Facebook Twitter

საქმე #ბს-1073(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.რ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 10 მარტს ლ.რ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლიდან ლ.რ-ი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. მას დაკავებული ჰქონდა ...ის სამმართველოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია.

მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანების საფუძველზე, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაზეც მან მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სარჩელით მოთხოვნილ იქნა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო 2020 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მას მოუწია აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა. 2022 წლის 1 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გამოსცა ბრძანება (რომლის თაობაზეც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი), რომლითაც მხოლოდ ფორმალურად შესრულდა გადაწყვეტილება.

მოსარჩელე თვლის, რომ პენიტენციურმა სამსახურმა კვლავ არ გამოიკვლია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები. ბრძანება ეფუძნება გარემოებებს, რომლებიც უკვე შესწავლილ იქნა სასამართლოს მიერ.

ამდენად, საბოლოოდ, მოსარჩელემ (1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანების ბათილად ცნობა, (2) მისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის სამმართველოს ...ის პოზიციაზე აღდგენა და (3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე - 1300 ლარის ოდენობით, 2022 წლის 31 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრამდე - 1573 ლარის ოდენობით, 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 15 აგვისტომდე - 1731 ლარის ოდენობით, 2023 წლის 15 აგვისტოდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე 1815 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანება; ლ.რ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს ...ის პოზიციაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ლ.რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე 1300 ლარის ოდენობით, 2022 წლის 31 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრამდე - 1573 ლარი ოდენობით, 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 15 აგვისტომდე - 1731 ლარის ოდენობით, 2023 წლის 15 აგვისტოდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე - 1815 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში 2020 წლის 26 აგვისტოს #13604 ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულის რაოდენობა შემცირდა 25 საშტატო ერთეულით. დარჩენილ საშტატო ერთეულებზე საუკეთესო საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით, ჩატარდა პროფესიული ტესტირება, რომელშიც მონაწილეობდა ლ.რ-ი. მოსარჩელემ მიიღო 30-დან 26 ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში. გასაუბრების შედეგად, შესაბამისი კომისიის წევრებმა მოსარჩელე ლ.რ-ი შეაფასეს დაბალი ქულებით, თუმცა გასაუბრების შინაარსი და დაბალი ქულებით მოსარჩელის შეფასების საფუძველი ოქმში არ ფიქსირდებოდა.

სააპელაციო პალატამ, ასევე, აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით „ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი გახდა სწორედ ის გარემოება, რომ არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და არც გასაუბრების ოქმში არ იყო ასახული გარემოებები, რომლითაც იხელმძღვანელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ლ.რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს, კერძოდ, არ იყო მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა სხვა პირს უპირატესობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს და რატომ ეთქვა უარი ლ.რ-ის მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს პროფესიულ ტესტირებაში ჰქონდა 30-დან 26 ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ თანამშრომელთა შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში. ადმინისტრაციულმა ორგანომ არც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2022 წლის 1 ნოემბერს გამოცემულ ბრძანებაში მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლითაც მან ლ.რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს იხელმძღვანელა. სამსახურმა არ მიუთითა გასაუბრების შინაარსსა და შეფასების კრიტერიუმებზე, რომლითაც სხვა პირებს მიენიჭათ უპირატესობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს. სააპელაციო პალატის შეფასებით, კვლავ დაუდგენელია, როგორ განსაზღვრა კომისიამ ლ.რ-ის პროფესიული ჩვევების, უნარების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების შესაბამისობის საკითხი დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან, როგორ შეაფასა მოხელის მიერ შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობა და მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივა და რატომ ეთქვა უარი ლ.რ-ის მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება. ხელმეორედ, სრულყოფილად და დეტალურად იქნა შესწავლილი ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული გარემოებები, რომელთა შეჯერების შედეგად, მიღებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანება, რომლის თანახმადაც, ლ.რ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2020 წლის 9 ოქტომბრიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაცია და მის მიერ გამოწვეული პროცესები. კერძოდ, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებთან ან/და შტატების მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით რეორგანიზაციის დაწყებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 26 აგვისტოს #13604 ბრძანების შესაბამისად, ...ში ჩატარდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციამდე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის #14643 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ...ში გამოყოფილი იყო ორი სამმართველო: 1. ...ის სამმართველო და 2. ...ის სამმართველო. აღნიშნული საშტატო ნუსხის თანახმად, ...ში განსაზღვრული იყო სულ 61 საშტატო ერთეული, ამასთან, ...ის ...ის სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, ხოლო ...ის სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე - 50 საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის ფარგლებში კი, „„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის #14643 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც, ...ში განისაზღვრა სულ 42 საშტატო ერთეული, ამასთან, II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე - 27 საშტატო ერთეული.

კასატორის მითითებით, ვინაიდან ...ში II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის კვოტა 25 ერთეულით შემცირდა, 2020 წლის 26 აგვისტოს #13604 ბრძანების თანახმად, დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა პროფესიული ტესტირება და გასაუბრება. აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოხდა ...ში დასაქმებული პირების, მათ შორის, მოსარჩელე ლ.რ-ის გაფრთხილება (2020 წლის 27 აგვისტოს) მოსალოდნელი რეორგანიზაციის თაობაზე, რასაც შესაძლოა თან სდევდეს შტატების შემცირება და ამ საფუძვლით მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება.

კასატორი აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ პროფესიულ ტესტირებაში ლ.რ-ის შეფასებამ შეადგინა 26 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30), ხოლო გასაუბრების შეფასებამ - 8 ქულა. 2020 წლის 8 ოქტომბრის ოქმით ირკვევა, რომ კომისიის წევრების მიერ მოსამსახურეთათვის საქმიანობის სპეფიციკის შესაბამისად დასმული ერთგვაროვანი კითხვებისა და მათ მიერ გაცემული პასუხების, პირადი უნარ-ჩვევების, პიროვნული მახასიათებლებისა და პროფესიული უნარების შეფასებაზე დაყრდნობით, გასაუბრებისას კანდიდატები შეფასდნენ ქულებრივი სისტემის მეშვეობით, სადაც მინიმალური ქულა იყო 1 (არადამაკმაყოფილებელი) და მაქსიმალური - 5 (ძალიან კარგი). კომისიის წევრები ინდივიდუალურად აფასებდნენ კანდიდატებს და როგორც ზემოთ აღინიშნა, ლ.რ-ის გასაუბრების ქულა იყო 8. შესაბამისად, მოსარჩელის ჯამურმა შეფასებამ, საბოლოოდ, 34 ქულა შეადგინა.

კასატორის განმარტებით, ...ში გადასანიშნი კანდიდატების შერჩევა განხორციელდა სწორედ ჯამური ქულების მიხედვით. ლ.რ-ის ჯამური ქულა (34) სამსახურში დარჩენილ მოსამსახურეთა ჯამურ ქულებზე დაბალი იყო. ...ში გადანიშნულ მოსამსახურეებს შორის მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა მოსარჩელის ქულასთან შედარებით უფრო დაბალი ქულა, თუმცა იგი დანიშნულ იქნა იმის გამო, რომ მას ჰყავდა 3 წლამდე შვილი და მოცემულ მომენტში, იმყოფებოდა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო“ შვებულებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსამსახურეთა საბოლოო შედეგებზე დაყრდნობით, ლ.რ-ის კანდიდატურა ვერ მოხვდა დასანიშნად შერჩეულ მოსამსახურეთა შორის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და კომპენსაციის სახით მიეცა ორი თვის თანამდებობრივი სარგო.

კასატორის მოსაზრებით, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თითოეული ნაბიჯი განახორციელა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და სამსახურის თითოეული ქმედება გამყარებული იყო შესაბამისი კანონიერი საფუძვლით.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ლ.რ-იმა პროფესიულ ტესტირებაში 30 ქულიდან მიიღო 26 ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში. კასატორი არ ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას, რამდენადაც ...ში გადასანიშნი მოსამსახურეების შერჩევა ხდებოდა არა პროფესიულ ტესტირებაში მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, არამედ პროფესიულ ტესტირებასა და გასაუბრებაზე მიღებული ქულების ჯამური ოდენობით, რაც გაწერილი იყო კიდეც სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 26 აგვისტოს #13604 ბრძანებაში. ლ.რ-ის ჯამურმა ქულამ შეადგინა 34, რაც მოსამსახურეთა ქულების რეიტინგში არ აღმოჩნდა საკმარისი საუკეთესო კანდიდატებს შორის მოსახვედრად. რაც შეეხება გასაუბრების საფუძველზე მიღებულ შეფასებას, კასატორი განმარტავს, რომ კომისიის წევრებმა კანდიდატები შეაფასეს ინდივიდუალურად გასაუბრებაზე დასმული კითხვა-პასუხის შესაბამისად.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა საჯარო და კერძო ინტერესების ფარგლებში და იგი არ გასცდენია დისკრეციულ უფლებამოსილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრები დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნულ ნაწილში საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე, რამდენადაც არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება.

ამასთან, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში (სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანების ბათილად ცნობისა და ლ.რ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს ...ის პოზიციაზე აღდგენის ნაწილში) არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს ზემოაღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ზემოხსენებულ ნაწილში, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, მითითებულ ნაწილში საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს ზემოაღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანების ბათილად ცნობისა და ლ.რ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს ...ის პოზიციაზე აღდგენის ნაწილში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხსენებულ ნაწილში არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია (1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანების კანონიერება, (2) მისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის სამმართველოს ...ის პოზიციაზე აღდგენა და (3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე - 1300 ლარის ოდენობით, 2022 წლის 31 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრამდე - 1573 ლარის ოდენობით, 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 15 აგვისტომდე - 1731 ლარის ოდენობით, 2023 წლის 15 აგვისტოდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე 1815 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ლ.რ-ი 2012-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, გათავისუფლებამდე, უფრო კონკრეტულად კი, 2019 წლის 18 თებერვლიდან 2020 წლის 9 ოქტომბრამდე იგი დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 26 აგვისტოს #13604 ბრძანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში გამოცხადდა რეორგანიზაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის #14643 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში შეიქმნა ორი სამმართველო: 1) ...ის სამმართველო და 2) ...ის სამმართველო. საშტატო ნუსხის დანართი #1-ის თანახმად, ...ში განისაზღვრა სულ 61 საშტატო ერთეული. მათ შორის, დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, ...ის სამმართველოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე - 50 საშტატო ერთეული.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის #14643 ბრძანებით დამტკიცებული რეორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15947 ბრძანებით, დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში, სულ განისაზღვრა 42 საშტატო ერთეული, მათ შორის, მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 27 საშტატო ერთეული.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის 25 ერთეულით შემცირების გამო, დარჩენილ საშტატო ერთეულებზე საუკეთესო საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით, პროფესიული ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდათ იმავე პუნქტში დანიშნულ მოხელეებს, მათ შორის, ლ.რ-ის. პროფესიულ ტესტირებაში ლ.რ-იმა მიიღო 30-დან 26 ქულა, რაც აღემატებოდა იმ თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში. ამასთან, გასაუბრების შედეგად, შესაბამისი კომისიის თითოეულმა წევრმა მოსარჩელე ლ.რ-ი შეაფასა 8 ქულით, თუმცა გასაუბრების შინაარსი და დაბალი ქულით მოსარჩელის შეფასების საფუძველი ოქმში მითითებული არ არის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანებით მოსარჩელე ლ.რ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული #3/7180-20 გადაწყვეტილებით ლ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელე ლ.რ-სთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სპეციალურ პენიტენციური სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2022 წლის 1 ნოემბერს მიღებულ იქნა #23866 ბრძანება, რომლითაც ლ.რ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2020 წლის 9 ოქტომბრიდან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 15 აგვისტოს #17814 ბრძანების ... ექვემდებარება ...ის მთავარ სამმართველოს, როგორც ...ის სამმართველო. თანამდებობას ეწოდება .... ამავე ბრძანების თანახმად, ...ის სამმართველოში არის 8 უფროსი ...სა და 36 ...ის საშტატო ერთეული. ვაკანტურია ...ის 2 საშტატო ერთეული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შეფასებას, თითქოს სააპელაციო პალატამ ლ.რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების უკანონობის თაობაზე დასკვნა მხოლოდ იმ გარემოებაზე დააფუძნა, რომ მოსარჩელემ პროფესიულ ტესტირებაში მიიღო 30-დან 26 ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში. კასატორის საყურადღებოდ, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროფესიული ტესტირების შედეგების პარალელურად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული გასაუბრების ნაწილზეც, რასთან მიმართებითაც სააპელაციო პალატა მართებულად აღნიშნავს, რომ შესაბამისი კომისიის წევრებმა გასაუბრების შემდგომ მოსარჩელე ლ.რ-ი შეაფასეს დაბალი ქულებით, თუმცა გასაუბრების შინაარსი და დაბალი ქულებით მოსარჩელის შეფასების საფუძველი ოქმში არ არის დაფიქსირებული.

საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ სწორედ გასაუბრების შედეგების ბუნდოვანება იქცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით „ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის #15952 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლად. უფრო კონკრეტულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და არც გასაუბრების ოქმში არ იყო ასახული გარემოებები, რომლითაც იხელმძღვანელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ლ.რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს, კერძოდ, არ იყო მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა სხვა პირს უპირატესობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს და რატომ ეთქვა უარი ლ.რ-ის მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს პროფესიულ ტესტირებაში ჰქონდა 30-დან 26 ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ თანამშრომელთა შედეგებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემულ 2022 წლის 1 ნოემბრის ბრძანებაში მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლითაც მან ლ.რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს იხელმძღვანელა. სამსახურმა არ მიუთითა გასაუბრების შინაარსსა და შეფასების კრიტერიუმებზე, რომლითაც სხვა პირებს მიენიჭათ უპირატესობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს. შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სათანადოდ ვერ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და შედეგად, ვერ დაასაბუთა ლ.რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძვლების არსებობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 1 ნოემბრის #23866 ბრძანების ბათილად ცნობისა და ლ.რ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს ...ის პოზიციაზე აღდგენის ნაწილში მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ლ.რ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა