საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-4(კ-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.გ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.გ-იმა 2022 წლის 01 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 18 ივლისის N MES 122 0000814892 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 18 ივლისის N MES 122 0000814892 გადაწყვეტილება, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ.გ-ის მიმართ კერძო სამართლის იურიდიული პირის - „...ის“ მიერ 2008 წელს გაცემული N... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.გ-ი შპს „თ...ში“ ჩაირიცხა 2004 წლის 10 სექტემბერს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ უნივერსიტეტში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის უმეტესი ნაწილი (2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე) აკრედიტებულად არის მიჩნეული. გ.გ-ის 2008 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ 2005 წელს უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის მოუპოვებლობა არ უნდა გახდეს მოსარჩელის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი. სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად აღნიშნა, რომ გ.გ-ის მიერ უნივერსიტეტში სწავლა და სრული კურსის დამთავრება გულისხმობდა მოსარჩელის მიერ შესაბამისი დიპლომის მისაღებად ყველა საჭირო მოქმედების განხორციელებას. ამასთან, პალატის მითითებით, უდავოა, რომ დიპლომის გაცემას საფუძვლად არ უდევს მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული პირის, უკანონო ქმედება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა გ.გ-ის უნივერსიტეტში 2004 წელს ჩარიცხვის შესახებ ცნობას „სტუდენტთა აკადემიურ ჯგუფში ჩარიცხვის შესახებ“ 2005 წლის 25 სექტემბრის N02/16(1) ბრძანებასთან მიმართებით. კასატორი მიიჩნევს, რომ გ.გ-ი 2005 წელს თ...ში ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების კანონმდებლობით დადგენილი წესის - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გვერდის ავლით. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ არ არსებობს ამ გარემოებებში მოპოვებული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულად ჩაითვალა 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისამდე, კასატორი თვლის, რომ არ არსებობს უნივერსიტეტის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 23 დეკემბრის №... დიპლომის თანახმად, „...ის“ ...ის ფაკულტეტის 2008 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, გ.გ-ის მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. გ.გ-იმა 2020 წლის 31 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და „...ის“ მიერ მის სახელზე გაცემული №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 18 ივლისის N MES 122 0000814892 გადაწყვეტილებით გ.გ-ის უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
განსახილველ საქმეში დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა გ.გ-ის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვა, აგრეთვე, ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტს 2005 წლიდან.
საქმის მასალებში დაცულია ნოტარიულად დამოწმებული სასწავლო ბარათის ასლი (იხ: ს.ფ.130-131), ამავე უნივერსიტეტის ბრძანებების გატარების წიგნი (იხ: ს.ფ.132-135) და „ თ...ის“ 2022 წლის 22 ოქტომბრის №7/22 ცნობა (იხ: ს.ფ.122), რომელთა თანახმად, გ.გ-ი შპს ,,თ...ში“ ჩაირიცხა 2004 წლის 10 სექტემბერს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ხვდებიან ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის რეგულაციის ფარგლებში, რადგან ასეთ დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობა ხსენებული ნორმით გათვალისწინებული უფლების განუყოფელი ნაწილია. განათლების უფლების მნიშვნელობის მიუხედავად ეს უფლება აბსოლუტური არ არის და შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უფლება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლეილა საჰინი (Leyla Sahin) თურქეთის წინააღმდეგ“, §139, §141, §154, 10.11.2005წ.). ამასთანავე, შეფასების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება სათანადო მოთხოვნებთან შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი, ორგანომ უნდა დაასახელოს მიზეზი, რის გამოც არ ხდება ცნობა და გასცეს ინფორმაცია იმ შესაძლო ზომების შესახებ, რომელიც უნდა მიიღოს მაძიებელმა მომავალში ცნობის მისაღწევად („ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის ცნობის კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 23.06.1999წ. N2142-IIს დადგენილებით) III კარი.3; III კარი.5).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში დაცულია სასწავლო ბარათი, ბრძანებების გატარების წიგნი და უნივერსიტეტის“ 2022 წლის 22 ოქტომბრის №7/22 ცნობა მოსარჩელის უნივერსიტეტში 2004 წლის 10 სექტემბერს ჩარიცხვის თაობაზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი შპს ,,თ...ის“ 2005 წლის 25 სექტემბრის №02/161 ბრძანება (გ.გ-ის აკადემიურ ჯგუფში ჩარიცხვის შესახებ) ვერ ადასტურებს მოსარჩელის შპს „თ...ში“ 2005 წელს ჩარიცხვის ფაქტს, ვერ აქარწყლებს საქმეში დაცულ არაერთ მტკიცებულებას მოსარჩელის უნივერსიტეტში 2004 წელს ჩარიცხვის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს უნივერსიტეტში მისი 2004 წელს ჩარიცხვის შესახებ.
დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა აგრეთვე ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი. ასეთ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს კანონიერი ნდობის არსებობა დიპლომის მიმართ. დადგენილია, რომ შპს ,,თ...ს“ 2005 წლის 4 თებერვლიდან მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შპს ,,თ...ს“ 2005 წლის 28 ნოემბრიდან შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „...ი“, რომელსაც 2005 წლის 06 დეკემბერს უარი ეთქვა აკრედიტაციის მაძიებლად ცნობაზე. 2007 წლის 10 ოქტომბერს შპს „...ი“ შეერწყა შპს ,,თ...“ და 2007 წლის 13 ნოემბერს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე.
სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა გარანტირებულია უკეთუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისგან (სუს 21.01.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-623-610(კ-14)). კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). ამასთან, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება) უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ 05.03.2020წ. №ბს-1265(კ-19); სუსგ 23.04.2019წ. №ბს-470(კ-19); სუსგ 04.10.2018წ. №ბს-812(კ-18).). პირის კანონიერი ნდობის დაცვა მოცემულ შემთხვევაში განპირობებულია პირის მნიშვნელოვანი პატივსადები ინტერესით, სადავო აქტი თავისი სამართლებრივი შედეგით მოსარჩელეს ართმევს დიპლომის პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების უფლებას, აუქმებს წარსულში განვლილი სწავლის შედეგებს. საქმეზე არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა, რომელიც კანონიერ ნდობას გამორიცხავდა (ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ.). ამდენად, დიპლომის გაცემის მიმართ მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ 05.03.2020წ. №ბს-470(კ-19); 04.10.2018წ. №ბს-812(კ-18,სუსგ 30.03.2022წ. განჩინება საქმეზე Nბს-1062(კ-20)). კანონიერი ნდობის პრინციპი თავისი შინაარსით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არსებული გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს, არ იარსებებდა კანონიერი ნდობის პრინციპი უკეთუ ყველა შემთხვევა კანონიერების ფარგლებში იქნებოდა მოქცეული (სუს 2022 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე Nბს-1062(კ-20)).
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კასატორის დიპლომისადმი კანონიერი ნდობა, ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ გ.გ-ი უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2004 წელს, მოსარჩელის სახელზე დიპლომი გაცემულია 2008 წელს, შესაბამისად, მის მიერ უნივერსიტეტში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამების უმეტესი ნაწილი (2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე) აკრედიტებულად არის მიჩნეული, ამასთან, მოსარჩელის მიერ 4-წლიანი სასწავლო პროგრამის გავლა ქმნიდა გაცემული დიპლომის შედეგების მიმართ გარკვეულ ლეგიტიმურ მოლოდინს. ამდენად, კანონიერების პრინციპის შეზღუდვას ადგილი ჰქონდა დროის მოკლე მონაკვეთში, რაც ადასტურებს კანონიერი ნდობის დაცვისთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას (სუს 2022 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე Nბს-1062(კ-20)).
მხედველობაშია მისაღები ასევე ის დრო, რომელიც გავიდა სამართლებრივი შედეგის წარმოშობის შემდეგ (სუსგ 03.02.2015წ. №ბს-428-423(2კ-14); სუსგ 20.01.2015წ. №ბს-367-363(კ-14)). საქმის მასალებით დასტურდება, რომ დიპლომი 2008 წელს გაიცა, ხოლო მის დადასტურებაზე მოსარჩელეს უარი 2022 წელს ეთქვა. ამდენად, სადავო აქტით ფაქტობრივად უქმდება 14 წლის წინ წარმოშობილი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არსებული სამართლებრივი შედეგი (აკადემიური ხარისხის მინიჭება), რაც გამართლებული იქნებოდა იმ პირობებში, თუ სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება გამოიწვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 18 დეკემბერს №19565 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ: 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ: 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 18 დეკემბერს №19565 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი