№ბს-1199(2კ-23) 27 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ძ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ძ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 9 ივლისის №MIA 9 21 01786883 ბრძანება ე. ძ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ; ბ) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე. ძ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; გ) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ე. ძ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ე. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ძ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ძ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ძ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 9 ივლისის №MIA 9 21 01786883 ბრძანება ე. ძ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით განსაზღვრულ ვადაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ძ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
4.1. კასატორის - ე. ძ-ის განმარტებით, სასამართლომ მართალია, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანება მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, თუმცა დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
კასატორის განმარტებით, იგი არის 2 მცირეწლოვანი შვილის დედა და მის მიმართ არაპროპორციულად შეუსაბამო დასჯის მეთოდის და ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენება კანონიერ საფუძველს არის მოკლებული. ე. ძ-ი 1999 წლის 22 დეკემბრიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. სამსახურიდან დათხოვნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ეკავა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ...ის თანამდებობა ...ის სამხედრო წოდებით. მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დროს მისი შვილები - ... წლის ...ს დაბადებული გ. ე-ა იყო 6 წლის, ხოლო ... წლის ...ს დაბადებული ნ. ე-ა - 2 წლის. 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2021 წლის 22 ოქტომბრამდე მოსარჩელე იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში და შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად, მოსარჩელე 2021 წლის 9 ივლისს, დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. განთავისუფლების ბრძანების საფუძველი არის გენერალური ინსპექციის 08.06.21წ. №1450364 დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამსაქმებელმა კასატორის მიმართ გამოიყენა არაპროპორციული და არათანაზომიერი საშუალება. სააპელაციო სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ დამსაქმებელმა სადავო ბრძანების გამოცემისას არ გაითვალისწინა მოსარჩელის დამსახურება და ის გარემოება, რომ მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 21 წლის განმავლობაში არასოდეს ჰქონია რაიმე სახის დარღვევა და მის მიმართ არასოდეს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელის ზომა. პირიქით, სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებისათვის არაერთხელ იყო დაჯილდოებული და არაერთი მადლობა აქვს გამოცხადებული, მათ შორის, 20 წლის განმავლობაში უმწიკლო სამსახურისათვის 2020 წელს დააჯილდოვეს მედლით. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ სადავო განთავისუფლების ბრძანების მიღებისას დარღვეულია კანონის მოთხოვნები. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი გარემოებების დადგენის და მათი შეფასების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონსაწინააღმდეგოდ, რაც მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა სასამართლომ.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პოლიციელს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში, ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. გენერალური ინსპექციის 08.06.21წ. №1450364 დასკვნაში მითითებული საწარმოები წარმოადგენენ იმ სუბიექტებს, რომლებიც არ განეკუთვნება კანონში ჩამოთვლილ არცერთ ორგანიზაციას. მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია აკრძალვა, რომელიც გამოყენებულ იქნა განთავისუფლების ბრძანების მიღებისას, თუმცა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა, როგორც ნორმატიულ აქტს, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან მიმართებით. დამსაქმებელმა გამოიყენა ე. ძ-ის ახსნა-განმარტება, იმის შესახებ, რომ თითქოს მისთვის ცნობილია „პოლიციის შესახებ“ კანონი, თუმცა დასადგენი იყო, რამდენად შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ გაკეთებული აღიარება მის ნამდვილ ნებას. სასამართლომ არ დაადგინა გარემოებები იმის შესახებ, ხომ არ მოხდა დასაქმებულის იძულება, შეცდომაში შეყვანა და ა.შ. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ კასატორი უნებართვოდ არ ასრულებდა ამ სამუშაოს, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ დამსაქმებელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა - დამატებითი სამუშაოს შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დამსაქმებელს. გაუგებარია ისიც, რომ თუ, დასაქმებული 2015 წლიდან არღვევდა სამსახურის გავლის წესს, რატომ იყო იგი წახალისებული არაერთხელ. განთავისუფლების შესახებ დასკვნაში ე. ძ-ის აღიარების მითითება და დასაქმებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არამართლზომიერად უნდა შეფასდეს. საქმეზე დართული ნამსახურევი წლების შესახებ ამონაწერით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევა დამსაქმებლის მხრიდან იმ თვალსაზრისითაც, რომ გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იყოს მისი გამოვლენიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო თუ დისციპლინური გადაცდომიდან გასულია 3 წელი დასაქმებულს არ შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური სახდელი. კანონის მითითებული დანაწესის გათვალისწინებით, გენერალური ინსპექციის დასკვნაში იმის მითითება, რომ აპელანტი 2015 წლიდან ასრულებდა დამატებით ანაზღაურებად სამუშაოს უკანონოა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ ჩათვალა დადგენილად ის გარემოება, რომ დასაქმებულს, მისი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შემთხვევაშიც, რაიმე სახის ზიანი დამსაქმებლისათვის ან/და მისი საქმიანი რეპუტაციისათვის არ მიუყენებია. დასაქმებული მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მაღალ პროფესიულ დონეზე, რაც შესაბამისი წახალისებებით არის დადასტურებული. საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება დამსაქმებელს არ აქვს წარმოდგენილი, შესაბამისად, ზიანის არარსებობის პირობებში მხოლოდ ერთი დისციპლინური სახის გადაცდომის დადასტურების შემთხვევაშიც კი, დასაქმებულის განთავისუფლება კანონსაწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული, მით უფრო, როდესაც პრაქტიკულად გასულია ასეთ გადაცდომაზე რეაგირების ყოველგვარი გონივრული და კანონით დადგენილი ვადა.
4.2. კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ე. ძ-ი მუშაობდა სხვადასხვა ... ორგანიზაციებში დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს. შემოსავლების სამსახურის ამონაწერით დასტურდება, რომ ე. ძ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდშიც კი, განაგრძობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში საქმიანობას და იღებდა ანაზღაურებას, რასაც არ ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი. დაუსაბუთებელია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი და მტკიცების ტვირთი მთლიანად სამინისტროს დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის ქმედებების განმეორებითი ხასიათი, ის მომეტებული პასუხისმგებლობა, რომელიც ე. ძ-ის, ერთი მხრივ, როგორც პოლიციელს, ხოლო, მეორე მხრივ, სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს ეკისრებოდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას (ზეპირი განხილვის სხდომა) სასამართლო არ დაინტერესდა, რომ ე. ძ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა შვებულების ინსტიტუტის არასწორ გაგებას/გამოყენებას, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის არაკეთილსინდისიერ ქცევას. სასამართლოს შეფასებით არ იყო მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ დეკრეტული შვებულების მიზანს სწორედ ბავშვის მოვლა წარმოადგენს და არა სხვა სამსახურში მუშაობა. შესაბამისად, თუ მოსარჩელე ახერხებდა ბავშვის დატოვებას და სხვაგან მუშაობას, ამავე წარმატებით შეეძლო ემუშავა მას თავის პოზიციაზე და ესარგებლა იმ შეღავათებით, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო შემდეგი გარემოებები: საქმეში წარმოდგენილი სამსახურის გავლის ნუსხით დგინდება, რომ ე. ძ-ის 04/09/13 წელს სამსახურებრივი მოვალეობების გულგრილი დამოკიდებულების გამო, გამოეცხადა სასტიკი საყვედური. ამასთან, მოსარჩელე, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში იცნობდა „პოლიციის შესახებ“ კანონს, მისთვის ცნობილი იყო ასევე, მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ და სამინისტროში დამკვიდრებული ქცევის ერთიანი სტანდარტები, გააზრებული ჰქონდა ის სამართლებრივი შედეგები, რაც მის მიერ რაიმე სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას და შესაბამისად, თანამდებობრივ შეუთავსებლობას მოჰყვებოდა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ერთი კონკრეტული გარემოება, რომელიც სამინისტროს მიერ არ იქნა მოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, გარემოება, რომლის გამორკვევა-შეფასებაც სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნიდა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური სახდელის შერჩევის მართებულობის გამოსარკვევად და შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, არსებითია მხედველობაში იქნეს მიღებული ყველა ის გარემოება, რომელიც კავშირშია მოსარჩელის პიროვნებასთან, გადაცდომის ხასიათთან და ა.შ. შესაბამისად, სადავო საკითხი შეფასებულ უნდა იქნეს არა ერთი კონკრეტული შემთხვევის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო ჭრილში, რათა დადგინდეს გადაცდომის რეალური სიმძიმე, ხარისხი და ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით საბოლოოდ გამოყენებული სახდელის ადეკვატურობა. ე. ძ-ი დასაქმებული იყო შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ... პოზიციაზე. ე. ძ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ იგი 14.07.2015 წლიდან 30.01.2016 წლამდე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო იმყოფებოდა ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაში, ხოლო 31.01.2016 წლიდან 31.07.2016 წლამდე კი - დეკრეტულ შვებულებაში ანაზღაურების გარეშე. 07.10.2019 წლიდან 24.04.2020 წლამდე ე. ძ-ი ასევე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო კვლავ გავიდა ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაში, ხოლო 24.04.2020 წლიდან 06.10.2021 წლამდე გაფორმებული აქვს დეკრეტული შვებულება ანაზღაურების გარეშე. 2015-2021 წლებში ე. ძ-ი სამინისტროში მუშაობის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა ... ორგანიზაციაში ანაზღაურებად პოზიციაზე, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 ივნისის წერილით (ინფორმაცია შემოსავლების შესახებ) და სამსახურებრივი შემოწმებისას ე. ძ-ის 2021 წლის 28 აპრილის ახსნა-განმარტებით. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ძ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ძ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამმართველოს ნამსახურობის ნუსხის თანახმად, 1999 წლის 22 დეკემბრიდან ე. ძ-ი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 14.07.2015 წლიდან 30.01.2016 წლამდე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო იმყოფებოდა ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაში, ხოლო 31.01.2016 წლიდან 31.07.2016 წლამდე კი, - დეკრეტულ შვებულებაში ანაზღაურების გარეშე. 07.10.2019 წლიდან 24.04.2020 წლამდე ე. ძ-ი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო იმყოფებოდა ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაში, ხოლო 24.04.2020 წლიდან 06.10.2021 წლამდე გაფორმებული აქვს დეკრეტული შვებულება ანაზღაურების გარეშე (ს.ფ 97-107, 56-57, 54-55); ბ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 ივნისის №21-11/70143 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით და ე. ძ-ის 2021 წლის 28 აპრილის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2015-2021 წლებში ე. ძ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა ... ორგანიზაციებში და იღებდა ანაზღაურებას. ახსნა-განმარტებაში ე. ძ-იმა ასევე დაადასტურა, რომ გაცნობილია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესს“, ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ანალოგიურ მოთხოვნებს (ს.ფ 58-96, 47-49); გ) გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნით (2021 წლის 08 ივნისის №MIA 1 21 01450364) მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ... ე. ჯ.-ს ასულ ძ-ის შეეფარდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა (ს.ფ 44-46); დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ (სამსახურიდან დათხოვნა) პუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ 43-ე მუხლის, მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „წ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 9 ივლისის №MIA 9 21 01786883 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ..., ... ე. ჯ.-ს ასული ძ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან 2021 წლის 8 ივნისიდან (ს.ფ 52-53).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ე. ძ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების კანონიერება, ასევე მისი თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე (1.1 და 1.3 მუხლები). ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
ზემოაღნიშნული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პოლიციელს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში, ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. ამავე კანონის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს (1.1 მუხლი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
ზემოაღნიშნული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის მიერ რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესასრულებლად (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) დადგენილია შემდეგი სახის შეზღუდვა - სამინისტროს სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს ეკრძალება იმავე ან სხვა დაწესებულებაში შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება ან/და სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება. ამავე წესის 43-ე მუხლის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს/გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, ასევე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015-2021 წლებში ე. ძ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა ... ორგანიზაციებში და იღებდა ანაზღაურებას, თუმცა შესაფასებელია ქმნიდა თუ არა აღნიშნული ქმედება ე. ძ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის საკმარის საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.
ზემოაღნიშნული წესდების სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის სახეა თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა. მე-3 მუხლის მიხედვით, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
მითითებული წესდების სადავო პერიოდში მოქმედი მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტების შესაბამისად, საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურებაა, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო სახელმწიფოს განვითარებაში... პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის №ბს-644-637(კ-16) გადაწყვეტილება). საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციელისათვის ქცევისა და ეთიკის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, არ გულისხმობს პოლიციელის მიმართ, დისციპლინური დევნის განხორციელების პირობებში დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებისა და სახდელის გამოყენების შესაძლებლობას, არამედ პირიქით, პოლიციის მუშაკის მაღალი პასუხისმგებლობის პირობებში, მის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელებისა და სახდელის შეფარდებისას, ასევე აუცილებელია დასაბუთებულობისა და სიცხადის მაღალი სტანდარტებით დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური სახდელის შერჩევის მართებულობის გამოსარკვევად და შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, არსებითია მხედველობაში იქნეს მიღებული ყველა ის გარემოება, რომელიც კავშირშია მოსარჩელის პიროვნებასთან, გადაცდომის ხასიათთან და ა.შ. შესაბამისად, სადავო საკითხი შეფასებულ უნდა იქნეს არა ერთი კონკრეტული შემთხვევის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო ჭრილში, რათა დადგინდეს გადაცდომის რეალური სიმძიმე, ხარისხი და ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით საბოლოოდ გამოყენებული სახდელის ადეკვატურობა. არსებითია ისეთ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლებული პირის პიროვნება, მისი ზოგადი დამოკიდებულება დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისას, მანამდე არსებული დისციპლინური გადაცდომების არსებობა, ასევე, ის, თუ რა კონკრეტული ზიანი მიაყენა ჩადენილმა ქმედებამ ადმინისტრაციულ ორგანოს, რა დოზითა და სახით შეაფერხა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირება, აგრეთვე, სხვა ისეთი ფაქტორები, რომელიც ცალსახად უპირობოდ გაამართლებს ე. ძ-ის სამსახურიდან დათხოვნას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ არც გენერალური ინსპექციის დასკვნა და არც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ იქნა გამოყენებული მოსარჩელის მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი სამსახურიდან დათხოვნის სახით. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის ქმედების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი. საგულისხმოა, რომ ე. ძ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული იყო 1999 წლის 22 დეკემბრიდან. ამ პერიოდის განმავლობაში მას 2-ჯერ გამოეცხადა „მადლობა“, 3-ჯერ გადაეცა ფულადი ჯილდო, ხოლო 2019 წლის 22 ნოემბერს 15-წლიანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაჯილდოვდა მედლით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო ჩადენილი დარღვევის სიმძიმეზე, პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე მსჯელობის გვერდის ავლით გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი ღონისძიება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, (1) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; (2) დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან, არსებობს ე. ძ-ის მიერ ჩადენილი გადაცდომის პროპორციული და თანაზომიერი დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახლა მსჯელობის ცალსახა საფუძველი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე სასამართლოს მიერ სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ძ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია