Facebook Twitter

№ბს-686(2კ-23) 11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №... გადაწყვეტილების №2 დანართის მე-13 პუნქტი და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 თებერვლის №91 ბრძანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №... გადაწყვეტილების №2 დანართის მე-13 პუნქტი და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 თებერვლის №91 ბრძანება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხეთა მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4.1. კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე, გარკვეული ტიპის სამუშაოების (III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი) განხორციელება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დადასტურების ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სამუშაოების წარმოებაზე არსებობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №19-75 დადგენილების მე-3 მუხლის 1-3 პუნქტების გათვალისწინებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, შეაფასოს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი, რა მიზნითაც, მან ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, უნდა შეისწავლოს, როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებისას, მან საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა განსაზღვროს, ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოს, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებით ბოჭავს, რითაც ზღუდავს მისთვის კანონით მინიჭებულ თავისუფლებას - დისკრეციას და ამით იცავს, პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევას კი, უკავშირებს შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რაც მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს განაპირობებს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №19-75 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები. განმცხადებლის მიმართ თითოეული შეზღუდვის/პირობის დაწესება, წარმოადგენს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, ყველა არსებითი გარემოების შესწავლის, განმცხადებლისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის ურთიერთშედარების შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად კი, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ არსებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, დაუზიანებელი ასფალტის საფარის არსებობა მიიჩნია, ვინაიდან არსებობდა საჯარო ინტერესი - ხაზობრივი ნაგებობა იმგვარად განთავსებულიყო, რომ ტროტუარი არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ, სრულად აღდგენილიყო.

კასატორის განმარტებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის პროექტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ მითითებული საპროექტო ვარიანტის საფუძველზე, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოება, ზემოხსენებული სახის შეზღუდვით/პირობით მიზანშეწონილი იყო. ამავე დროს საჯარო და კერძო ინტერესები ერთმანეთთან თანაზომიერ წონასწორობაშია, რამდენადაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული დანაწესი გამომდინარეობს არსებული ფაქტობრივი გარემოებით, კერძოდ, საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს დაუზიანებელი ასფალტის საფარს და ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შემდგომ მისი თხრილის ფარგლებში აღდგენა მიზანშეუწონელია.

კასატორის მითითებით, ტრანშეის აღდგენის დროს ტექნოლოგიური პროცესების სრული დაცვის შემთხვევაშიც: წარმოიქმნება საფუძვლის ფენების არაერთგვაროვნება, რაც აღდგენილი ტრანშეის შემდგომი დეფორმაციის მიზეზია, კერძოდ, წარმოიქმნება ცივი ნაკერი, ახალი და ძველი ასფალტბეტონის გადაბმის ადგილებში, რაც ამცირებს ასფალტბეტონის საფარის საექსპლუატაციო ვადას, ტროტუარის ვიზუალური მხარე კი მნიშვნელოვნად ზიანდება; ტრანშეის მცირე სიგანის გამო ტექნოლოგიური პროცესების დაცვა გართულებულია, კერძოდ, საფუძვლის ფენების დატკეპვნა, ტრანშეის გასწვრივ ჯდენების განვითარებას იწვევს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ დისკრეციულ უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა.

4.2. კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტების გარდა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალების წარმოდგენა. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის ძირითად/სტანდარტულ პირობებს და შეზღუდვებს, თუმცა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის იმგვარად განთავსება, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ასევე, ვინაიდან ტროტუარით სარგებლობენ მოქალაქეები, საზოგადოების/მოქალაქეთა ინტერესის გათვალისწინებით სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, კარგ მდგომარეობაში/ახალმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარი აღდგეს არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ სრულად.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების საკითხზე და განმარტავს, რომ 2017 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტრესები, კერძოდ: 1. ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას; 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, საიდანაც ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რომლის რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტის ორგანოები, შესაბამისად, მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები დაიხარჯოს რაციონალურად და არ გახდეს საჭიროება ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის ხელოვნურად დაზიანების შედეგად ხელმეორედ მოწყობა და თანხები მოხმარდეს ქალაქში არსებულ უკვე დაზიანებული/განადგურებული ასპალტის საფარის კეთილმოწყობას; 3. მოქალაქეებს შეექმნათ გადაადგილების ნორმალური პირობები, არ მივიღოთ ქალაქში ხელოვნურად დაზიანებული ტროტუარები, სადაც შესაძლებელია მოქალაქეებმა (მათ შორის ბავშვებმა) მიიღონ ჯანმრთელობის დაზიანებები.

კასატორის განმარტებით, სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სწორედ სს „თ...ს“ განცხადებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა დამატებით სხვა პირობა დაედგინა, რომლის მიღების მოტივიც სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარის კარგი მდგომარეობა იყო და მისი დაზიანების შემდეგ, მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი. სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებას. ახალმოწყობილი და დაუზიანებელი ტერიტორიის შემთხვევაში კი, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ მოითხოვა სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარის მთლიან ფართზე აღდგენა. სხვა დანარჩენ შემთხევაში სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ავრცელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ სტანდარტულ პირობას - ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ არსებობს მისი ბათლად ცნობის საფუძველი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა) 2017 წლის 3 ოქტომბერს სს ,,თ...მა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №... ელექტრონული განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე ელექტრო კაბელის მონტაჟის მიზნით გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა მოითხოვა (ს.ფ. 78-96); ბ) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სს ,,თ...ს“ განცხადება დაკმაყოფილდა და მიეცა მას თანხმობა, განეხორციელებინა ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოები თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ზემოხსენებული გადაწყვეტილების №1 დანართში მონიშნულ მონაკვეთზე №2 დანართით განსაზღვრული პირობებით და №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ქსელის შესაბამისად. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების №2 დანართის მე-13 პუნქტის მიხედვით, ...ის, ...სა და ...ს ქუჩებზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა ყოფილიყო მოწყობილი ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით; აღნიშნული შესრულებული უნდა ყოფილიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და, საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით (ს.ფ. 74-77); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების №2 დანართის მე-13 პუნქტზე სს ,,თ...ს“ წარმომადგენელმა ზ. ბ-ამ 2017 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მერთან ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა. საჩივრის მიხედვით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე და გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს, კერძოდ, გადაწყვეტილება თხრილის ზომის მიუხედავად ტროტუარის მთლიან ფართზე ასფალტის საფარის აღდგენის საჭიროების შესახებ იყო დაუსაბუთებელი, კანონმდებლობასთან შეუსაბამო და მნიშვნელოვნად ზრდიდა სამუშაოების ხარჯებს (ს.ფ. 126-131); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 თებერვლის №91 ბრძანებით სს ,,თ...ს“ წარმომადგენლის ზ. ბ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების №2 დანართის მე-13 პუნქტი (ს.ფ. 38-44).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა - ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას;

ზემოხსენებული დადგენილების 1-ელი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა და არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები, მათ შორის, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა - ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისას. ამასთან, საგულისხმოა, რომ, მართალია, კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე.

სზაკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში (1), ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება (2).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიეცა უფლება განეხორციელებინა ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოები ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რისი აღდგენის მიზნითაც, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი უნდა მოწყობილიყო ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის შესახებ, რომ მართალია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებდა განსხვავებული შეზღუდვის/პირობის დადგენის უფლებამოსილებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამგვარი უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა გამოეყენებინა. ამდენად, მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ სათანადოდ დაესაბუთებინათ მიღებული გადაწყვეტილება და ისეთი მტკიცებულებები წარედგინათ სასამართლოსთვის, რაც მოსარჩელისადმი საგამონაკლისო წესის გამოყენებას დაასაბუთებდა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორთა პოზიციაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიმართ განსხვავებული წესის გამოყენება დაუზიანებელი ასფალტის საფარის არსებობამ გამოიწვია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული განმარტება არ ეფუძნება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რამეთუ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები აღნიშნულზე სარწმუნოდ ვერ მიუთითებენ. გარდა ამისა, დაუდგენელია, თუ რა მტკიცებულებები დაედო საფუძვლად სადავო გადაწყვეტილებას, კერძოდ, რა ფაქტები იქნა შესწავლილი და შეფასებული გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც დამატებითი პირობის დაწესების გადაუდებელ აუცილებლობაზე მიანიშნებდა. მოპასუხეებმა წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს, რომ ტროტუარის აღდგენა, მხოლოდ ხაზობრივი ნაგებობის თხრილის ფარგლებში, ვერ უზრუნველყოფდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტროტუარის საფარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენის მიზანშეუწონლობის მტკიცება ეწინააღმდეგება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ წესებს, რამეთუ აღნიშნული წესები შესაძლებლად მიიჩნევს ასფალტის საფარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. აღნიშნული ტიპის საქმეებზე, მყარად დადგენილია პრაქტიკა, რომლითაც ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ვალდებულების განმცხადებლისათვის დაკისრება სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძო და საჯარო ინტერესთა სათანადო დაბალანსებითაა შესაძლებელი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 22 მაისს №01265 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია