისიდან, 2019 წლის 7 ნოემბრამდე უზრუნველყოფილი იყო სათანადო სპეციალური კვებით, შესაბამისი პროფილის ექიმის მიერ შედგენილი კვების რეჟიმის მიხედვით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ პერიოდში №... პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰყავდა დიეტოლოგ - ნუტრიციოლოგის სპეციალობის მქონე ექიმი. მოწმეთა მიერ (პ.ჯ-ა და შ.ხ-ე რომლებიც მოსარჩელესთან ერთად იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში) განმარტებულია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეს აწვდიდნენ იგივე საკვებს, რასაც მათ და იგი ფაქტობრივად მშიერი რჩებოდა. დაწესებულების 2019 წლის 12 სექტემბრის N271459/25 წერილის შინაარსის გათვალისწინებით, დასაბუთებას მოკლებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის ის განმარტება, რომ დაწესებულება ცდილობდა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა გ.ტ-ის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე წარმოშობილი საჭიროებები და დაწესებულებაში არსებული პროდუქტების სიიდან აწვდიდა მას მცენარეულ პროდუქტებს. როგორც სახალხო დამცველის აპარატისათვის გადაგზავნილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2019 წლის 25 სექტემბრის №285773/25 წერილით ირკვევა გ.ტ-ის მენიუ შედგებოდა: ორშაბათი საუზმე - ჰერკულესის ფაფა. ჩაი. სადილი - უცხიმო ბორში. ჭარხლის და სტაფილოს სალათი. კომპოტი. ვახშამი - მოხარშული კარტოფილი. ჩაი: სამშაბათი საუზმე - საუზმე მოხარშული ბრინჯი, ჩაი. სადილი კარტოფილის სუფი, ჭარხლის სალათი, კომპოტი. ვახშამი - მოხარშული კარტოფილი, წიწიბურა, ჩაი; ოთხშაბათი - მოხარშული ბრინჯი ჩაი. სადილი უცხიმო სუფი, კიტრი პამიდვრის სალათი, კომპოტი. ვახშამი წიწიბურა, ჩაი; ხუთშაბათი - საუზმე ჰერკულესის ფაფა, ჩაი. სადილი ბარდის სუფი, სტაფილოს და ჭარხლის სალათი. კომპოტი. ვახშამი მოხარშული კარტოფილი, წიწიბურა. ჩაი. პარასკევი - საუზმე ბრინჯის ფაფა, ჩაი. სადილი ლობიო, კიტრი პამიდვრის სალათი, კომპოტი. ვახშამი მოხარშული კარტოფილი, წიწიბურა. ჩაი. შაბათი - საუზმე ბრინჯის ფაფა, ჩაი. სადილი კარტოფილის სუფი, სტაფილოს ჭარხლის სალათი. კომპოტი. ვახშამი წიწიბურა, ჩაი. კვირა - საუზმე ჰერკულესის ფაფა, ჩაი. სადილი უცხიმო სუფი, ქერის გარნირი, სტაფილოს ჭარხლის სალათი. კომპოტი. ვახშამი მოხარშული კარტოფილი. წიწიბურა. ჩაი. N285773/25 წერილში 2019 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით დაწესებულების დირექტორი მიუთითებს, რომ ზუსტი პერიოდი არ არის ცნობილი თუ როდის მოხდება ცალკე მენიუს შემუშავება ვეგანი ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას გ.ტ-ის სრულყოფილ კვებასთან დაკავშირებით იმ პირობებში როდესაც მტკიცებულებზე დაყრდნობით გ.ტ-ის მიეწოდებოდა დაწესებულებაში მოქმედი მენიუებიდან მხოლოდ მისთვის დაშვებული მცენარეული საკვები, ასევე მოხარშული და უმი მცენარეული პროდუქტები. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ევროპის ციხის წესების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2006 წლის 11 იანვრის №(2006)2 რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვით, პატიმრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სათანადო საკვებით, მათი ასაკის, ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის, რელიგიის, კულტურის და მუშაობის ხასიათის გათვალისწინებით. საკვები რაციონის მოთხოვნები, როგორიცაა კალორიულობა და ცილების შემცველობა, გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით.

საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს "ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ - ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის N388 – N01-18/ნ ერთობლივ ბრძანებაზე, კერძოდ მე-2 მუხლზე რომლითაც განსაზღვრულია ზოგადი მოთხოვნები კვების ორგანიზებისათვის. ასევე მიუთითებს მუხლის მე-4 პუნქტზე რომლის თანახმად, განსაკუთრებულ სიტუაციებსა და პირობებში დასაშვებია დადგენილი კვების რეჟიმის შეცვლა და ახლის შემუშავება სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობით. მიუთითებს ამავე ბრძანების მე-3 მუხლზე რომელიც ეხება დაწესებულებაში კვების ორგანიზებას, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, "განსაკუთრებული კვების რეჟიმის საჭიროების მქონე ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ექიმის მიერ სამედიცინო ჩვენების შესაბამისად დადგენილი სამკურნალო კვებისათვის აუცილებელი პროდუქტებით, ამ დანართის მოთხოვნების გათვალისწინებით". ამავე ბრძანების მე-5 მუხლი ეხება მენიუ - განრიგს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმადაც, მენიუ - განრიგში ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში (ჩანაცვლების ნორმების გათვალისწინებით) აუცილებელია სამსახურის მიერ უფლებამოსილი ექიმი - დიეტოლოგის/ნუტრიციოლოგის თანხმობა და დაწესებულების სასადილოს მენეჯერის მონაწილეობა.

მითითებული საკანონმდებლო რეგულაციით გათვალისწინებული კონკრეტული ჩანაწერის არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს, განსხვავებული საჭიროების მქონე პატიმრებისთვის, შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული მენიუს შედგენას, რასაც განსახილველ შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული მოსაზრება და პოზიცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მხრიდან არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციას და მოთხოვნას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში, გ.ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ერთობლივი ბრძანებით მართალია არ არის განსაზღვრული კონკრეტული მენიუ ვეგანებისათვის, თუმცა საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის N388 – N01-18/ნ ერთობლივ ბრძანებაში არსებული ჩანაწერები იძლევა (იძლეოდა) სპეციალურ საჭიროებაზე მორგებული, სპეციალური კვების რაციონის შედგენის შესაძლებლობას ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ამდენად, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა ვეგანი მსჯავრდებულებისათვის კვების ნორმატიული - სამართლებრივი საფუძვლის არარსებობაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან გ.ტ-ის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული სამინისტროები წარმოადგენენ 2019 წლის 6 მარტის N388 – N01-18/ნ ერთობლივ ბრძანებაზე ხელმომწერ ადმინისტრაციულ ორგანოებს. საკასაციო პალატა ერთობლივი ბრძანების ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, გასაზიარებელია კასატორის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ის მსჯელობა, რომ სწორედ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აქტი არ ყოფილიყო დისკრიმინაციის წამახალისებელი, აქტმა გააჩინა შესაძლებლობა მოხდეს სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული კვების რაციონის/რეჟიმის შემუშავება, შესაბამისი ექსპერტის ჩართულობით და მისი მიწოდება პატიმრებისათვის. მართებულია ადმინისტრაციული ორგანოს ის მოსაზრება, რომ წინსწრებით შეუძლებელია აქტმა გაითვალისწინოს ყველა შესაძლო საჭიროებაზე მორგებული მენიუ (პიროვნების მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, რამეთუ მსოფლმხედველობის, კულტურის არაერთი მიმართულება არსებობს), თუმცა ასეთი რეალური საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, აქტი იძლევა შესაძლებლობას შემუშავდეს სპეციალურ საჭიროებაზე მორგებული სათანადო კვების რეჟიმი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილების კლასიკური წესისგან განსხვავებით, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიმართ კანონი განსხვავებულ რეგულირებას ადგენს. კერძოდ, დისკრიმინაციული მოპყრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსარჩელეს აკისრებს მხოლოდ გონივრული ვარაუდის შექმნის ვალდებულებას, მოპასუხეს (ებს) კი - ამ ვარაუდის გაქარწყლების ტვირთს. მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება განპირობებულია იმით, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა ხშირ შემთხვევაში ხდება ფარულად, მოპასუხის გამგებლობის ქვეშ არსებულ სფეროში და მოსარჩელეს არ მიუწვდება ხელი მოპასუხის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე. მოპასუხისთვის კი, საპირისპიროდ, ხელმისაწვდომია მტკიცება იმის თაობაზე, თუ არა დისკრიმინაციული ნიშნით, მაშინ რა მოტივით განახორციელა კონკრეტული ქმედება. შედეგად, მოპასუხეს უწევს თავისი ქმედების მართლზომიერების მტკიცება და თუკი მართლზომიერებას სარწმუნოდ ვერ დაადასტურებს, ასეთ შემთხვევაში დადასტურებულად ჩაითვლება მოსარჩელის მიერ შექმნილი ვარაუდი, რომ ქმედება განხორციელდა სწორედ დისკრიმინაციული ნიშნით. მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილების წესს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს დისკრიმინირებული პირის - მოსარჩელის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა; ბ) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან ფაქტების მითითების და მტკიცების ტვირთი მოიცავს შემდეგ ელემენტებს: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული ქმედება კონკრეტული ნიშნით; უნდა მიუთითოს ნიშანი, რომელიც მას ახასიათებს; უნდა დაამტკიცოს კიდეც ამ ნიშნის არსებობა. მოპასუხეს კი - როგორც ზემოთ აღინიშნა, ევალება, გააქარწყლოს დისკრიმინაციის არსებობის თაობაზე შექმნილი პრეზუმფცია (ვარაუდი) მისი ქმედების კანონიერების დამტკიცების გზით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგნაირად არის გადანაწილებული: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ მას ჰქონდა გამართლება (Chassagnou and Others v. France [GC], №25088/94, №28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის - ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭიროა დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან.

შეჯამების სახით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხის მარეგულირებელი ნორმით - ერთობლივი ბრძანებით იმპერატიულად არ არის დადგენილი კვების რეჟიმი, მენიუ - განრიგი და განსხვავებულ შემთხვევებში შესაძლებელია მასში შესაბამისი პირების ჩართულობით ცვლილების განხორციელება. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს იმ მსჯელობას, რომ ერთობლივი ბრძანების ხელმომწერი სამინისტროების მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა გამოიხატა საკითხის ნორმატიულ მოუწესრიგებლობაში. ამდენად, დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და შესაბამისად მორალური ზიანის დაკისრება მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

რაც შეეხება კასატორის გ.ტ-ის მოსაზრებას, რომ 5 000 ლარი ვერ დააკომპენსირებს მის მიმართ განხორციელებულ მოპყრობას, კერძოდ, ციხეში ყოფნის პერიოდში არ ჰქონდა სრულფასოვანი კვების შესაძლებლობა, უწევდა შიმშილი ან მცირე ულუფით კვება და აღნიშნულით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, კერძოდ, მორალური ზიანის სახით მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 10 000 ლარის დაკისრებას, აღნიშნულზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს:

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი მიუთითებს, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ - ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი) თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო (21.12.2016. №159) (27.10.2015. №4355 ამოქმედდა 2017 წლის პირველი ივლისიდან).

სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივ მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურდების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ზოგადად, ვალდებულების დარღვევა (უკანონო მმართველობითი ღონისძიება) სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. მნიშვნელოვანია, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. ამდენად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

„არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია“ (სუსგ 08.04.2009 №ბს-972-936(3კ-08).

განსახილველ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულობით უნდა გადაწყდეს. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი.).

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მორალური ზიანი თავისი შინაარსით არამატერიალური ცნებაა და აქედან გამომდინარეობს კანონის დანაწესი მისი ოდენობის დასადგენად მხოლოდ გონივრულობის, სამართლიანობისა და არა რაიმე ფაქტობრივი მატერიალური დანაკარგის გათვალისწინების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მოსარჩელე გ.ტ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობისა და მისი №... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს 2019 წლის 28 მაისიდან, 2019 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდს (ექვსი თვე), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ოდენობად 3 000 (სამიათასი) ლარის განსაზღვრა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. რომლითაც გ.ტ-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ.ტ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა დადგინდეს მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მოსარჩელის გ.ტ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი კულტურის (ვეგანობის) ნიშნის მიხედვით. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაევალოს მოსარჩელის გ.ტ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. გ.ტ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის (3 000 ლარის) პროპორციულად, მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს უნდა დაეკისროს გ.ტ-ის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 800 ლარიდან (300 + 200 + 300) 250 ლარის გადახდა გ.ტ-ის სასარგებლოდ. ხოლო დარჩენილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ.ტ-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. გ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. დადგინდეს მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მოსარჩელის გ.ტ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი კულტურის (ვეგანობის) ნიშნის მიხედვით;

6. დაევალოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელის გ.ტ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

7. გ.ტ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს დაეკისროს გ.ტ-ის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 800 ლარიდან (300 + 200 + 300) 250 ლარის გადახდა გ.ტ-ის სასარგებლოდ. ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე